მართლად აღიარება
ებრაული ზმნა ცადეკ (ენათესავება ცედეკს, ნიშნავს სიმართლეს) ზოგჯერ ითარგმნება როგორც „მართლად აღიარება“ (გმ. 23:7; კნ. 25:1). ბიბლიაში ეს ზმნა და მისი მონათესავე არსებითი სახელები აგრეთვე ითარგმნება „გამართლებად“. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, სადაც ეს საკითხი დაწვრილებით განიხილება, გამოყენებული სიტყვები (დიკეოო [ზმნა], დიკეომა და დიკეოსის [არსებითი სახელები]) ძირითადად მიუთითებს ბრალდების გაუქმებასა და მოხსნაზე, ვინმეს უდანაშაულოდ ცნობაზე და ამგვარად მის გამართლებაზე ანუ მის მართლად აღიარებასა და შესაბამის მოპყრობაზე (იხ. Greek-English Lexicon of the New Testament, ვ. ბაუერი, გადამუშავებულია ფ. ვ. გინგრიხისა და ფ. დანკერის მიერ, 1979, გვ. 197, 198; აგრეთვე A Greek-English Lexicon, ჰ. ლიდელი და რ. სკოტი, გადამუშავებულია ჰ. ჯოუნზის მიერ, ოქსფორდი, 1968, გვ. 429).
მოციქული პავლე ღმერთზე ამბობს, რომ ის მართალია [დიკეოოს ერთ-ერთი ფორმა] თავის სიტყვებში და სასამართლოში იმარჯვებს ბრალმდებლების წინაშე (რმ. 3:4). იესომ თქვა, რომ „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ და რომ ადამიანები სასამართლოს დღეს თავიანთი სიტყვებით იქნებიან „აღიარებული მართლად“ [დიკეოოს ერთ-ერთი ფორმა] ან მსჯავრდადებული (მთ. 11:19; 12:36, 37). მან აგრეთვე თქვა, რომ თავმდაბალი გადასახადების ამკრეფი, რომელიც ტაძარში მომნანიებელი გულით ლოცულობდა, „უფრო მართალი წავიდა სახლში“, ვიდრე მის გვერდით მლოცველი ამაყი ფარისეველი (ლკ. 18:9—14; 16:15). მოციქული პავლე ამბობს, რომ მას, ვინც მოკვდა, „ცოდვა მოეხსნა [დიკეოოს ერთ-ერთი ფორმა]“, რადგან ცოდვებისთვის საკუთარი სიცოცხლით ზღო (რმ. 6:7, 23).
ზემოთ მოხსენიებული მნიშვნელობების გარდა, ბიბლიაში ამ ბერძნულ სიტყვებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ღვთის მიერ ვინმეს უდანაშაულოდ ცნობასა (სქ. 13:38, 39; რმ. 8:33) და იმის აღიარებაზე, რომ მან სრულყოფილად შეინარჩუნა ერთგულება და დაიმსახურა სიცოცხლე. ამაზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
ქრისტიანობამდე. ადამი, როგორც „ღვთის ძე“, თავდაპირველად სრულყოფილი და მართალი იყო (ლკ. 3:38). და ეს იმიტომ, რომ ის თავად ღმერთმა შექმნა. შემოქმედმა მას „ძალიან კარგი“ უწოდა (დბ. 1:31). მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა ღვთის ერთგულება. ის ვეღარ იქნებოდა მართალი და ღვთის თვალში ვერც მისი შთამომავლები ჩაითვლებოდნენ მართლებად (დბ. 3:17—19; რმ. 5:12).
მიუხედავად ამისა, ადამის შთამომავლებს შორის იყვნენ ღვთის მორწმუნენიც, მათ შორის ნოე, ენოქი და იობი, რომლებიც „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ დადიოდნენ (დბ. 5:22; 6:9; 7:1; იობ. 1:1, 8; 2:3). ბიბლიაში აბრაამზე ნათქვამია, რომ მან ირწმუნა ღმერთი და ეს „სიმართლედ ჩაეთვალა“. ბიბლიაში ისიც წერია, რომ იერიხონელმა რახაბმა თავისი რწმენა საქმეებით დაამტკიცა და „მართლად იქნა აღიარებული“, რის გამოც ის გადაურჩა იერიხონის განადგურებას (იაკ. 2:21—23, 25). აღსანიშნავია, რომ ზემოთ ციტირებულ იაკობის წერილში და პავლეს მიერ რომაელების მიმართ მიწერილ წერილში (4:3—5, 9—11), სადაც ის დაბადების 15:6-ს ციტირებს, ნათქვამია, რომ აბრაამს რწმენა „სიმართლედ ჩაეთვალა“. ამ ფრაზის უკეთესად გაგებაში ამ შემთხვევაში გამოყენებული ბერძნული ზმნის ლოგიზომეს (ნიშნავს ჩათვლას) განხილვა დაგვეხმარება.
