განაწყე გული გამჭრიახობისკენ
«რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება [„გამჭრიახობა“, აქ]» (იგავნი 2:6).
1. როგორ შეგვიძლია განვაწყოთ გული გამჭრიახობისკენ?
იეჰოვა ჩვენი დიდებული მოძღვარია (ესაია 30:20, 21). მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ მის სიტყვაში მოცემული ‘ღვთის შემეცნებიდან’ სარგებლობის მისაღებად? გარკვეული გაგებით ჩვენ „გული უნდა განვაწყოთ გამჭრიახობისკენ“ (აქ) — გულწრფელად უნდა ვისურვოთ ამ თვისების მოპოვება და გამოვლენა. ამისთვის ჩვენ ღმერთს უნდა მივმართოთ, რადგან ბრძენმა მამაკაცმა თქვა: «უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება [„შემეცნება და გამჭრიახობა“, აქ]» (იგავნი 2:1–6). რა არის შემეცნება, სიბრძნე და გამჭრიახობა?
2. ა) რა არის შემეცნება? ბ) როგორ განმარტავდი სიბრძნეს? გ) რა არის გამჭრიახობა?
2 შემეცნება არის გამოცდილების, დაკვირვების ან გამოკვლევის შედეგად შეძენილი ფაქტების კარგი ცოდნა. სიბრძნე საქმეში შემეცნების გამოყენების უნარია (მათე 11:19). მეფე სოლომონმა სიბრძნე გამოავლინა, როცა ორი ქალი ერთსა და იმავე ბავშვზე უფლებას აცხადებდა; კამათის გადასაწყვეტად მან შვილისადმი დედის ერთგულების ცოდნა გამოიყენა (მესამე მეფეთა 3:16–28). გამჭრიახობა „მახვილი აზროვნებაა“. ეს „გონებრივი უნარია, რომლის საშუალებითაც ის განასხვავებს ერთს მეორისგან“ („უებსტერის უნივერსალური ლექსიკონი“ [Webster’s Universal Dictionary]). თუ ჩვენს გულებს გამჭრიახობისკენ განვაწყობთ, იეჰოვა მოგვცემს მას თავისი ძის მეშვეობით (2 ტიმოთე 2:1, 7). მაგრამ როგორ შეუძლია გამჭრიახობას ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე გავლენის მოხდენა?
გამჭრიახობა და ჩვენი მეტყველება
3. როგორ ახსნიდი იგავნის 11:12, 13 და რას ნიშნავს ‘უგულობა’?
3 გამჭრიახობა გვეხმარება იმის შეგნებაში, რომ არის „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლესიასტე 3:7). ეს თვისება აგრეთვე ლაპარაკში ფრთხილებს გვხდის. იგავნის 11:12, 13-ში ნათქვამია: «ჭკუათხელი [„უგულო“, აქ] თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი [„გამჭრიახი“, აქ] კაცი კი დადუმებულია. ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას». დიახ, მამაკაცი თუ ქალი, რომელიც სხვა ადამიანს აბუჩად იგდებს, ‘უგულოა’. ლექსიკოგრაფის, ვილჰელმ გეზენიუსის სიტყვების თანახმად, ასეთ ადამიანს „გაგება არა აქვს“. მისი მსჯელობა უსარგებლოა და სიტყვა ‘უგულოს’ გამოყენება ცხადყოფს, რომ შინაგან პიროვნებას დადებითი თვისებები აკლია. თუ მოლაქლაქე, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანად აცხადებს, ცილისწამებასა და ლანძღვა-გინებაზე გადადის, დანიშნულმა უხუცესებმა ბოლო უნდა მოუღონ კრებაში ასეთ არაჯანსაღ ვითარებას (ლევიანნი 19:16; ფსალმუნი 100:5; 1 კორინთელთა 5:11).
4. როგორ მოქმედებენ გამჭრიახი და ერთგული ქრისტიანები საიდუმლო ინფორმაციის შემთხვევაში?
