ზაქარია (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების ამ წიგნში ნათქვამია, რომ ის დაწერა „წინასწარმეტყველმა ზაქარიამ, იდოს ვაჟის ბერექიას ვაჟმა“ (ზქ. 1:1). წიგნიდან აგრეთვე ვიგებთ, რა პერიოდს მოიცავს ის და დაახლოებით როდის დაიწერა. ზაქარიას წიგნში მოხსენიებული ბოლო თარიღი არის დარიოსის მეფობის მეოთხე წლის ქისლევის თვის მეოთხე დღე (დაახლ. ძვ. წ. 518 წლის 1 დეკემბერი) (7:1). შესაბამისად, მისი წერა დასრულდებოდა არაუადრეს ძვ. წ. 518 წლის მიწურულს. ვინაიდან იეჰოვას სიტყვა „დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს“ (ძვ. წ. 520 წლის ოქტომბერ-ნოემბერი) გამოეცხადა ზაქარიას (1:1), წიგნი სულ მცირე ორწლიან პერიოდს მოიცავს.
მე-9 თავიდან ზაქარიას წიგნის თემა მკვეთრად იცვლება. მასში მეტად აღარ მოიხსენიება ანგელოზები და ხილვები, გამგებელი ზერუბაბელი და მღვდელმთავარი იეჰოშუა, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები და თავად ზაქარიას სახელიც კი. წიგნის ბოლო თავებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შინაარსიდან და ზემოთქმულიდან გამომდინარე, არაერთი კრიტიკოსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წიგნის ეს ნაწილი ზაქარიას არ დაუწერია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სხვა წინასწარმეტყველთა მსგავსად ზაქარიაც ღვთივშთაგონებით წერდა და ყველა გამოცხადებას ერთსა და იმავე დროს და ერთი და იმავე სახით არ იღებდა (2პტ. 1:20, 21). ამასთან, წიგნი რომ თავიდან ბოლომდე ერთი წინასწარმეტყველის ნაშრომად ითვლებოდეს, აუცილებელი არ არის, მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები მის ან მისი თანამედროვეების სახელებს შეიცავდეს და არსებულ ვითარებას შეესაბამებოდეს. ზაქარიას წიგნის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ ის ერთი მთლიანი ნაშრომია და არა სხვადასხვა მწერლის ერთმანეთთან დაუკავშირებელ ნაწარმოებთა კრებული. მთელ წიგნში ყურადღება მახვილდება იერუსალიმის აღდგენასა და იეჰოვას მიერ მის დაცვაზე (ზქ. 1:13—21; 2:4, 5; 8:14—23; 9:11—17; 12:2—6; 14:3—21).
ისტორიული ფონი. დაახლოებით ძვ. წ. 519 წლის 9 თებერვალს ზაქარია წინასწარმეტყველმა მოისმინა სიტყვები: „მშვიდად და აუღელვებლად არის მთელი დედამიწა“ (ზქ. 1:7, 11). იმ დროისთვის იერუსალიმი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა სხვა ერებისთვის და ისე ჩანდა, თითქოს იეჰოვამ მიატოვა ეს ქალაქი. თუმცა ტაძრის საძირკველი ძვ. წ. 536 წელს იყო ჩაყრილი, მტრების წინააღმდეგობის გამო მშენებლობა ნელა მიიწევდა წინ და საბოლოოდ, ძვ. წ. 522 წელს ოფიციალურად აიკრძალა (ეზრ. 4:4, 5, 24). ამასთან, ტაძრის მშენებლობის მიტოვების გამო მოვლენილმა გვალვამ და მოუსავლიანობამ სამშობლოში დაბრუნებულ იუდეველებს კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა (ანგ. 1:6, 10, 11). მათ გამხნევება სჭირდებოდათ, რათა უზარმაზარი დაბრკოლებების მიუხედავად გაეგრძელებინათ მშენებლობა.
