დავითის ფსალმუნი.
103 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!
მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს!
2 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო,
ნუ დაივიწყებ მის საქმეებს!+
3 ის ყველა დანაშაულს გპატიობს+
და ყველა სნეულებისგან გკურნავს;+
4 ის არის სამარიდან შენი დამხსნელი,+
გვირგვინივით გამკობს მისი სიყვარული და წყალობა;+
5 ის კარგს არ გიკავებს+ მთელი შენი სიცოცხლე,
რათა არწივივით განგიახლდეს ახალგაზრდობა.+
6 იეჰოვა სიმართლესა+ და სამართალს აღასრულებს
ყველა ჩაგრულისთვის.+
7 თავისი გზები გააცნო მოსეს+
და თავისი საქმეები უჩვენა ისრაელებს.+
8 იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია,+
სულგრძელია და ურყევია მისი სიყვარული.+
9 არც მუდმივად დაგდებს ბრალს+
და არც მარადიულად გაგინაწყენდება.+
10 ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა+
და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი.+
11 როგორც ზეცაა დედამიწაზე განუზომლად მაღლა,
ისე განუზომლად დიდია მისი სიყვარული მის მოშიშთათვის;+
12 როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,
ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+
13 როგორც მამა იწყალებს შვილებს,
იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს,+
14 რადგან მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+
და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+
15 მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+
მინდვრის ყვავილივით ყვავის იგი.+
16 დაბერავს ქარი და წაიღებს,
თითქოს იქ არც ყოფილაო.
17 იეჰოვას სიყვარული ურყევია და მარადიული
მის მოშიშთა მიმართ,+
მისი სიმართლე — მათი შვილთაშვილების მიმართ,+
18 მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+
და მათ მიმართ, ვინც გულდასმით იცავს მის წესებს.
19 იეჰოვამ ზეცაში განამტკიცა თავისი ტახტი,+
მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+
20 ადიდეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო,+ ძლევამოსილნო,
მისი სიტყვის შემსრულებელნო+ და მორჩილნო მისნო!
21 ადიდეთ იეჰოვა, მთელმა მისმა ლაშქარმა,+
მისმა მსახურებმა, მისი ნების შემსრულებლებმა!+
22 ადიდეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,
მთელ მის სამფლობელოში!
ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!