4 ‘უგულოსგან’ განსხვავებით „გამჭრიახი“ დუმს სათანადო მდგომარეობაში. ის არ არის საიდუმლოს გამტეხი (იგავნი 20:19). რადგან იცის, რომ წინდაუხედავი ლაპარაკი შეიძლება მავნებელი იყოს, გამჭრიახი ‘ერთგულია’. ასეთი ადამიანები თანამორწმუნეების ერთგულნი არიან და არ ახმაურებენ საიდუმლო საკითხებს, რომლებმაც შეიძლება თანამორწმუნეები საფრთხეში ჩააგდოს. კრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გაგების შემთხვევაში გამჭრიახი ქრისტიანები ინახავენ მას, სანამ იეჰოვას ორგანიზაცია სათანადოდ არ მიიჩნევს საკუთარი პუბლიკაციების საშუალებით მის გამოქვეყნებას.
გამჭრიახობა და ჩვენი ყოფაქცევა
5. როგორ უყურებენ ‘უგუნურები’ თავაშვებულ ყოფაქცევას და რატომ?
5 ბიბლიის იგავები ხელს გვიწყობს გამჭრიახობის გამოყენებასა და შეუფერებელი ყოფაქცევის არიდებაში. მაგალითად, იგავნის 10:23-ში ნათქვამია: «უგუნურის ხალისი [„ხუმრობა“, აქ] ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი [„გამჭრიახი“, აქ] კაცისა — სიბრძნეში» (იგავნი 10:23). ადამიანები, რომლებისთვისაც თავაშვებული ყოფაქცევა ‘ხუმრობაა’ ბრმებივით ვერ ხედავენ თავიანთ მცდარ ყოფაქცევას და უგულებელყოფენ ღმერთს, როგორც პიროვნებას, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა ჩააბაროს (რომაელთა 14:12). ასეთი ‘უგუნურები’ იმ ზომამდე ირყვნებიან თავიანთ მსჯელობაში, რომ ფიქრობენ, ღმერთი ვერ ხედავს მათ ბოროტმოქმედებას. ფაქტობრივად, თავიანთი მოქმედებით ისინი ამბობენ: „არ არის ღმერთი“ (ფსალმუნი 13:1–3; ესაია 29:15, 16). რადგან ღვთის პრინციპებით არ ხელმძღვანელობენ, მათ არა აქვთ გამჭრიახობა და საქმეებსაც ვერ განსჯიან სწორად (იგავნი 28:5).
6. რატომ არის თავაშვებული ყოფაქცევა უგუნურება და როგორ შევხედავთ მას, თუ გამჭრიახები ვართ?
6 ‘გამჭრიახ კაცს’ ესმის, რომ თავაშვებული ყოფაქცევა „ხუმრობა“, თამაში არ არის. მან იცის, რომ ასეთ ყოფაქცევას ღვთის უსიამოვნების გამოწვევა და მასთან დამოკიდებულების გაფუჭებაც კი შეუძლია. ასეთი ყოფაქცევა უგუნურებაა, რადგან ის ადამიანებს ღირსების გრძნობას ართმევს, ქორწინებებს ანგრევს, გონებასა და სხეულს ავნებს და სულიერობის დაკარგვას იწვევს. ამიტომ, მოდი განვაწყოთ გული გამჭრიახობისკენ და მოვერიდოთ თავაშვებულ ყოფაქცევასა თუ ყოველგვარ უზნეობას (იგავნი 5:1–23).
გამჭრიახობა და ჩვენი განწყობილება
7. რა ფიზიკური შედეგები აქვს რისხვას?
7 გამჭრიახობისკენ ჩვენი გულის განწყობა აგრეთვე ჩვენი განწყობილების გაკონტროლებაში გვეხმარება. «სულგრძელ კაცს დიდი გონიერება [„გამჭრიახობა“, აქ] ახლავს, — ამბობს იგავნის 14:29 — ხელმოკლე კი [„სულმოკლე“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] სიბრიყვეს ამხელს». ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც გამჭრიახი ადამიანი დაუოკებელი რისხვის არიდებას ცდილობს ის არის, რომ ასეთი რისხვა პირადად ჩვენზე მოქმედებს საზიანოდ. ასეთმა რისხვამ შეიძლება სისხლის წნევა აწიოს და სასუნთქი ორგანოების პრობლემები გამოიწვიოს. ექიმები მიუთითებენ რისხვასა და გააფთრებაზე, როგორც ემოციური მდგომარეობის გაუარესებაზე ან ისეთი დაავადებების გამომწვევზე, როგორიცაა ასთმა, კანის დაავადებები, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები და წყლულები.
