თავი 3
„ღმერთმა ხილვები მახილვინა“
თემა: ეზეკიელის ხილვაში ნანახი ზეციერი ეტლი
1—3 ა) რას ხედავს და რას ისმენს ეზეკიელი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა ძალა იდგა ამ ხილვის მიღმა და როგორ იმოქმედა ნანახმა და მოსმენილმა ეზეკიელზე?
ეზეკიელი სივრცეს შესჩერებია. ის ვრცელ ქვიშიან ველს გასცქერის; ჯერ ჭუტავს თვალებს, მერე კი ფართოდ ახელს; ვერ იჯერებს თვალით ნანახს. იგი ჰორიზონტზე ამჩნევს, რომ ქარიშხალი უახლოვდება. თუმცა ეს ჩვეულებრივი ქარიშხალი როდია. ეზეკიელს ჩრდილოეთის ძლიერი ქარი უწეწავს თმას და უფრიალებს სამოსს. იგი ხედავს მოელვარე ცეცხლით გაჩირაღდნებულ ვეებერთელა ღრუბელს, რომლის ელვარებაც ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ელვარების მსგავსია. რაც უფრო უახლოვდება ღრუბელი ეზეკიელს, გრგვინვაც მატულობს, თითქოსდა მას ჯარი უახლოვდებაო (ეზეკ. 1:4, 24).
2 ეზეკიელი დაახლოებით 30 წლისა იყო, როცა პირველად იხილა დაუვიწყარი ხილვა. მან იგრძნო, რომ იგი იეჰოვას სულმა, მისმა განუზომელმა ძალამ, მოიცვა. წმინდა სულის ძალით ნანახი და მოსმენილი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თანამედროვე კინემატოგრაფიული სპეცეფექტებიც კი ვერ შეედრებოდა; ნანახით გაოგნებული ეზეკიელი პირქვე დაემხო (ეზეკ. 1:3, 28).
3 თუმცა იეჰოვას მიზანი მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენა არ ყოფილა. ეზეკიელის მიერ ნანახი პირველი ხილვა, ისევე როგორც მის წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი სხვა ხილვები, გაცილებით დიდი მნიშვნელობის მქონე იყო როგორც თავად ეზეკიელისთვის, ისე დღეს მცხოვრები იეჰოვას მსახურებისთვის. მოდი უკეთ გავეცნოთ ეზეკიელის მიერ ნანახსა და მოსმენილს.
ისტორიულ-გეოგრაფიული ფონი
4, 5. როგორი იყო ისტორიულ-გეოგრაფიული ფონი, როცა ეზეკიელმა ეს ხილვა იხილა?
4 წაიკითხეთ ეზეკიელის 1:1—3. მოდი მიმოვიხილოთ ისტორიულ-გეოგრაფიული ფონი. ძვ. წ. 613 წელია. როგორც წინა თავიდან შევიტყვეთ, ეზეკიელი ბაბილონის სამეფოში სხვა გადასახლებულ ებრაელებთან ერთად მდინარე ქებარის სანაპიროზე ცხოვრობს. როგორც ჩანს, ქებარი მდინარე ევფრატის განტოტება იყო; ეს ხელოვნური სანაოსნო არხი შემდეგ კვლავ მდინარე ევფრატს უერთდებოდა.
5 ქალაქი იერუსალიმი ბაბილონიდან დაახლოებით 800 კილომეტრით იყო დაშორებული.a ტაძარში, სადაც ეზეკიელის მამა მღვდლად მსახურობდა, ახლა კერპთაყვანისმცემლობას გაედგა ფესვი. ერთ დროს დიდებულ სამეფოს, რომლის ტახტზეც დავითი და სოლომონი ისხდნენ, ძველი დიდებისა აღარაფერი შერჩენოდა. ბაბილონის სამეფოში გადასახლებულთა შორის ღვთის ორგული მეფე იეჰოიაქინიც იყო. მის ნაცვლად იერუსალიმში ბოროტი მეფე ციდკია მეფობდა, რომელიც მხოლოდ მარიონეტი იყო (2 მეფ. 24:8—12, 17, 19).
6, 7. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ეზეკიელი არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა?
