ძღვენი ღვთისგან
ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა ძღვენს აძლევს. სიტყვა ქარისმა, რომელიც 17-ჯერ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ღვთის წყალობიდან (ქარის) გამომდინარე მიცემულ ძღვენზე მიუთითებს (რმ. 6:23; 1კრ. 12:4; 2ტმ. 1:6; 1პტ. 4:10). ამიტომ, მართებულია, რომ იეჰოვასგან მიღებული ძღვენი მისივე განსადიდებლად და მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ (1პტ. 4:10, 11). ეს ძღვენი გამორჩენის მიზნით არ გვეძლევა. ვინაიდან უსასყიდლოდ გვაქვს მიღებული, უსასყიდლოდვე უნდა გავცეთ (მთ. 10:8).
„ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა“ (იაკ. 1:17). იეჰოვა გულუხვია. მას მზე მართლებისთვისაც ამოჰყავს და ბოროტებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც. სინამდვილეში ის „აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“. ღვთისგან ჩვენ გასახარად ნაბოძები ძღვენია საჭმელ-სასმლით ტკბობა, გარჯაში სიამის ნახვა და სხვა (მთ. 5:45; სქ. 17:24, 25; ეკ. 3:12, 13; 5:19; 1ტმ. 6:17). დაუქორწინებლობაც და დაქორწინებულობაც ღვთის ძღვენია, როცა ადამიანი ღვთის ნორმებს ითვალისწინებს. ვინაიდან დაუქორწინებელი შედარებით თავისუფალია, რომ იეჰოვას მოუცდენლად ემსახუროს, ამ ორი ძღვნიდან დაუქორწინებლობა უკეთესია (იგ. 18:22; მთ. 19:11, 12; 1კრ. 7:7, 17, 32—38; ებ. 13:4).
იესოს მსხვერპლი ღვთის ძღვენია. იეჰოვამ წყალობა გამოავლინა, როცა თავისი ძე გამოსასყიდად გაიღო. ეს ფასდაუდებელი ძღვენია. ვისაც სწამს, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს, მარადიული სიცოცხლის ძღვენს მიიღებს (რმ. 6:23; ინ. 3:16). ღვთისგან ბოძებული „ენით აუწერელი უსასყიდლო ძღვენი“, როგორც ჩანს, მოიცავს ყოველგვარ სიკარგესა და სიკეთეს, რასაც ის იესო ქრისტეს მეშვეობით ავლენს თავისი ხალხის მიმართ (2კრ. 9:15; შდრ. რმ. 5:15—17).
წმინდა სული. ღმერთი თავის ხალხს აძლევს წმინდა სულს, რომელიც ეხმარება მათ, მოერიდონ ხორცის უწმინდურ საქმეებს და გამოიღონ სულის ნაყოფი — სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება (სქ. 2:38; რმ. 8:2—10; გლ. 5:16—25). იეჰოვას სული სანდოდ უხელმძღვანელებს ქრისტიანს და ჩვეულებრივზე აღმატებულ ძალას მისცემს, რათა ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად შეასრულოს ღვთისგან მიღებული დავალებები (ინ. 16:13; 2კრ. 4:7—10). იესომ თავისი მოწაფეები დაარწმუნა, რომ ღვთის სული ასწავლიდა მათ ყველაფერს, გაახსენებდა მისგან ნასწავლს და დაეხმარებოდა, მმართველების წინაშეც კი დაეცვათ თავი (ინ. 14:26; მრ. 13:9—11).
სიბრძნე და ცოდნა. ჭეშმარიტი სიბრძნე და ცოდნა ღვთის ძღვენია. იეჰოვა მოუწოდებს თავის მსახურებს, სოლომონის მსგავსად, ლოცვაში სთხოვონ მას სიბრძნე და ცოდნა (იაკ. 1:5; 2მტ. 1:8—12). გარდა ამისა, ცოდნის შესაძენად აუცილებელია ღვთის ძღვნის, მისი სიტყვის გულმოდგინედ შესწავლა (იგ. 2:1—6; 2ტმ. 2:15; 3:15). თუმცა ღვთის სიტყვის შესწავლა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი ცოდნასა და სიბრძნეს მიიღებს. ჭეშმარიტი ცოდნისა და სიბრძნის მიღება მხოლოდ იესო ქრისტესა და ღვთის სულის დახმარებით არის შესაძლებელი (1კრ. 2:10—16; კლ. 2:3).
ღვთიური სიბრძნე იცავს ადამიანს და სხვადასხვა სიტუაციაში ხელმძღვანელობს (ეკ. 7:12; იგ. 4:5—7). ღვთის სიბრძნე რადიკალურად განსხვავდება ქვეყნიური სიბრძნისგან, რომელიც ღვთის თვალში უგუნურებაა. ქვეყნიური სიბრძნე საზიანოცაა, რადგან ღმერთს გამორიცხავს (1კრ. 1:18—21). „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკ. 3:17).
იეჰოვას ნების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა დაეხმარება ქრისტიანს, დარწმუნდეს, „რა უფრო მნიშვნელოვანია“, არ დააბრკოლოს სხვები და იეჰოვას ღირსად იაროს, რათა ყველაფერში ასიამოვნოს მას (ფლ. 1:9—11; კლ. 1:9, 10). გარდა ამისა, ცოდნა ეხმარება მას, რომ ღვთის მსახურებაში აქტიური იყოს და ნაყოფი გამოიღოს (2პტ. 1:5—8). მაგრამ ამ ღვთიურ ძღვენში მხოლოდ ფაქტების ცოდნა არ იგულისხმება. მასში იგულისხმება ფაქტების ბოლომდე გაგება და სხვებისთვის პასუხის გასაცემად მათი სათანადოდ გამოყენება (კლ. 4:6).
მსახურების ძღვენი და „ძღვენი ადამიანთა სახით“. ღვთის მიწიერ ორგანიზაციაში სხვადასხვა დანიშნულებით მსახურება იეჰოვას ძღვენია (რც. 18:7; რმ. 12:6—8; ეფ. 3:2, 7). მათ, ვისაც ღვთის წყალობით მსახურების უპირატესობა აქვს, ბიბლია უწოდებს ძღვენს „ადამიანთა სახით“. იესო ქრისტემ, ღვთის წარმომადგენელმა და კრების თავმა, ისინი კრებებში დანიშნა, რათა დაეხმარონ კრების თითოეულ წევრს რწმენის აღშენებასა და მოწიფულობის მიღწევაში (ეფ. 4:8, 11, 12). ქრისტიანმა რომ ერთგულად შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები სხვების საკეთილდღეოდ, გამუდმებით უნდა გაუმჯობესდეს და არასდროს უნდა უგულებელყოს ღვთისგან ბოძებული ძღვენი (1ტმ. 4:14; 2ტმ. 1:6). იეჰოვას დახმარებით ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოყენებასა და დაბრკოლებების გადალახვას, შეძლებს ღვთისგან მიღებული მსახურების შესრულებას (ფლ. 4:13).
სულის ძღვენი. ახ. წ. პირველ საუკუნეში წმინდა სულით მონათლულებს სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი მიეცათ. ეს იმაზე მოწმობდა, რომ ღმერთი აღარ იყენებდა იუდეველთა კრებულს თავისი მსახურებისთვის და იწონებდა მისი ძის დაფუძნებულ ქრისტიანულ კრებას (ებ. 2:2—4). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულის გადმოსვლისას მოწაფეებს მიეცათ სასწაულებრივი ძღვენი. ბიბლიაში მოხსენიებული წმინდა სულის სასწაულებრივი ძღვნის გადაცემის სხვა შემთხვევების დროს იქ იმყოფებოდა 12 მოციქულიდან სულ მცირე ერთი ან პავლე, რომელიც უშუალოდ იესომ აირჩია (სქ. 2:1, 4, 14; 8:9—20; 10:44—46; 19:6). როგორც ჩანს, მოციქულების სიკვდილის შემდეგ სულის ძღვნის გადაცემა შეწყდა. სულის სასწაულებრივი ძღვნის მოქმედება საბოლოოდ მაშინ შეწყდა, როცა ისინიც დაიხოცნენ, ვისაც ის ერთ დროს მიეცა.
