რომაელების მიმართ
4 მაშ, რას ვიტყვით აბრაამზე, ჩვენს ხორციელ წინაპარზე? 2 აბრაამი რომ თავისი საქმეებით ჩათვლილიყო მართლად, საამაყო კი ექნებოდა, მაგრამ არა ღვთის თვალში. 3 რას ამბობს წმინდა წერილი? „აბრაამი ერწმუნა იეჰოვას* და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+ 4 კაცისთვის საქმეში გასამრჯელოს მიცემა წყალობა კი არა, დამსახურებული საზღაურია. 5 ხოლო მას, ვინც თავის საქმეებზე კი არ არის დაიმედებული, არამედ სწამს ის, ვინც უღმერთოს მართლად მიიჩნევს, რწმენა სიმართლედ ეთვლება.+ 6 დავითიც ბედნიერს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი მართლად მიიჩნევს, თუმცა არა მისი საქმეების გამო: 7 „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ეპატიათ უკანონო საქმეები და მიეტევათ ცოდვები. 8 ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა* ცოდვას არ ჩაუთვლის“.+
9 ეს ბედნიერება მხოლოდ წინადაცვეთილებს ხვდათ წილად თუ წინადაუცვეთელებსაც?+ როგორც ვთქვით, აბრაამს რწმენა სიმართლედ ჩაეთვალა.+ 10 მაგრამ როდის მოხდა ეს, წინადაცვეთის შემდეგ თუ წინადაცვეთამდე? წინადაცვეთის შემდეგ კი არა, წინადაცვეთამდე! 11 მან მიიღო ნიშანი,+ წინადაცვეთა, იმის დასტურად, რომ ჯერ კიდევ წინადაუცვეთელი მართლად ჩაითვალა რწმენით, რომ ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა გამხდარიყო,+ რათა ისინიც ჩათვლილიყვნენ მართლებად. 12 ის წინადაცვეთილ შთამომავალთა მამაც უნდა გამხდარიყო, მაგრამ არა მხოლოდ წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვისაც ისეთივე რწმენა აქვს, ჩვენს მამა აბრაამს+ ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე რომ ჰქონდა.
13 აბრაამს ან მის შთამომავლობას კანონის მეშვეობით კი არ მიუღია დაპირება, რომ ქვეყნიერების მემკვიდრე გახდებოდა,+ არამედ იმის გამო, რომ რწმენით ჩაითვალა მართლად.+ 14 თუ მხოლოდ კანონის დამცველები არიან მემკვიდრეები, მაშინ რწმენაც ფუჭი ყოფილა და დანაპირებიც. 15 სინამდვილეში, კანონი ღვთის რისხვას იწვევს,+ ხოლო, სადაც კანონი არ არის, იქ არც არაფერი ირღვევა.+
16 მაშასადამე, აბრაამმა რწმენის გამო მიიღო დაპირება, რათა ეს დანაპირები ღვთის წყალობით+ განმტკიცებულიყო მთელი მისი შთამომავლობისთვის+ — არა მხოლოდ კანონის დამცველთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც რწმენაში ჰბაძავს აბრაამს, ყველა ჩვენგანის მამას,+ 17 როგორც დაწერილია: „მე გაქციე მრავალი ხალხის მამად“.+ ეს მოხდა ღვთის წინაშე, რომლისაც მას სწამდა და რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და ისე ლაპარაკობს არარსებულზე, როგორც არსებულზე*. 18 მას თითქოს იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+ 19 მას რწმენა არ შესუსტებია, თუმცა ხედავდა, რომ ას წელს მიღწეულს ვეღარ ეყოლებოდა შვილი+ და სარასაც უკვე წართმეული ჰქონდა შვილიერება,+ 20 მაგრამ, რაკი ღმერთი დაჰპირდა, რწმენა არ შერყევია და არ დაეჭვებულა; რწმენით გაძლიერებული ღმერთს განადიდებდა 21 და სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულება შეეძლო.+ 22 ამიტომაც „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+
23 სიტყვები „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, მხოლოდ მისი გულისთვის კი არ დაიწერა,+ 24 არამედ ჩვენი გულისთვისაც, ვინც მართლებად ჩავითვლებით, რადგან გვწამს მისი, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო.+ 25 ის ჩვენი შეცოდებებისთვის გადაეცა+ და აღდგა, რათა მართლად ჩავითვალოთ.+