6 ამ ყოველივეს დანახვა ისეთი მორწმუნე კაცისთვის, როგორიც ეზეკიელი იყო, ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. მასთან ერთად გადასახლებული ზოგიერთი თანამემამულე შეიძლება ფიქრობდა: „სამუდამოდ მიგვატოვა იეჰოვამ?! ნუთუ ბაბილონის იმპერია, რომელსაც აუარება ღვთაება ჰყავს, მართლა აღგვის მიწის პირიდან წმინდა თაყვანისმცემლობას და ბოლოს მოუღებს იეჰოვას მმართველობას?!“.
7 ამ ყოველივეს გაგების შემდეგ ალბათ გაგიჩნდათ სურვილი, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ეზეკიელის პირველი შთამბეჭდავი ხილვა (ეზეკ. 1:4—28). ამ მონაკვეთის წაკითხვისას საკუთარი თავი ეზეკიელის ადგილზე წარმოიდგინეთ; შეეცადეთ, დაინახოთ ის, რასაც ის ხედავდა და გაიგონოთ ის, რაც მას ესმოდა.
დიდებული ეტლი
8. რა იხილა ეზეკიელმა და რას განასახიერებდა ხილვაში ნანახი?
8 რა იხილა ეზეკიელმა? მან უზარმაზარი, მოწიწების მომგვრელი ეტლი იხილა, რომელსაც ოთხი ვეებერთელა ბორბალი ჰქონდა. თითო ბორბალთან უჩვეულო შესახედაობის მქონე თითო სულიერი ქმნილება იდგა; როგორც ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან მოგვიანებით ვიგებთ, ისინი ქერუბიმები იყვნენ (ეზეკ. 10:1). მათ თავზევით ერთგვარი სივრცე იყო, რომელიც ყინულს წააგავდა; სივრცის თავზე იეჰოვას დიდებული ტახტი იდგა. რას განასახიერებდა ხილვაში ნანახი ზეციერი ეტლი? ეს ეტლი იეჰოვას დიდებული ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს განასახიერებდა. რის საფუძველზე ვასკვნით ამას? ვნახოთ სამი მიზეზი.
9. რას ვსწავლობთ ეტლის მაგალითზე?
9 იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ზეციერ ქმნილებებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ხილვაში ნანახი იეჰოვას ტახტი ქერუბიმებს ზემოთაა. ბიბლიის სხვა წიგნებშიც იეჰოვა აღწერილია როგორც ქერუბიმებს ზემოთ ან მათ შორის მყოფი (წაიკითხეთ 2 მეფეების 19:15; გამ. 25:22; ფსალმ. 80:1). იეჰოვას არც ეტლი სჭირდება გადასაადგილებლად და არც ქერუბიმებს ზემოთ ყოფნა არ ნიშნავს, რომ იგი ქერუბიმების მეშვეობით გადაადგილდება. და მაინც, ქერუბიმები მხარს უჭერენ მის უზენაესობას, იეჰოვა კი თავისი ნების შესასრულებლად მათ იქ გზავნის, სადაც თავად თვლის საჭიროდ. სხვა წმინდა ანგელოზების მსგავსად, ისინიც ღმერთს ემსახურებიან და მის დავალებებს ასრულებენ (ფსალმ. 104:4). სწორედ ამ გაგებით იმყოფება იეჰოვა ყველა თავისი სულიერი ქმნილების ზემოთ ანუ მართავს მათ როგორც ერთიან უზარმაზარ ზეციერ ეტლს.
10. საიდან ვიგებთ, რომ ზეციერ ეტლში ყველა სულიერი ქმნილება იგულისხმება?
10 ეტლით ყველა სულიერი ქმნილებაა წარმოდგენილი. ეზეკიელმა ოთხი ქერუბიმი იხილა. ბიბლიაში რიცხვი „ოთხი“ ხშირად სიმეტრიის, სისავსისა და ყოვლისმომცველობის სიმბოლოა. შესაბამისად, ოთხ ქერუბიმში იეჰოვას ყველა ერთგული სულიერი ქმნილებაა ნაგულისხმევი. ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ ქერუბიმებს კი არა, ბორბლებსაც გარშემო თვალები ჰქონდათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზეციერ სამყოფელში მყოფი ყველა სულიერი ქმნილება ფხიზლობს. ეზეკიელის ხილვაში ნანახი ეტლი იმდენად დიდია, რომ მის ფონზე დიდებული ქერუბიმებიც კი იჩრდილებიან (ეზეკ. 1:18, 22; 10:12). მსგავსად ამისა, იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი გაცილებით მეტის მომცველია და მასში მხოლოდ ოთხი ქერუბიმი კი არა, აუარება სულიერი ქმნილება შედის.
