იმედი, რომელსაც ჭეშმარიტი რელიგია გვაძლევს
საერთოდ, ადამიანს მოსწონს იმაზე საუბარი, რაც აწუხებს ან აღელვებს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მოსწონთ იეჰოვას მოწმეებს სხვებისთვის მშვენიერი ბიბლიური ცნობის გაზიარება. ეს ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ შეიცავს პასუხებს იმ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომლებიც დღეს ნამდვილად აწუხებთ ადამიანებს, მაგალითად, როგორიცაა: მომავალი, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ბედნიერება (ლუკა 4:43).
მაგრამ რა არის ღვთის სამეფო?
აღმაფრთოვანებელი იმედი
ღვთის სამეფო არის მთავრობა, რომელშიც ღმერთი თავისი ძის, „მშვიდობის მთავრის“, მეშვეობით იმმართველებს. ბიბლია მის შესახებ ამბობს: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად. . . მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის“ (ესაია 9:5, 6).
დიახ, სხვა ბიბლიურ მუხლში შორეული მომავლის — ჩვენი დროისა და მმართველების — შესახებ, ნაწინასწარმეტყველებია: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა. . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, როდესაც ქრისტე, მშვიდობის მთავარი, იმეფებს, შესრულდება ლოცვა, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა. . . მოვიდეს სუფევა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). რას მოუტანს ღვთის სამეფო დედამიწას და რას მოგვიტანს პირადად ჩვენ? განვიხილოთ იეჰოვა ღმერთის მიერ წარმოთქმული აღთქმები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. ზოგი მათგანი ამ გვერდებზეა აღწერილი.
ცნობა ღვთისგან
ღვთის სიტყვაში მოცემული მშვენიერი აღთქმები არ უნდა იყოს დამალული, ამას კი ისევ რელიგიაზე საუბართან მივყავართ. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ამ ბოროტი სისტემის დასასრულამდე მის მიმდევრებს ინიციატივა უნდა გამოევლინათ და ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14; 28:19, 20; საქმეები 1:8).
იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ ამ ცნობას აუწყებენ მთელ დედამიწაზე. ამ ჟურნალის გარდა გამოდის ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომელიც დღეს 130 ენაზე 22-მილიონიანი ტირაჟით იბეჭდება; თითოეული ჟურნალის ყდაზე კი წერია: „იუწყება იეჰოვას სამეფოს“.
თქვენ, ალბათ, გსურთ, გაეცნოთ ყოველივეს და ისე გამოიტანოთ თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები (იგავნი 18:13). ამიტომ გთავაზობთ უკეთესად გაიგოთ, რა არის ღვთის დიდებული სამეფო და რას მოგიტანთ ის პირადად თქვენ. და ბოლოს, ნუ აარიდებთ თავს ბიბლიაზე საუბარს, რადგან არც ერთ თემაზე საუბარი არ არის უფრო მეტად სასარგებლო, საინტერესო და მნიშვნელოვანი (იოანე 17:3).
[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]
დედამიწაზე სამოთხესთან დაკავშირებული აღთქმები
მთელ მსოფლიოში მშვიდობა იქნება. „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 71:8).
მკვდრებიც კი აღდგებიან. „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15).
ყველა მარადიულად გაიხარებს სრულყოფილი ჯანმრთელობით. „[ღმერთი] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:3, 4).
ხალხი აიშენებს სახლებს და იცხოვრებს მათში. „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ“ (ესაია 65:21).
იქნება საკვების სიუხვე. „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).