მიჰბაძეთ მათ რწმენას
მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა
იონას საშინელი ხმები მოსვენებას არ აძლევდა. ეს არ იყო მხოლოდ ძლიერი ქარის მიერ გამოწვეული ხმა, როდესაც ხომალდის ბაგირი აქეთ-იქით ქანაობს; არც მხოლოდ ფიცრების ჭრიალის ხმა იყო, რასაც ხომალდზე ტალღების შეხეთქება იწვევს. იონაზე ყველაზე მეტად გემის მეთაურისა და ეკიპაჟის ყვირილი მოქმედებდა, რომლებიც ხომალდის გადარჩენას ლამობდნენ. იონამ იცოდა, რომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ და ეს მისი ბრალი იქნებოდა.
რატომ აღმოჩნდა იონა ასეთ რთულ მდგომარეობაში? იმიტომ, რომ იეჰოვა ღმერთის წინაშე სერიოზული შეცდომა დაუშვა. რა დააშავა მან? საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობა იეჰოვასთან? ამ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან ბევრ რამეს ვისწავლით. მაგალითად, იონას შემთხვევიდან დავინახავთ, რომ მათაც კი, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვთ, შეიძლება შეცდომები დაუშვან; აგრეთვე გავიგებთ, როგორ შეუძლიათ მათ ამ შეცდომების გამოსწორება.
წინასწარმეტყველი გალილეიდან
იონას ხსენებაზე ბევრს, ძირითადად, მისი უარყოფითი მხარეები, ურჩობა და სიჯიუტე ახსენდება. მაგრამ მხოლოდ ასეთი წარმოდგენა უნდა გვქონდეს მასზე? გაიხსენეთ, იეჰოვა ღმერთმა იონა თავის წინასწარმეტყველად აირჩია. იეჰოვა ასეთ სერიოზულ პასუხისმგებლობას ორგულ და უმართლო ადამიანს არ დააკისრებდა.
2 მეფეების 14:25 გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იონას წარმომავლობაზე. ის იყო გათ-ჰეფერიდან, რომელიც 4 კილომეტრით იყო დაშორებული ნაზარეთიდან — იმ ქალაქიდან, სადაც დაახლოებით რვა საუკუნის შემდეგ იესო ქრისტე გაიზარდა.a იონა წინასწარმეტყველად იმ პერიოდში მსახურობდა, როცა იერობოამ II ისრაელის ათი ტომისგან შემდგარ სამეფოზე მეფობდა. იმ დროისთვის ელია უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო, მისი საქმის გამგრძელებელი ელისე კი იერობოამის მამის მეფობის დროს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ ეს წინასწარმეტყველები ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად გამოიყენა, ისრაელები კვლავაც ჭეშმარიტი ღვთის საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ. ქვეყანას განაგებდა მეფე, რომელიც „ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში“ (2 მეფეები 14:24). ასე რომ, იონას მსახურება იოლი და სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის ერთგულად ასრულებდა თავის პასუხისმგებლობას.
ერთ დღეს იონა სერიოზული საკითხის წინაშე დადგა. მან იეჰოვასგან დავალება მიიღო, რომელიც ძალიან რთული მოეჩვენა. რისი გაკეთება დაავალა მას იეჰოვამ?
„ადექი, წადი . . . ნინევეში“
იეჰოვამ იონას უთხრა: „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ“ (იონა 1:2). ძნელი წარმოსადგენი არაა, რატომ შეიძლებოდა ამ დავალების შესრულება ერთი შეხედვით საშიში ყოფილიყო. ნინევეში ჩასასვლელად იონას დაახლოებით 800 კილომეტრი უნდა გაევლო აღმოსავლეთით, რასაც საშუალოდ ერთი თვე დასჭირდებოდა. თუმცა მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც იონას ნინევეში უნდა გაეკეთებინა. მას ნინევეში იეჰოვას განაჩენი უნდა გაეცხადებინა. იქ მცხოვრები ასურელები სასტიკები და დაუნდობლები იყვნენ. რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა იონას ამ წარმართი ხალხისგან იმ დროს, როცა ღვთის ხალხშიც კი ძალიან ცოტა ეხმაურებოდა მის ქადაგებას? როგორ გაართმევდა თავს ღვთის ეს ერთადერთი წინასწარმეტყველი ამ საქმეს დიდ ქალაქ ნინევეში, რომელსაც „სისხლისმღვრელი ქალაქი“ ეწოდა? (ნაუმი 3:1, 7).
ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა იონას თავში მსგავსი აზრები უტრიალებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ერთი რამ მაინც ცხადია — ის გაიქცა. იეჰოვას მითითებით იონა აღმოსავლეთისკენ უნდა წასულიყო, ის კი პირიქით, რაც შეიძლება შორს, დასავლეთისკენ წავიდა. იონა ჩავიდა საპორტო ქალაქ იოპეში და თარშიშში მიმავალ ხომალდზე ავიდა. ზოგი მკვლევარის აზრით, თარშიში ესპანეთში მდებარეობდა. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ იონა ნინევედან დაახლოებით 3 500 კილომეტრით დაშორებულ მხარეში აპირებდა წასვლას. მას მოუწევდა დიდი ზღვის (ასე ერქვა იმ დროს ხმელთაშუა ზღვას) გადაკვეთა, რასაც შეიძლებოდა ერთი წელი დასჭირვებოდა. იეჰოვას მიერ მიცემული დავალების შესრულებისთვის რომ თავი აერიდებინა, იონა მზად იყო ამხელა მანძილის გასავლელად.
უნდა ვიფიქროთ, რომ იონა მშიშარა იყო? კარგი იქნება, თუ ნაჩქარევ დასკვნას არ გამოვიტანთ. განხილვიდან დავინახავთ, რომ მას საკმაო გაბედულება ჰქონდა. თუმცა, ჩვენ მსგავსად, ისიც არასრულყოფილი იყო და მრავალ სისუსტესთან უწევდა ბრძოლა (ფსალმუნი 51:5). დაფიქრდით, რომელ ჩვენგანს არ დაუფლებია შიში?
ხანდახან შეიძლება ვფიქრობთ, რომ ღმერთი ისეთ რამეს გვავალებს, რისი გაკეთებაც ჩვენთვის ძალიან რთულია ან შეუძლებელიც კი. შესაძლოა, ჩვენც გვაშინებს იმ საქმის შესრულება, რომელიც ქრისტიანებისგან მოითხოვება — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:14). ძალიან ადვილია, დაგვავიწყდეს იესოს შემდეგი სიტყვები: „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკოზი 10:27). თუ დროდადრო მხედველობიდან გვრჩება ეს სიტყვები, ალბათ, უკეთ გავუგებთ იონას. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები იონას გაქცევის შემდეგ.
იეჰოვამ ჭკუა ასწავლა ურჩ წინასწარმეტყველს
იონა, როგორც ჩანს, ფინიკიელთა სავაჭრო გემზე ავიდა. ის თვალს ადევნებდა ხომალდის მეთაურსა და ეკიპაჟს, რომლებიც ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ. სანაპირო ზოლი თანდათანობით თვალს მიეფარა და იონამ შესაძლოა იფიქრა, რომ თავი დააღწია საფრთხეს. მაგრამ მოულოდნელად ამინდი აირია.
ძლიერმა ქარმა ისე ააღელვა ზღვა, რომ ბობოქარ ტალღებში თანამედროვე გემებიც კი შეიძლება ასანთის კოლოფისოდენა გამოჩენილიყო. რამდენ ხანში მიხვდნენ გემზე მყოფნი, და მათ შორის იონა, რომ ხის ხომალდი ძალიან პატარა და უსუსური იყო იმისთვის, რომ აზვირთებული ტალღებისთვის გაეძლო? მიხვდა იონა (რაზეც მან მოგვიანებით დაწერა), რომ ‘ზღვაზე ძლიერი ქარი იეჰოვამ ამოაგდო’? ჩვენ ეს არ ვიცით. თუმცა იონამ ერთი რამ კარგად იცოდა, რომ ღმერთები, რომლებსაც მეზღვაურები საშველად მოუხმობდნენ, მათ ვერ დაიხსნიდნენ. იონას წიგნში ვკითხულობთ: „ცოტაც და დაიმსხვრეოდა ხომალდი“ (იონა 1:4; ლევიანები 19:4). როგორ უნდა მიემართა იონას თხოვნით ღვთისთვის, რომელსაც გაურბოდა?
