11 იეჰოვას სძულს მატყუარა სასწორი,
ზუსტი საწონი კი მოსაწონია მისთვის.+
2 კადნიერს დამცირება არ ასცდება,+
მოკრძალებული კი ბრძენია.+
3 მართალს თავისი სიმართლე წაუძღვება,+
ვერაგს კი თავისივე უკუღმართობა დაღუპავს.+
4 რისხვის დღეს სიმდიდრე კაცს ვერას არგებს,+
სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.+
5 ერთგულს სიმართლე გზას მოუსწორებს,
ბოროტს კი თავისივე ბოროტება დაღუპავს.+
6 მართალს სიმართლე გადაარჩენს,+
ვერაგი კი თავისივე სურვილების მახეში გაებმება.+
7 როცა ბოროტი კვდება, მისი იმედი ქრება;
მისი მოლოდინი არ მართლდება, რადგან საკუთარ ძალაზეა დაიმედებული.+
8 მართალი გასაჭირში არ დარჩება,
მის ნაცვლად გასაჭირში ბოროტი ჩავარდება.+
9 განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს,
მართალს კი ცოდნა გადაარჩენს.+
10 მართალთა კარგი საქმეებით ქალაქი ხარობს,
ბოროტთა დაღუპვას კი მხიარული შეძახილი მოჰყვება.+
11 მართალთა კურთხევით ქალაქი განდიდებულია,+
ბოროტთა ბაგე კი ანგრევს მას.+
12 უგუნური მოძმეს აბუჩად იგდებს, გამჭრიახი კაცი კი დუმს.+
13 ცილისმწამებელი დადის და საიდუმლოს ამხელს,+
სანდო კაცი კი ინახავს.
14 ბრძნული რჩევის გარეშე ხალხი იღუპება,
მრჩეველთა სიმრავლეს კი ხსნა მოაქვს.+
15 ვინც უცხოს თავდებად დაუდგება, ხიფათს გადაეყრება,+
ხოლო ვინც ხელის ჩამორთმევას არ ჩქარობს, უსაფრთხოდ იქნება.
16 სათნო ქალი დიდებას იხვეჭს,+
სასტიკი კაცი კი — სიმდიდრეს.
17 კეთილი კაცი თავის თავს რგებს,+
სასტიკი კი — ვნებს.+
18 ბოროტს თავისი გასამრჯელო არ შეერგება,+
სიმართლის მთესველი კი ჯილდოვდება.+
19 ვინც სიმართლეს ეჭიდება, სიცოცხლის გზას მიუყვება,+
ხოლო ვინც ბოროტებისკენ ისწრაფვის, სიკვდილის გზას ადგას.
20 მზაკვარი გულის კაცი სძულს იეჰოვას,+
უმწიკვლოდ მავალს კი იწონებს იგი.+
21 იცოდე: ბოროტი დაუსჯელი არ დარჩება,+
მართლის შთამომავალი კი გადარჩება.
22 რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე
და რაღა ლამაზი, მაგრამ უჭკუო ქალი.
23 მართლის სურვილი სიკეთეს მოიტანს,+
ბოროტის ჩანაფიქრი კი — რისხვას.
24 ვინც ხელგაშლილია, მეტი მიეცემა,+
ხოლო ვინც სიკეთეს უკავებს სხვას, გაღარიბდება.+
25 ხელგაშლილს არაფერი მოაკლდება;+
ვინც სხვას არწყულებს, თავადაც დარწყულდება.+
26 ვინც მარცვლეულს არ მიჰყიდის სხვას, ხალხი დასწყევლის მას,
ხოლო ვინც მიჰყიდის, ხალხი დალოცავს მას.
27 ვინც სხვისთვის სიკეთის გაკეთებას ცდილობს, კეთილგანწყობას მოიპოვებს,+
ხოლო ვინც ბოროტებას იზრახავს, ბოროტება ეწევა.+
28 სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა,+
მართალი კი ფოთოლხშირი ხესავით იქნება.+
29 ვინც თავის ოჯახს აუბედურებს, არაფერი შერჩება;+
უგუნური ბრძენის მსახური იქნება.
30 მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა;+
ვინც ხალხს იძენს, ბრძენია.+
31 თუკი დედამიწაზე მართალს მიეზღვება საზღაური,
მით უმეტეს — ბოროტსა და ცოდვილს!+