ამიტომ იეჰოვას მიერ ზაქარიას პირით ნათქვამი სიტყვები მათ მართლაც ანუგეშებდა და მხნეობას შემატებდა. ზაქარიასთვის მიცემული ხილვებიდან ნათლად ჩანდა, რომ ღმერთს სურდა, იერუსალიმი და მისი ტაძარი აღდგენილიყო (ზქ. 1:16; თ. 2). ბოლო მოეღებოდა იმ ერების ძალაუფლებას, რომლებმაც იუდა გაფანტეს (1:18—21). მღვდელმთავარი იეჰოშუა ღვთისმოსაწონი სამოსით შეიმოსებოდა (3:3—7), გამგებელი ზერუბაბელი კი ღვთის სულის დახმარებით დაასრულებდა ტაძრის მშენებლობას (4:6—9).
ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს. ზაქარიას წიგნი სრულად ეთანხმება ბიბლიის სხვა წიგნებს და იეჰოვას თავისი ხალხის დამცველად წარმოაჩენს (ზქ. 2:5; შდრ. კნ. 33:27; ფს. 46:11; 125:2). ის აჯილდოებს ან სჯის ცალკეულ ადამიანებსა და ერებს მათი საქმეების მიხედვით და უბრუნდება მასთან დაბრუნებულ მომნანიებლებს (ზქ. 1:2—6; 7:11—14; შდრ. ეს. 55:6, 7; იერ. 25:4—11; ეზკ. 33:11; მლ. 3:7; 2პტ. 3:9). მისი კეთილგანწყობის მოპოვების მსურველთაგან იეჰოვა მოითხოვს ჭეშმარიტების ლაპარაკს, მორჩილებას, სამართლიანობას, სიკეთესა და გულმოწყალებას (ზქ. 7:7—10; 8:16, 17; შდრ. კნ. 24:17; ფს. 15:1, 2; 82:3, 4; იგ. 12:19; იერ. 7:5, 6; ეფ. 4:25). ის არ პასუხობს ურჩების თხოვნას, როცა ისინი დახმარებისთვის მიმართავენ (ზქ. 7:13; შდრ. ეს. 1:15; გდ. 3:42—44).
აგრეთვე არაერთი მნიშვნელოვანი მსგავსებაა ზაქარიას წიგნსა და ბიბლიის სხვა წიგნებს შორის (ზქ. 3:2 შდრ. იუდ. 9-ს; ზქ. 4:3, 11—14 შდრ. გმც. 11:4-ს; ზქ. 4:10 შდრ. გმც. 5:6-ს; ზქ. 8:8 შდრ. გმც. 21:3-ს; ზქ. 14:5 შდრ. იუდ. 14-ს; ზქ. 14:7 შდრ. გმც. 21:25-ს; ზქ. 14:8 შდრ. გმც. 22:1, 17-ს).
შესრულებული წინასწარმეტყველებები. ზაქარიას წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულება ადასტურებს მის უტყუარობას. ალექსანდრე მაკედონელის მიერ სირიაში, ფინიკიასა და ფილისტიმში ლაშქრობის, აგრეთვე ტვიროსისა და ღაზას დაპყრობის შესახებ ისტორიული ცნობები ეთანხმება ზაქარიას 9:1—8-ში ჩაწერილს, ამიტომ შეიძლება ისინი ამ წინასწარმეტყველების შესრულებად მივიჩნიოთ. ამ წიგნიდან ბევრი წინასწარმეტყველება შესრულდა იესო ქრისტეზე: ის, როგორც მეფე, „თავმდაბალი და ვირზე“ ამხედრებული შევიდა იერუსალიმში (ზქ. 9:9; მთ. 21:5; ინ. 12:15), „ოცდაათ ვერცხლად“ გასცეს (ზქ. 11:12, 13; მთ. 26:15; 27:9), მისი მოწაფეები გაიფანტნენ (ზქ. 13:7; მთ. 26:31; მრ. 14:27), ძელზე დაკიდებულს შუბი გაუყარეს (ზქ. 12:10; ინ. 19:34, 37), გახდა მეფე-მღვდელი (ზქ. 6:12, 13; ებ. 6:20; 8:1; 10:21).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ზაქარიადან
წიგნი შეიცავს წინასწარმეტყველურ ცნობებს, რომლებმაც იუდეველები ტაძრის მშენებლობის განახლებისკენ აღძრა, აგრეთვე წინასწარმეტყველებებს მესიის მოსვლისა და მეფე-მღვდლად მსახურების შესახებ.
დაწერა ზაქარიამ სპარსეთის მეფე დარიოს I-ის მეფობის დროს, ძვ. წ. 537 წელს იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებიდან დაახლ. 19 წლის შემდეგ.
მონანიების შესახებ მოწოდება, რვა ხილვა და წინასწარმეტყველება „ყლორტზე“ (1:1—6:15)
პირველი ხილვა: წითელცხენიანი მხედარი სამ მხედართან ერთად დგას მირტის ხეებს შორის. ხილვა მთავრდება იეჰოვას დაპირებით, რომ იერუსალიმის მიმართ წყალობას გამოავლენს და ტაძარი აშენდება.
მეორე ხილვა: ოთხი ხელოსანი ამხობს ოთხ რქას, რომლებმაც იუდა გაფანტეს.
მესამე ხილვა: ჭაბუკი ემზადება იერუსალიმის ლარით გასაზომად, მაგრამ ანგელოზი წინასწარმეტყველებს, რომ ქალაქი გაფართოვდება და იეჰოვა დაიცავს მას.
მეოთხე ხილვა: მღვდელმთავარ იეჰოშუას ხდიან წაბილწულ ტანსაცმელს და საზეიმო სამოსით მოსავენ.
მეხუთე ხილვა: ზაქარია ხედავს შვიდლამპრიან ოქროს სალამპრეს, რომელსაც ზეთი ორი ზეთისხილის ხიდან მიეწოდება. ღვთის სულის დახმარებით ზერუბაბელი დაასრულებს ტაძრის მშენებლობას.
მეექვსე ხილვა: მფრინავი გრაგნილით წარმოდგენილია წყევლა, რომელიც ეწევა ყველას, ვინც ქურდობს და ცრუდ იფიცებს იეჰოვას სახელს.
მეშვიდე ხილვა: ქალი, სახელად ბოროტება, ეფის საწყაოთი მიჰყავთ შინარის მიწაზე.
მერვე ხილვა: სპილენძის ორ მთას შორის ოთხი ეტლი გამოდის დედამიწის შემოსავლელად.
კაცი, სახელად „ყლორტი“, ააშენებს იეჰოვას ტაძარს და მეფე-მღვდლად იმსახურებს.
უნდა ემარხულათ იერუსალიმზე დატეხილი უბედურებების მოსაგონებლად? (7:1—8:23)
უბედურებები ურჩობისთვის დატეხილი სასჯელი იყო. მათ მოსაგონებლად მარხვას იუდეველები სინამდვილეში იეჰოვასთვის არ იცავდნენ.
ღმერთი კეთილგანწყობილი იქნება იერუსალიმის მიმართ. მარხვის დღეები, რომლებსაც ისინი მანამდე იცავდნენ, „სიხარულად, მხიარულებად და დღესასწაულად იქცევა“. სხვა ერებიდან ბევრი მივა იერუსალიმში იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
განაჩენი ერებისთვის, წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ და ღვთის ხალხის აღორძინება (9:1—14:21)
იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ბევრ ქალაქსა და ერზე.
სიონის მართალი და თავმდაბალი მეფე ვირზე ამხედრებული შევა ქალაქში.
იეჰოვა რისხვას გადმოანთხევს ცრუ მწყემსებზე.
ღმერთი ეგვიპტიდან და ასურეთიდან გამოიყვანს თავის გაფანტულ ხალხს.
ზაქარია მწყემსად ინიშნება. ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, გასამრჯელო გადაუხადონ. მის შრომას ისინი 30 ვერცხლად აფასებენ.
იერუსალიმი მძიმე ქვად იქცევა და მწარედ დაკაწრავს ყველას, ვინც ხელს ახლებს.
გაიხსნება ჭა ცოდვის წარსახოცად. დაჰკრავენ მწყემსს და გაიფანტება ცხვარი.
იერუსალიმს თავს დაესხმიან, მაგრამ თავდამსხმელების წინააღმდეგ იეჰოვა იბრძოლებს.
თავდამსხმელთაგან დარჩენილები ყოველ წელს იზეიმებენ კარვობის დღესასწაულს და მდაბლად თაყვანს სცემენ იეჰოვას, როგორც მეფეს.