ზაქარია
1 დარიოსის მეფობის მე-2 წლის მე-8 თვეს+ იეჰოვას სიტყვა ეუწყა წინასწარმეტყველ ზაქარიას*,+ იდოს ვაჟის, ბერექიას, ვაჟს, და უთხრა: 2 «ძლიერ განურისხდა იეჰოვა თქვენს მამა-პაპას.+
3 უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დამიბრუნდით, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
4 ნუ დაემსგავსებით თქვენს მამა-პაპას, რომელთაც წინასწარმეტყველნი ეუბნებოდნენ, აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, მობრუნდით თქვენი ბოროტი გზიდან და ნუღარ ჩაიდენთ ბოროტებასო.+
მათ კი არ მისმინეს, ყური არ დამიგდეს,+ — ამბობს იეჰოვა. —
5 სად არის ახლა თქვენი მამა-პაპა?! მარადიულად იცოცხლეს წინასწარმეტყველებმა?! 6 თუმცა ის, რასაც თქვენს მამა-პაპას ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ვეუბნებოდი და რის შესახებაც ვაფრთხილებდი, ხომ აუხდათ?!“+ ამიტომაც დამიბრუნდნენ და თქვეს: „რაც განზრახული ჰქონდა ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, ის მოგვაგო ჩვენი გზებისა და საქმეებისამებრ“».+
7 დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-11 თვის, შებატის, 24-ე დღეს+ იეჰოვამ მე, წინასწარმეტყველ ზაქარიას, იდოს ვაჟის, ბერექიას, ვაჟს ხილვა მიჩვენა: 8 „ღამით წითელ ცხენზე ამხედრებული კაცი ვიხილე. ის ხევში მირტის ხეებს შორის იდგა და მის უკან წითელი, მოწითალო-მოყავისფრო და თეთრი ცხენები იდგნენ“.
9 ვიკითხე: „ჩემო ბატონო, ვინ არიან ამ ცხენებზე ამხედრებულნი?“
ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიგო: „გეტყვი, ვინც არიან“.
10 იმ კაცმა, მირტის ხეებს შორის რომ იდგა, მითხრა: „ისინი იეჰოვამ დედამიწის შემოსავლელად გამოგზავნა“. 11 მათ იეჰოვას ანგელოზს, მირტის ხეებს შორის რომ იდგა, უთხრეს: „მოვიარეთ დედამიწა; მთელ დედამიწაზე სიმშვიდე და სიწყნარეა“.+
12 იეჰოვას ანგელოზმა იკითხა: „ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, როდისღა უნდა შეიწყალო იერუსალიმი და იუდას ქალაქები?!+ 70 წელი ხომ გყავდა შერისხული?!“+
13 იეჰოვამ ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, თბილი და მანუგეშებელი სიტყვები უთხრა. 14 შემდეგ ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მითხრა: «დაიძახე, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თავგამოდებით დავიცავ იერუსალიმსა და სიონს, თავგამოდებით დავიცავ.+ 15 ძალიან განრისხებული ვარ უდარდელ ერებზე,+ რადგან ჩემს ხალხზე ისე არ ვიყავი გამწყრალი,+ რომ ამ ერებს მათთვის უბედურებაზე უბედურება დაეტეხათ“.+
16 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „წყალობით დავბრუნდები იერუსალიმში.+ იქ აშენდება ჩემი ტაძარი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე“.+
17 კიდევ ერთხელ დაიძახე, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჩემი ქალაქები კვლავ აივსება სიკეთით. იეჰოვა კვლავ ანუგეშებს სიონს+ და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს“».+
18 გავიხედე და, აი, ოთხი რქა დავინახე.+ 19 მაშინ ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. მან მომიგო: „ეს ის რქებია, რომლებმაც იუდა,+ ისრაელი+ და იერუსალიმი+ გაფანტეს“.
20 შემდეგ იეჰოვამ ოთხი ხელოსანი მახილვინა. 21 ვკითხე, რისთვის მოდიან-მეთქი ისინი.
მან მომიგო: „ამ რქებმა ისე გაფანტეს იუდა, რომ თავი ვერავინ ასწია. ეს ხელოსნები იმიტომ მოდიან, რომ თავზარი დასცენ და რქები დააყრევინონ იმ ხალხებს, რომლებმაც რქებით გაფანტეს იუდა“.