მეფეები — წიგნი პირველი
10 შეიტყო საბას* დედოფალმა, როგორ განდიდდა სოლომონი იეჰოვას სახელის გამო,+ და წავიდა მასთან, რომ რთული კითხვებით გამოეცადა.+ 2 ჩავიდა იგი იერუსალიმში დიდი ამალით,+ ბალზამის ზეთით,+ დიდძალი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დატვირთული აქლემებით. დედოფალი ესტუმრა სოლომონს და ყველაფერი გამოჰკითხა, რისი გაგებაც სურდა. 3 სოლომონმა ყველა კითხვას უპასუხა; არცერთ კითხვაზე არ გასჭირვებია პასუხის გაცემა.
4 მოისმინა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ იხილა მისი აშენებული სახლი,+ 5 მისი სუფრა,+ მის მსახურთა სუფრასთან სხდომის წესი, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა, მისი მერიქიფეების საქმიანობა და დასაწვავი მსხვერპლი, რომელსაც ის ყოველდღიურად სწირავდა იეჰოვას ტაძარში, და დიდად განცვიფრდა იგი. 6 მან მეფეს უთხრა: „მართალი ყოფილა ყველაფერი, რაც შენს დიდებასა და სიბრძნეზე მსმენოდა ჩემს ქვეყანაში! 7 არ მჯეროდა გაგონილი, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვნახე ყველაფერი. თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის; იმაზე ბრძენი და მდიდარი ყოფილხარ, ვიდრე მსმენოდა! 8 ბედნიერია შენი ხალხი და ბედნიერნი არიან შენი მსახურები, რომლებიც შენ გვერდით არიან და შენს სიბრძნეს ისმენენ!+ 9 დიდება იეჰოვას, შენს ღმერთს,+ რომელმაც მოგიწონა და მეფედ დაგსვა ისრაელის ტახტზე; ისრაელისადმი მარადიული სიყვარულის გამო დაუყენებიხარ იეჰოვას მეფედ სამართლისა და სიმართლის აღსასრულებლად!“
10 მიართვა მან მეფეს 120 ტალანტი* ოქრო, ბალზამის ზეთი+ დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები;+ არავის მიურთმევია მეფისთვის იმდენი ბალზამის ზეთი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა.
11 ხირამის ხომალდებით, რითაც ოქრო ჩამოჰქონდათ ოფირიდან,+ სანდალოზის ხის მორებიც+ მოჰქონდათ დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვებიც.+ 12 სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ საყრდენები გააკეთა იეჰოვას ტაძრისა და მეფის სასახლისთვის, მომღერლებისთვის კი ქნარები და სხვა სიმებიანი საკრავები დაამზადა;+ მას შემდეგ ამდენი სანდალოზის მორი არავის შემოუტანია და არც არავის უნახავს.
13 მეფე სოლომონმა საბას დედოფალს გულუხვად მიართვა ძღვენი; თუკი რამ ისურვა და ითხოვა დედოფალმა, მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა. ამის შემდეგ საბას დედოფალი მსახურებთან ერთად თავის ქვეყანაში დაბრუნდა.+
14 ყოველწლიურად 666 ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს,+ 15 გარდა იმისა, რაც ვაჭრებისგან, არაბთა მეფეებისა და ქვეყნის გამგებლებისგან შესდიოდა მას.
16 ოქროს შენადნობისგან მეფე სოლომონმა 200 დიდი ფარი დაამზადა+ (თითოეულ ფარს 600 შეკელი* ოქრო დასჭირდა)+ 17 და ოქროსავე შენადნობისგან გააკეთა 300 პატარა ფარი (თითოეულ ფარს 3 მინა* ოქრო დასჭირდა). მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში დააწყო.+
18 მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი გააკეთა+ და ხალასი ოქროთი მოავარაყა.+ 19 ტახტამდე ექვსსაფეხურიანი კიბე ადიოდა, მის უკან კი თაღი იყო; ტახტს ორივე მხარეს საიდაყვეები ჰქონდა, აქეთ-იქით თითო-თითო ლომის+ ქანდაკება იდგა. 20 ექვს საფეხურზე სულ 12 ლომი იდგა, თითო ლომი ყოველი საფეხურის ორივე კიდეზე. მსგავსი რამ არცერთ სხვა სამეფოში არ ყოფილა.
21 მეფე სოლომონის სასმისები ოქროსი იყო, ლიბანის ტყის სახლის+ ჭურჭელი კი — ხალასი ოქროსი. ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან სოლომონის მეფობის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა.+ 22 მეფეს ზღვაში თარშიშული ხომალდები+ ჰყავდა ხირამის ხომალდებთან ერთად. სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით, სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით სავსე თარშიშული ხომალდები.
23 დედამიწის ყველა სხვა მეფეზე მდიდარი+ და ბრძენი+ იყო სოლომონი. 24 ყველა ხალხს სურდა სოლომონის ნახვა, რათა მოესმინათ სიბრძნე, ღმერთს რომ ებოძებინა მისთვის.+ 25 ყველა თავისი ძღვნით მიდიოდა მასთან; მიჰქონდათ ოქრო-ვერცხლის ნივთები, სამოსელი, იარაღი და ბალზამის ზეთი, აგრეთვე მიჰყავდათ ცხენები და ჯორები. ასე ხდებოდა ყოველწლიურად.
26 თავს უყრიდა მეფე სოლომონი ეტლებსა და ცხენებს; 1 400 ეტლი და 12 000 ცხენი ჰყავდა.+ დააყენა მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და თავისთან, იერუსალიმთან, ახლოს.+
27 მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით, შეფელაში რომ იზრდება.+
28 სოლომონისთვის ცხენები ეგვიპტიდან ჩამოჰყავდათ; მეფის ვაჭრები ჯოგებად ყიდულობდნენ ცხენებს განსაზღვრულ ფასად*.+ 29 ეტლი 600 ვერცხლად შემოჰყავდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი — 150 ვერცხლად; მათვე ჩამოჰყავდათ ეტლები და ცხენები ხეთელი+ და სირიელი მეფეებისთვის.