8. რის გამოწვევა შეუძლია სულმოკლეობას, მაგრამ როგორ გვეხმარება გამჭრიახობა ამ შემთხვევაში?
8 გამჭრიახები და ‘სულგრძელები’ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ზიანის ასარიდებლად არ უნდა ვიყოთ. სულმოკლეობამ შეიძლება სიბრიყვე ჩაგვადენინოს, რომელზეც მოგვიანებით ვინანებთ. გამჭრიახობა დაგვაფიქრებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შეუკავებელ ლაპარაკსა თუ წინდაუხედავ ქცევას და ამრიგად გვიცავს უგუნური მოქმედებით გამოწვეული ‘სიბრიყვისგან’. გამჭრიახობა განსაკუთრებით იმის შეგნებაში გვეხმარება, რომ რისხვამ შეიძლება ჩვენი აზროვნება მოშალოს და ამრიგად საღ მსჯელობაში ხელი შეგვიშალოს. ეს დაასუსტებდა ღვთის ნების შესრულების უნარსა და მისი სამართლიანი პრინციპების თანახმად ცხოვრებას. დიახ, დაუოკებელ რისხვაზე თვალების დახუჭვა საზიანოა სულიერად. სინამდვილეში, „რისხვა“ ‘ხორცის იმ საძაგელ საქმეებში’ შედის, რომლებიც შეგვიშლიდა ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში (გალატელთა 5:19–21). ამიტომ, მოდი როგორც გამჭრიახი ქრისტიანები, ვიყოთ „სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19).
9. როგორ შეუძლია გამჭრიახობასა და ძმურ სიყვარულს დაგვეხმაროს უთანხმოებების მოწესრიგებაში?
9 გაბრაზების შემთხვევაში გამჭრიახობამ შეიძლება გვიჩვენოს, რომ კონფლიქტის ასარიდებლად საჭირო მოქმედება გაჩუმებაა. იგავნის 17:27-ში ნათქვამია: «მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების [„გამჭრიახობის“, აქ] კაცი დიდსულოვანია [„გულმშვიდი“, აქ]». გამჭრიახობა და ძმური სიყვარული დაგვეხმარება იმის დანახვაში, რომ აუცილებელია რამე საწყენის წამოროშვისკენ მიდრეკილების გაკონტროლება. ხოლო უკვე გადმონთხეული რისხვის შემთხვევაში, სიყვარული და თავმდაბლობა აღგვძრავს მობოდიშებისა და ზიანის ანაზღაურებისკენ. მაგრამ, დავუშვათ ვინმემ გვაწყენინა. მაშინ, მოდი ვესაუბროთ მას განცალკევებით, მშვიდად, მოკრძალებულად და რაც მთავარია, მშვიდობის დამყარების მიზნით (მათე 5:23, 24; 18:15–17).
გამჭრიახობა და ჩვენი ოჯახი
10. რა როლს თამაშობს სიბრძნე და გამჭრიახობა ოჯახურ ცხოვრებაში?
10 ოჯახის წევრებმა სიბრძნე და გამჭრიახობა უნდა გამოავლინონ, რადგან ეს თვისებები ოჯახის გამაძლიერებელია. იგავნის 24:3, 4 ამბობს: «სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით [„გამჭრიახობით“, აქ] არის დაფუძნებული. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით». წარმატებული ოჯახური ცხოვრებისთვის სიბრძნე და გამჭრიახობა შესანიშნავი სამშენებლო ქვების მსგავსია. გამჭრიახობა ეხმარება ქრისტიან მშობლებს, აღძრან შვილები გრძნობებისა და წუხილის გამოსათქმელად. გამჭრიახ პიროვნებას არ უჭირს მეუღლესთან ურთიერთობის დამყარება, მისი მოსმენა და გრძნობებისა და ფიქრების განჭვრეტა (იგავნი 20:5).
11. როგორ შეუძლია გამჭრიახ გათხოვილ ქალს ‘სახლის აშენება’?
