მსაჯულები
19 იმ დროს, როცა მეფე არ ჰყავდა ისრაელს,+ ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის მთიან მხარეში,+ მივარდნილ ადგილას. მან ხარჭად წამოიყვანა ქალი იუდას ბეთლემიდან.+ 2 უღალატა მას ხარჭამ და წავიდა მამამისის სახლში, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე დარჩა იქ. 3 ჩააკითხა მას ქმარმა, მისი გული რომ მოეგო და უკან წამოეყვანა; თან ჰყავდა მსახური და ორი ვირი. ქალმა იგი მამამისის სახლში შეიყვანა. როცა დაინახა ის ქალის მამამ, სიხარულით შეეგება მას. 4 დაიყოლია იგი სიმამრმა, ახალგაზრდა ქალის მამამ, რომ სამი დღით დარჩენილიყო მასთან. ჭამდნენ და სვამდნენ; იქ ათევდა ღამეს.
5 მეოთხე დღეს, როცა დილაადრიან ადგნენ წასასვლელად, ქალის მამამ სიძეს უთხრა: „წაიხემსე, ძალ-ღონე მოიკრიბე და მერე წადით!“ 6 დასხდნენ ორივენი, ჭამეს და სვეს. ქალის მამამ იმ კაცს სთხოვა: „მოდი, დღესაც დარჩი და გული გაიმხიარულე!“ 7 წასვლა რომ დააპირა, არ მოეშვა სიმამრი, და კიდევ ერთი ღამით დარჩა.
8 მეხუთე დღეს, როცა დილაადრიან ადგა წასასვლელად, ქალის მამამ უთხრა: „ჯერ წაიხემსე და ძალ-ღონე მოიკრიბე“. აყოვნებდნენ ისინი დღის ბოლომდე და ჭამდნენ. 9 ადგა ის კაცი და წასვლა დააპირა თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ქალის მამამ: „ხედავ, უკვე მოსაღამოვდა, ამაღამაც დარჩით, დღე იწურება. აქ გაათიე ღამე და გული გაიმხიარულე, დილით კი ადრე ადექით და დაადექით გზას შინისაკენ“. 10 აღარ მოისურვა იმ კაცმა ღამით დარჩენა; ადგა, წავიდა და იებუსამდე ანუ იერუსალიმამდე მივიდა;+ თან ჰყავდა ორი შეკაზმული ვირი, ხარჭა და მსახური.
11 იებუსს რომ მიადგნენ, ბინდდებოდა და მსახურმა თავის ბატონს ჰკითხა, იებუსელთა ქალაქში ხომ არ შევიდეთ და ღამე იქ ხომ არ გავათიოთო. 12 ბატონმა მიუგო: „ნუ შევალთ უცხოტომელთა ქალაქში, სადაც არაისრაელები ცხოვრობენ. გიბამდე+ მივიდეთ“. 13 უთხრა თავის მსახურს: „წამო, წავიდეთ და ან გიბაში გავათიოთ ღამე, ან რამაში“.+ 14 განაგრძეს გზა და ბენიამინის გიბასთან შემოაღამდათ.
15 იქ გაჩერდნენ და ღამის გასათევად გიბაში შევიდნენ. მივიდნენ ქალაქის მოედანზე და იქ დასხდნენ, თუმცა ღამის გასათევად+ შინ არავის შეუპატიჟებია. 16 საღამო ხანს ერთი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც მინდვრიდან ნამუშევარი ბრუნდებოდა; ის ეფრემის მთიანი მხარიდან+ იყო და დროებით გიბაში ცხოვრობდა, იქაურები კი ბენიამინელები+ იყვნენ. 17 გაიხედა მოხუცმა და ქალაქის მოედანზე მგზავრი რომ დაინახა, ჰკითხა, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარო. 18 მან მიუგო: „იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთიან მხარეში, შორეულ ადგილას მივდივართ, იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი,+ ახლა იეჰოვას სახლში მივდივარ* და არავინ შემიპატიჟა შინ. 19 ნამჯაც მაქვს და საკვებიც ვირებისთვის,+ პურიცა+ და ღვინოც — ჩემთვის, ჩემი ხარჭისთვის და ჩვენი მსახურისთვის. არაფერი გვაკლია“. 20 მოხუცმა უთხრა: „მშვიდობა შენდა! თუ რამე გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს“. 21 წაიყვანა სახლში, ვირებს საკვები დაუყარა, ფეხები დაიბანეს და დაიწყეს ჭამა-სმა.
22 როცა ილხენდნენ, იმ ქალაქის უვარგისი კაცები შემოეხვივნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ იმ მოხუცს, სახლის პატრონს, გამოიყვანე ის კაცი, სახლში რომ გყავს, რომ მასთან დავწვეთო.+ 23 გავიდა სახლის პატრონი მათთან და უთხრა: „არა, ძმებო, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას, ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრადაა მოსული! ნუ ჩაიდენთ ამ სამარცხვინო საქმეს! 24 აი ჩემი ქალწული, აი მისი ხარჭა, მათ გამოგიყვანთ და, რაც გინდათ, ის უყავით,+ ოღონდ ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ სამარცხვინო საქმეს!“
25 მაგრამ მათ არაფრად ჩააგდეს მისი ნათქვამი. მაშინ ლევიანმა ხელი მოჰკიდა თავის ხარჭას+ და მათ გაუყვანა. გააუპატიურეს იგი და მთელი ღამე, დილამდე, შეურაცხყოფდნენ. მხოლოდ განთიადისას გაუშვეს. 26 გამთენიისას მივიდა ქალი და იმ კაცის სახლის შესასვლელთან დაეცა, რომელშიც მისი ბატონი იყო, და დილამდე იქ ეგდო. 27 ადგა დილით ადრე მისი ბატონი, გააღო სახლის კარი, რომ გზას გასდგომოდა და დაინახა, რომ ქალი, თავისი ხარჭა, სახლის შესასვლელთან ეგდო და ხელები ზღურბლზე ელაგა. 28 უთხრა, ადექი, წავიდეთო, მაგრამ ქალს პასუხი არ გაუცია. მაშინ ვირს გადაჰკიდა იგი და შინისაკენ გასწია.
29 სახლში რომ მივიდა, აიღო დასაკლავი დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და 12 ნაწილად, ასო-ასოდ აკუწა; თითო ნაწილი ისრაელის თითოეულ კუთხეში გაგზავნა. 30 ყველამ, ვინც ეს იხილა, თქვა: „მსგავსი რამ არც დღემდე მომხდარა და არც იმ დღიდან მოყოლებული უნახავს ვინმეს, რაც ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ. დაფიქრდით, იმსჯელეთ+ და გვითხარით, როგორ მოვიქცეთ!“