არც „სასწაულის“ მოხდენა ადასტურებდა ღვთისგან უფლებამოსილებას და არც ღვთის მსახურის მიერ სასწაულის მოხდენის უუნარობა იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ ის ღვთის მსახური იყო (მთ. 7:21—23). პირველ საუკუნეში ყველა ქრისტიანს არ შეეძლო სასწაულის მოხდენა, განკურნება, ენებზე ლაპარაკი და თარგმნა. პავლემაც და, ეჭვგარეშეა, ზოგიერთმა სხვა ქრისტიანმაც ღვთის წყალობით მიიღეს სულის არაერთი ძღვენი. მაგრამ სხვადასხვა სასწაულებრივი ძღვენი ახალჩამოყალიბებული ქრისტიანული კრებისთვის იყო დამახასიათებელი და, წინასწარმეტყველების თანახმად, ისინი უნდა შეწყვეტილიყო. სინამდვილეში თავად იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები სასწაულებრივი საქმეებით კი არა, ერთმანეთის სიყვარულით იქნებოდნენ გამორჩეულნი (1კრ. 12:29, 30; 13:2, 8—13; ინ. 13:35).
პავლემ მოიხსენია სულის ცხრა გამოვლინება: 1) სიბრძნის სიტყვა, 2) ცოდნის სიტყვა, 3) რწმენა, 4) განკურნების ძღვენი, 5) სასწაულების მოხდენის ძღვენი, 6) წინასწარმეტყველების ძღვენი, 7) შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის ძღვენი, 8) სხვადასხვა ენა და 9) ენების განმარტების ძღვენი. სულის ყველა ეს ძღვენი სასიკეთოდ ეძლეოდა ქრისტიანს. ისინი ემსახურებოდა არა მხოლოდ კრების რიცხობრივ ზრდას, არამედ სულიერ აღშენებასაც (1კრ. 12:7—11; 14:24—26).
„სიბრძნის სიტყვა“. მიუხედავად იმისა, რომ სიბრძნის შეძენა სწავლით, ნასწავლის გამოყენებითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში „სიბრძნის სიტყვაში“, როგორც ჩანს, იგულისხმება ცოდნის წარმატებით გამოყენების ზებუნებრივი უნარი. ამ უნარს ქრისტიანი კრებაში პრობლემების გადასაჭრელად იყენებდა (1კრ. 12:8). პავლემ „მისთვის მიცემული სიბრძნით“ დაწერა წერილები, რომლებიც მოგვიანებით ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილი გახდა (2პტ. 3:15, 16). როგორც ჩანს, ამ ძღვნის წყალობით ქრისტიანი თავს დაიცავდა ისე, რომ მოწინააღმდეგეები ვერ შეეკამათებოდნენ ან წინ ვერ აღუდგებოდნენ (სქ. 6:9, 10).
„ცოდნის სიტყვა“ და „რწმენა“. პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრების თითოეულ წევრს ჰქონდა ძირითადი ცოდნა იეჰოვას, მისი ძის, ღვთის ნებისა და მისი ნორმების შესახებ. აქედან გამომდინარე, „ცოდნის სიტყვა“ უფრო მეტს მოიცავდა, ვიდრე იმ ცოდნას, რომელიც ყველა ქრისტიანს ჰქონდა. ეს იყო ზებუნებრივი ცოდნა. მსგავსად, სულის ძღვნად მოხსენიებულ „რწმენაში“ იგულისხმებოდა ზებუნებრივი რწმენა. ის ქრისტიანს მთასავით დიდ დაბრკოლებებს გადაალახვინებდა, რომლებიც სხვა შემთხვევაში მას ღვთის მსახურებაში შეუშლიდა ხელს (1კრ. 12:8, 9; 13:2).
„განკურნების ძღვენი“. განკურნების ძღვნის წყალობით ქრისტიანს შეეძლო, ბოლომდე განეკურნა ნებისმიერი დაავადებით დატანჯული ადამიანი (სქ. 5:15, 16; 9:33, 34; 28:8, 9). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე იესო და მისი მოწაფეები კურნავდნენ ადამიანებს. მართალია, ზოგი, ვინც განიკურნა, რწმენას ავლენდა, მაგრამ რწმენა განკურნების წინაპირობა არ ყოფილა (შდრ. ინ. 5:5—9, 13). ერთხელ იესომ ახსნა, რომ მისმა მოწაფეებმა ეპილეფსიით დაავადებული ბიჭის მამის ურწმუნოების გამო კი ვერ განკურნეს ბიჭი, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ჰქონდათ მცირე რწმენა (მთ. 17:14—16, 18—20). ბიბლიაში არსად წერია, რომ იესომ და მისმა მოციქულებმა ავადმყოფის მცირე რწმენის გამო ვერ შეძლეს მისი განკურნება. უფრო მეტიც, მოციქულ პავლეს ის კი არ უთქვამს ტიმოთესთვის, რომ განკურნების ძღვენი კუჭის სამკურნალოდ გამოეყენებინა ან ის, რომ მისი ხშირი ავადმყოფობის მიზეზი მცირე რწმენა იყო, არამედ ურჩია, რომ ცოტა ღვინო დაელია კუჭისთვის (1ტმ. 5:23; იხ. რწმენა; განკურნება).
„სასწაულების მოხდენის ძღვენი“. ეს ძღვენი ქრისტიანს შეაძლებინებდა, აღედგინა მკვდრები, განედევნა დემონები და მოწინააღმდეგეებიც კი დაებრმავებინა (1კრ. 12:10). ამ სასწაულების შედეგად მორწმუნეთა რაოდენობა იზრდებოდა (სქ. 9:40, 42; 13:8—12; 19:11, 12, 20).
„წინასწარმეტყველება“. წინასწარმეტყველების ძღვენი უცხო ენის ძღვენზე უპირატესი იყო, რადგან კრების აღშენებას ემსახურებოდა. უფრო მეტიც, ურწმუნოები ამ ძღვნის წყალობით ხვდებოდნენ, რომ ღმერთი ქრისტიანებს შორის იყო (1კრ. 14:3—5, 24, 25). ქრისტიანული კრების ყველა წევრი ღვთის სიტყვაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესრულებაზე საუბრობდა (სქ. 2:17, 18). მაგრამ ზოგ მათგანს, მაგალითად, აგაბეს, ჰქონდა მომავლის წინასწარმეტყველების სასწაულებრივი ძღვენი (სქ. 11:27, 28; იხ. წინასწარმეტყველება; წინასწარმეტყველი [ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული წინასწარმეტყველები]).
„შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის ძღვენი“. ამ ძღვნის წყალობით ქრისტიანს, როგორც ჩანს, შეეძლო გაერჩია, შთაგონებული სიტყვები ღვთისგან იყო თუ არა (1კრ. 12:10). ამ ძღვნის მქონენი არ მოტყუვდებოდნენ, არ განდგებოდნენ ჭეშმარიტებისგან და კრებასაც დაიცავდნენ ცრუწინასწარმეტყველებისგან (1ინ. 4:1; შდრ. 2კრ. 11:3, 4).
„სხვადასხვა ენა“. ეს ძღვენი ქრისტიანებს ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ღვთის სულის გადმოსვლის შემდეგ მიეცათ. ზემოთა ოთახში (როგორც ჩანს, ტაძართან ახლოს) შეკრებილმა დაახლოებით 120-მა მოწაფემ შეძლო, „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ელაპარაკა იმ ებრაელთა და პროზელიტთა მშობლიურ ენაზე, რომლებიც დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში შორეული ქვეყნებიდან იყვნენ ჩასული. ამ დროს შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება და დადასტურდა, რომ ღმერთი იუდეველთა კრებულის ნაცვლად, ახალჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას იყენებდა. წმინდა სულის უსასყიდლო ძღვნის მისაღებად ებრაელებსაც და პროზელიტებსაც უნდა მოენანიებინათ და იესოს სახელით მონათლულიყვნენ (სქ. 1:13—15; 2:1—47).
უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხთან საქადაგებლად პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის დიდად დამხმარე აღმოჩნდა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის ძღვენი. სინამდვილეში ის ნიშანი იყო ურწმუნოთათვის. მაგრამ კორინთში არსებულ ქრისტიანულ კრებას პავლემ მისწერა, რომ ერთად შეკრებისას ყველას არ ელაპარაკა უცხო ენაზე, რათა შეხვედრაზე მისულ გაუთვითცნობიერებელსა თუ ურწმუნოს ისინი შეშლილები არ ჰგონებოდა. მან აგრეთვე ურჩია, რომ უცხო ენაზე ორს ან დიდი-დიდი სამს ელაპარაკა, თანაც რიგ-რიგობით. მაგრამ, თუ მთარგმნელი არავინ იყო, მაშინ უცხო ენაზე მოლაპარაკე ჩუმად უნდა ყოფილიყო და საკუთარ თავსა და ღმერთთან ელაპარაკა (1კრ. 14:22—33). თარგმანის გარეშე უცხო ენაზე ლაპარაკი არ აღაშენებდა სხვებს, რადგან მსმენელებისთვის საუბარი გაუგებარი და აზრს მოკლებული იქნებოდა (1კრ. 14:2, 4).
