კანონი
7 „შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც მიდიხარ+ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ერებს:+ ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს,+ ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს,+ შვიდ ერს, რომლებიც შენზე მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან.+ 2 იეჰოვა, შენი ღმერთი, ხელში ჩაგიგდებს მათ და დაამარცხებ.+ გაანადგურე ისინი;+ არ დადო მათთან არანაირი შეთანხმება და არ შეიბრალო.+ 3 არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასულები მათ ვაჟებს და არც მათი ასულები მოუყვანო შენს ვაჟებს,+ 4 რადგან ჩამომაშორებენ ისინი შენს ვაჟებს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას.+ განგირისხდება იეჰოვა და მყისვე გაგანადგურებს.+
5 ასე მოიქეცით: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დაამტვრიეთ მათი სათაყვანო სვეტები,+ აჩეხეთ მათი სათაყვანო ბოძები+ და ცეცხლში დაწვით მათი ქანდაკებები.+ 6 წმინდა ხალხი ხართ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის. დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ხალხებს შორის თქვენ გამოგარჩიათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით, მისი საკუთრება.+
7 იეჰოვამ იმიტომ კი არ გამოგარჩიათ და შეგიყვარათ, რომ ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყავით;+ ხალხებს შორის თქვენ ყველაზე მცირერიცხოვანნი იყავით.+ 8 იეჰოვა ასე იმიტომ მოიქცა, რომ უყვარდით და თქვენს მამა-პაპასთან ფიცი ჰქონდა დადებული;+ იეჰოვამ თავისი ძლიერი მკლავით დაგიხსნათ ფარაონის ხელიდან, ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით,+ რომ გამოესყიდეთ. 9 თქვენ იცით, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთია, ერთგული ღმერთი; ის იცავს თავის შეთანხმებას და მეათასე თაობამდე უყვარს* თავისი მოყვარულნი და ისინი, ვინც მის მცნებებს იცავენ,+ 10 ხოლო თავის მოძულეებს საკადრისს მიუზღავს და გაანადგურებს;+ არ დააყოვნებს, საკადრისს მიუზღავს. 11 ზედმიწევნით დაიცავით მცნებები, წესები და სამართალი, რომლებიც დღეს გიბრძანეთ.
12 თუ თქვენ დაიცავთ ამ კანონებს, იეჰოვა, თქვენი ღმერთიც, დაიცავს თავის შეთანხმებას და მისი თქვენდამი სიყვარული ურყევი* იქნება, როგორც ეს თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა. 13 შეგიყვარებთ, გაკურთხებთ და გაგამრავლებთ; კურთხეულნი იქნებით და ბევრი შვილი გეყოლებათ,+ უხვ მოსავალს მოიწევთ, არ მოგაკლდებათ მარცვლეული, ღვინო, ზეთი,+ გაგიმრავლდებათ ცხვარ-ძროხა იმ მიწაზე, რომლის მოცემაც თქვენთვის თქვენს მამა-პაპას ფიცით აღუთქვა.+ 14 ხალხებს შორის ყველაზე კურთხეულნი იქნებით.+ თქვენ შორის არავინ იქნება უშვილო, არც კაცი და არც ქალი; პირუტყვიც გაგიმრავლდებათ.+ 15 აგაშორებთ იეჰოვა ყველანაირ ავადმყოფობას; არ შეგყრით იმ სნეულებებს, რომლებიც ეგვიპტეში იყო;+ მათ თქვენ მოძულეებს შეყრის. 16 გაანადგურეთ ყველა ის ხალხი, რომელთაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, ხელში ჩაგიგდებთ;+ არ შეიბრალოთ ისინი.+ არ ემსახუროთ მათ ღმერთებს,+ რომ მახედ არ გექცნენ.+
17 თუ გულში იტყვი, ეს ხალხები მრავალრიცხოვანნი არიან და როგორ განვდევნიო,+ 18 ნუ შეგეშინდება მათი.+ გახსოვდეს, რა დამართა იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს,+ 19 არ დაგავიწყდეს ის დიდი სასჯელები, რომლებიც საკუთარი თვალით იხილე, სასწაულები+ და იეჰოვას, შენი ღვთის, ძლიერი ხელი და გაწვდილი მკლავი, რომლითაც დაგიხსნა.+ იმავეს დამართებს შენი ღმერთი იეჰოვა ყველა ხალხს, ვისიც გეშინია.+ 20 იეჰოვა, შენი ღმერთი, მათ, ვინც გადარჩა+ და ვინც გემალებოდა, მხნეობას წაართმევს*, ვიდრე განადგურდებიან. 21 ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა იეჰოვა, შენი ღმერთი,+ დიადი და შიშის მომგვრელი ღმერთი.+
22 იეჰოვა, შენი ღმერთი, ნელ-ნელა მოგაშორებს იმ ერებს.+ ერთბაშად არ გაანადგურო ისინი, მხეცები რომ არ გამრავლდნენ შენდა საზიანოდ. 23 იეჰოვა, შენი ღმერთი, ხელში ჩაგიგდებს მათ; დაამარცხებს და ბოლოს მოუღებს.+ 24 ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს+ და მოსპობ მათ სახსენებელს ცისქვეშეთში.+ წინ ვერავინ აღგიდგება,+ ყველას შემუსრავ.+ 25 ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებები.+ არ ისურვო ოქრო-ვერცხლი, ზედ რომ აქვთ, და არ წაიღო,+ რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის.+ 26 არ შეიტანო სახლში არანაირი სისაძაგლე, რომ შენც მასავით არ განადგურდე. შეიზიზღე და შეიძულე ის, რადგან გასანადგურებელია“.