ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . .
რატომ მეფანტება ყურადღება?
„ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად, როცა ვუსმენ კრების შეხვედრას ყურადღება მეფანტება. ათი წუთის შემდეგ კი ისევ ყურადღებით ვარ“ (ჯესი).
„ყურადღებით იყავი!“ ხშირად გესმის ეს სიტყვები მასწავლებლებისა თუ მშობლებისგან? თუ დიახ, ალბათ, შენ გიჭირს გონებით ერთ საკითხზე შეჩერება. ამის გამო შეიძლება ნიშნებიც დაბალი გაქვს. ალბათ, იმასაც ამჩნევ, რომ სხვები კარგად არ გეპყრობიან, გრიყავენ, როგორც გათიშულს, ყეყეჩს ან სულაც, უბრალოდ, უკულტუროს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უყურადღებობამ შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს შენს სულიერობას. გაიხსენე, თვითონ ბიბლია გვეუბნება: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). ქრისტიანებს ეძლევათ მითითება: ‘მეტი გულისყურით იყავით’ სულიერ საკითხებში (ებრაელთა 2:1). და, თუ გიძნელდება ყურადღებით ყოფნა, მაშინ ამ რჩევის თანახმად მოქცევაც გაგიჭირდება.
რა შეიძლება იყოს პრობლემა? ზოგ შემთხვევაში უყურადღებობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემითაა გამოწვეული. მაგალითად, ზოგ მკვლევარს სჯერა, რომ უყურადღებობის ერთ-ერთი მიზეზი ნერვული სისტემის დარღვევააa. ზოგმა არც კი იცის, რომ პრობლემები სმენისა და მხედველობის ნაკლებობითაა გამოწვეული. ეს დარღვევებიც ხელს უშლის მათ ყურადღებით ყოფნაში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ, საერთო ჯამში, ახალგაზრდებს უფრო აქვთ ყურადღების გამახვილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე ზრდასრულებს. ამგვარად, მოზარდებისთვის დამახასიათებელია უყურადღებობა, თუმცა ეს იშვიათადაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული.
აზროვნების ცვლილება
სრულიად დასაშვებია, რომ უყურადღებობა გამოწვეულია იმით, რომ, უბრალოდ, იზრდები. პავლე მოციქული წერდა: „როცა ბალღი ვიყავი, ბალღურად ვლაპარაკობდი, ბალღურად ვაზროვნებდი, ბალღურად ვმსჯელობდი. ხოლო როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბალღური მივატოვე“ (1 კორინთელთა 13:11, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). დიახ, წლების მატებასთან ერთად შენი აზროვნებაც იცვლება. წიგნში „მოზარდთა განვითარება“ (Adolescent Development) ნათქვამია: „ახლებური აზროვნება. . . მოზარდობის ადრეულ პერიოდში იწყება“. შენ გინვითარდება აბსტრაქტული აზროვნების, ცნებების აღქმისა და გაანალიზების უნარი. უფრო ღრმად გესმის მორალი, ეთიკა და სხვა ფართოდ გავრცელებული საკითხები. იწყებ მომავალზე ფიქრს, როგორც უკვე ზრდასრული პიროვნება.
რა იწვევს პრობლემას? ახალი აზრების, იდეებისა და შეხედულებების მორევში გონება საშინლად იფანტება. შენ უკვე „ანი“ და „ბანიზე“ აღარ ფიქრობ. ახლა შენი გონება „გაიძულებს“ გააანალიზო და შეისწავლო დანახული და მოსმენილი. მასწავლებლისა თუ ლექტორის კომენტარმა შეიძლება გონება სულ სხვა თემაზე გადართოს. მაგრამ, სანამ ფიქრების გაკონტროლებას არ ისწავლი, ბევრი ძვირფასი ინფორმაცია გამოგრჩება. საინტერესოა, რომ ბიბლიაში მორწმუნე ისაკზე ნათქვამია, რომ საფიქრელად განმარტოვდა (დაბადება 24:63, აქ). ალბათ, ყოველდღიურად გარკვეული დროით განმარტოება განსატვირთად, საფიქრელად და გონებაში ყველაფრისთვის ადგილის მისაჩენად დაგეხმარება, რომ სხვა დროს ყურადღებით იყო.