11. რა იხილა დანიელმა და რა დასკვნამდე მივყავართ ამას?
11 დანიელმაც მსგავსი რამ იხილა. წინასწარმეტყველი დანიელი დიდი ხნის განმავლობაში გადასახლებულთა შორის ცხოვრობდა ბაბილონში. იეჰოვას ზეციერი სამყოფელი მანაც იხილა. აღსანიშნავია, რომ მის ხილვაშიც იეჰოვას ტახტს ბორბლები ჰქონდა. თუმცა დანიელის ხილვაში იეჰოვას სულიერი ოჯახის სიდიდეს ესმება ხაზი. მან იეჰოვას წინაშე მდგომი „ათასობით ათასი . . . და ათიათასობით ათი ათასი“ სულიერი ქმნილება იხილა. ისინი ესწრებოდნენ ზეციერ სასამართლოს და თითოეულს, როგორც ჩანს, თავისი ადგილი ეკავა (დან. 7:9, 10, 13—18). ეს ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ ეზეკიელის მიერ ნანახი ეტლით ყველა დიდებული სულიერი ქმნილებაა წარმოდგენილი.
12. რატომ არის ჩვენთვისვე კარგი ეზეკიელის ამ ხილვისა თუ სხვა ბიბლიური მონაკვეთების განხილვა?
12 იეჰოვამ იცის, რომ თუ გონებას ზეციერზე, ანუ მოციქული პავლეს სიტყვებით თუ ვიტყვით, „უხილავზე“ ფიქრით დავაკავებთ, ეს დაგვიცავს. მაგრამ, ვინაიდან ხორციელი სხეული გვაქვს, მიდრეკილნი ვართ, ვიფიქროთ იმაზე, რაც „ხილულია“, ანუ რაც წარმავალია (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:18). სატანამ ეს კარგად იცის და ცდილობს, ხორციელად მოაზროვნე ადამიანებად გვაქციოს. მის მახეში რომ არ გავებათ, იეჰოვამ თავის სიტყვაში ბევრი ისეთი მონაკვეთი შემოგვინახა, რომლებიც შეგვახსენებს მისი ზეციერი ოჯახის დიდებულებას. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი ეს ხილვაა, რომელიც ეზეკიელის წინასწარმეტყველებაშია ჩაწერილი.
„დაიძარით!“
13, 14. ა) როგორ აღწერს ეზეკიელი ხილვაში ნანახ ბორბლებს? ბ) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იეჰოვას ტახტს ბორბლები აქვს?
13 თავდაპირველად ეზეკიელი ყურადღებას ოთხი ქერუბიმისკენ მიმართავს. ამ წიგნის მე-4 თავიდან შევიტყობთ, თუ რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ამ სულიერი ქმნილებების უჩვეულო გარეგნობიდან. ეზეკიელი თითოეულ ქერუბიმთან თითო ბორბალს ხედავს, სულ ოთხს, რომლებიც უზარმაზარ კვადრატს ქმნის (წაიკითხეთ ეზეკიელის 1:16—18). ეს ბორბლები თითქოსდა ქრიზოლითისაა; ქრიზოლითი ოქროსფერი ან მოოქროსფრო-მომწვანო ძვირფასი ქვაა, რომელიც გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალეა. სწორედ ამ ძვირფას ქვასავით ბრწყინავდნენ ბორბლები.
14 ეზეკიელის ხილვაში დიდი ყურადღება ეთმობა ეტლის ბორბლების აღწერილობას. მართლაც გასაოცარი სანახაობაა ბორბლებზე შემდგარი ტახტი! როდესაც გვესმის „სამეფო ტახტი“, როგორც წესი, წარმოვიდგენთ კონკრეტულ ადგილზე მდგომ ტახტს, რომელზე მჯდომი მეფის მმართველობაც მხოლოდ თავის სამეფოზე ვრცელდება. თუმცა იეჰოვას უზენაესი ძალაუფლება განსხვავდება მიწიერი მეფეების მმართველობისგან, და როგორც ეს ეზეკიელმა შემდეგ ნახა, მისი ძალაუფლება შეუზღუდავია (ნეემ. 9:6). დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ იეჰოვას უზენაესი მმართველობა ყველგან ვრცელდება!
15. რა თქვა ეზეკიელმა ბორბლების ზომასა და აგებულებაზე?
