იოანეს სახარება
21 ამის შემდეგ იესო კვლავ ეჩვენა თავის მოწაფეებს ტიბერიადის ზღვასთან. ეს ყოველივე ასე მოხდა: 2 სიმონ-პეტრე, „ტყუპისცალად“ წოდებული თომა,+ ნათანაელი+ გალილეის კანიდან, ზებედეს ვაჟები+ და ორი სხვა მოწაფე ერთად იყვნენ. 3 სიმონ-პეტრემ უთხრა მათ: „სათევზაოდ მივდივარ“. მათ მიუგეს: „ჩვენც წამოვალთ“. გავიდნენ ზღვაში ნავით, მაგრამ იმ ღამით ვერაფერი დაიჭირეს.+
4 თენდებოდა. იესო ნაპირზე იდგა, მაგრამ მოწაფეებმა ვერ იცნეს იგი.+ 5 იესომ ჰკითხა მათ: „შვილებო, საჭმელი არაფერი გაქვთ?“ მათ უპასუხეს: „არა!“ 6 შემდეგ უთხრა: „ნავის მარჯვენა მხარეს ისროლეთ ბადე და დაიჭერთ თევზს!“ მათაც ისროლეს და იმდენი დაიჭირეს, რომ ბადე ვეღარ ამოჰქონდათ.+ 7 მაშინ მოწაფემ, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ პეტრეს უთხრა: „ეს უფალია!“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, ჩაიცვა, რადგან ტანთ არ ეცვა, და ზღვაში გადაეშვა, 8 მოწაფეებმა კი თევზით სავსე ბადე გამოათრიეს, რადგან ნავი ნაპირიდან არც ისე შორს, დაახლოებით 90 მეტრის* მანძილზე იყო.
9 როცა ნაპირზე გამოვიდნენ, დაინახეს პური და ნაკვერჩხლებზე დაწყობილი თევზი. 10 იესომ უთხრა მათ: „მომიტანეთ ახალდაჭერილი თევზი!“ 11 სიმონ-პეტრე ნავში ჩაჯდა და ხმელეთზე გამოათრია ბადე, რომელშიც 153 დიდი თევზი იყო. თევზის სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა. 12 იესომ უთხრა მოწაფეებს: „მოდით, ისაუზმეთ!“ ვერცერთმა ვერ გაბედა ეკითხა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13 იესომ აიღო პური და მისცა მათ, შემდეგ თევზიც ჩამოურიგა. 14 ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო,+ როცა ის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოწაფეებს ეჩვენა.
15 საუზმეს რომ მორჩნენ, იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ!“ შემდეგ უთხრა მას: „აძოვე ჩემი ბატკნები!“+ 16 მეორედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ!“ უთხრა მას: „დამწყემსე ჩემი ბატკნები!“+ 17 მესამედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ პეტრე დამწუხრდა, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო, და უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“ იესომ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები!+ 18 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: როცა ახალგაზრდა იყავი, თავად იცვამდი ხოლმე და სადაც გინდოდა, იქ მიდიოდი, მაგრამ, როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა ჩაგაცმევს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა“. 19 ამით მიანიშნა, თუ როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. შემდეგ უთხრა მას: „კვლავაც მომყევი!“+
20 პეტრე მოტრიალდა და დაინახა, რომ მათ მიჰყვებოდა მოწაფე, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ ის, ვინც ვახშამზე იესოს მკერდზე მიეყრდნო და ჰკითხა, უფალო, ვინ გაგცემსო. 21 მის დანახვაზე პეტრემ იესოს ჰკითხა: „უფალო, ამას რაღა მოუვა?“ 22 იესომ უთხრა მას: „თუ ჩემი ნებაა, რომ დარჩეს ჩემ მოსვლამდე, შენ რა?! შენ მე გამომყევი!“ 23 ამის გამო ხმა დაირხა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა, თუმცა იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, მან თქვა, თუ ჩემი ნებაა, დარჩეს ჩემ მოსვლამდე, შენ რაო?!
24 ეს ის მოწაფეა,+ რომელიც მოწმობს ამის შესახებ და რომელმაც დაწერა ეს, და ვიცით, რომ მისი მოწმობა სარწმუნოა.
25 სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს.+