გრძნობები და ჰორმონები
ყურადღების გაფანტვის მიზეზი შეიძლება გრძნობებიც იყოს. ცდილობ, ყურადღებით იყო კითხვისას თუ მოსმენისას, მაგრამ ხვდები, რომ სულ სხვა რამეზე ფიქრობ. შენში მონაცვლეობს მოწყენილობა და აღელვება, დეპრესია და აღფრთოვანება. მაგრამ არაფერია! ჭკუიდან არ იშლები. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჰორმონები, უბრალოდ, „ომობანას“ გეთამაშებიან. შენ ახლა სქესობრივი მომწიფების ასაკში ხარ.
კეტი მაკკოი და ჩარლზ უიბელზმენი წერენ: „მოზარდებს მოზღვავებული აქვთ გრძნობები. . . ხასიათის ცვლილებები, გარკვეულწილად, მოზარდობის განუყოფელი ნაწილია. ეს, ნაწილობრივ, თავის როლს ასრულებს სტრესში, რომელიც ამჟამად შენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებითაა გამოწვეული“. გარდა ამისა, უახლოვდები „სიყმაწვილის ასაკს“, როდესაც სქესობრივი წადილი თავის პიკს აღწევს (1 კორინთელთა 7:36). მწერალი რუთ ბელი ამბობს: „ფიზიკურ მომწიფებას თან სდევს სქესობრივი გრძნობების მოზღვავება. ალბათ, ამჩნევ საკუთარ თავს, რომ უფრო მეტს ფიქრობ სექსზე, უფრო იოლად ხდები სქესობრივად აღგზნებული და ზოგჯერ გრძნობები მხოლოდ სექსზეა გადართული“b.
ზემოხსენებული ჯესი, როგორც მოზარდებს სჩვევიათ, ფიქრებით ხშირად სხვაგან იყო, „ზოგჯერ გოგოებზე ვფიქრობ ან პირად პრობლემებზე, ან კიდევ რაიმე გეგმებზე“. ბოლოს გრძნობების ქარიშხალი ჩაწყნარდება. ამჯერად კი, თვითდისციპლინაზე იმუშავე. პავლე მოციქული წერდა: „ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს“ (1 კორინთელთა 9:27). რაც უფრო უკეთ ისწავლი საკუთარი გრძნობების დამორჩილებას, მით უფრო კარგად შეძლებ ყურადღებით ყოფნას.
საკმარისი ძილი
მოზარდ სხეულს საკმაო ძილი ესაჭიროება, რომ ფიზიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი და საშუალება მისცეს გონებას, ადგილი მიუჩინოს ახალ გრძნობებსა და ყოველდღიურად შეძენილ ცნებებს. მაგრამ ბევრ მოზარდს ყოველდღიური განრიგი ისე აქვს შედგენილი, რომ ძილისთვის ცოტა დრო რჩება. ერთი ნევროლოგი ამბობს: „ორგანიზმი არ დაივიწყებს ძილის საათებს, რომელიც ვალად გვმართებს. მუდამ ჟამს შეგახსენებს და მოულოდნელად მოგთხოვს ვალს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მეხსიერების ნაწილობრივი დაკარგვით, უყურადღებობითა და ნელი აზროვნებით“.
ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ერთი საათით ან ცოტა მეტი ხნით ძილი აშკარად აუმჯობესებს ყურადღებით ყოფნის უნარს. აღსანიშნავია, რომ ბიბლია განსჯის სიზარმაცესა და ძილის სიყვარულს (იგავნი 20:13). მაგრამ იმასაც ნათლად გვიჩვენებს, რომ საკმარისი დასვენება გონივრულია ნაყოფიერი შრომისუნარიანობისთვის (ეკლესიასტე 4:6).