როგორ „ჩაეთვალა“ სიმართლედ. ძველ დროს ბერძნული ზმნა ლოგიზომე ხშირად გამოიყენებოდა ბუხჰალტრული ჩანაწერებისა და ანგარიშისთვის და ეხებოდა შემოსავალ-გასავლის დავთრის ორივე გვერდზე შეტანილ მონაცემებს, იქნებოდა ეს მიღებული (დებეტი) თუ დანახარჯი (კრედიტი) ფასეულობა. ბიბლიაში ეს ზმნა გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობებით: მიჩნევა, ვინმესთვის რამის მიწერა, ჩათვლა და გათვალისწინება. ამიტომაც წერია 1 კორინთელების 13:5-ში, რომ სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის [ლოგიზომეს ერთ-ერთი ფორმა]“ (შდრ. 2ტმ. 4:16, კს, აფ). პავლე ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვებს ციტირებს: „ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (რმ. 4:8). მათ, ვინც ყველაფერს გარეგნულობით აფასებდა, პავლემ ურჩია, სწორად შეეფასებინათ საკითხები, და ასე ვთქვათ, შემოსავალ-გასავლის დავთრის ორივე მხარე შეემოწმებინათ (2კრ. 10:2, 7, 10—12). ამავე დროს, პავლეს ისიც აფიქრებდა, რომ მისთვის, როგორც ღვთის მსახურისთვის, ვინმეს იმაზე მეტი არ მიეწერა [ლოგიზომეს ერთ-ერთი ფორმა], ვიდრე მართებული იქნებოდა (2კრ. 12:6, 7).
სიტყვა ლოგიზომე აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს შეფასებას, რამედ ან ვინმედ ჩათვლას (ანუ რომელიმე ჯგუფისთვის ან კლასისთვის მიკუთვნება) (1კრ. 4:1, აფ, კს). იესომ თქვა, რომ ის „უკანონობის მოქმედად ჩაითვალა [ლოგიზომეს ერთ-ერთი ფორმა]“, ანუ უკანონობის მოქმედთა რიცხვს მიაკუთვნეს და ჩათვალეს, როგორც ერთ-ერთი მათგანი (ლკ. 22:37). რომაელებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ამბობს, რომ კანონის დამცველ წინადაუცვეთელს „წინადაუცვეთელობა წინადაცვეთაში ჩაეთვლება“, ანუ ის წინადაცვეთილად იქნება მიჩნეული (რმ. 2:26). ამ გაგებით მოუწოდებდა პავლე ქრისტიანებს: „ჩათვალეთ, რომ ცოდვისთვის დაიხოცეთ და ღვთისთვის ცოცხლობთ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რმ. 6:11). უცხოტომელი ცხებული ქრისტიანები, რომლებიც აბრაამის შთამომავლები არ იყვნენ, აბრაამის შთამომავლებად ჩაითვალნენ (რმ. 9:8).
რატომ იყო აბრაამი ქრისტეს სიკვდილამდე მართლად აღიარებული?
აბრაამს თავისი რწმენა და საქმეები „სიმართლედ ჩაეთვალა“ (რმ. 4:20—22). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანობამდე მცხოვრები ღვთისმოშიში ადამიანები სრულყოფილები ან უცოდველები იყვნენ. მაგრამ, რადგან მათ სწამდათ, რომ მოვიდოდა ღვთის მიერ აღთქმული შთამომავალი და ყველანაირად ცდილობდნენ, ღვთის მითითებებისამებრ ეცხოვრათ, არ ჩათვლილან უმართლოებად, როგორც დანარჩენები, რომლებსაც ღვთის წინაშე კარგი სახელი არ ჰქონიათ (დბ. 3:15; ფს. 119:2, 3). სიყვარულიდან გამომდინარე იეჰოვამ მისგან გაუცხოებული კაცობრიობის ფონზე ისინი უდანაშაულოებად აღიარა (ფს. 32:1,2; ეფ. 2:12). ამგვარად მათმა რწმენამ ღმერთს იმის საფუძველი მისცა, რომ თავისი სამართლიანობის სრულყოფილი ნორმების დაურღვევლად ურთიერთობა ჰქონოდა ამ არასრულყოფილ ადამიანებთან და თან ეკურთხებინა (ფს. 36:10). მიუხედავად ამისა, ღვთის ერთგულნი აღიარებდნენ, რომ ცოდვისგან გამოსყიდვა ესაჭიროებოდათ და ელოდნენ დროს, როცა ღმერთი ამაზე იზრუნებდა (ფს. 49:7—9; ებ. 9:26).
