დაბადება
28 მოუხმო ისაკმა იაკობს, დალოცა და უთხრა: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალი!+ 2 წადი ფადან-არამში, ბეთუელის, დედაშენის მამის, სახლში, და იქიდან მოიყვანე ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის, ერთ-ერთი ქალიშვილი.+ 3 ყოვლისშემძლე ღმერთი გაკურთხებს, გაგამრავლებს და მრავალრიცხოვან ხალხს წარმოშობს შენგან.+ 4 შენ და შენს შთამომავალსაც ისევე გაკურთხებთ, როგორც აბრაამი აკურთხა,+ და დაიმკვიდრებ მიწას, რომელზეც ხიზნად ცხოვრობ და რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა“.+
5 გაგზავნა ისაკმა იაკობი. გაემართა იგი ფადან-არამში არამელი+ ბეთუელის ვაჟთან, ლაბანთან, ესავისა და იაკობის დედის, რებეკას, ძმასთან.+
6 როცა დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და ცოლის მოსაყვანად ფადან-არამში გაგზავნა, და, როცა აკურთხებდა, უთხრა, არ მოიყვანო ცოლად ქანაანელი ქალიო,+ 7 იაკობი კი დაემორჩილა დედ-მამას და ფადან-არამის+ გზას დაადგა, 8 მაშინ მიხვდა ესავი, რომ მამამისს, ისაკს, არ მოსწონდა მისი ქანაანელი ცოლები.+ 9 ამიტომ წავიდა ესავი ისმაელთან და აბრაამის ვაჟის, ისმაელის, ასული მახალათი მოიყვანა ცოლად, ნებაიოთის და. ესავს სხვა ცოლებიც ჰყავდა.+
10 წავიდა იაკობი ბეერ-შებიდან და დაადგა ხარანის+ გზას. 11 მიადგა ერთ ადგილს ღამის გასათევად; მზე უკვე ჩასული იყო. აიღო ქვა თავის დასადებად და დაწვა.+ 12 სიზმარში მიწიდან ცამდე აწვდენილი კიბე ნახა; მასზე ანგელოზები ადიოდ-ჩადიოდნენ.+ 13 კიბის თავში კი იეჰოვა იყო. მან იაკობს უთხრა:
„მე ვარ იეჰოვა, მამაშენის, აბრაამისა და ისაკის ღმერთი.+ მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს შთამომავლებს+ მოგცემთ. 14 ქვიშასავით გამრავლდებიან შენი შთამომავლები+ და შენი სამკვიდრო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე განივრცობა. შენი და შენი შთამომავლობის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი.+ 15 შენთანა ვარ; მე დაგიცავ ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე, და დაგაბრუნებ ამ მიწაზე.+ შენთან ვიქნები და შევასრულებ იმას, რასაც დაგპირდი“.+
16 გამოეღვიძა იაკობს და თქვა: „ იეჰოვა ყოფილა აქ, მე კი არ ვიცოდი“. 17 შეეშინდა მას და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! აქ ყოფილა ღვთის სახლი,+ ზეცის კარიბჭე“.+ 18 დილაადრიან ადგა იაკობი. აიღო ის ქვა, რომელიც თავქვეშ ედო, სვეტად აღმართა და ზედ ზეთი დაასხა.+ 19 იმ ადგილს ბეთელი* დაარქვა, მანამდე კი იმ ქალაქს ლუზი+ ერქვა*.
20 იაკობმა აღთქმა დადო და თქვა: „თუ ჩემთან იქნება ღმერთი და უსაფრთხოდ მატარებს, მომცემს პურს საჭმელად და ტანსაცმელს შესამოსად 21 და მშვიდობით დავბრუნდები მამაჩემის სახლში, დავინახავ, რომ იეჰოვა მართლა ჩემი ღმერთია. 22 ეს ქვა კი, რომელიც სვეტად აღვმართე, ღვთის სახლი+ იქნება. მოგცემ იმ ყველაფრის მეათედს, რასაც შენ მომცემ“.