იონამ იცოდა, რომ მათ ვერ დაეხმარებოდა, ამიტომ გემბანის ქვეშ ჩავიდა, დაწვა და ღრმად ჩაეძინა.b ხომალდის მეთაურმა გააღვიძა იონა და სთხოვა, რომ სხვების მსგავსად მასაც მოეხმო თავისი ღმერთისთვის. გემზე მყოფნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქარიშხალი ზებუნებრივი ძალით იყო გამოწვეული, ამიტომ მათ კენჭი ყარეს, რომ გაეგოთ, ვის გამო ხდებოდა ეს საშინელება. იონას, ალბათ, გული გამალებით უცემდა, როცა ხედავდა, რომ სხვები თანდათან ეთიშებოდნენ კენჭის ყრას, რაც მათ უდანაშაულობაზე მიუთითებდა. იეჰოვამ გაამჟღავნა სიმართლე. კენჭი მას ერგო, ვის გამოც ქარიშხალი ამოვარდა. ეს კაცი იონა იყო (იონა 1:5—7).
იონამ ყველაფერი უამბო მეზღვაურებს. მან უთხრა, რომ ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას მსახური იყო და მას გაურბოდა. წინასწარმეტყველმა მათ არც ის დაუმალა, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში იმის გამო ჩაცვივდნენ, რომ თავის ღმერთს აწყენინა. გემზე მყოფთ თავზარი დაეცათ. იონამ დაინახა, რომ ისინი შიშმა შეიპყრო. მათ ჰკითხეს იონას, რა უნდა გაეკეთებინათ მისთვის, რომ არც გემი ჩაძირულიყო და თავადაც ცოცხლები დარჩენილიყვნენ. რა უპასუხა მათ იონამ? იონას, ალბათ, იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ შეიძლებოდა ცივ, ბობოქარ ზღვაში აღმოჩენილიყო. მაგრამ განა გაიმეტებდა ასეთი სიკვდილისთვის ყველა იქ მყოფს, როცა მათი ხსნა შეეძლო?! ამიტომაც მიუგო მათ: „ამიყვანეთ, ზღვაში გადამაგდეთ და დაგიწყნარდებათ ზღვა, რადგან ვიცი, რომ ჩემ გამო დაგატყდათ ეს დიდი ქარიშხალი“ (იონა 1:12).
იტყოდა ამ სიტყვებს მშიშარა ადამიანი? იეჰოვას უთუოდ გულს გაუთბობდა იონას მიერ ამ მძიმე წუთებში გამოვლენილი სიმამაცე და თავგანწირვის სული. ამ შემთხვევიდან კარგად ჩანს, რომ იონას ძლიერი რწმენა ჰქონდა. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მას და სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დავაყენოთ (იოანე 13:34, 35). როდესაც ვხედავთ, რომ ვინმეს ფიზიკური, ემოციური თუ სულიერი მხარდაჭერა სჭირდება, მზად ვართ მის დასახმარებლად? თუ ასე ვიქცევით, იეჰოვას გულს ვუხარებთ.
გემზე მყოფთ თავიდან არ უნდოდათ იონას წყალში გადაგდება, რადგან, შესაძლოა, მათზე ძალიან იმოქმედა იონას სიტყვებმა. ისინი ამაოდ ცდილობდნენ, გზა გაეკვლიათ აბობოქრებულ ზღვაში. ქარიშხალი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. როცა დაინახეს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, იონას ღმერთს, იეჰოვას მოუხმეს და მას წყალობა შესთხოვეს. ამის შემდეგ აიყვანეს იონა და ზღვაში გადააგდეს (იონა 1:13—15).
იონამ წყალობა პოვა ღვთის თვალში და გადარჩა
იონა აზვირთებულ ტალღებში ჩავარდა. თავიდან ის, ალბათ, ებრძოდა ტალღებს. იონა დაინახავდა, როგორ განაგრძო ხომალდმა აღელვებულ ტალღებს შორის სწრაფად სვლა. მან ძლიერ ტალღებს ვეღარ გაუძლო და ჩაიძირა. იონა ფსკერისკენ ნელ-ნელა ეშვებოდა. მას, ალბათ, უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა.