11 სიბრძნე და გამჭრიახობა, უეჭველად, მნიშვნელოვანია ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის. მაგალითად, იგავნის 14:1-ში ნათქვამია: „ბრძენი დედაკაცი თავის სახლს აშენებს, ბრიყვი კი საკუთარი ხელით ანგრევს მას“. ბრძენი, გამჭრიახი და სათანადოდ ქმრის მორჩილი ქალი გულმოდგინედ იშრომებს ოჯახის კეთილდღეობისთვის და, ამრიგად, ხელს შეუწყობს მის აშენებას. ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ‘მის სახლს ააშენებს’, არის ქმრის შესახებ ყოველთვის დადებითად ლაპარაკი და, ამრიგად, ქმრისადმი სხვების პატივისცემის გაზრდა. ხოლო უნარიანი, გამჭრიახი ცოლი, რომელსაც იეჰოვასადმი მოკრძალებული შიში აქვს, ქების ღირსია (იგავნი 12:4; 31:28, 30).
გამჭრიახობა და ჩვენი ცხოვრების გზა
12. როგორ უყურებენ ‘უგულოები’ სისულელეს და რატომ?
12 გამჭრიახობა ყველა საქმეში გვეხმარება მართებული გზის შენარჩუნებაში. ეს ნაჩვენებია იგავნის 15:21-ში, რომელშიც ნათქვამია: «სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი [„გამჭრიახი“, აქ] კაცი სწორ გზაზე დადის». როგორ უნდა გვესმოდეს ეს იგავი? უგუნური მამაკაცების, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის სულელურად, ანუ უგუნურად მოქცევა სიხარულის მიზეზია. ისინი ‘უგულოები’, კეთილ მოტივებს მოკლებულები და ისეთი უგუნურები არიან, რომ უხარიათ სისულელე.
13. რა აღმოაჩინა სოლომონმა სიცილსა და ქარაფშუტობასთან დაკავშირებით?
13 ისრაელის გამჭრიახმა მეფე სოლომონმა აღმოაჩინა, რომ ქარაფშუტობას ყოველგვარი აზრი აკლია. მან აღიარა: „ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა — და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ. მივხვდი, გართობა ფუჭი საქმეა; მხიარულება რის მაქნისია?“ (ეკლესიასტე 2:1, 2). როგორც გამჭრიახი მამაკაცი, სოლომონი ხედავდა, რომ ცარიელი მხიარულება და სიცილი არ არის დამაკმაყოფილებელი, რადგან არ წარმოშობს ნამდვილ და ხანგრძლივ ბედნიერებას. სიცილმა შეიძლება დროებით დაგვავიწყებინოს პრობლემები, მაგრამ მოგვიანებით ისინი შეიძლება კვლავ ამოტივტივდეს, თანაც უფრო გართულებულ ფორმაში. სოლომონს სამართლიანად შეეძლო სიცილისთვის ‘ფუჭი საქმე’ ეწოდებინა. რატომ? იმიტომ, რომ უაზრო სიცილი აბუნდოვნებს საღ მსჯელობას. მან შეიძლება ძალიან სერიოზული საკითხები გულგრილად მიგვაღებინოს. სამასხარაო სიტყვებსა და მოქმედებებთან შეთანხმებული ასეთი გახარება საფუძვლიანს ვერაფერს წარმოშობს. ამიტომ სიცილსა და სიმხიარულესთან სოლომონის გამოკვლევის არსი გვეხმარება, რათა არ ვიყოთ „უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1, 4).
14. როგორ დადის „სწორ გზაზე“ გამჭრიახი კაცი?
14 როგორ დადის გამჭრიახი კაცი „სწორ გზაზე“? სულიერ გამჭრიახობასა და ღვთის პრინციპების გამოყენებას ადამიანები სწორი, პირდაპირი გზით მიჰყავს. ბაინგტონის თარგმანი კონკრეტულად ამბობს: „სისულელე ნეტარებაა უტვინოსთვის, გონიერი კი პირდაპირ ივლის“. ღვთის სიტყვის გამოყენების საფუძველზე „გამჭრიახი კაცი“ სწორი გზით წარმართავს თავის ნაბიჯებს და ცხოვრებაში კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლეა (ებრაელთა 5:14; 12:12, 13).
გამჭრიახობისთვის მუდამ იეჰოვას მიმართე
15. რას ვსწავლობთ იგავნის 2:6–9-დან?
