კანონი
28 „თუ დაემორჩილები იეჰოვას, შენს ღმერთს და გულდასმით შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც დღეს გიბრძანებ, იეჰოვა, შენი ღმერთი, დედამიწის ყველა ერზე აღმატებულს გაგხდის.+ 2 თუ დაემორჩილები იეჰოვას, შენს ღმერთს, უხვად გექნება ყველა ეს კურთხევა:+
3 კურთხეული იქნები შენს ქალაქში და კურთხეული იქნები შენს მინდორში.+
4 კურთხეულნი იქნებიან შენი შვილები,+ კურთხეული იქნება შენი მიწის ნაყოფი, შენი პირუტყვის, შენი საქონლისა და ფარის ნაშიერი.+
5 კურთხეული იქნება შენი კალათა+ და ვარცლი.+
6 კურთხეული იქნები ყველა შენს საქმეში.
7 იეჰოვა დაამარცხებს თქვენთან საბრძოლველად გამოსულ მტერს.+ ერთი გზით წამოვლენ და შვიდი გზით გაიქცევიან.+ 8 იეჰოვა აკურთხებს თქვენს ბეღლებს+ და ყველა თქვენს საქმეს; გაკურთხებთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ. 9 თუ დაიცავთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, მცნებებს და მისი გზით ივლით, იეჰოვა თავის წმინდა ხალხად გცნობთ,+ როგორც დაგიფიცათ.+ 10 გაიგებს დედამიწის ყველა ხალხი, რომ იეჰოვას სახელით იწოდებით,+ და შეეშინდებათ თქვენი.+
11 გაკურთხებთ იეჰოვა, ბევრი შვილი გეყოლებათ, პირუტყვი გაგიმრავლდებათ და უხვად მოიწევთ მოსავალს+ იმ მიწაზე, რომლის მოცემაც იეჰოვამ თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+ 12 გახსნის იეჰოვა თავის მადლიან საგანძურს, ზეცას, რომ თავის დროზე აწვიმოს+ და აკურთხოს თქვენი ხელის ნამოქმედარი; თქვენგან მრავალი ერი ისესხებს, თავად კი არ დაგჭირდებათ სესხება.+ 13 იეჰოვას წყალობით თავი იქნები და არა კუდი, მაღლა მოექცევი+ და არა დაბლა, თუ დაიცავ იეჰოვას, შენი ღვთის, მცნებებს, რომელთა შესრულებასაც დღეს გიბრძანებ. 14 არ გადახვიდე არცერთ სიტყვას, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც მარჯვნივ გადაუხვიო და არც მარცხნივ,+ არ სცე თაყვანი და არ ემსახურო სხვა ღმერთებს.+
15 თუ არ დაემორჩილები იეჰოვას, შენს ღმერთს, და არ დაიცავ მის მცნებებსა და წესებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, თავს დაგატყდება ყველა ეს წყევლა:+
16 წყეული იქნები შენს ქალაქში და წყეული იქნები შენს მინდორში.+
17 წყეული იქნება შენი კალათა+ და ვარცლი;+
18 წყეულნი იქნებიან შენი შვილები,+ წყეული იქნება შენი მიწის ნაყოფი, შენი საქონლისა და ფარის ნაშიერი.+
19 წყეული იქნები ყველა შენს საქმეში.
