ეზეკიელი
1 30–ე წელს, მე-4 თვის მე-5 დღეს, გადასახლებულ ხალხს შორის რომ ვიყავი+ მდინარე ქებართან,+ ცა გაიხსნა და ღმერთმა ხილვები მახილვინა. 2 თვის მე-5 დღეს, მეფე იეჰოიაქინის გადასახლებიდან მე-5 წელს,+ 3 იეჰოვას სიტყვა ეუწყა ეზეკიელს*, მღვდელ ბუზის ძეს, ქალდეველთა მიწაზე,+ მდინარე ქებართან. იქ იეჰოვას სულმა მოიცვა იგი.+
4 გავიხედე და დავინახე, რომ ძლიერი ქარი მოქროდა ჩრდილოეთიდან;+ დავინახე კაშკაშა სინათლით გარშემორტყმული ვეებერთელა ღრუბელი და მოელვარე ცეცხლი.+ ცეცხლის შუაგულში ოქროსა და ვერცხლის შენადნობის მსგავსი რაღაც იყო.+ 5 მის შუაგულში ცოცხალი ქმნილების მსგავსი ოთხი არსებაც იყო;+ თითოეული ადამიანს ჰგავდა; 6 მათ ოთხ-ოთხი სახე და ოთხ-ოთხი ფრთა ჰქონდათ;+ 7 ფეხები სწორი ჰქონდათ, ტერფები ხბოს ჩლიქებს მიუგავდათ და გაპრიალებული სპილენძივით უბზინავდათ.+ 8 ფრთებქვეშ ოთხივე მხარეს ადამიანის ხელები ჰქონდათ; ოთხივეს ჰქონდა სახეები და ფრთები. 9 მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდა. ისინი გადაადგილებისას არ ტრიალდებოდნენ, პირდაპირ მიდიოდნენ.+
10 აი, როგორი სახეები ჰქონდათ: ოთხივეს ჰქონდა ადამიანის სახე, მარჯვნივ ლომის+ სახეები ჰქონდათ, მარცხნივ — ხარის+ სახეები; მათ არწივის+ სახეებიც+ ჰქონდათ. 11 ასეთი სახეები ჰქონდათ. ფრთები მაღლა ჰქონდათ აწვდილი. თითოეულის ორი ფრთა ერთმანეთს ეხებოდა, დანარჩენი ორი ფრთა კი სხეულს უფარავდათ.+
12 თითოეული პირდაპირ მიდიოდა; საითკენაც სული წაიყვანდა მათ, იქით მიდიოდნენ.+ გადაადგილებისას არ ტრიალდებოდნენ. 13 ეს ცოცხალი ქმნილებები მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ. ცოცხალ ქმნილებებს შორის ცეცხლოვანი ჩირაღდნების მსგავსი რაღაცები მოძრაობდნენ წინ და უკან; ცეცხლიდან ელვა ანათებდა.+ 14 როცა ცოცხალი არსებები მოძრაობდნენ, მათი მოძრაობა ელვას ჰგავდა.
15 როცა ოთხსახიან ცოცხალ არსებებს შევყურებდი, დავინახე, რომ მიწაზე მათ გვერდით თითო-თითო ბორბალი იყო.+ 16 ეს ბორბლები ქრიზოლითივით კაშკაშებდა; ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა. ბორბლის აგებულება ისეთი იყო, გეგონება, ბორბალი ბორბალში ზისო*. 17 გადაადგილებისას ისინი ოთხივე მიმართულებით მოძრაობდნენ, ოღონდ ისე, რომ არ ტრიალდებოდნენ. 18 სალტეები მოწიწების მომგვრელი სიმაღლისა იყო; ოთხივეს სალტეები გარშემო თვალებით იყო დაფარული.+ 19 როცა ცოცხალი არსებები გადაადგილდებოდნენ, ბორბლებიც მათთან ერთად გადაადგილდებოდნენ და, როცა ცოცხალი არსებები მიწიდან აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ.+ 20 საითკენაც სული წაიყვანდა მათ, საითაც სული წავიდოდა, იქით მიდიოდნენ; ბორბლებიც მათთან ერთად იწეოდნენ, ვინაიდან ცოცხალ არსებებზე მოქმედი სული ბორბლებშიც იყო. 21 როცა ისინი გადაადგილდებოდნენ, ესენიც გადაადგილდებოდნენ; როცა ისინი ჩერდებოდნენ, ესენიც ჩერდებოდნენ; როცა ისინი მიწიდან აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ, რადგან ცოცხალ არსებებზე მოქმედი სული ბორბლებშიც იყო.
22 ცოცხალი არსებების თავზევით სივრცის მსგავსი რაღაც იყო, რაც მოწიწების მომგვრელი ყინულის ელვარებას ჰგავდა და მათ თავზევით იყო გადაჭიმული.+ 23 სივრცის ქვემოთ მათ ფრთები გვერდიგვერდ ჰქონდათ აწვდილი*. თითოეულს ერთი მხარის დასაფარავადაც ორი ფრთა ჰქონდა და მეორე მხარის დასაფარავადაც — ორი ფრთა. 24 მათი ფრთების ხმა წყლის ხმაურს ჰგავდა, ყოვლისშემძლის ხმას.+ მათი გადაადგილების ხმა ჯარის გადაადგილების ხმას ჰგავდა. როდესაც ჩერდებოდნენ, ფრთებს დაბლა უშვებდნენ.
25 ხმა ისმოდა სივრცის ზემოთ, რომელიც მათ თავზევით იყო (როცა ისინი ჩერდებოდნენ, ფრთებს დაბლა უშვებდნენ). 26 სივრცის ზემოთ, რაც მათ თავზევით იყო, საფირონისებრი+ ტახტისმაგვარი რამ იყო.+ ამ ტახტისმაგვარზე ვიღაც, ადამიანის მსგავსი, იჯდა.+ 27 დავინახე რაღაც, ოქროსა და ვერცხლის შენადნობივით მოელვარე, ცეცხლისმაგვარი სინათლე,+ რომელიც იფრქვეოდა იქიდან, რაც მის წელსა და ზედა ნაწილს ჰგავდა; რაღაც ცეცხლისმაგვარი+ მის წელს ქვემოთაც დავინახე. იგი ბრწყინვალებით იყო გარემოცული. 28 ეს ბრწყინვალება წვიმიან დღეს ღრუბლებში გამოჩენილ ცისარტყელას ჰგავდა;+ აი, ასეთი იყო ის მბრწყინავი სინათლე. ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო.+ როცა ეს ვიხილე, პირქვე დავემხვე და გავიგონე, რომ ვიღაც ლაპარაკობდა.