კვება და ყურადღებიანობა
პრობლემის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კვება. მოზარდებს ცხიმიანი და ტკბილი საკვები უყვართ. მკვლევართა აზრით, არასრულფასოვანი საკვები ბევრს ძალიან მოსწონს, მაგრამ, როგორც გაირკვა, აზროვნების უნარს აქვეითებს. გამოკვლევებმაც აჩვენა, რომ გონებრივ მუშაობას აქვეითებს ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, მაგალითად პური, მარცვლეულის ფაფა, ბრინჯი, მაკარონი. ეს შესაძლოა იმიტომ ხდება, რომ ნახშირწყლები ტვინში ზრდის სეროტონინის ოდენობას და ამის გამო რული გვეკიდება. ამიტომ, ზოგი სპეციალისტის აზრით, კარგია ცილებით მდიდარი საკვების მიღება ნებისმიერი საქმიანობის დროს, რომელიც გონებრივ სიფხიზლეს ითხოვს.
ტელევიზორებისა და კომპიუტერების თაობა
წლების განმავლობაში პედაგოგები ფიქრობდნენ, რომ ტელევიზორი და მისი მსწრაფლცვალებადი გამოსახულება ახალგაზრდებს უქვეითებს ხანგრძლივად ყურადღებით ყოფნის უნარს; ამჟამად ამაშივე ადანაშაულებენ კომპიუტერულ ტერმინალს. იმ დროს, როდესაც დიდი კამათია გამართული სპეციალისტებს შორის იმის თაობაზე, თუ ზუსტად როგორ მოქმედებს თანამედროვე ტექნიკა ახალგაზრდებზე, უზომოდ ბევრი დროის კარგვა ტელევიზორის ყურებასა და კომპიუტერული თამაშებით გართობაზე, საეჭვოა, რომ სასარგებლო იყოს. ერთი ახალგაზრდა ამბობს: „ვიდეო თამაშებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით, ჩვენ, ახალგაზრდები, მივეჩვიეთ დაუყოვნებლივ მივიღოთ ის, რაც გვსურს“.
პრობლემა იმაშია, რომ ცხოვრებაში რაღაცის მიღწევას ძალისხმევა, სიმტკიცე და ძველმოდური მოთმინება ესაჭიროება (შეადარეთ ებრაელთა 6:12; იაკობი 5:7). ასე რომ, ნურასოდეს იფიქრებ, რომ მხოლოდ მსწრაფლცვალებადი და თავშესაქცევი უნდა დააფასო. მართალია, ტელევიზორის ყურება და კომპიუტერული თამაშები თავშესაქცევია, მაგრამ იქნებ ხატვისთვის, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლისთვის გამოგეყო დრო? ეს გააუმჯობესებს შენს ყურადღებიანობას.
არსებობს თუ არა კიდევ რაიმე საშუალება, რომ შეძლო ყურადღებიანობის განვითარება? ცხადია, არსებობს და ერთ-ერთ მომდევნო ნომერში გავაშუქებთ ზოგიერთ მათგანს.
[სქოლიოები]
a იხილეთ „გამოიღვიძეთ!“, 1994 წლის 22 ნოემბერი, გვერდები 3–12 (ინგლ.); 1996 წლის 22 ივნისი, გვერდები 11–13 (რუს.) და 1997 წლის 22 თებერვალი, გვერდები 5–10 (რუს.).
b იხილეთ სტატია: „ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას. . . როგორ შევეწინააღმდეგო საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე გამუდმებულ ფიქრს?“ — 1994 წლის 8 აგვისტოს ამავე ჟურნალის გამოცემაში (რუს.).
[ჩანართი 31 გვერდზე]
მკვლევართა აზრით, არასრულფასოვანი საკვები, როგორც გაირკვა, აზროვნების უნარს აქვეითებს.
[ჩანართი 31 გვერდზე]
„ზოგჯერ გოგოებზე ვფიქრობ ან პირად პრობლემებზე“.
[სურათი 30 გვერდზე]
გიძნელდება გაკვეთილზე ყურადღებით ყოფნა?