მოგვიანებით იონამ აღწერა, რას გრძნობდა იმ მძიმე წუთებში. წამიერად მას უამრავმა აზრმა გაუელვა გონებაში. დამწუხრებულმა გაიფიქრა, რომ ვეღარასოდეს იხილავდა იერუსალიმის მშვენიერ ტაძარს. იონა გრძნობდა, როგორ ეშვებოდა ზღვის სიღრმეში, მთების საძირკვლებამდე, სადაც ‘წყალმცენარეები შემოეწნა’. ისე ჩანდა, რომ მისი სიცოცხლე აქ დამთავრდებოდა (იონა 2:2—6).
უცებ იონამ შენიშნა, რომ მისკენ უზარმაზარი არსება მიცურავდა. ის მიუახლოვდა იონას, გააღო ვეებერთელა პირი და გადაყლაპა.
იონას სიცოცხლე ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საოცარი რამ მოხდა. იონა გადაურჩა თევზის კბილებს. ის არც გაგუდულა. მიუხედავად იმისა, რომ თევზის მუცელი იონასთვის სამარედ უნდა ქცეულიყო, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თანდათანობით იონას შიში დაეუფლა. აშკარა იყო, რომ მისმა ღმერთმა, იეჰოვამ „დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა“ (იონა 1:17).c
იონას, ალბათ, წუთები საათებად მოეჩვენა. იქ, სიბნელეში, მას დრო ჰქონდა, ეფიქრა და იეჰოვასთვის ლოცვით მიემართა. მისი ლოცვა სრულადაა ჩაწერილი „იონას“ მეორე თავში. ეს ლოცვა გვიჩვენებს, რომ იონამ კარგად იცოდა წმინდა წერილები, რადგან ის „ფსალმუნებიდან“ ციტირებდა. მისი ლოცვიდან ისიც ჩანს, რომ ის შესანიშნავ თვისებას, მადლიერებას ავლენდა. იონა ასე ამთავრებს ლოცვას: „მე სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ. რაც აღმითქვამს, შევასრულებ. ხსნა იეჰოვასგანაა“ (იონა 2:9).
იონა მიხვდა, რომ სადაც არ უნდა იყვნენ მისი მსახურები, იეჰოვას ნებისმიერ დროს შეუძლია მათი ხსნა. ღმერთმა „თევზის მუცელშიც“ კი დაინახა გასაჭირში მყოფი თავისი მსახური და გადაარჩინა (იონა 1:17). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო, სიცოცხლე შეენარჩუნებინა იონასთვის დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს. კარგია გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ღმერთის ‘ხელთაა ჩვენი სუნთქვა’ (დანიელი 5:23). ჩვენი არსებობა, ჩვენი ყოველი ამოსუნთქვა, მასზეა დამოკიდებული. ვართ ამისთვის მადლიერნი? განა ჩვენს მადლიერებას მორჩილებით არ უნდა ვავლენდეთ?!
რა შეიძლება ითქვას იონაზე? მან ისწავლა, რომ მადლიერება ღვთისადმი მორჩილებით უნდა დაემტკიცებინა. სამი დღე-ღამის შემდეგ თევზმა იონა „ხმელეთზე ამოანთხია“ (იონა 2:10). წარმოიდგინეთ, იონას ნაპირამდე გაცურვაც კი არ დასჭირვებია! თუმცა სამშვიდობოზე გასულ იონას გზის გაკვლევა მაინც მოუწევდა. ცოტა ხანში მას შესაძლებლობა მიეცა, რომ ღვთისადმი თავისი მადლიერება საქმით დაემტკიცებინა. იონას 3:1, 2-ში ნათქვამია: «მაშინ მეორედ გამოეცხადა იონას იეჰოვას სიტყვა: „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე ის, რასაც გეუბნები“». როგორ მოიქცეოდა იონა?
ამჯერად, იონას ყოყმანი არ დაუწყია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა იონა და, იეჰოვას სიტყვისამებრ, ნინევეში წავიდა“ (იონა 3:3). ის დაემორჩილა იეჰოვას სიტყვას. აშკარაა, რომ მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ჩვენ ამ მხრივაც უნდა მივბაძოთ იონას. ყველანი ცოდვილები ვართ და ყველანი ვუშვებთ შეცდომებს (რომაელები 3:23). მაგრამ დავუშვებთ ამ დროს, რომ გული გაგვიტყდეს? თუ ვისწავლით ჩვენს შეცდომებზე და მორჩილად განვაგრძობთ იეჰოვას მსახურებას?
იეჰოვამ აკურთხა იონა მორჩილებისთვის. მან, როგორც ჩანს, გაიგო, რომ გემზე მყოფნი გადარჩნენ. მას შემდეგ, რაც იონამ თავგანწირვის სული გამოავლინა, ქარიშხალი მაშინვე ჩადგა. გემზე მყოფებს ‘ძლიერ შეეშინდათ იეჰოვასი’, ამიტომ შესაწირავი მას შესწირეს და არა თავიანთ ცრუ ღმერთებს (იონა 1:15, 16).
იონას მორჩილება მოგვიანებით კიდევ უფრო დაფასდა, როცა იესომ დიდი თევზის მუცელში იონას ყოფნის პერიოდი იმის დასანახვებლად გამოიყენა, რომ თავადაც სამი დღე იქნებოდა სამარეში (მათე 12:38—40). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებს იონა, როცა ამის შესახებ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაიგებს! (იოანე 5:28, 29). იეჰოვას სურს, რომ თქვენც გაკურთხოთ. ისწავლით იონას მსგავსად საკუთარ შეცდომებზე და გამოავლენთ მორჩილებასა და თავგანწირვის სულს?
[სქოლიოები]
a საყურადღებოა, რომ იონა გალილეის ქალაქიდან იყო, თუმცა ფარისევლებმა იესოს შესახებ ქედმაღლურად თქვეს: „გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოვა“ (იოანე 7:52). მრავალი მთარგმნელისა და მკვლევარის აზრით, ფარისევლები ირწმუნებოდნენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ მოსულა და არც მოვიდოდა გალილეიდან. ისინი არა მხოლოდ ისტორიას უარყოფდნენ, არამედ წინასწარმეტყველებასაც (ესაია 9:1, 2).
b იმის ხაზგასასმელად, რომ იონას ღრმად ეძინა, სეპტუაგინტაში ნათქვამია, რომ ის ხვრინავდა. თუმცა არ უნდა დავასკვნათ, რომ იონასთვის სულერთი იყო, რაც ხდებოდა. ზოგჯერ ღრმად სწორედ მათ სძინავთ, ვინც ძალიანაა დამწუხრებული. როცა იესო სიკვდილის წინა ღამეს გეთსემანეს ბაღში იყო, პეტრეს, იაკობსა და იოანეს „მწუხარებისგან ჩასძინებოდათ“ (ლუკა 22:45).
c ბერძნულ თარგმანში სიტყვა „თევზი“ გადმოტანილია, როგორც „ზღვის ურჩხული“ ან „უშველებელი თევზი“. მართალია, ზუსტად არაა ცნობილი, თუ რა ჯიშის ზღვის ცხოველი იგულისხმება ამაში, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ხმელთაშუა ზღვაში იმხელა ზვიგენები დაცურავენ, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის გადაყლაპვა. სხვა ადგილებში უფრო დიდი ზვიგენებიც ბინადრობენ. მაგალითად, ვეშაპისებრი ზვიგენი შესაძლოა სიგრძეში 15 მეტრს და მეტსაც აღწევდეს.
[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]
„იონა“ კრიტიკის ქარცეცხლში
▪ მართლა მოხდა ბიბლიის წიგნ „იონაში“ აღწერილი მოვლენები? ძველი დროიდან მოყოლებული ამ წიგნს ყოველთვის აკრიტიკებდნენ. მის სინამდვილეს დღესაც ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ის იგავ-არაკი, ლეგენდა, მითი ან, უბრალოდ, მოგონილი ამბავია. მე-19 საუკუნეში მცხოვრებმა ერთმა მწერალმა დაწერა, რომ იონასა და დიდი თევზის ამბავი ერთმა სასულიერო პირმა ალეგორიულ ჟანრს მიაკუთვნა. მისი აზრით, იონა იოპეში ერთ სასტუმროში გაჩერდა, რომელსაც „ვეშაპი“ ერქვა. თითქოს იონას საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ საფასური გადაეხადა, ამიტომ სასტუმროს მეპატრონემ ის გამოაგდო. სასულიერო პირი ფიქრობდა, რომ ამ გაგებით „ჩაყლაპა“ „ვეშაპმა“ იონა და შემდეგ „ამოანთხია“. სინამდვილეში ბიბლიის კრიტიკოსებს უფრო სურთ იონას „გადაყლაპვა“, ვიდრე იმ დიდ თევზს სურდა.
