ეზეკიელი
40 ჩვენი გადასახლებიდან 25-ე წლის დასაწყისში,+ თვის მე-10 დღეს, ქალაქის დაცემიდან მე-14 წელს,+ სწორედ ამ დღეს, იეჰოვას სულმა მომიცვა და ქალაქში გადამიყვანა.+ 2 ღვთიური ხილვის მეშვეობით მან ისრაელის მიწაზე მიმიყვანა და ძალიან მაღალ მთაზე+ დამაყენა; იქ, სამხრეთით, ქალაქისმაგვარი ნაგებობა იდგა.
3 იქ რომ მიმიყვანა, დავინახე კაცი, რომელიც სპილენძისფრად ბზინავდა,+ ხელში სელის თოკი და საზომი ლერწამი ეჭირა+ და კარიბჭესთან იდგა. 4 იმ კაცმა მითხრა: „კაცის ძეო, ყურადღებით იყავი, კარგად დააკვირდი ყველაფერს, რასაც გიჩვენებ, და გულისყურით მომისმინე, რადგან აქ ამიტომ ხარ. უამბე ისრაელებს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც ნახავ“.+
5 დავინახე, რომ ტაძარს გალავანი ჰქონდა შემოვლებული. კაცს ხელში 6-წყრთიანი საზომი ლერწამი ეჭირა (წყრთას დამატებული ჰქონდა ხელისგულის სიგანე*). დაიწყო მან გალავნის გაზომვა; მისი სისქეცა და სიმაღლეც თითო-თითო ლერწამი იყო.
6 მივიდა კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და ავიდა მის კიბეზე. გაზომა კარიბჭის ზღურბლი და მისი სიგანე 1 ლერწამი გამოვიდა, მეორე ზღურბლის სიგანეც 1 ლერწამი იყო. 7 სადარაჯო ოთახების სიგრძეც და სიგანეც თითო-თითო ლერწამი იყო. სადარაჯო ოთახებს შორის მანძილი 5-5 წყრთა იყო;+ კარიბჭის ზღურბლი კარიბჭის წინკართან, რომელიც შიდა მხარეს იყურებოდა, 1 ლერწამი იყო.
8 გაზომა კარიბჭის წინკარი, რომელიც შიდა მხარეს იყურებოდა, და 1 ლერწამი გამოვიდა. 9 შემდეგ გაზომა კარიბჭის წინკარი და 8 წყრთა გამოვიდა; გაზომა მისი გვერდითი სვეტებიც და 2-2 წყრთა გამოვიდა. კარიბჭის წინკარი შიდა მხარეს იყურებოდა.
10 აღმოსავლეთ კარიბჭეს ორივე მხარეს 3-3 სადარაჯო ოთახი ჰქონდა. ექვსივე ოთახი ერთი ზომისა იყო. კარიბჭეს ორივე მხარეს გვერდითი სვეტებიც ჰქონდა და ისინიც ერთი ზომისა იყო.
11 მერე კარიბჭის შესასვლელის სიგანე გაზომა და 10 წყრთა გამოვიდა, კარიბჭის სიგრძეც გაზომა და 13 წყრთა გამოვიდა.
12 სადარაჯო ოთახების წინ შემოსაზღვრული სივრცე ორივე მხარეს თითო-თითო წყრთა იყო. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სადარაჯო ოთახების სიგრძე-სიგანე 6-6 წყრთა იყო.
13 გაზომა კარიბჭე ერთი სადარაჯო ოთახის ჭერიდან მეორე სადარაჯო ოთახის ჭერამდე და 25 წყრთა გამოვიდა. სადარაჯო ოთახების შესასვლელები ერთმანეთის პირდაპირ იყო.+ 14 მან გვერდითი სვეტების სიმაღლეც გაზომა და 60 წყრთა გამოვიდა; გაზომა ეზოს ირგვლივ კარიბჭეების გვერდითი სვეტებიც. 15 კარიბჭის შესასვლელიდან კარიბჭის შიდა მხარეს წინკარამდე 50 წყრთა იყო.
16 სადარაჯო ოთახებსა და გვერდით სვეტებს კარიბჭის შიდა მხრიდან ორივე მხარეს ჰქონდა სარკმლები, რომლებიც ვიწროვდებოდა.+ სარკმლები წინკარსაც ჰქონდა შიდა მხრიდან ორივე მხარეს; გვერდით სვეტებზე პალმები+ იყო გამოსახული.