იესო ქრისტეს „ერთი მოქმედება, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა“. ბიბლიიდან ჩანს, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტეს სრულყოფილი სხეული ჰქონდა (1პტ. 1:18, 19). ის სრულყოფილი დარჩა, რადგან განსაცდელების დროსაც ღვთისთვის არ უღალატია. ეს შეესაბამებოდა ღვთის განზრახვას, რომლის თანახმადაც ხსნის მეთაური „ტანჯვის მეშვეობით სრულყოფილი“ უნდა გამხდარიყო (ებ. 2:10). ამგვარად, იესოს მორჩილება და ერთგულება გამოიცადა, რის შედეგადაც ის გასრულყოფილდა ღვთის მიერ დანიშნული მღვდელმთავრისა და მხსნელის როლის შესასრულებლად. ამაზე პავლე ებრაელების 5:7—10-ში ამახვილებს ყურადღებას. დედამიწაზე განვლილი მისი ცხოვრება უზადო იყო, რის გამოც ის ღმერთმა მართლად აღიარა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც განსაცდელების დროს თავისი საქმეების საფუძველზე აბსოლუტურად მართალი დარჩა ღვთის წინაშე. ერთი მოქმედებით, „რომელიც გამართლებას [დიკეომას ერთ-ერთი ფორმა] ემსახურებოდა“, ანუ უზადო ცხოვრებით, რომლითაც თავისი სრულყოფილი სიმართლე დაამტკიცა, მათ შორის თავისი მსხვერპლით, მან გზა გაუხსნა თავის მორწმუნეებს, რათა ისინიც მართლებად ყოფილიყვნენ აღიარებულნი (რმ. 5:17—19; 3:25, 26; 4:25).
ქრისტიანულ კრებაში. მას შემდეგ, რაც ღვთის ძე ანუ აღთქმული გამომსყიდველი გამოჩნდა, ღმერთს საშუალება მიეცა, ახლებური ურთიერთობა დაემყარებინა თავის მიწიერ მსახურებთან. იესო ქრისტეს მიმდევრები, რომლებსაც მისი სულიერი ძმები ეწოდებათ და იმედი აქვთ, რომ ზეციერ სამეფოში მისი თანამემკვიდრეები იქნებიან (რმ. 8:17), პირველნი არიან მათ შორის, ვისაც ღმერთი მართლებად აღიარებს იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე (რმ. 3:24, 28). ეს იეჰოვა ღმერთის მიერ მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებაა. ამიტომ ღვთის, როგორც უზენაესი მოსამართლის, წინაშე ამ რჩეულებს ბრალს ვერავინ დასდებს (რმ. 8:33, 34). რატომ იქცევა ღმერთი ასე მათ შემთხვევაში?
პირველ რიგში იმიტომ, რომ იეჰოვა სრულყოფილი და წმინდაა (ეს. 6:3). მისი სიწმინდიდან გამომდინარე, ვისაც ის შვილად აღიარებს, სრულყოფილი უნდა იყოს (კნ. 32:4, 5). იესო ქრისტემ, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, დაამტკიცა, რომ სრულყოფილი, „ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ იყო (ებ. 7:26). მაგრამ მისი მიმდევრები ადამის ძეები არიან, რომლის შეცოდების გამოც მისი ყველა შთამომავალი არასრულყოფილი და ცოდვილია (რმ. 5:12; 1კრ. 15:22). როგორც იოანეს 1:12, 13-დან ჩანს, ისინი დასაბამიდანვე ღვთის ძეები არ ყოფილან. იეჰოვა ღმერთმა თავისი წყალობიდან გამომდინარე იზრუნა იმაზე, რომ ეს რჩეულები ეშვილა და თავისი სულიერი ოჯახის წევრებად მიეღო (რმ. 8:15, 16; 1ინ. 3:1). მან ისინი მართლებად აღიარა ქრისტეს გამოსასყიდის საშუალებით, რომლის მიმართ თავადაც ავლენენ რწმენას, განწმინდა ცოდვით გამოწვეული ბრალისგან და შვილებად გახდომის უფლება მისცა (რმ. 5:1, 2, 8—11; შდრ. ინ. 1:12). ამიტომ ისინი ყოველმხრივ მართლებად ითვლებიან, რადგან ღმერთი მათ პატიობს ცოდვებს და პასუხს აღარ სთხოვს (რმ. 4:6—8; 8:1, 2; ებ. 10:12, 14).