20 მოგივლენს იეჰოვა წყევლას, არეულ-დარეულობას და სასჯელს ყველა შენს საქმეში, რის გაკეთებასაც დააპირებ, სანამ არ მოისპობი, დაუყოვნებლივ არ განადგურდები შენი ბოროტი საქმეების გამო, იმის გამო, რომ მიმატოვე.+ 21 არ მოგაშორებს ჭირს იეჰოვა, სანამ არ ამოგძირკვავს იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.+ 22 მოგივლენს იეჰოვა ჭლექს, ციებ-ცხელებას,+ ანთებას, მწველ სიცხეს, მახვილს,+ ხორშაკსა და ჭრაქს;+ გეწევა ეს ყველაფერი და განადგურდები. 23 ცა სპილენძად გექცევა და დედამიწა — რკინად;+ 24 წვიმის ნაცვლად ციდან მტვერსა და ქვიშას მოგივლენს იეჰოვა შენს მიწაზე და მოისპობი. 25 იეჰოვა დაგამარცხებთ მტერთან ბრძოლაში;+ ერთი გზით წახვალთ მათ წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევით მათგან; რაც თავს გადაგხდებათ, შიშის ზარს დასცემს დედამიწის ყველა სამეფოს.+ 26 შენს გვამს ცის ფრინველები და მიწის მხეცები შეჭამენ და არავინ დააფრთხობს მათ.+
27 შეგყრის იეჰოვა ეგვიპტის ბებერებს, ბუასილს, კანის წყლულსა და გამონაყარს, და ვერ განიკურნები. 28 იეჰოვა სიგიჟეს, სიბრმავესა+ და დაბნეულობას მოგგვრის. 29 ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში.+ ხელი არაფერში მოგემართება; ყოველთვის შენ გამოგძალავენ და გაგძარცვავენ, მშველელი კი არ გეყოლება.+ 30 გააუპატიურებენ იმ ქალს, რომელზეც დაინიშნები; აიშენებ სახლს, მაგრამ მასში ვერ იცხოვრებ;+ ვენახს გააშენებ, მაგრამ ვერ დაკრეფ.+ 31 თვალწინ დაგიკლავენ ხარს, მაგრამ მის ხორცს ვერ შეჭამ; წაგართმევენ ვირს და აღარ დაგიბრუნებენ; შენს ცხვარს მტერი ჩაიგდებს ხელში, მაგრამ მშველელი არ გეყოლება. 32 საკუთარი თვალით დაინახავ, როგორ ჩაიგდებს ხელში სხვა ხალხი შენს ვაჟებსა და ასულებს;+ მოგენატრებიან ისინი, მაგრამ ვერაფერს იღონებ. 33 შენი მიწის ნაყოფს და შენს მოსავალს უცხოები შეჭამენ;+ ყოველთვის მოტყუებული და დაჩაგრული იქნები. 34 შეგშლის შენი თვალით დანახული.
35 იეჰოვა მტკივნეულ და უკურნებელ ბებერებს შეგყრით მუხლებსა და ფეხებზე, ტერფიდან თხემამდე. 36 წაგიყვანთ იეჰოვა თქვენ და თქვენს მეფეს თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უცნობ ერთან+ და იქ ხისა და ქვის ღმერთებს დაუწყებთ თაყვანისცემას.+ 37 რაც თავს გადაგხდებათ, შიშის ზარს დასცემს იმ ხალხს, რომელთანაც იეჰოვა წაგიყვანთ; აბუჩად აგიგდებენ და დაგცინებენ.+
38 ბევრ თესლს დათესავ მინდორში, მაგრამ მოსავალს ცოტას მოიწევ,+ რადგან კალიები გაგიჩანაგებენ. 39 ვენახს გააშენებ და მოუვლი, მაგრამ ღვინოს ვერ დალევ და ვერც ვერაფერს დაკრეფ,+ რადგან ჭია შეგიჭამს. 40 შენს მიწაზე ზეთისხილის ხეები მრავლად იქნება, მაგრამ ზეთს ვერ იცხებ, ზეთისხილის ხეებს ნაყოფი არ შერჩება. 41 ვაჟებსა და ასულებს გააჩენ, მაგრამ შენთან არ იქნებიან, რადგან ტყვეობაში ჩაცვივდებიან.+ 42 მთელ შენს ხეებსა და მოსავალს მწერები დაესევიან. 43 თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი უფრო და უფრო ამაღლდება, შენ კი უფრო და უფრო დამდაბლდები. 44 ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ.+ ის თავი გახდება, შენ კი — კუდი.+
45 თუ არ დაემორჩილები იეჰოვას, შენს ღმერთს, და არ დაიცავ მის მცნებებსა და წესებს, რომლებიც გიბრძანა,+ დაგედევნება ყველა ეს წყევლა,+ მოგეწევა და განადგურდები.+ 46 არასოდეს მოგცილდებათ ეს წყევლა შენ და შენს შთამომავლებს და ეს იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი,+ 47 რადგან არ ემსახურებოდი იეჰოვას, შენს ღმერთს, გულგახარებული, მაშინ როცა არაფერი გაკლდა.+ 48 მსახურად დაუდგები შენს მტრებს, რომელთაც იეჰოვა მოგივლენს,+ მაშინ როცა მშიერი,+ მწყურვალი, შიშველი და უქონელი იქნები; კისერზე რკინის უღელს დაგადგამს და ბოლოს მოგიღებს.