17 შემდეგ გარეთა ეზოში შემიყვანა, სადაც სასადილო ოთახები+ იყო; ეზოს გარშემო ქვაფენილი იყო დაგებული. ქვაფენილზე 30 სასადილო ოთახი იყო. 18 კარიბჭეებს შორის დაგებული ქვაფენილის სიგანე და კარიბჭეების გვერდების სიგრძე ერთი ზომისა იყო. ეს იყო ქვედა ქვაფენილი.
19 მან გაზომა მანძილი ქვედა კარიბჭიდან შიდა ეზომდე და 100 წყრთა გამოვიდა; ამდენივე იყო მანძილი აღმოსავლეთ კარიბჭიდან და ჩრდილოეთ კარიბჭიდან.
20 გარეთა ეზოს ერთ-ერთი კარიბჭე ჩრდილოეთს გაჰყურებდა; მან გაზომა მისი სიგრძე-სიგანე. 21 კარიბჭეს ორივე მხარეს 3-3 სადარაჯო ოთახი ჰქონდა. მისი გვერდითი სვეტებისა და წინკარის ზომები პირველი კარიბჭისას ემთხვეოდა. ის სიგრძით 50 წყრთა იყო, სიგანით კი — 25 წყრთა. 22 ამ კარიბჭის სარკმლების, წინკარისა და პალმის გამოსახულებების+ ზომები აღმოსავლეთი კარიბჭისას ემთხვეოდა. კარიბჭეს შვიდსაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა; მათ წინ იყო წინკარი.
23 შიდა ეზოს ერთი კარიბჭე ჩრდილოეთი კარიბჭის პირისპირ იყო და მეორე — აღმოსავლეთი კარიბჭის პირისპირ. მან გაზომა მანძილი კარიბჭიდან კარიბჭემდე და 100 წყრთა გამოვიდა.
24 შემდეგ წამიყვანა სამხრეთისკენ და იქ სამხრეთი კარიბჭე ვიხილე;+ გაზომა მან მისი გვერდითი სვეტები და წინკარი და ზომები დანარჩენი კარიბჭეებისას დაემთხვა. 25 კარიბჭესა და მის წინკარს ორივე მხარეს სხვა სარკმლების მსგავსი სარკმლები ჰქონდა. კარიბჭის სიგრძე 50 წყრთა იყო, სიგანე — 25 წყრთა. 26 კარიბჭეს შვიდსაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა;+ მათ წინ იყო წინკარი. მის გვერდით სვეტებზე პალმები იყო გამოსახული, თითო სვეტზე — თითო პალმა.
27 შიდა ეზოს ერთ-ერთი კარიბჭე სამხრეთს გაჰყურებდა. გაზომა მან მანძილი კარიბჭიდან კარიბჭემდე და 100 წყრთა გამოვიდა. 28 მან სამხრეთი კარიბჭის გავლით შემიყვანა შიდა ეზოში. გაზომა სამხრეთი კარიბჭე და მისი ზომები დანარჩენი კარიბჭეებისას დაემთხვა; 29 მისი სადარაჯო ოთახების, გვერდითი სვეტებისა და წინკარის ზომები დანარჩენებისას ემთხვეოდა. ამ კარიბჭესაც და მის წინკარსაც ორივე მხარეს სარკმლები ჰქონდა. კარიბჭის სიგრძე 50 წყრთა იყო, სიგანე — 25 წყრთა.+ 30 გარშემო წინკარები იყო; თითოეულის სიგრძე 25 წყრთა იყო, სიგანე — 5 წყრთა. 31 მისი წინკარი გარეთა ეზოს გაჰყურებდა; მის გვერდით სვეტებზე პალმები იყო გამოსახული+ და მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.+
32 შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის მხრიდან; გაზომა კარიბჭე და მისი ზომები დანარჩენი კარიბჭეებისას დაემთხვა; 33 მისი სადარაჯო ოთახების, გვერდითი სვეტებისა და წინკარის ზომები დანარჩენებისას ემთხვეოდა. ამ კარიბჭესაც და მის წინკარსაც ორივე მხარეს სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე 50 წყრთა იყო, სიგანე — 25 წყრთა. 34 მისი წინკარი გარეთა ეზოს გაჰყურებდა. მის ორივე მხარეს გვერდით სვეტებზე პალმები იყო გამოსახული. მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
35 შემდეგ ჩრდილოეთ კარიბჭეში შემიყვანა;+ გაზომა ის და მისი ზომები დანარჩენი კარიბჭეებისას დაემთხვა. 36 მისი სადარაჯო ოთახების, გვერდითი სვეტებისა და წინკარის ზომები დანარჩენებისას ემთხვეოდა. კარიბჭეს ორივე მხარეს სარკმლები ჰქონდა. მისი სიგრძე 50 წყრთა იყო, სიგანე — 25 წყრთა. 37 მისი გვერდითი სვეტები გარეთა ეზოს გაჰყურებდა. მის ორივე მხარეს გვერდით სვეტებზე პალმის ხეები იყო გამოსახული. მას რვასაფეხურიანი ასასვლელი ჰქონდა.