ამ ქრისტიანების მართლებად აღიარება უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე აბრაამის (და ქრისტემდე მცხოვრები იეჰოვას სხვა მსახურების) შემთხვევაში იყო, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. აბრაამის მართლად აღიარების შესახებ მოწაფე იაკობმა დაწერა: «შესრულდა დაწერილი: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, და იეჰოვას მეგობარი ეწოდა» (იაკ. 2:20—23). ასე რომ, აბრაამი თავისი რწმენით იყო მართლად აღიარებული როგორც ღვთის მეგობარი და არა როგორც ღვთის ძე, რომელიც „ხელახლა უნდა დაიბადოს“ ზეციერი ცხოვრების მისაღებად (ინ. 3:3). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქრისტემდე მცხოვრებთაგან არავის ჰქონია ღვთის შვილობისა და ზეცაში ცხოვრების იმედი (ინ. 1:12, 17, 18; 2ტმ. 1:10; 1პტ. 1:3; 1ინ. 3:1).
მართალია, ეს ქრისტიანები ღვთის თვალში მართლებად ითვლებიან, მაგრამ ისინი პირდაპირი გაგებით სრულყოფილები არ არიან (1ინ. 1:8; 2:1). ვინაიდან ქრისტეს ამ მიმდევრებს ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ, აუცილებელი არ არის, რომ სრულყოფილი ხორციელი სხეული ჰქონდეთ (1კრ. 15:42—44, 50; ებ. 3:1; 1პტ. 1:3, 4). ისინი აკმაყოფილებენ ღვთის სამართლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან მართლებად არიან აღიარებულნი ანუ მართლებად ჩათვლილი. ამიტომ ღმერთი ამ ნაშვილებ ქრისტიანებს „ახალ შეთანხმებას“ უდებს, რომელიც იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე შევიდა ძალაში (ლკ. 22:20; მთ. 26:28). ეს ნაშვილები სულიერი ძეები, როგორც სულიერი ისრაელის წევრები, რომლებთანაც დაიდო „ახალი შეთანხმება“, ქრისტეს სიკვდილში ინათლებიან ანუ „მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით“ კვდებიან (რმ. 6:3—5; ფლ. 3:10, 11).
მართალია, იეჰოვა პატიობს მათ არასრულყოფილებითა და ხორციელი სისუსტეებით ჩადენილ ცოდვებს, მაგრამ ამ ქრისტიანებს მაინც უწევთ შინაგანი ბრძოლა, როგორც ამას მოციქული პავლე აღწერს რომაელების მიმართ მიწერილ წერილში (7:21—25). ეს არის ბრძოლა განახლებული გონების კანონსა (რმ. 12:2; ეფ. 4:23) ანუ ღვთის კანონსა და მათი სხეულის ნაწილებში მყოფი „ცოდვის კანონს“ შორის. ამის მიზეზი მათი არასრულყოფილებაა, თუმცა მართლებად არიან აღიარებულნი და ცოდვებიც მიეტევათ. ეს შინაგანი ბრძოლა სცდის ღვთისადმი მათ ერთგულებას. მათ შეუძლიათ, გაიმარჯვონ ამ ბრძოლაში ღვთის სულისა და თავიანთი გულმოწყალე მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს დახმარებით (რმ. 7:25; ებ. 2:17, 18). ბრძოლაში გასამარჯვებლად ისინი რწმენას უნდა ინარჩუნებდნენ ქრისტეს გამოსასყიდისადმი და მიჰყვებოდნენ ქრისტეს, რაც მათ დაეხმარებათ, კვლავაც მართლები დარჩნენ ღვთის თვალში (შდრ. გმც. 22:11). ამგვარად ისინი განიმტკიცებენ თავიანთ მოწოდებასა და რჩეულობას (2პტ. 1:10; რმ. 5:1, 9; 8:23—34; ტიტ. 3:6, 7). მეორე მხრივ, თუ რომელიმე მათგანს ცოდვა ჩვევად ექცევა და ჩამოშორდება რწმენას, ის ვეღარ იქნება ღვთის თვალში მართალი, რადგან ღვთის ძეს ხელახლა აკრავს ბოძზე და სახალხოდ არცხვენს (ებ. 6:4—8). ასეთებს განადგურება არ ასცდებათ (ებ. 10:26—31, 38, 39). ამიტომაც საუბრობდა იესო მიუტევებელ ცოდვაზე, მოციქულმა იოანემ კი განასხვავა „სასიკვდილო ცოდვა“ „არასასიკვდილო ცოდვისგან“ (მთ. 12:31, 32; 1ინ. 5:16, 17).