49 იეჰოვა აგიმხედრებს შორს, დედამიწის მეორე ბოლოში მცხოვრებ ხალხს,+ რომლის ენასაც ვერ გაიგებ;+ არწივივით დაგაცხრება+ 50 მრისხანე ხალხი, რომელიც არ დაინდობს არც მოხუცს და არც ახალგაზრდას.+ 51 შეგიჭამენ პირუტყვის ნაშიერს, მიწის ნაყოფს და მოისპობით; არ დაგიტოვებენ არც მარცვლეულს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც საქონლისა და ფარის ნაშიერს და გაგანადგურებენ.+ 52 ალყაშემორტყმული იქნებით თქვენს ქალაქებში, სანამ არ ჩამოიშლება თქვენი მაღალი და გამაგრებული გალავანი, რისი იმედიც გაქვთ; ალყაშემორტყმული იქნებით თქვენს ქალაქებში იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მოგცემთ.+ 53 შეჭამთ თქვენს შვილებს, თქვენი ვაჟებისა და ასულების ხორცს,+ რომლებსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, მოგცემთ, რადგან ალყაში იქნებით მოქცეულნი და შეგავიწროებთ თქვენი მტერი.
54 ყველაზე ფაქიზი და გულჩვილი კაციც კი არ შეიბრალებს თავის ძმას, საყვარელ ცოლსა და ცოცხლად დარჩენილ შვილებს. 55 არ გაუყოფს მათ თავისი ვაჟების ხორცს, რადგან სხვა არაფერი ექნება, იმიტომ რომ მტერს შევიწროებული და ალყაშემორტყმული ეყოლება თავის ქალაქში.+ 56 ფაქიზი და გულჩვილი ქალიც კი,+ რომელსაც მიწაზე ფეხი არ დაუკარებია, არ შეიბრალებს თავის საყვარელ ქმარს, ვაჟსა და ასულს; 57 ჩუმად შეჭამს მომყოლს, რომელიც ფეხებს შორის გამოსდის, და შვილს, რომელიც მან გააჩინა, რადგან სხვა არაფერი ექნება, იმიტომ რომ მტერს შევიწროებული და ალყაშემორტყმული ეყოლებით თქვენს ქალაქებში.
58 თუ ზედმიწევნით არ დაიცავთ ამ კანონის ყველა სიტყვას, რომლებიც ამ წიგნშია ჩაწერილი,+ და არ გექნებათ შიში თქვენი ღვთის დიდებული და მოწიწების მომგვრელი სახელისადმი,+ იეჰოვასადმი,+ 59 იეჰოვა უბედურებას დაგატეხთ თქვენ და თქვენს შთამომავლობას, უსაშველო და უსასრულო ტანჯვას,+ აუტანელ და ხანგრძლივ ავადმყოფობას. 60 მოგივლენთ ეგვიპტის ყველა სნეულებას, რისიც გეშინოდათ, და ვერ მოიცილებთ. 61 შეგყრით იეჰოვა ყველა იმ დაავადებასა და უბედურებას, რომლებიც არ ჩაწერილა ამ კანონის წიგნში, და მოგსპობთ. 62 ახლა ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ,+ მაგრამ, თუ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, დაცოტავდებით.+
63 როგორც მაშინ ხარობდა იეჰოვა, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, მერეც ისე გაიხარებს იეჰოვა, როცა გაგანადგურებთ და მოგსპობთ. ამოიძირკვებით მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64 გაგფანტავთ იეჰოვა ხალხებში, დედამიწის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე,+ და იქ თქვენი მამა-პაპისთვის უცნობ ღმერთებს, ხისა და ქვის ღმერთებს, დაუწყებთ თაყვანისცემას.+ 65 მშვიდად ვერ იცხოვრებთ იმ ერებში+ და არც ფეხის დასადგმელი ადგილი გექნებათ. გულს აგიცახცახებთ იეჰოვა,+ მხედველობას დაგიქვეითებთ და სასოწარკვეთილებაში ჩაგყრით.+ 66 თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, დღე და ღამე შეშინებულნი იქნებით და არ გეცოდინებათ, გადარჩებით თუ არა. 67 ისეთი შიში შეგიპყრობთ და ისე შეგაძრწუნებთ თვალით ნანახი, რომ დილით ინატრებთ, ნეტავ მალე დაღამდესო, და საღამოს ინატრებთ, ნეტავ მალე გათენდესო. 68 იეჰოვა ხომალდით გაგიყენებთ ეგვიპტის გზას, იმ გზას, რომელზეც გითხარით, აღარასოდეს იხილავთ-მეთქი. მონებად და მხევლებად მოინდომებთ საკუთარი თავის მიყიდვას მტრებისთვის, მაგრამ მყიდველი არ გეყოლებათ“.