38 სასადილო ოთახი თავისი შესასვლელით კარიბჭის გვერდით სვეტებთან იყო. იქ რეცხავდნენ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლს.+
39 კარიბჭის წინკარში ორივე მხარეს 2-2 მაგიდა იდგა, რომლებზეც მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი,+ ცოდვის შესაწირავი+ და დანაშაულის შესაწირავი+ იკვლებოდა. 40 გარეთა მხარეს ჩრდილოეთი კარიბჭის შესასვლელთან 2 მაგიდა იდგა. კარიბჭის წინკარის მეორე მხარესაც 2 მაგიდა იდგა. 41 კარიბჭის ორივე მხარეს 4-4 მაგიდა იდგა, სულ — 8 მაგიდა, რომლებზეც მსხვერპლი იკვლებოდა. 42 მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისთვის განკუთვნილი 4 მაგიდა თლილი ქვისა იყო; სიგრძით — წყრთა-ნახევარი, სიგანით — წყრთა-ნახევარი, სიმაღლით — 1 წყრთა. მათზე მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისა და შესაწირავის დასაკლავი იარაღებიც ეწყო. 43 კედლებს შიდა მხარეს ირგვლივ ხელისგულის სიგანის თაროები ჰქონდა მიმაგრებული; მაგიდებზე საძღვნო შესაწირავის ხორცს დებდნენ.
44 შიდა კარიბჭის გარეთ, შიდა ეზოში, ჩრდილოეთ კარიბჭესთან, მგალობელთა+ სასადილო ოთახები იყო; ეს ოთახები სამხრეთს გაჰყურებდა. ერთი სასადილო ოთახიც აღმოსავლეთ კარიბჭესთან იყო და ჩრდილოეთს გაჰყურებდა.
45 მან მითხრა: „სასადილო ოთახი, სამხრეთს რომ გაჰყურებს, იმ მღვდლებისთვისაა, რომლებსაც ტაძარში მსახურება ევალებათ,+ 46 ხოლო ის სასადილო ოთახი, ჩრდილოეთს რომ გაჰყურებს, იმ მღვდლებისთვისაა, რომლებსაც სამსხვერპლოსთან მსახურება ევალებათ.+ ისინი ცადოკის შთამომავლები+ არიან, ლევიანები, რომელთაც იეჰოვას წინაშე წარდგომა და მისი მსახურება ევალებათ“.+
47 შემდეგ მან შიდა ეზო გაზომა, რომელიც ოთხკუთხედის ფორმისა იყო; მისი გვერდების სიგრძე 100-100 წყრთა გამოვიდა. ტაძრის წინ სამსხვერპლო იდგა.
48 მერე ტაძრის წინკარში შემიყვანა+ და გაზომა წინკარის გვერდითი სვეტები. თითოეული სვეტის ერთი გვერდის სიგანე 5 წყრთა იყო, ხოლო მეორე გვერდის სიგანე — 3 წყრთა. ერთი სვეტი მარჯვნივ იყო, მეორე — მარცხნივ.
49 წინკარის სიგრძე 20 წყრთა იყო, სიგანე კი — 11* წყრთა. წინკარს საფეხურებიანი ასასვლელი ჰქონდა. გვერდით სვეტებთან სხვა სვეტებიც იდგა, ერთი ერთ მხარეს და მეორე — მეორე მხარეს.+