სამუელი — წიგნი მეორე
11 წლის დასაწყისში*, როცა მეფეები საბრძოლველად გადიოდნენ, გაგზავნა დავითმა იოაბი, თავისი მსახურები და ისრაელის მთელი ჯარი ამონელთა გასანადგურებლად. მათ ალყაში მოაქციეს რაბა.+ დავითი ამ დროს იერუსალიმში იყო.+
2 საღამო ხანს წამოდგა დავითი საწოლიდან და სასახლის ბანზე სეირნობას მოჰყვა. ამ დროს მობანავე ქალს მოჰკრა თვალი. ქალი ძალიან ლამაზი იყო. 3 გაგზავნა კაცი დავითმა ქალის ვინაობის გასაგებად. ამცნეს, ბათშებაა,+ ელიამის ასული,+ ხეთელი+ ურიას+ ცოლიო. 4 გაგზავნა დავითმა ხალხი მის მოსაყვანად.+ შევიდა ქალი მეფესთან და დაწვა მასთან დავითი+ (ქალი ამ დროს თავისი უწმინდურებისგან* იწმინდებოდა).+ ამის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა.
5 დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს, ორსულად ვარო. 6 მაშინ დავითმა იოაბს შეუთვალა, გამომიგზავნეო ხეთელი ურია. იოაბმაც გაგზავნა დავითთან ურია. 7 მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ბრძოლის ამბები. 8 უთხრა დავითმა ურიას: „წადი სახლში, დაისვენე!“ მას შემდეგ, რაც ურიამ სასახლე დატოვა, მეფემ მას ძღვენი დააწია. 9 მაგრამ ურია შინ არ წასულა; მან სასახლის შესასვლელთან გაათია ღამე თავისი ბატონის სხვა მსახურებთან ერთად. 10 აცნობეს დავითს, არ წასულაო ურია სახლში. მაშინ ჰკითხა დავითმა ურიას: „ნამგზავრი არა ხარ?! შინ რატომ არ წახვედი?“ 11 ურიამ მიუგო: „კიდობანი+ კარავშია, ისრაელები და იუდეველებიც კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურები ტრიალ მინდორში არიან დაბანაკებული, და მე როგორღა წავიდე სახლში?! როგორ ვჭამო და ვსვა და როგორ დავწვე ცოლთან?!+ შენს თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამას!“
12 დავითმა ურიას უთხრა: „დღესაც დარჩი და ხვალ გაგიშვებ“. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღესაც და მეორე დღესაც. 13 მიიწვია ის დავითმა საჭმელ-სასმელად და დაათრო იგი. მაგრამ საღამოს ისევ თავისი ბატონის მსახურებთან წავიდა ღამის გასათევად; შინ არ წასულა. 14 დილით წერილი დაუწერა დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა. 15 წერილში ეწერა: „დააყენეთ ურია წინა ხაზზე, სადაც ცხარე ბრძოლა მოგელით, და მიატოვეთ, რომ მოკლან!“+
16 იოაბს კარგად ჰქონდა შესწავლილი ქალაქი და ურია იმ ადგილზე დააყენა, სადაც იცოდა, რომ მტრის მამაცი მებრძოლები იდგნენ. 17 გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებრძოლნენ იოაბს; მოკვდა დავითის ზოგი მსახური, მათ შორის ხეთელი ურიაც.+ 18 კაცი გაგზავნა იოაბმა დავითთან, რომ ბრძოლის ამბავი ეცნობებინა. 19 დაარიგა მაცნე: „როცა მოუყვები მეფეს ბრძოლის ამბავს, 20 შეიძლება განრისხდეს იგი და გითხრას: რატომ მიხვედითო ასე ახლოს ქალაქთან ბრძოლის დროს? არ იცოდით, რომ გალავნიდან გესროდნენო?! 21 ვინ მოკლაო აბიმელექი,+ იერუბეშეთის+ ვაჟი? განა გალავნიდან არ ჩამოაგდო ერთმა ქალმა ზედა დოლაბი და მოკლაო ის თებეცში?! რატომ მიხვედითო ასე ახლოს გალავანთან? მაშინ უთხარი, შენი მსახური ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო“.
22 მივიდა მაცნე დავითთან და ყველაფერი უამბო, რაც იოაბმა დააბარა. 23 უთხრა მაცნემ დავითს: „მტერი ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა და ამიტომაც გამოიჭრა ველზე ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ უკან დავახევინეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვსდიეთ. 24 მაგრამ მშვილდოსნებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს შენს მსახურებს და მოკვდა მეფის ზოგი მსახური; შენი მსახური ხეთელი ურიაც მოკვდა“.+ 25 უთხრა დავითმა მაცნეს: „ასე უთხარი იოაბს, ნუ შეგაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან მახვილი არავის ინდობს. შეუტიე ქალაქს და დაამხვე-თქო.+ ასე გაამხნევე იოაბი!“
26 გაიგო ურიას ცოლმა თავისი ქმრის სიკვდილის ამბავი და დაიტირა იგი. 27 გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა, დავითმა ის მაშინვე თავის სახლში მოაყვანინა, გახდა იგი მისი ცოლი+ და ვაჟი გაუჩინა. ბოროტება იყო იეჰოვას თვალში ის, რაც დავითმა ჩაიდინა.+