15 ცხოვრებაში სწორი გზით სიარულისთვის ყველამ ჩვენი არასრულყოფილება უნდა ვაღიაროთ და სულიერი გამჭრიახობისთვის იეჰოვას მივმართოთ. იგავნის 2:6–9-ში ნათქვამია: «რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება [„გამჭრიახობა“, აქ], მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის, იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს. მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა — ყოველი კეთილი საქმე» (შეადარე იაკობი 4:6).
16. რატომ არ არსებობს იეჰოვას საპირისპირო სიბრძნე, გამჭრიახობა თუ რჩევა?
16 იეჰოვაზე ჩვენი დამოკიდებულების შეგნებით, მოდი მისი სიტყვის ღრმა გამოკვლევით თავმდაბლურად მისივე ნების შეგნებას ვეძებდეთ. ის ფლობს სიბრძნეს სრული გაგებით და მისი რჩევა ყოველთვის სასარგებლოა (ესაია 40:13; რომაელთა 11:34). ფაქტობრივად, მისი სიტყვების წინააღმდეგ წარდგენილი ყოველი რჩევა-დარიგება უფასურია. იგავნის 21:30 გვატყობინებს: „არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ“ (შეადარე იგავნი 19:21). მხოლოდ ღვთის სიტყვის შესწავლის საშუალებითა და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით მოწოდებული პუბლიკაციების დახმარებით განვითარებული სულიერი გამჭრიახობა დაგვეხმარება ცხოვრებაში მართებული გზის მიყოლაში (მათე 24:45–47). ამიტომ, მოდი წარვმართოთ ცხოვრების გზა იეჰოვას რჩევასთან შეთანხმებით და იმის ცოდნით, რომ რამდენად დამაჯერებელიც არ უნდა ჩანდეს საწინააღმდეგო რჩევა, ის ვერ შეედრება მის სიტყვას.
17. რის გამოწვევა შეუძლია მცდარ რჩევას?
17 გამჭრიახ ქრისტიან მრჩეველებს ესმით, რომ რჩევა მყარად უნდა იყოს დაფუძნებული ღვთის სიტყვაზე და რომ შეკითხვაზე პასუხით დაკმაყოფილებამდე ბიბლიის შესწავლა და მასზე დაფიქრებაა საჭირო (იგავნი 15:28). სერიოზულ საკითხებზე გაცემულმა არასწორმა პასუხებმა შეიძლება ძალიან გააფუჭოს საქმე. ამიტომ ქრისტიანი უხუცესები სულიერად გამჭრიახები უნდა იყვნენ და თანამორწმუნეებისთვის სულიერ მხარდაჭერაში მცდელობისას იეჰოვას უნდა მიმართონ ლოცვით.
სულიერი გამჭრიახობის სიუხვე
18. როგორ დაგვეხმარება გამჭრიახობა სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში თუ კრებაში პრობლემა წამოიჭრება?
18 იეჰოვას საამებლად ჩვენ გვჭირდება ‘გაგება [„გამჭრიახობა“, აქ] ყველაფერში’ (2 ტიმოთე 2:7). მონდომებით ბიბლიის შესწავლა და ღვთის სულისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულად მოქმედება დაგვეხმარება, გამოვარჩიოთ ჩვენი მოქმედება ისეთ მდგომარეობაში, რომელსაც შეუძლია მცდარ გზაზე წაგვიყვანოს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, კრებაში, ჩვენი აზრით, რაღაცა ისე არ ხდება, როგორც საჭიროა. სულიერი გამჭრიახობა დაგვეხმარება იმის დანახვაში, რომ ეს საფუძველს არ გვაძლევს იეჰოვას ხალხთან ურთიერთობის შეწყვეტისთვის და ღვთისადმი მსახურების მიტოვებისთვის. დაფიქრდი იეჰოვასადმი ჩვენი მსახურების უპირატესობაზე, სულიერ თავისუფლებაზე, რომლითაც ვსარგებლობთ, სიხარულზე, რომელსაც სამეფოს მაუწყებლებად მსახურებიდან ვიძენთ. სულიერი გამჭრიახობა შესაძლებლობას გვაძლევს, სწორი მიზნები დავისახოთ და შევიგნოთ, რომ ღვთისადმი ვართ მიძღვნილები და სხვა ადამიანების მოქმედებისგან დამოუკიდებლად, მასთან ურთიერთობას ძალიან უნდა ვაფასებდეთ. თუ პრობლემას თეოკრატიულად ვერ ვუმკლავდებით, მდგომარეობის გამოსწორებას მოთმინებით იეჰოვასგან უნდა ველოდოთ. ხელის ჩაქნევისა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად, მოდი ‘ღმერთს მივენდოთ’ (ფსალმუნი 41:6, 12).