რატომ უყურებს მრავალი ამ წიგნს სკეპტიკურად? იმიტომ რომ მასში სასწაულებია აღწერილი. როგორც ჩანს, მრავალი კრიტიკოსი კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია სასწაული მოხდეს. მაგრამ გონივრულია ასეთი თვალსაზრისი? გჯერათ ბიბლიის პირველი სიტყვების: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“? (დაბადება 1:1). მთელ მსოფლიოში მილიონობით გონიერი ადამიანი აღიარებს ამ მარტივ ჭეშმარიტებას. ეს სიტყვები ყველა იმ სასწაულზე მეტს ამბობს, რომლებიც მოგვიანებით ბიბლიაში ჩაიწერა.
დაფიქრდით: მას, ვინც უკიდეგანო ზეცა და დედამიწაზე სიცოცხლის საოცარი მრავალფეროვნება შექმნა, იონას წიგნში ჩაწერილი შემთხვევებიდან, რისი შესრულება გაუჭირდებოდა? ქარიშხლის ამოვარდნა თუ ის, რომ თევზს იონა გადაეყლაპა და შემდეგ ამოენთხია? ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს, ამიტომ მისთვის ასეთი რამის გაკეთება რთული არ იქნებოდა (ესაია 40:26).
ჩვეულებრივ, ღვთის ჩარევის გარეშეც ხდება მრავალი საოცარი რამ. მაგალითად, როგორც ამბობენ, 1758 წელს ხმელთაშუა ზღვაში ერთი მეზღვაური გემიდან გადმოვარდა და ზვიგენმა გადაყლაპა. ზვიგენს ზარბაზანი ესროლეს. ჭურვი მიზანს მოხვდა და ზვიგენმა მეზღვაური პირიდან ამოაგდო. ოდნავ დაშავებული მეზღვაური უსაფრთხოდ აიყვანეს გემზე. თუ ეს ამბავი მართლაც მოხდა, მას შეიძლება საოცარი შემთხვევა ვუწოდოთ და არა სასწაული. განა ღმერთს არ შეეძლო, უფრო დიდი საოცრება მოეხდინა?!
სკეპტიკოსები იმასაც აცხადებენ, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გაძლებს სამი დღე თევზის მუცელში. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანმა თავად გამოიგონა ჟანგბადის ბალონი, რომლის გამოყენებითაც წყალქვეშ ხანგრძლივი დროის მანძილზე სუნთქვა შეუძლია. განა ღმერთი ვერ გამოიყენებდა თავის განუსაზღვრელ ძალასა და სიბრძნეს, რომ იონას სამი დღის მანძილზე ჟანგბადი ჰქონოდა?! ერთხელ ღვთის ანგელოზმა იესოს დედას, მარიამს უთხრა, რომ „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკა 1:37).
კიდევ რა ადასტურებს, რომ ბიბლიის წიგნი „იონა“ ისტორიულად ზუსტია? გემისა და ეკიპაჟის დეტალური აღწერილობა შეესაბამება სინამდვილეს. მაგალითად, იონას 1:5-დან ვიგებთ, რომ მეზღვაურებმა ხომალდიდან ნივთების გადაყრა დაიწყეს მის შესამსუბუქებლად. ძველი ისტორიული წყაროებიდან და რაბინული კანონიდან ვიგებთ, რომ ცუდი ამინდის დროს ასეთი მეთოდის გამოყენება ფართოდ იყო გავრცელებული. იონას მიერ ქალაქ ნინევეს აღწერილობას ისტორიაც ადასტურებს და არქეოლოგიაც. და რაც ყველაზე აღსანიშნავია, იესო ქრისტემ მოიხსენია, რომ, როგორც იონა იყო სამი დღე და ღამე დიდი თევზის მუცელში, ისე თვითონ იქნებოდა სამ დღესა და ღამეს სამარეში (მათე 12:38—40). იესოს სიტყვები ადასტურებს, რომ იონას ამბავი სინამდვილეა.
„შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკა 1:37).
[სურათი 26 გვერდზე]
იონამ დაარწმუნა გემზე მყოფნი, რომ აეყვანათ და ზღვაში გადაეგდოთ