იესო ქრისტემ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა, რის შემდეგაც „გაცოცხლდა სულში“ და უკვდავი და უხრწნელი გახდა (1პტ. 3:18; 1კრ. 15:42, 45; 1ტმ. 6:16). ამგვარად ის „მართლად იქნა აღიარებული სულში“ (1ტმ. 3:16; რმ. 1:2—4) და ზეცაში ღვთის მარჯვნივ დაჯდა (ებ. 8:1; ფლ. 2:9—11). ქრისტეს ერთგული მიმდევრები ასეთივე აღდგომას (რმ. 6:5) და „ღვთის ბუნების“ მოზიარეობას ელიან (2პტ. 1:4).
სხვა მართლები. იესომ ერთ-ერთ იგავში, რომელიც სამეფო დიდებით მის მოსვლას ეხებოდა, ზოგი ადამიანი ცხვარს შეადარა და მათ მართლები უწოდა (მთ. 25:31—46). მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ იგავში ქრისტე მართლებს განასხვავებს მათგან, ვისაც თავის ძმებს უწოდებს (მთ. 25:34, 37, 40, 46; შდრ. ებ. 2:10, 11). ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები ქრისტეს სულიერ ძმებს ეხმარებიან, რაც ქრისტესადმი რწმენის მაჩვენებელია. ამიტომაც ღმერთი მათ აკურთხებს და მართლებს უწოდებს. აბრაამის მსგავსად ისინი მართლებად და ღვთის მეგობრებად ითვლებიან (იაკ. 2:23). ამის წყალობით ისინი გადარჩებიან, როცა თხისმაგვარი ადამიანები „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მთ. 25:46).
გამოცხადების 7:3—17-ში ჩაწერილ იოანეს ხილვაში მსგავსი სურათია აღწერილი. იოანე აღგვიწერს „უამრავ ხალხს“, რომელთა რიცხვიც განუსაზღვრელია და არ მიეკუთვნება ბეჭედდასმულ 144 000-ს (შდრ. ეფ. 1:13, 14; 2კრ. 5:1). ღმერთი ამ „უამრავ ხალხს“ მართლებად მიიჩნევს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“ (გმც. 7:14).
„უამრავი ხალხი“ გადაურჩება „დიდ გასაჭირს“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლისთვის მართლებად იქნებიან აღიარებულნი. მათ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის განმავლობაში უნდა სვან წყალი „სიცოცხლის წყლის წყაროებიდან“, რომლისკენაც კრავი, იესო ქრისტე წაუძღვება (გმც. 7:17; 22:1, 2). თუ ათასი წლის ბოლოს საბოლოო გამოცდისას ღვთის ერთგულები დარჩებიან, მათი სახელები სამუდამოდ შემოინახება ღვთის სიცოცხლის წიგნში, ანუ იეჰოვა მათ ყოველმხრივ მართლებად აღიარებს (გმც. 20:7, 8; იხ. სიცოცხლე [სიცოცხლის ხეები]).