თუ უცხო ენაზე მოლაპარაკე ვერ გადათარგმნიდა ნათქვამს, თავადაც არ ეცოდინებოდა, რა თქვა და სხვებიც, ვინც ეს ენა არ იცოდა, ვერაფერს გაიგებდნენ. ამიტომ პავლე მოუწოდებდა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკის ძღვნის მქონეთ, ღვთისთვის ეთხოვათ, რომ თარგმნაც შესძლებოდათ და მსმენელის აღშენებაც. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რატომ არ მიიჩნევდა ღვთივშთაგონებით პავლე უცხო ენებზე ლაპარაკს აღმატებულ ძღვნად და ამბობდა, რომ ერჩია, კრებაში ხუთი სიტყვა ეთქვა თავისი გონებით, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე (1კრ. 14:11, 13—19).
„ენის განმარტების ძღვენი“. ამ ძღვნის წყალობით ადამიანს შეეძლო ეთარგმნა იმ უცხო ენიდან, რომელზე ლაპარაკის ძღვენიც სხვას მიეცა, მაგრამ მნიშვნელობა არ ესმოდა (1კრ. 12:10). სინამდვილეში ეს ძღვენი უცხო ენაზე ლაპარაკის ძღვენს ავსებდა, რადგან თარგმანის მოსმენით მთელი კრების აღშენება ხდებოდა (1კრ. 14:5).
სულის სხვა მოქმედებები. ქრისტეს სხეულის ნაწილებზე საუბრისას პავლემ მოიხსენია სულის ზოგიერთი მოქმედება: „ღმერთმა კრებაში სხვადასხვა წევრი დანიშნა: ჯერ მოციქულები, შემდეგ — წინასწარმეტყველები, შემდეგ — მასწავლებლები, მერე მისცა სასწაულების მოხდენის უნარი, განკურნების ძღვენი, დააწესა დახმარების აღმოჩენა, მისცა მართვის უნარი და სხვადასხვა ენა“ (1კრ. 12:27, 28). „დახმარების აღმოჩენაში“, შესაძლოა, შედიოდა სხვადასხვა ღონისძიება გაჭირვებული ქრისტიანების დასახმარებლად, მაგალითად, ქვრივებისთვის საკვების განაწილება, რისთვისაც იერუსალიმის კრებაში დანიშნული იყო „სულითა და სიბრძნით სავსე“ შვიდი კაცი (სქ. 6:1—6). „მართვის უნარი“ საჭირო იყო იესოს მიერ დავალებული მოწაფეების მომზადების საქმის შესასრულებლად (მთ. 28:19, 20). მისიონერული საქმე, ახალი კრებების ჩამოყალიბება და შემდეგ ამ კრებების საქმიანობისთვის ხელმძღვანელობის გაწევა მართვის კარგ უნარს მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ პავლე ღვთის სულიერ სამშენებლო საქმეში თავის წვლილზე საუბრისას საკუთარ თავს „ბრძენ ხუროთმოძღვარს“ უწოდებდა (1კრ. 3:10).
სულის ძღვნის დამორჩილება. როგორც ჩანს, სულის ძღვნის მქონეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ მისი გამოყენება, თუ იეჰოვას სული იმოქმედებდა მათზე მის გამოსავლენად. მაგალითად, კესარეაში მცხოვრებ ფილიპეს „ოთხი ასული ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ“, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უწინასწარმეტყველებია მათთან სტუმრად მისული პავლეს დაპატიმრება, გარდა იუდეიდან ჩასული აგაბე წინასწარმეტყველისა (სქ. 21:8—11). კრების შეხვედრაზე წინასწარმეტყველს შეიძლებოდა სხვა წინასწარმეტყველის საუბრის დროს გამოცხადება ჰქონოდა, მაგრამ სულის ძღვნის მქონეს უნდა დაემორჩილებინა თავისი ძღვენი, როცა ღვთის სული ამოქმედდებოდა მასზე, ანუ უნდა დალოდებოდა, ვიდრე სხვა არ დაამთავრებდა საუბარს. ამგვარად, წინასწარმეტყველება, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი და თარგმნა კრებაში ორგანიზებულად ხდებოდა ყველას აღსაშენებლად (1კრ. 14:26—33).