15 ეზეკიელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ბორბლების ზომამ. მან დაწერა: „სალტეები მოწიწების მომგვრელი სიმაღლისა იყო“. ალბათ, წარმოგვიდგენია, როგორ მისჩერებია ეზეკიელი ცადაწვდილ, ვეებერთელა მოელვარე სალტეებს. წინასწარმეტყველი დასძენს: „ოთხივეს სალტეები გარშემო თვალებით იყო დაფარული“. და მაინც, ყველაზე უჩვეულო, ალბათ, ბორბლების აგებულება იყო, რადგან ეზეკიელი ამბობს: „ბორბლის აგებულება ისეთი იყო, გეგონება, ბორბალი ბორბალში ზისო“. რა იგულისხმა მან?
16, 17. ა) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბორბალი ბორბალში იჯდა? ბ) რას ვიგებთ ბორბლების მაგალითზე ზეციერი ეტლის შესახებ?
16 სავარაუდოდ, ხილვაში ნანახ თითო ბორბალში მეორე ბორბალი ვერტიკალურად იჯდა და ეს ორი ბორბალი თითქოსდა ღერძით იყო დაკავშირებული. სწორედ ამით აიხსნება ის, რასაც შემდეგ ეზეკიელი ამბობს: „გადაადგილებისას ისინი ოთხივე მიმართულებით მოძრაობდნენ, ოღონდ ისე, რომ არ ტრიალდებოდნენ“. რას ვიგებთ ამ ბორბლების მაგალითზე ზეციერი ეტლის შესახებ?
17 ალბათ, ხვდებით, რომ ასეთი ზომის ბორბლები ერთი ბრუნითაც კი დიდ მანძილს დაფარავდნენ. ხილვიდან იმასაც ვიგებთ, რომ ეტლი ელვის სისწრაფით გადაადგილდებოდა! (ეზეკ. 1:14). ვინაიდან ბორბლები ოთხივე მიმართულებით მოძრაობდნენ, ეტლს საოცარი მანევრირება შეეძლო; ასეთი მანევრირების მქონე გადაადგილების საშუალების შექმნა დღემდე ინჟინრების მიუღწეველი ოცნებაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ეტლს მიმართულების შეცვლა მოძრაობის შენელებისა და ბორბლების მოტრიალების გარეშე შეეძლო. თუმცა ეტლი ქაოსურად კი არ გადაადგილდებოდა, არამედ მიზანმიმართულად; თვალებით დაფარული სალტეები იმაზე მიუთითებდა, რომ ეტლი ირგვლივ ყველაფერს „ხედავდა“ და „ამჩნევდა“.
18. რაზე მეტყველებს ეტლის ბორბლების ზომა და თვალებით დაფარული სალტეები?
18 რა ასწავლა იეჰოვამ ამ ხილვით როგორც ეზეკიელს, ისე სხვა ერთგულ მსახურებს თავისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის შესახებ? მოდი ახლა შევაჯამოთ, რა გავიგეთ. იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილი დიდებული და მოწიწების მომგვრელია. სწორედ ამაზე მეტყველებს ეტლის ბორბლების ელვარება და ზომა. ეტლი ყველაფერს „ხედავს“ და „ამჩნევს“, რაზეც თვალებით დაფარული სალტეები მოწმობს. თუმცა არც თავად იეჰოვას თვალს რჩება რაიმე შეუმჩნეველი (იგავ. 15:3; იერ. 23:24). მეტიც, მას მილიონობით ანგელოზი ემსახურება, რომელთაც საჭიროებისამებრ გზავნის ნებისმიერ ადგილას, რათა გულდასმით შეისწავლონ, რაც იქ ხდება, შემდეგ კი ანგარიში წარუდგინონ უზენაეს ღმერთს (წაიკითხეთ ებრაელების 1:13, 14).
19. რაზე მეტყველებს ეტლის სისწრაფე და სწრაფად მანევრირების უნარი?
19 ისიც შევიტყვეთ, რომ ეტლი ელვის სისწრაფით მოძრაობს და სწრაფად მანევრირების უნარი გააჩნია. იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერ ნაწილსა და ადამიანურ მთავრობებსა თუ ორგანიზაციებს შორის მართლაც დიდი სხვაობაა; ისინი კრახს კრახზე განიცდიან, ფეხს ვერ უწყობენ ცვლილებებს და საბოლოოდ, გარდაუვალი აღსასრულისკენ მიექანებიან. თუმცა ეტლის მაგალითზე ვხედავთ, რომ იეჰოვა, მისი „მეეტლე“, გონიერი ღმერთია, რომელსაც სიტუაციისამებრ შეუძლია მანევრირება. თავად ღვთის სახელიც იმაზე მოწმობს, რომ ის იქცევა იმად, რაც თავისი განზრახვის შესასრულებლადაა საჭირო (გამ. 3:13, 14). მას შეუძლია საჭიროებისამებრ იქცეს ძლიერ მეომრად, რათა დაიცვას თავისი ხალხი, ანდა მოწყალე და მიმტევებელ მამად, რათა ფეხზე წამოაყენოს გულგატეხილი მომნანიებელი შემცოდველი (ფსალმ. 30:5; ეს. 66:13).
20. რატომ გვგვრის მოწიწებას იეჰოვას ეტლი?
20 ეზეკიელის ხილვის მიმოხილვის შემდეგ ლოგიკურია, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს: „მოწიწებას მგვრის იეჰოვას ზეციერი ეტლი?“. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ეს ეტლი დღესაც განაგრძობს სვლას; არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას, მის ძესა და ანგელოზებს შეუმჩნეველი დარჩებათ ის, რაც გულს გვიტეხს; არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ იეჰოვა დროულად ვერ მოახდენს რეაგირებას, თუკი ჩვენი მდგომარეობა შეიცვლება; არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ მისი ორგანიზაცია ფეხს ვერ აუწყობს ქვეყნიერებისთვის ჩვეულ ცვლილებებს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას ორგანიზაცია მუდამ მოქმედებს და გამუდმებით განაგრძობს სვლას. სწორედ ამაზე მოწმობდა მოწოდება, რომელიც ეზეკიელმა გაიგო ზეციდან: „დაიძარით!“; ეს ხმა ბორბლებს მოძრაობისკენ მოუწოდებდა (ეზეკ. 10:13). განა მოწიწებას არ გგვრით, როცა ფიქრობთ, თუ როგორ მართავს იეჰოვა თავის ორგანიზაციას?! და მაინც, ყველაზე კრძალვის მომგვრელი თავად იეჰოვაა!
„მეეტლე“
21, 22. რა ძალა უზრუნველყოფს ეტლის გამართულ მუშაობას?
21 ეზეკიელის ყურადღებას ახლა ბორბლებს ზემოთ არსებული „სივრცის მსგავსი რაღაც“ იპყრობს, რომელიც „მოწიწების მომგვრელი ყინულის ელვარებას“ ჰგავს (ეზეკ. 1:22). ქერუბიმებს ზემოთ ნახევრად გამჭვირვალე სივრცე გადაჭიმულიყო, რომელიც თვალისმომჭრელად ელავდა. ამ მონაკვეთის კითხვისას მას, ვინც ტექნიკურ წვრილმანებს აქცევს ყურადღებას, შეიძლება არაერთი კითხვა გაუჩნდეს ამ ეტლთან მიმართებით. მაგალითად, რა ძალას ეკავა ბორბლებს ზემოთ არსებული „სივრცის მსგავსი რაღაც“? როგორ ტრიალებდნენ ბორბლები დამაკავშირებელი ღერძის გარეშე? ნუ დაგავიწყდებათ ერთი რამ: ვინაიდან ეს ეტლი სიმბოლურია და ღვთის ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს განასახიერებს, მას ფიზიკური კანონები არ მართავს. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომლებსაც არაერთხელ ვხვდებით ხილვის აღწერისას: „ცოცხალ არსებებზე მოქმედი სული ბორბლებშიც იყო“ (ეზეკ. 1:20, 21). რომელი სული მართავდა როგორც ქერუბიმებს, ისე ბორბლებს?
22 ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს იყო იეჰოვას წმინდა სული, უძლიერესი მოქმედი ძალა სამყაროში. სწორედ ეს ძალა კრავს ეტლს, მისი მეშვეობით გადაადგილდება და ბორბლების ერთდროულ მოძრაობაზეც ეს ძალაა პასუხისმგებელი. მოდი ახლა ეზეკიელთან ერთად ჩვენც „მეეტლეს“ მივაპყროთ მზერა.
ეზეკიელს გაუჭირდა იმ სიტყვების პოვნა, რომლებითაც ჯეროვნად აღწერდა ნანახს.
23. რა სახის სიტყვებს იყენებს ეზეკიელი თავის ხილვაში, და რატომ?
23 წაიკითხეთ ეზეკიელის 1:26—28. ეზეკიელი ხილვის აღწერისას ხშირად იყენებს შედარების გამომხატველ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ჰგავდა“ ან „მაგვარი“. თუმცა ამ მონაკვეთში მსგავს სიტყვებს კიდევ უფრო ხშირად ვხვდებით. როგორც ჩანს, ეზეკიელს უჭირდა იმ სიტყვების პოვნა, რომლებითაც ჯეროვნად აღწერდა ნანახს. მაგალითად, ის ამბობს, რომ იხილა „საფირონისებრი ტახტისმაგვარი რამ“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ლურჯი საფირონისგან ნაკვეთი სამეფო ტახტი? ეზეკიელი ხილვაში ხედავს, რომ ამ ტახტზე „ვიღაც, ადამიანის მსგავსი, იჯდა“.
24, 25. ა) რას შეგვახსენებს ცისარტყელა, რომელიც იეჰოვას ტახტის ირგვლივაა? ბ) რა გავლენას ახდენდა მსგავსი ხილვები ღვთის მსახურებზე?
24 ტახტზე მჯდომი მართლაც დიდებული იყო, თუმცა მისი ნაკვთების გარჩევა შეუძლებელი იყო; იეჰოვას ცეცხლისმაგვარი სიდიადე იფრქვეოდა იქიდან, რაც მის წელს ჰგავდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მოიჩრდილავდა ხელით თვალებს ამ ბრწყინვალე სანახაობის შემხედვარე წინასწარმეტყველი. მართლაც შთამბეჭდავია ის სცენა, რომელიც ეზეკიელის ნანახ ხილვას აგვირგვინებს: „[ღმერთი] ბრწყინვალებით იყო გარემოცული. ეს ბრწყინვალება წვიმიან დღეს ღრუბლებში გამოჩენილ ცისარტყელას ჰგავდა“. აგმაღლებიათ განწყობა, როცა ცაზე ცისარტყელა შეგინიშნავთ? ცისარტყელის დანახვაზე ვხვდებით, თუ რაოდენ დიდებულია ჩვენი შემოქმედი. ეს ულამაზესი ცის თაღი სიმშვიდეს გვგვრის და მშვიდობის შეთანხმებას შეგვახსენებს, რომელიც იეჰოვამ წარღვნის შემდგომ ადამიანებს დაუდო (დაბ. 9:11—16). განუზომელი ძალის მიუხედავად, მას ბიბლიაში „მშვიდობის ღმერთი“ ეწოდება (ებრ. 13:20). მშვიდობა სუფევს იეჰოვას გულში და მათ გულშიც, ვინც ერთგულად ემსახურება მას.
25 რა შთაბეჭდილება მოახდინა იეჰოვას სიდიადის ნახვამ ეზეკიელზე? მოდი გავიგოთ, რა თქვა მან: „როცა ეს ვიხილე, პირქვე დავემხვე“. ღვთისადმი რიდითა და კრძალვით აღვსილი ეზეკიელი მიწაზე დაემხო. ღვთის სხვა წინასწარმეტყველებსაც ჰქონიათ მსგავსი რეაქცია, როცა იეჰოვასგან ხილვები იხილეს; უდავოდ, ასეთი სანახაობის ნახვა მათ საკუთარ უსუსურობას აგრძნობინებდა (ეს. 6:1—5; დან. 10:8, 9; გამოცხ. 1:12—17). თუმცა დროთა განმავლობაში ის, რასაც იეჰოვა უმჟღავნებდა თავის მსახურებს, ძალას მატებდა მათ. ეზეკიელის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენზე როგორ უნდა იმოქმედოს ბიბლიის ამგვარი მონაკვეთების წაკითხვამ?
26. რატომ განუმტკიცებდა ეს ხილვა ეზეკიელს რწმენას?
26 თუკი ეზეკიელს აღელვებდა ბაბილონში გადასახლებული ღვთის ხალხის მდგომარეობა, ეს ხილვა უდავოდ რწმენას განუმტკიცებდა. აშკარა იყო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ღვთის ერთგული ხალხი იერუსალიმში იქნებოდა, ბაბილონში თუ სადმე სხვაგან. იეჰოვას დიდებული ეტლი ყველგან „მისწვდებოდა“ მათ. სატანის გავლენაში მყოფი ვერცერთი ადამიანური მმართველობა ვერ გადაეღობებოდა ღმერთს, რომელსაც ამ დიდებული ზეციერი ეტლის სადავეები ეპყრა ხელთ! (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:6). ზეციერი ეტლი საკმაოდ ახლოს იყო ადამიანებთან; ეზეკიელის ხილვიდანაც გამოჩნდა, რომ ეტლის ბორბლები მიწას ეხებოდა (ეზეკ. 1:19). ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას კვლავაც აღელვებდა თავისი ერთგული მსახურების მდგომარეობა. დიახ, მათ ყველგან „მისწვდებოდა“ მზრუნველი ზეციერი მამის ხელი!
ეტლი დღესაც მოძრაობს
27. აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ეზეკიელის ხილვას ჩვენთვის? ახსენით.
27 აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა ეზეკიელის ხილვას ჩვენთვის? რა თქმა უნდა! სატანა დღეს კიდევ უფრო გაშმაგებით ესხმის თავს იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. მას სურს, დაგვაჯეროს, რომ სრულიად მარტონი ვართ და არც ზეციერ მამას და არც მის ორგანიზაციას არ შესწევს ჩვენი შველის ძალა. არასდროს დავუშვათ, რომ მსგავსმა ტყუილებმა მოგვიწამლოს გული და გონება! (ფსალმ. 139:7—12). ეზეკიელის მსგავსად, ჩვენც გვაქვს მიზეზები საიმისოდ, რომ მოწიწებას გვგვრიდეს ზეციერი ეტლი. შეიძლება, პირდაპირი გაგებით, ეზეკიელივით პირქვე არ დავემხოთ, მაგრამ ჩვენც უნდა აღგვაფრთოვანოს და კრძალვა მოგვგვაროს იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის ძლევამოსილებამ, სისწრაფემ, მანევრირების უნარმა, მოქნილობამ და შთამბეჭდავმა ბრწყინვალებამ!
28, 29. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ეტლს არც ბოლო საუკუნის განმავლობაში შეუწყვეტია სვლა?
28 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას ორგანიზაციას მიწიერი ნაწილიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულყოფილი ადამიანებისგან შედგება, იეჰოვამ მათი მეშვეობით დიდებული საქმეები მოიმოქმედა. ღმერთმა უბრალო ადამიანებს მთელი დედამიწის ზურგზე ის შეაძლებინა, რასაც საკუთარი ძალით ვერასდროს შეძლებდნენ (იოან. 14:12). თუ გავეცნობით წიგნს „ღვთის სამეფო მმართველობს!“, აღგვაფრთოვანებს იმის დანახვა, თუ რა მასშტაბებს მიაღწია გასულ საუკუნეში სამქადაგებლო საქმემ. იმასაც ვნახავთ, თუ რამხელა ნაბიჯებით მიიწევდა წინ ღვთის ორგანიზაცია; მაგალითად, როგორ აძლევდა განათლებას თავის ხალხს, რა იურიდიული გამარჯვებები მოიპოვა და როგორ იყენებდა უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს ღვთის ნების შესასრულებლად.
29 როცა ვფიქრობთ იმ ყოველივეზე, რაც ამ გახრწნილი ქვეყნიერების ბოლო დღეებში წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად გაკეთდა, კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ იეჰოვას ეტლი განაგრძობს სვლას. ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია, რომ ვთანამშრომლობთ იეჰოვას ორგანიზაციასთან და ვემსახურებით უზენაეს ღმერთს (ფსალმ. 84:10).
30. რას შევიტყობთ მომდევნო თავიდან?
30 ეზეკიელის ამ ხილვიდან სხვა რამესაც ვიგებთ. მომდევნო თავიდან უფრო მეტს შევიტყობთ უჩვეულო შესახედაობის ოთხ „ცოცხალ ქმნილებაზე“ — ქერუბიმებზე. იმასაც გავიგებთ, თუ რას ვსწავლობთ მათგან ჩვენი უზენაესი მმართველის, იეჰოვა ღმერთის შესახებ.
a მართალია, ამ ორ გეოგრაფიულ ადგილს ერთმანეთისგან 800 კმ აშორებდა, მაგრამ, რეალურად, სამგზავრო გზა ორჯერ მეტი იყო.