დავითის ფსალმუნი.
א [ალეფ]
37 გული ნუ მოგივა ბოროტ ხალხზე,
ავისმქნელების ნუ შეგშურდება;+
2 ბალახივით მალე გახმებიან,+
ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან.
ב [ბეთ]
3 მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე,+
იცხოვრე შენს მიწაზე და ერთგულად მოიქეცი.+
4 იეჰოვაში პოვე ნეტარება
და ის შეგისრულებს გულის წადილს.
ג [გიმელ]
5 იეჰოვას მიანდე შენი გზა,+
მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს.+
6 განთიადივით გამოაბრწყინებს შენს სიმართლეს
და შუადღის მზესავით — შენს სამართლიანობას.
ד [დელეთ]
7 მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე+
და მოთმინებით დაელოდე მას.
ნუ გაბრაზდები,
თუკი ვინმე თავისი ხრიკებით წარმატებას აღწევს.+
ה [ჰე]
8 მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ,+
გული ნუ მოგივა და ნუ ჩაიდენ ბოროტებას,
9 რადგან ბოროტები მოისპობიან,+
იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+
ו [ვავ]
10 ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი;+
დააკვირდები მის ადგილს
და აღარ იქნება იგი.+
11 თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას+
და გაიხარებენ დიდი მშვიდობით.+
ז [ზაინ]
12 ბოროტი ცუდს იზრახავს მართლისთვის,+
კბილებს უღრჭენს;
13 მაგრამ იეჰოვა დასცინებს მას,
რადგან იცის, რომ მისი დღეც მოვა.+
ח [ხეთ]
14 ბოროტებმა მახვილი იშიშვლეს და მშვილდი მოზიდეს,
რათა დასცენ ჩაგრულნი და ღარიბნი
და დახოცონ სწორი გზით მავალნი.
15 თავიანთივე მახვილი განუგმირავთ გულს,+
მშვილდები დაელეწებათ.
ט [ტეთ]
16 მართლის მცირედი სჯობია
ბოროტთა სიმდიდრეს.+
17 ბოროტს მკლავები გადაუტყდება,
მართალს კი იეჰოვა ამოუდგება მხარში.
י [ჲოდ]
18 იეჰოვამ იცის, რას უძლებენ უბიწოები;
მათი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება.+
19 უბედურების დროს არ შერცხვებიან
და შიმშილობის დროს არაფერი მოაკლდებათ.
כ [ქაფ]
20 ბოროტებს ბოლო მოეღებათ,+
იეჰოვას მტრები საძოვრებზე მობიბინე ბალახივით გაქრებიან,
კვამლივით გაიფანტებიან.
ל [ლამედ]
21 ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს,
მართალი კი გულუხვი და ხელგაშლილია.+
22 ღვთისგან კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას,
მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან.+
מ [მემ]
23 იეჰოვა წარმართავს კაცის ნაბიჯებს,+
თუკი იწონებს მის გზას.+
24 რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა,+
რადგან იეჰოვას უჭირავს მისი ხელი.+
נ [ნუნ]
25 ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც,
მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული,+
არც მისი შვილები — პურზე ხელგაწვდილი.+
26 ის ყოველთვის უშურველად გასცემს სესხს,+
კურთხეული იქნებიან მისი შვილები.
ס [სამეხ]
27 ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+
და მარადიულად იცხოვრებ,
28 ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია
და არ მიატოვებს თავის ერთგულებს.+
ע [აინ]
ისინი ყოველთვის დაცულნი იქნებიან,+
ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა.+
29 მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+
და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.+
פ [ფე]
30 მართლის ბაგე სიბრძნეს წარმოთქვამს,
მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.+
31 თავისი ღვთის კანონი აქვს გულში,+
არასდროს წაიფორხილებს.+
צ [ცადე]
32 ბოროტი მართალს უთვალთვალებს,
მისი მოკვლა სწადია.
33 მაგრამ იეჰოვა არ ჩააგდებს მართალს მის ხელში+
და არც სასამართლოში გაამტყუნებს.+
ק [კოფ]
34 იეჰოვას იმედი გქონდეს და მის გზას მიჰყევი,
ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე;
დაინახავ,+ როგორ მოისპობიან ბოროტები.+
ר [რეშ]
35 მინახავს სასტიკი და ბოროტი კაცი
ფოთოლხშირი ხესავით მიწაში ფესვგადგმული;+
36 მაგრამ უეცრად გაქრა და გაუჩინარდა,+
ვეძებდი და ვერსად ვპოვე.+
ש [შინ]
37 დაუკვირდი უმწიკვლოს
და თვალს ნუ მოაშორებ მართალს,+
რადგან მშვიდობა ელის მომავალში ასეთ კაცს.+
38 ყველა შემცოდველს ბოლო მოეღება,
ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება.+
ת [თავ]
39 მართლებს იეჰოვა იხსნის;+
ის არის მათი ციხესიმაგრე გაჭირვების ჟამს.+
40 იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის;+
იხსნის ბოროტი ხალხისგან და გადაარჩენს,
რადგან მას შეაფარეს თავი.+