19. ა) რა არსი ჰქონდა ფილიპელებისთვის პავლეს ლოცვას? ბ) როგორ დაგვეხმარება გამჭრიახობა, თუ სრულად არ გვესმის რომელიმე საკითხი?
19 სულიერი გამჭრიახობა გვეხმარება ღვთისა და მისი ხალხისადმი ერთგულების შენარჩუნებაში. ფილიპელ ქრისტიანებს პავლემ უთხრა: «ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული [„ზუსტ“, აქ] შემეცნებასა და შეგრძნებაში [„სრულ გამჭრიახობაში“, აქ], რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს» (ფილიპელთა 1:9, 10). მართებული მსჯელობისთვის ჩვენ ‘ზუსტ შემეცნებასა და სრულ გამჭრიახობას’ ვსაჭიროებთ. აქ ‘გამჭრიახობად’ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მგრძნობიარე ზნეობრივ აღქმას“. რომელიმე საკითხის შესწავლისას, ჩვენ გვსურს გავიგოთ ღმერთსა და ქრისტესთან მისი კავშირი და ჩავუფიქრდეთ, თუ როგორ განადიდებს ის იეჰოვას თვისებებსა და გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს აღრმავებს ჩვენს გამჭრიახობას და მადლიერებას იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მხრიდან ჩვენთვის გაღებულისთვის. თუ რომელიმე საკითხი სრულად არ გვესმის, გამჭრიახობა დაგვეხმარება იმის შეგნებაში, რომ არ უნდა უარვყოთ რწმენა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხისადმი, რომლებიც ქრისტესა და ღვთის და მისი განზრახვების შესახებ ვისწავლეთ.
20. როგორ შეგვიძლია ვიყოთ სულიერი გამჭრიახობით სავსე?
20 ჩვენ სავსე ვიქნებით სულიერი გამჭრიახობით თუ ჩვენს აზრებსა და მოქმედებას ყოველთვის ღვთის სიტყვას შევუსაბამებთ (2 კორინთელთა 13:5). შემოქმედებითად ამის შესრულება გვეხმარება თავმდაბლობაში და ხელს უშლის თავდაჯერებულობასა და სხვების გაკრიტიკებას. გამჭრიახობა დაგვეხმარება, სარგებლობა მივიღოთ შესწორებიდან და უფრო მნიშვნელოვან საკითხებში დავრწმუნდეთ (იგავნი 3:7). მაშ, იეჰოვასთვის სიამოვნების მინიჭების სურვილით, მოდი მიზნად დავისახოთ მისი სიტყვის ზუსტი შემეცნებით ბოლომდე ავსება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავარჩიოთ კეთილი ბოროტისგან, დავადგინოთ ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხები და ერთგულად მივეკრათ იეჰოვასთან ჩვენს ძვირფას დამოკიდებულებას. ყოველივე ეს მაშინ არის შესაძლებელი, თუ განვაწყობთ გულს გამჭრიახობისკენ. მაგრამ ამისთვის კიდევ რაღაცაა საჭირო. ჩვენ ნება უნდა დავრთოთ, რომ გამჭრიახობამ დაგვიცვას.
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ უნდა განვაწყოთ გული გამჭრიახობისკენ?
◻ როგორ შეუძლია გამჭრიახობას იმოქმედოს ჩვენს ლაპარაკსა და ყოფაქცევაზე?
◻ რა გავლენის მოხდენა შეუძლია გამჭრიახობას ჩვენს განწყობილებაზე?
◻ რატომ უნდა მივენდოთ ყოველთვის იეჰოვას გამჭრიახობისთვის?
[სურათი 13 გვერდზე]
გამჭრიახობა გვეხმარება ჩვენი განწყობილების გაკონტროლებაში.
[სურათი 15 გვერდზე]
გამჭრიახ მეფე სოლომონს ესმოდა, რომ ქარაფშუტობა ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი.