21 მეფის გული იეჰოვას ხელში წყლის ნაკადივითაა;+
საითაც უნდა, იქით მიუშვებს.+
2 კაცს ყველა გზა სწორი ეჩვენება,+
გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს.+
3 სიმართლე და სამართლიანობა
იეჰოვასთვის მსხვერპლზე სასურველია.+
4 ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული,
ბოროტთათვის ლამპარივით რომ არის, ცოდვაა.+
5 მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება,+
მოჩქარე კი გაღარიბდება.+
6 ცრუ ენით მოხვეჭილი განძი
ნისლივით ქრება და სასიკვდილო მახესავითაა.+
7 ბოროტებს მათივე ძალადობა წალეკავს,+
რადგან სამართლის ქმნა არ სურთ.
8 დამნაშავის გზა მრუდეა,
სუფთა კაცის საქმეები კი მართალია.+
9 ბანის კუთხეში ცხოვრება სჯობია
ანჩხლ ცოლთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.+
10 ბოროტს ბოროტება სწადია;+
ის მოძმეს არ სწყალობს.+
11 დამცინავს რომ დასჯი, გამოუცდელი დაბრძენდება;
ბრძენი რომ გამჭრიახობას მოუხმობს, მიხვდება, როგორ მოიქცეს.+
12 მართალი აკვირდება ბოროტის სახლს;
ბოროტებს უბედურებას დაატეხს თავს.+
13 ვინც საწყლის ჩივილზე ყურს დაიხშობს,
თავადაც დაიწყებს ჩივილს, მაგრამ არავინ მიაქცევს ყურადღებას.+
14 ფარულად მირთმეული ძღვენი რისხვას აცხრობს+
და მალულად მიცემული ქრთამი — მძვინვარებას.
15 მართალს სამართლის ქმნა ახარებს,+
ბოროტს კი სამართლის ქმნა სძულს.
16 ვინც გამჭრიახობას აღარ ავლენს,
მკვდართა შორის აღმოჩნდება.+
17 დროსტარების მოყვარული გაღარიბდება;+
ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
18 ბოროტი მართლის გამოსასყიდია,
ვერაგი — სიმართლის მოყვარულისა.+
19 უდაბნოში ცხოვრება სჯობია
ანჩხლ და ფხუკიან ცოლთან ცხოვრებას.+
20 ძვირფასი განძი და ზეთი ბრძენის სახლშია,+
სულელი კი ანიავებს თავის ქონებას.+
21 ვინც სიმართლისა და სიყვარულისკენ ისწრაფვის,
სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს.+
22 ბრძენი ძლიერის ქალაქშიც კი შეაღწევს
და დაამხობს მის საიმედო ციხესიმაგრეს.+
23 ბაგეებისა და ენის შემკავებელი
თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს.+
24 კადნიერს, ქედმაღალსა და მკვეხარას ეძახიან კაცს,
რომელიც თავზე ხელაღებულია და თავხედურად იქცევა.+
25 ზარმაცს თავისი წადილი გადაიყოლებს,
რადგან მის ხელს საქმის კეთება არ უნდა.+
26 ის მთელი დღე რაღაცას ეხარბება,
მართალი კი უხვად გასცემს.+
27 ბოროტის მსხვერპლი საძულველია,+
მით უმეტეს, თუ ავი განზრახვითაა შეწირული.
28 ცრუმოწმე დაიღუპება,+
მომსმენი კაცი კი სიმართლეს ილაპარაკებს.
29 ბოროტი მედიდურად იყურება,+
მართალი კი სწორ გზას ადგას.+
30 სიბრძნით, გამჭრიახობითა და ჩანაფიქრით იეჰოვას ვერავინ დაუპირისპირდება.+
31 ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ,+
ხსნა კი იეჰოვასგანაა.+