ღმერთი მართალია ყველა თავის საქმეში. როგორც ვხედავთ, ღმერთი არასრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობისას არასდროს ღალატობს თავის მიერ დადგენილ სიმართლისა და სამართლიანობის ნორმებს. ცოდვილ ადამიანებს ის მათი საქმეების საფუძველზე არ აღიარებს მართლებად, რადგან თვალს არ ხუჭავს ცოდვაზე (ფს. 143:1, 2). ამ შემთხვევაში მართლდება მოციქულ პავლეს სიტყვები: „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და მათთვის უსასყიდლო ძღვენია, რომ მისმა წყალობამ გაათავისუფლა ისინი ქრისტე იესოს მიერ გადახდილი გამოსასყიდით და მართლებად არიან აღიარებულნი. ღმერთმა შერიგების შესაწირავად დაადგინა ის და ეს შერიგება მისი სისხლისადმი რწმენით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რადგან ღმერთი წარსულში ჩადენილ ცოდვებს პატიობდა და დიდსულოვნებას ავლენდა, რომ ეჩვენებინა თავისი სიმართლე ჩვენს დროში, რათა ის მართალი იყოს, როცა მართლებად აღიარებს მათ, ვისაც იესო სწამს“ (რმ. 3:23—26). ამგვარად ღმერთმა წყალობა გამოავლინა და ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე კანონიერი უფლება მოიპოვა, რათა სამართლისა და სიმართლის ნორმების დაურღვევლად ცოდვები მიუტევოს მათ, ვისაც იესო სწამს.
საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა. მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ადამიანი მართლად აღიაროს, ამიტომ აზრი არა აქვს საკუთარი საქმეებით ან სხვისი შეფასებით სიმართლის დამტკიცებას. მართალია, იობს ღმერთი არაფერში დაუდანაშაულებია, მაგრამ მან საყვედური მიიღო იმის გამო, რომ „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“ (იობ. 32:1, 2). კანონის მცოდნეს, რომელმაც იესოს ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად, იესომ მიანიშნა, რომ ის საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა (ლკ. 10:25—37). იესომ დაგმო ფარისევლები, რადგან მათ თავი მართლებად მოჰქონდათ ადამიანთა წინაშე (ლკ. 16:15). მოციქული პავლეს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ არასრულყოფილებისა და ცოდვის გამო მოსეს კანონით დადგენილი საქმეებით ვერავინ დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს და ვერ იქნება მართლად აღიარებული (რმ. 3:19—24; გლ. 3:10—12). მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მართლად აღიარება მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენის საფუძველზეა შესაძლებელი (რმ. 10:3, 4). იაკობი ღვთივშთაგონებულ წერილში განავრცობს პავლეს მსჯელობას — ადამიანმა კანონით დადგენილი საქმეებით კი არა, რწმენის საქმეებით უნდა დაამტკიცოს, რომ ცოცხალი რწმენა აქვს, როგორც აბრაამისა და რახაბის შემთხვევაში იყო (იაკ. 2:24, 26).
ზოგიერთები, რომლებსაც თავი მოციქულებად მოჰქონდათ, უსამართლოდ აყენებდნენ ეჭვქვეშ პავლეს მოციქულობასა და ქრისტიანულ საქმეებს და ასე ცდილობდნენ კორინთის კრების წევრების გადაბირებას (2კრ. 11:12, 13). პავლემ იცოდა, რომ ერთგულად ასრულებდა ქრისტეს მმართველის როლს, ამიტომაც არ აღელვებდა, როგორ განსჯიდნენ მას „ადამიანურ სასამართლოში“ ისინი, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა. პავლე საკუთარი თავის განსჯასაც ერიდებოდა, რადგან თავის მოსამართლედ იეჰოვას მიიჩნევდა (1კრ. 4:1—4). აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანი ღვთის სიტყვის გარეშე ვერ განსჯის ვინმეს სიმართლეს ან უმართლობას. თითოეულმა ღვთის სიტყვით უნდა იხელმძღვანელოს და მისით შეიმოწმოს თავი (ებ. 4:12). მაგრამ მან, ვისაც ქრისტიანი ძმა, მით უმეტეს კრების უხუცესი, ღვთის სიტყვის საფუძველზე შეაგონებს, არ უნდა წაუყრუოს რჩევას და არ უნდა შეეცადოს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას (იგ. 12:1; ებ. 12:11; 13:17). ამავე დროს, ღმერთი განსჯის მას, ვისაც სამართლებრივი ან სადავო საკითხების მოგვარება ევალება, მაგრამ „ქრთამის გამო ბოროტს მართლად აცხადებს“ (ეს. 5:23; იაკ. 2:8, 9).