იონა
1 იეჰოვას სიტყვა ეუწყა იონას*,+ ამითაის ძეს: 2 „ადექი, წადი ნინევეში,+ დიდ ქალაქში, და განაჩენი გამოუცხადე ნინეველებს, რადგან მათმა ბოროტებამ ჩემს ყურამდე მოაღწია“.
3 არ დაემორჩილა იონა იეჰოვას და თარშიშში გაიქცა. ჩავიდა იოპეში, მოძებნა თარშიშში მიმავალი ხომალდი, გადაიხადა მგზავრობის საფასური, ავიდა ხომალდზე და სხვებთან ერთად თარშიშში გაემგზავრა, იეჰოვასგან შორს.
4 იეჰოვამ ზღვაზე ძლიერი ქარი ამოაგდო, რასაც ისეთი ქარიშხალი მოჰყვა, რომ ხომალდი კინაღამ დაიმსხვრა. 5 თავზარდაცემულმა მეზღვაურებმა საშველად თავ-თავიანთ ღმერთებს მოუხმეს. ხომალდის შესამსუბუქებლად მათ ზღვაში ტვირთის გადაყრა დაიწყეს.+ იონა გემბანის ქვეშ ჩასულიყო, იწვა და ღრმად ეძინა. 6 მივიდა მასთან ხომალდის მეთაური და უთხრა: „რა დროს ძილია?! ადექი, მოუხმე შენს ღმერთს! იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა შეგვიწყალოს და არ დავიღუპოთ“.+
7 შემდეგ ერთმანეთს უთხრეს: „მოდი, კენჭი ვყაროთ+ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ უბედურებაში“. კენჭი ყარეს და წილი იონას ხვდა.+ 8 ჰკითხეს მას: „გვითხარი, რატომ დაგვემართა ეს უბედურება? რას საქმიანობ? საიდან მოდიხარ? რომელი ქვეყნის შვილი ხარ და რომელი ხალხიდან ხარ?“
9 მან მიუგო: „ებრაელი ვარ, ზეციერი ღმერთის, ზღვისა და ხმელეთის შემქმნელის, იეჰოვას, თაყვანისმცემელი“.
10 იმ კაცებს კიდევ უფრო შეეშინდათ და ჰკითხეს: „ეს რატომ ჩაიდინე?!“ (მათ იცოდნენ, რომ იგი არ დაემორჩილა იეჰოვას, რადგან ეს თვითონვე ჰქონდა ნათქვამი). 11 ზღვის ღელვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ამიტომ მათ ჰკითხეს: „რა გიყოთ, რომ ზღვა დაწყნარდეს?“ 12 მან მიუგო: „ამიყვანეთ, ზღვაში გადამაგდეთ და დაწყნარდება ზღვა; ვიცი, რომ ჩემ გამო დაგატყდათ თავს ეს ძლიერი ქარიშხალი“. 13 მძლავრად უსვამდნენ ნიჩბებს, ხომალდი ხმელეთამდე რომ მიეყვანათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ზღვის ღელვა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
14 მაშინ მოუხმეს იეჰოვას: „იეჰოვა, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო! ნუ მოგვკითხავ უდანაშაულო სისხლს, რადგან ეს ყველაფერი შენი ნებით ხდება, იეჰოვა!“ 15 აიყვანეს იონა და ზღვაში გადააგდეს; ზღვაც დაწყნარდა. 16 ძალიან შეეშინდათ იმ კაცებს იეჰოვასი.+ მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას და აღთქმები დაუდეს.
17 იეჰოვამ იონა ვეებერთელა თევზს ჩააყლაპვინა. იონა სამი დღე და ღამე იყო თევზის მუცელში.+