მოციქულთა საქმეები
6 იმ დროს, როცა მოწაფეების რიცხვი მატულობდა, ბერძნულენოვანმა იუდეველებმა ჩივილი დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები.+ 2 ამიტომ თორმეტმა მოციქულმა მრავალ მოწაფეს მოუხმო და უთხრა: „არ იქნება სწორი, რომ ჩვენ ღვთის სიტყვის სწავლება შევწყვიტოთ და სუფრების მომსახურება დავიწყოთ.+ 3 ძმებო, შეარჩიეთ თქვენ შორის შვიდი სანდო კაცი,+ წმინდა სულითა და სიბრძნით სავსე,+ რათა ისინი ამ საჭირო საქმეზე დავნიშნოთ,+ 4 ჩვენ კი ლოცვასა და ღვთის სიტყვის სწავლებას მივუძღვნით თავს“. 5 მათი ნათქვამი ყველას მოეწონა; ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და წმინდა სულით სავსე, აგრეთვე ფილიპე,+ პროქორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ანტიოქიელი პროზელიტი ნიკოლაე, 6 და მიიყვანეს მოციქულებთან, რომლებმაც ილოცეს და ხელები დაადეს მათ.+
7 ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა+ და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა;+ ბევრმა მღვდელმაც ირწმუნა.+
8 ღვთის მადლითა და ძალით სავსე სტეფანე დიდ საკვირველებებსა და სასწაულებს ახდენდა. 9 ეგრეთ წოდებული გათავისუფლებულთა სინაგოგიდან, აგრეთვე კირენეის, ალექსანდრიის, კილიკიისა და აზიის მკვიდრთაგან ზოგიერთებმა დავა დაუწყეს სტეფანეს, 10 მაგრამ წინ ვერ აღუდგნენ იმ სიბრძნესა და წმინდა სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.+ 11 მათ ჩუმად შეაგულიანეს კაცები და ათქმევინეს: „გავიგონეთ, რომ ის მოსესა და ღმერთს გმობდა“. 12 მერე ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები წააქეზეს, უეცრად თავზე დაადგნენ, შეიპყრეს და სინედრიონში წაიყვანეს. 13 გამოიყვანეს ცრუმოწმეები, რომლებიც ამბობდნენ: „ეს კაცი არ წყვეტს ამ წმინდა ადგილსა და კანონზე ცუდად ლაპარაკს. 14 ჩვენი ყურით გავიგონეთ, რომ ამბობდა, იესო ნაზარეთელი ამ ტაძარს დაანგრევს და მოსეს მიერ გადმოცემულ კანონებს შეცვლისო“.
15 ყველა, ვინც სინედრიონში იჯდა, მას უყურებდა და ხედავდა, რომ სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა.