ლევიანები
16 ელაპარაკა იეჰოვა მოსეს აარონის ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ, რომლებიც იეჰოვას წინაშე წარდგნენ და დაიხოცნენ.+ 2 იეჰოვამ მოსეს მიმართა: „უთხარი შენს ძმას, აარონს, რომ ფარდის შიგნით+ წმინდა ადგილზე+ ნებისმიერ დროს არ შევიდეს და არ დადგეს კიდობნის სახურავის წინ, რათა არ მოკვდეს,+ ვინაიდან სახურავის ზემოთ ღრუბელში გამოვცხადდები.+
3 აი, რა უნდა შესწიროს აარონმა, ვიდრე წმინდა ადგილას შევა: მოზვერი — ცოდვის შესაწირავად+ და ვერძი — დასაწვავ მსხვერპლად.+ 4 ჩაიცვას სელის წმინდა გრძელი სამოსელი,+ ქვედა საცვალი+ სასირცხო ადგილების დასაფარავად, შემოირტყას სელის სარტყელი+ და თავზე სელის თავსაბურავი შემოიხვიოს.+ ეს წმინდა შესამოსელია.+ ჯერ იბანაოს+ და მერე ჩაიცვას.
5 გამოართვას ისრაელებს+ ორი ვაცი ცოდვის შესაწირავად და ერთი ვერძი — დასაწვავ მსხვერპლად.
6 მიიყვანოს აარონმა თავისთვის ცოდვის შესაწირავი მოზვერი და შეასრულოს გამოსყიდვის წესი თავისთვის+ და თავისი სახლეულობისთვის*.
7 შემდეგ წაიყვანოს მან ორივე ვაცი და დააყენოს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან. 8 ყაროს წილი აარონმა ორივე ვაცზე: ერთი წილი იეჰოვასი იქნება, ხოლო მეორე — განტევების ვაცისა*. 9 მიიყვანოს აარონმა ვაცი, რომელიც წილისყრით+ იეჰოვას ერგება, და შესწიროს ცოდვის შესაწირავად. 10 ის ვაცი კი, რომელიც განტევებისა იქნება, იეჰოვას წინაშე დააყენოს, რომ გამოსყიდვის წესი შეასრულოს და უდაბნოში გაუშვას.+
11 აარონი თავისთვის ცოდვის შესაწირავ მოზვერს რომ მიიყვანს, შეასრულოს გამოსყიდვის წესი თავისთვის და თავისი სახლეულობისთვის; შემდეგ კი დაკლას ცოდვის შესაწირავი მოზვერი.+
12 აიღოს საცეცხლური,+ რომელიც სავსე იქნება იეჰოვას წინაშე მდგარი სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე ნაკვერჩხლებით,+ ორი სავსე მუჭა წვრილად დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი+ და შეიტანოს ფარდის შიგნით.+ 13 დააყაროს ნაკვერჩხალს საკმეველი იეჰოვას წინაშე+ და საკმევლიდან ასული კვამლი კიდობნის სახურავს მოეფინება,+ რომელიც მოწმობის კიდობანზეა,+ რათა არ მოკვდეს იგი.
14 აიღოს თითით მოზვრის სისხლი+ და სახურავის წინ, აღმოსავლეთით, დააწვეთოს; შვიდჯერ დააწვეთოს თითით სისხლი სახურავის წინ.+
15 შემდეგ დაკლას ცოდვის შესაწირავი ვაცი ხალხისთვის,+ მისი სისხლი ფარდის შიგნით შეიტანოს+ და რაც მოზვრის სისხლით გააკეთა, მისი სისხლითაც იგივე გააკეთოს:+ დააწვეთოს სახურავის წინ.
16 შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა ადგილისთვის ისრაელთა უწმინდურების, დანაშაულისა და ცოდვების გამო.+ ასე უნდა მოიქცეს შეხვედრის კარვისთვის, რომელიც გაუწმინდურებულ ისრაელთა შორისაა.
17 იმ დროს, როცა ის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად წმინდა ადგილას იქნება შესული, შეხვედრის კარავში სხვა არავინ უნდა იყოს. შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი თავისთვის, თავისი სახლეულობისა+ და მთელი ისრაელისთვის.+
18 შემდეგ გამოვიდეს სამსხვერპლოსთან,+ რომელიც იეჰოვას წინაშეა, და მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს. აიღოს მოზვრისა და ვაცის სისხლი და სცხოს სამსხვერპლოს თითოეულ რქას. 19 შვიდჯერ დააწვეთოს მასზე თითით სისხლი და განწმინდოს ის ისრაელთა უწმინდურებისგან.
20 წმინდა ადგილისთვის, შეხვედრის კარვისა და სამსხვერპლოსთვის+ გამოსყიდვის წესს რომ შეასრულებს,+ მიიყვანოს მეორე ვაცი.+ 21 დაადოს აარონმა ამ ვაცს თავზე ორივე ხელი, აღიაროს ისრაელთა დანაშაული და ცოდვები, ატვირთვინოს მას+ და გაუშვას უდაბნოში ამ საქმისთვის არჩეული კაცის ხელით. 22 წაიღებს ვაცი ყველა მათ დანაშაულს+ უკაცრიელ მიწაზე.+ მან ვაცი უდაბნოში უნდა გაუშვას.+
23 შევიდეს აარონი შეხვედრის კარავში და გაიხადოს სელის სამოსელი, რომელიც წმინდა ადგილზე შესვლისას ეცვა, და იქ დადოს. 24 იბანაოს+ წმინდა ადგილას, ჩაიცვას სხვა სამოსელი,+ მივიდეს და შესწიროს თავისი დასაწვავი მსხვერპლი+ და ხალხის დასაწვავი მსხვერპლი;+ ასე შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი თავისთვისაც და ხალხისთვისაც.+ 25 ცოდვის შესაწირავის ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, რომ აბოლდეს.
26 მან, ვინც განტევების ვაცი+ გაუშვა, გაირეცხოს ტანსაცმელი და იბანაოს; მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ბანაკში შესვლა.
27 გაიტანონ ბანაკის გარეთ ცოდვის შესაწირავი მოზვერიცა და ვაციც, რომელთა სისხლიც გამოსყიდვის წესის შესასრულებლად წმინდა ადგილას იყო შეტანილი. მათი ტყავი, ხორცი და ნეხვი ცეცხლში უნდა დაიწვას.+ 28 ვინც დაწვავს, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; ამის შემდეგ შეეძლება მას ბანაკში შესვლა.
29 ეს იქნება სამარადისო წესი თქვენთვის: მეშვიდე თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი* და არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა არ იმუშაოს.+ 30 ამ დღეს შესრულდება თქვენთვის გამოსყიდვის+ წესი და განიწმინდებით. იეჰოვას თვალში ყველა თქვენი ცოდვისგან იქნებით განწმენდილნი.+ 31 ეს თქვენთვის დასვენების შაბათი იქნება; დაიმდაბლეთ თავი.+ ეს არის სამარადისო წესი.
32 მან, ვისაც მამამისის შემდეგ+ სცხებენ ზეთს+ და მღვდლად დაინიშნება,+ გამოსყიდვის წესი შეასრულოს და სელის წმინდა სამოსელი ჩაიცვას.+ 33 შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი წმინდა ადგილისთვის,+ შეხვედრის კარვისთვის,+ სამსხვერპლოსთვის,+ მღვდლებისა და მთელი ხალხისთვის.+ 34 ეს იქნება თქვენთვის სამარადისო წესი,+ რათა წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის წესი შესრულდეს ისრაელთა ყველა ცოდვისთვის“.+
აარონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები.