ნახევარსაუკუნოვანი ტოტალიტარული ტირანია
მოგვითხრო ლემბით ტოუმმა
1 951 წელს ათი წლით ციმბირში იძულებითი შრომა მომისაჯეს. ჩვენ ათასობით კილომეტრით დაშორებულ ბანაკში გაგვაგზავნეს, რომელიც ჩრდილოეთის პოლარული წრის ზემოთ მდებარეობდა. იქ დამქანცველი სამუშაო, მკაცრი ამინდი და საშინელი საცხოვრებელი პირობები იყო. ნება მომეცით მოგითხროთ, როგორ მოვხვდი იქ და რატომ არ იყო ჩვენი ტანჯვა ამაო.
ესტონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყანაში, სადაც მე დავიბადე (1924 წლის 10 მარტს), მამაჩემს ინტელიგენტად თვლიდნენ. თუმცა, ხანში რომ შევიდა, ესტონეთის ცენტრთან ახლოს, იარვამააში, ჩვენს ფერმას უვლიდა. ჩემი მშობლები ლუთერანები იყვნენ; და ცხრა შვილი ჰყავდათ; მათ შორის უმცროსი მე ვიყავი. მამა 13 წლისას დამეღუპა.
მომდევნო წელს დაწყებითი სკოლა დავამთავრე. 1939 წლის სექტემბერში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჩემი ძმა ერიკი სამხედროში გაიწვიეს, ამიტომ ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება. 1940 წელს ესტონეთი საბჭოთა კავშირმა შეიერთა; ერთ წელიწადში კი ჩვენი ქვეყანა გერმანელებმა დაიკავეს. მათ ერიკი დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს და ის 1941 წლის აგვისტოში ესტონეთში დაბრუნდა. მე 1942 წელს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში შევედი.
1943 წელს, შობის დღესასწაულისთვის სახლში ყოფნისას, ჩემმა დამ, ლეიდამ, ახსენა, რომ ჩვენი ოჯახის ექიმი მას ბიბლიის შესახებ ესაუბრა. ექიმს მისთვის საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული რამდენიმე ტრაქტატი მიეცა. წავიკითხე თუ არა ისინი, მაშინვე ექიმი არტურ ინდასი მოვძებნე, რომელმაც შემდგომ ბიბლია შემასწავლა.
იძულებული ვიყავი გადამეწყვიტა
ამასობაში, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ბრძოლა უფრო გამწვავდა. 1944 წლის თებერვლისთვის რუსები თითქმის ესტონეთის საზღვრამდე იყვნენ მოსულები. ერიკი უკვე გერმანულ ჯარში იყო; მეც გამიწვიეს, მაგრამ მწამდა, რომ ღვთის კანონი კრძალავდა ადამიანის მოკვლას, ამიტომ ექიმმა ინდასმა მითხრა, რომ დამეხმარებოდა თავშესაფრის მოძებნაში, რათა ომის დამთავრებამდე იქ ვყოფილიყავი.
ერთხელ ერთი პოლიციელი და ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის უფროსი მოვიდნენ ჩვენს ფერმაში. მათ ნაბრძანები ჰქონდათ ჩემი დაპატიმრება, რადგან სამხედრო სამსახურს თავს ვარიდებდი. ვიცოდი, რომ ან სახლიდან უნდა გავქცეულიყავი, ან კიდევ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში მოვხვედრილიყავი.
თავი იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის ფერმას შევაფარე. მალვის პერიოდში რწმენის გასაძლიერებლად რაც შეიძლებოდა მეტად ვკითხულობდი ბიბლიას და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემულ ლიტერატურას. ერთ საღამოს ცოტაოდენი საკვებისთვის სახლში შევიპარე. სახლი სავსე იყო გერმანელი ჯარისკაცებით, რადგან ერიკი თავის მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით დასასვენებლად დაბრუნებულიყო. მე შევძელი იმ ღამეს კალოზე ჩუმად მელაპარაკა ძმასთან. იმ დღის შემდეგ ის აღარასოდეს მინახავს.
ძლივძლივობით გაქცევა
იმ ღამესვე, ფერმაზე დაბრუნებისას, რეიდი მოგვიწყვეს. იმ ადგილობრივმა პოლიციელმა და სამოქალაქო თავდაცვის უფროსმა ასეთი ზომები მიიღეს, რადგან შეიტყვეს, რომ ამ ფერმაზე ვიღაც იმალებოდა. სარდაფში დავიმალე; მალე მაღლიდან ნალებიანი ჩექმების ხმა მომესმა. პოლიციელმა, რომელიც იარაღით ემუქრებოდა ფერმის პატრონს, დაუყვირა: „შენს სახლში კაცი იმალება! საიდან ჩავიდეთ სარდაფში?“ ვხედავდი მათი ფარნის სინათლეს, რომლითაც მეძებდნენ. ცოტა უკან გავიწიე, დავწექი და გავისუსე. როდესაც წავიდნენ, ცოტა ხანს სარდაფიდან ფეხი არ მომიცვლია, სანამ არ დავრწმუნდი, რომ საშიშროებამ ჩაიარა.
განთიადამდე ამ სახლიდან წავედი; მადლიერი ვიყავი იეჰოვასი, რომ ვერ მიპოვეს. ქრისტიანი ძმები დამეხმარნენ სხვა თავშესაფრის მოძებნაში, სადაც ესტონეთის ოკუპაციის დამთავრებამდე დავრჩი. მოგვიანებით გავიგე, რომ ის პოლიციელი და ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვის უფროსი დახოცეს; ალბათ, რუსმა პარტიზანებმა გააკეთეს ეს. 1944 წლის 19 ივნისს თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე; ჩემი და ლეიდაც იეჰოვას მოწმე გახდა.
საბჭოთა კავშირმა ესტონეთი ხელახლა 1944 წლის ივნისში დაიკავა, ამიტომ ერთი-ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნება შევძელი, რომ ფერმისთვის მიმეხედა. მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ნოემბერში, მთავრობამ რუსეთის ჯარში გამოცხადება მიბრძანა. სიმამაცით სავსემ, გაბედულად ვიქადაგე კომისარიატში, სადაც მითხრეს, რომ საბჭოთა სისტემას არ აინტერესებდა ჩემი რწმენა და რომ ყველას უნდა ემსახურა ჯარში. მაგრამ ომიანობის დარჩენილი წლების განმავლობაში ჯარისთვის თავის არიდება მოვახერხე და თავი თანამოწმუნეების ბიბლიური ლიტერატურით მომარაგებას მივუძღვენი.
ომის შემდგომი საქმიანობა
1945 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ომი დამთავრდა და იმ კეთილსინდისიერი ხალხისთვის, ვინც ომში მონაწილეობა არ მიიღო, ამნისტია გამოვიდა, ისევ სკოლას დავუბრუნდი. 1946 წლის დასაწყისში მივხვდი, რომ სოფლის მეურნეობა არაფერს მომიტანდა, რადგან კერძო მეწარმეობა კოლექტივიზაციის საბჭოთა სისტემამ შეცვალა. ასე რომ, მივატოვე სკოლა და უფრო მეტად ჩავები სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების საქმეში.
საბჭოთა ხელისუფლების დროს ჩვენი მსახურების დაუფარავად გაგრძელება შეუძლებელი გახდა. საზოგადოება „საგუშაგო კოშკთან“ კავშირი, ფაქტიურად, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში შეგვიწყდა. ამიტომ ერთი ძველი მიმეოგრაფით გადარჩენილი ლიტერატურის ასლების კეთებაში ვეხმარებოდი ძმებს. აგრეთვე ყველანაირად ვცდილობდით კრების შეხვედრების ჩატარებას.
1948 წლის აგვისტოში საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტმა (სუკი) დაიწყო იეჰოვას მოწმეების დევნა. ხუთი ხელმძღვანელი ძმა დააპატიმრეს; მალე ნათელი გახდა, რომ სუკის თანამშრომლებს ყველას დაპატიმრება სურდათ. შედგა კომიტეტი, რომელშიც ოთხი ძმა შევდიოდით, რომ ორგანიზება გაგვეწია სამქადაგებლო საქმიანობისთვის, გაგვემხნევებინა ქრისტიანი ძმები და დავხმარებოდით მათ, ვინც ციხეში ჩასვეს. რადგანაც შედარებით თავისუფლად შემეძლო მოგზაურობა, ძმებს თანამორწმუნეებთან ურთიერთობის დამყარებაში ვეხმარებოდი.
1948 წლის 22 სექტემბერს ამავე რიცხვით დათარიღებული ოფიციალური საპროტესტო წერილი გავუგზავნეთ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს ესტონეთში. მასში აღწერილი იყო ჩვენი ორგანიზაცია, მისი საქმიანობის მიზანი და მოცემული იყო მოთხოვნა დაპატიმრებული თანამორწმუნეების გათავისუფლების შესახებ. რა პასუხი მოჰყვა ამას? გაძლიერებული დაპატიმრება. 1948 წლის 16 დეკემბერს ესტონეთის სსრ უზენაესი სასამართლოს საბჭოს სახელზე გავაგზავნეთ კიდევ ერთი საპროტესტო დეკლარაცია, რომელშიც ჩვენი ძმების გამართლებასა და გათავისუფლებას მოვითხოვდით. ამ წერილობითი მოთხოვნების ასლები დღემდე ტალინის არქივში ინახება.
სათანადო საბუთების მოპოვება ვერ შევძელით, რის გამოც მოგზაურობა სახიფათო იყო. მიუხედავად ამისა, დავესწარით კონგრესებს, რომლებიც არავეტეში, ოტეპიაში, ტალინში, ტარტუსა და ვირუში ჩატარდა; იქ ჩვენ ჩავედით მოტოციკლით, რომლის ძრავაც ოთხცილინდრიანად იქნა გადაკეთებული და რომლისთვისაც ეტლი რუსი ოფიცრისგან შევიძინეთ. ჩვენ მას ხუმრობით „ფაეტონს“ ვეძახდით.
სტალინისთვის გაგზავნილი საპროტესტო წერილი
1949 წლის 1 ივნისს კიდევ ერთი მოთხოვნა გავუგზავნეთ ესტონეთის სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს, ნიკოლაი შვერნიკს. ამ საბუთს, რომელიც მოგვიანებით ტალინის არქივში ვიპოვეთ, ნიკოლაი შვერნიკის ბეჭედი არტყია, რაც იმაზე მოწმობს, რომ მან მიიღო ის და ასლი იოსებ სტალინს გაუგზავნა. ამ მოთხოვნის ბოლო ნაწილში ნათქვამი იყო:
«მოვითხოვთ, რომ იეჰოვას მოწმეები გათავისუფლებულ იქნენ ციხიდან და შეწყდეს მათი დევნა. იეჰოვა ღმერთის ორგანიზაციას, რომელსაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ წარმოადგენს, უნდა ჰქონდეს ნებართვა, წინააღმდეგობის გარეშე აუწყოს იეჰოვას სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა საბჭოთა კავშირის ყველა მოსახლეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, იეჰოვა გაანადგურებს საბჭოთა კავშირსა და კომუნისტურ პარტიას.
ამას იეჰოვა ღმერთის, მისი სამეფოს მეფის, იესო ქრისტესა, და ყველა დაპატიმრებული თანამორწმუნის სახელით მოვითხოვთ.
ხელმოწერა: იეჰოვას მოწმეები ესტონეთში (1949 წლის 1 ივნისი)».
დევნა ძლიერდება
1950 წლის დასაწყისში გერმანიიდან დაბრუნებული კაცისგან „საგუშაგო კოშკის“ სამი ნომერი მივიღეთ. იმისათვის, რომ ჩვენს ყველა ქრისტიან ძმას მიეღო სარგებლობა ამ სულიერი საკვებიდან, გადავწყვიტეთ, 1950 წლის 24 ივლისს სოფელ ოტეპიასთან ბიბლიის ერთ-ერთი შემსწავლელისთვის ფარდულში კონგრესი ჩაგვეტარებინა. მაგრამ როგორღაც სუკის თანამშრომლებმა შეიტყვეს ჩვენი გეგმები და მასობრივი დაპატიმრება განიზრახეს.
ჯარისკაცები ორი სატვირთო ავტომობილით მოვიდნენ და პალუპერას რკინიგზის სადგური დაიკავეს, სადაც ჩვენი ძმები უნდა ჩამოსულიყვნენ. ერთი ჯარისკაცი კი რადიოგადამცემით იყო ჩასაფრებული ოტეპია—პალუპერას გზაზე, არცთუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც კონგრესი უნდა ჩაგვეტარებინა. როდესაც რამდენიმე ძმამ, რომლებიც ადრე უნდა მოსულიყვნენ, დაიგვიანა, მივხვდით, რომ ჩვენი გეგმები ჩაიშალა.
მე თანამორწმუნესთან, ელა კიკასთან, ერთად ჩემი მოტოციკლით სასწრაფოდ გავეშურე რკინიგზის სადგურისკენ, რომლიდანაც ორი სადგური იყო პალუპერამდე. მატარებელი ახალი ჩამომდგარი იყო, ასე რომ, მე ერთ ბოლოში ავედი, ის — მეორეში; გავრბოდით და ყველა ვაგონში ვყვიროდით თანამორწმუნეების გასაგონად, რომ ჩასულიყვნენ. მოწმეები ჩავიდნენ და მეორე დღეს სხვა ფარდულში ჩავატარეთ კონგრესი. ამგვარად, სუკის გეგმა ჩვენს მასობრივ დაპატიმრებასთან დაკავშირებით ჩაიშალა.
მაგრამ ამ კონგრესის შემდეგ ორ თვეში დიდი მასშტაბის დაპატიმრებები დაიწყო. 1950 წლის 22 სექტემბერს მე და კომიტეტში მყოფი კიდევ სამი ძმა, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ ესტონეთში სამქადაგებლო საქმიანობას, დაკითხვაზე მიგვიყვანეს. რვა თვით ტალინში, პაგარი სტრიტზე, სუკის ციხეში ჩაგვსხეს. მოგვიანებით კალდა სტრიტზე ჩვეულებრივ ციხეში გადაგვიყვანეს, რომელსაც „ბატარეას“ ეძახდნენ. იქ სამი თვე გვამყოფეს. სუკის ციხესთან შედარებით, სადაც სარდაფში ვისხედით, ბალტიის ზღვასთან არსებული ეს ციხე კურორტი იყო.
რთული ცხოვრება ციმბირში
მალე მე, ჰარი ენიკე, ალექსანდრე ჰერმი, ალბერტ კოზე და ლეონარდ კრიბი ათი წლით ციმბირში, შორეულ ნორილსკში, გადაგვასახლეს. იქ ზაფხულში ორი თვის განმავლობაში მზე არ ჩადის, ზამთარში კი ორი თვე არ ამოდის.
1951 წლის აგვისტოში მატარებლით ტალინიდან ნორილსკისკენ გავემგზავრეთ. ჩვენ დაახლოებით 6 000 კილომეტრი ვიმგზავრეთ და გავიარეთ ფსკოვი, სანქტ-პეტერბურგი (ყოფილი ლენინგრადი), პერმი, ეკატერინბურგი (ყოფილი სვერდლოვსკი), ნოვოსიბირსკი, კრასნოიარსკი, რომელიც მდინარე ენისეიზე მდებარეობს. ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, კრასნოიარსკში შალანდაზე აგვიყვანეს და ბუქსირით ჩრდილოეთისკენ 1 000 კილომეტრზე მეტი გავცურეთ. ორ კვირაში ქალაქ დუდინკას მივადექით, რომელიც ჩრდილოეთის პოლარული წრის ზემოთ მდებარეობს. დუდინკაში ისევ მატარებელზე გადაგვსხეს, რომ 120 კილომეტრში მდებარე ნორილსკში ჩავსულიყავით. ნორილსკის სადგურიდან ქალაქის გარეთ არსებულ ბანაკამდე დარჩენილი 15 კილომეტრი დიდ თოვლში ფეხით გავიარეთ.
რადგანაც ზამთრის ტანისამოსი შალანდაზე მომპარეს, მხოლოდ საზაფხულო პიჯაკი, კეპი და ღია ფეხსაცმელი მქონდა. ტალინიდან მრავალკვირიანი მგზავრობის გამო დასუსტებული ვიყავით; ჩვენი ყოველდღიური ნორმა ღარიბული საჭმელიც კი არ გვქონდა მიღებული. ამიტომ ზოგ პატიმარს გული წაუვიდა. ჩვენ ვეხმარებოდით მათ სიარულში, სანამ ცხენებს მოიყვანდნენ, შემდეგ კი მარხილებით წავიყვანეთ.
ბანაკში რომ მივედით, რეგისტრაციაში გაგვატარეს, საუნაში შეგვიყვანეს და დღის ნორმა საკვებიც დაგვირიგეს. ბარაკებში თბილოდა და მალე ღრმად ჩამეძინა. მაგრამ შუაღამეს მწვავე ტკივილმა გამომაღვიძა; ყურის ანთება დამემართა. მეორე დილას სამედიცინო დახმარება გამიწიეს და სამუშაოდან გამათავისუფლეს. მაგრამ ციხის ზედამხედველები გაბრაზებული იყვნენ, რომ ვერ ვმუშაობდი, და მცემდნენ. მათ ერთი თვით ცალკე საკანში ჩამსვეს, რადგან, როგორც ისინი ამბობდნენ, „ბანაკში სიმშვიდეს ვარღვევდი“. საბედნიეროდ, მიმკურნალეს და იქ ყოფნისას გამოვჯანმრთელდი.
ბანაკში პირველი ზამთარი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. სამუშაო, რომელშიც ძირითადად ღია სამთო სამუშაოებით ნიკელის მოპოვება შედიოდა, დამქანცველი იყო, ის მცირე საკვები კი, რომელსაც გვაძლევდნენ, — უხარისხო. როდესაც ბევრს სურავანდის ნიშნები შეატყვეს, გართულების თავიდან ასაცილებლად C ვიტამინის ინიექცია გაგვიკეთეს. საბედნიეროდ, იქ ბევრ მოლდოველ, პოლონელ და უკრაინელ თანამორწმუნეს შევხვდით.
პატიმრობაში ყოფნისას მომხდარი ცვლილებები
1952 წლის გაზაფხულზე პატიმრებისთვის მცირე ხელფასის მიცემა დაიწყეს, რამაც კვების გაუმჯობესების საშუალება მოგვცა. გარდა ამისა, ზოგ მოწმეს უკვე საკვებს უგზავნიდნენ ყუთებით, რომლების ძირშიც მოხერხებულად იყო დამალული ბიბლიური ლიტერატურა. ერთხელ ერთმა მოლდოველმა მოწმემ თუნუქის ქილით ღორის ქონი მიიღო. როდესაც ქონი შეიჭამა, ქილაში ღორის მუცლის აპკი გამოჩნდა, რომელშიც „საგუშაგო კოშკის“ სამი ნომერი იყო გახვეული.
1953 წლის 5 მარტს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ციხის ცხოვრება საოცრად შეიცვალა. პირველ ხანებში გაფიცვები და აჯანყებები დაიწყო, რადგან პატიმრები გათავისუფლებას ითხოვდნენ. ჯარის ნაწილებს გზავნიდნენ მათ ჩასახშობად. ნორილსკში 120 პატიმარი დახოცეს აჯანყებისას, მაგრამ იეჰოვას მოწმეებიდან არც ერთი არ დუჭრიათ და არ მოუკლავთ, რადგან ისინი არ მონაწილეობდნენ მასში. 1953 წლის ზაფხულში ნიკელის საბადოზე მუშაობა ორი კვირით შეწყდა. ამის შემდეგ ციხის ცხოვრება გაადვილდა. ზოგი პატიმარი გაათავისუფლეს, ზოგს კი პატიმრობის ვადა შეუმცირეს.
ერთგული მოწმე
ბანაკში მომხდარი ამ აურზაურის შემდეგ სამხრეთით, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ ტეიშეტის ბანაკში, გადამიყვანეს. იქ არტურ ინდასს შევხვდი, რომელმაც ბიბლია შემასწავლა. მან უარი თქვა ბანაკში ექიმად მუშაობაზე და ფიზიკური სამუშაო აირჩია. არტურმა მითხრა: „სინდისი ნებას არ მრთავდა ყალბი ავადმყოფობის გამო სამუშაოდან გამეთავისუფლებინა ჯანმრთელი პატიმრები, რომლებსაც მიცემული პასუხისმგებლობის გამო სხვებზე მაღალი მდგომარეობა ეკავათ, მაშინ როცა ნამდვილ ავადმყოფებს აიძულებდნენ, ემუშავათ“.
ძმა ინდასი იმ დროს დასუსტებული იყო, რადგან მანამდე მას ფიზიკურ სამუშაოსთან საქმე არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მან მითხრა, რომ ეს ტანჯვა მისთვის სულიერი წვრთნა იყო. ჩვენ დაახლოებით სამი კვირა ვიყავით ერთად. მოგვიანებით ის ბანაკის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც 1954 წლის იანვარში გარდაიცვალა. მისი უსახელო საფლავი სადღაც დაუსრულებელ სუბარქტიკულ ტყეშია. ის სიკვდილამდე ერთგული ქრისტიანი იყო და მჯერა, რომ მკვდრეთით აღდგება.
გათავისუფლება და სახლში გამგზავრება
1956 წელს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისია იქნა გამოგზავნილი ბანაკში, რომ პატიმრების საბუთებისთვის გადაეხედა. როდესაც კომისიის წინაშე გამოვცხადდი, უფროსმა გენერალმა მკითხა: „რას აპირებ გათავისუფლების შემდეგ?“
— დრო გვიჩვენებს, — ვუპასუხე მე.
მაშინ გამიშვეს; მეორე გამოძახებისას კი გენერალმა მითხრა: „შენ საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი მტერი — იდეოლოგიური მტერი ხარ“. მაგრამ დაამატა: „ჩვენ გათავისუფლებთ, მაგრამ თვალყურს გადევნებთ“. 1956 წლის 26 ივლისს გამათავისუფლეს.
ორი დღე უკრაინელ მოწმეებთან დავრჩი სუიეტიხაში, ტაიშეტთან ახლოს მდებარე სოფელში, სადაც ისინი 1951 წელს გადაასახლეს. შემდეგ ოთხი დღით ტომსკის ოლქში გავჩერდი, სადაც დედაჩემი იყო გადასახლებული. რკინიგზის სადგურიდან სოფელ გრიგორიევკამდე 20 კილომეტრი ფეხით ვიარე. იქ იმაზე უარესი პირობები იყო, ვიდრე ბევრმა ჩვენგანმა ბანაკებში იხილა. ჩემი და ლეიდა ყაზახეთში სამხედრო ტყვეთა ბანაკიდან გაეთავისუფლებინათ და რამდენიმე თვით ადრე ჩამოსულიყო აქ დედასთან. მას პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა და ესტონეთში დაბრუნება ჯერ არ შეეძლო.
ესტონეთში ჩვენი დევნა
მოგვიანებით ესტონეთში დავბრუნდი და პირდაპირ ჩვენი ფერმისკენ გავეშურე. რაც ციმბირში ყოფნისას მოვისმინე, სწორედ ის დამხვდა — მთავრობას ყველა ჩვენი შენობა დაენგრია. რამდენიმე დღეში პოლიომიელიტით დავავადდი. კარგა ხანს საავადმყოფოში ვიწექი; მკურნალობა იქიდან გამოსვლის შემდეგაც განვაგრძე. ამ დაავადების გამო დღემდე ვკოჭლობ.
მალე სამსახური ვიშოვე კომპანიაში, სახელწოდებით „Lehtse Peat“, რომელშიც 1943 წელს მთელი ზაფხული ვიმუშავე; იქ ბინაც მომცეს და 1956 წლის დეკემბერში გადასახლებიდან დაბრუნებული დედაჩემი და ლეიდა ლეტსეში ჩემთან დასახლდნენ.
1957 წლის ნოემბერში ელა კიკასზე დავქორწინდი; ისიც ახალი დაბრუნებული იყო ციმბირის სამხედრო ტყვეთა ბანაკიდან. ორი თვის შემდეგ ტარტუში გადავსახლდით და ერთ კერძო სახლში პატარა ოთახი შევიძინეთ. ბოლოს, ტარტუს რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივში მძღოლად დავიწყე მუშაობა.
ციმბირში ყოფნისას „საგუშაგო კოშკის“ ათი სასწავლო სტატია გადავთარგმნე რუსულიდან ესტონურზე და სახლში დაბრუნებისას თან წამოვიღე. მოგვიანებით მივიღეთ წიგნი „დაკარგულიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“ და ისიც ესტონურ ენაზე ვთარგმნეთ. შემდეგ საბეჭდ მანქანაზე ამ წიგნის ასლები გავაკეთეთ. ამასობაში, სუკი დაჟინებით განაგრძობდა ჩვენ თვალთვალს. რადგანაც ჩვენთვის ცნობილი იყო თვალყურის დევნების მათი მეთოდები, ყოველთვის ფხიზლად და ფრთხილად ვიყავით იმ ცხოველების მსგავსად, რომლებზეც ნადირობენ.
სუკის სამიზნეები
60-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მოწმეების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო. მე და ჩემი მეუღლე მთავარი სამიზნეები ვიყავით. გაზეთებში ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნება და რადიოსა და ტელევიზიაში ჩვენი ლანძღვა დაიწყეს. ჩემს სამსახურში სუკის თანამშრომლებმა ამასთან დაკავშირებით ორჯერ შეკრება ჩაატარეს. ტალინში, ესტონურ თეატრში, გამოცდილმა მსახიობებმა ჩემს შესახებ სატირული წარმოდგენა დადგეს. ეს ყველაფერი მახსენებდა დავითის სიტყვებს: „ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი“ (ფსალმუნი 68:13).
მათი მცდელობები — სახელი გაეტეხათ ჩვენთვის — 1965 წლამდე გრძელდებოდა; ამ წელს ტარტუს მუშათა ჯანდაცვის შენობაში ბოლო შეხვედრა ჩატარდა. ამ შეხვედრას, სადაც სუკის თანამშრომლები და სხვა მრავალი ადამიანი იყო, მე და ელაც დავესწარით. როდესაც ელა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხობდა, აუდიტორია ტაშს უკრავდა. ნათელი იყო, რომ ხალხი ჩვენ გვემხრობოდა. სუკის თანამშრომლები შედეგების გამო იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყვნენ.
სულიერი შიმშილის დაკმაყოფილება
მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები ცდილობდნენ ვაეძულებინეთ, შეგვეწყვიტა ჩვენი ლიტერატურის გავრცელება, 1965 წელს ჩვენი ქრისტიანი ძმებისთვის შედარებით მეტი სულიერი საზრდოს მიწოდება შევძელით. ამიტომ ფარული მთარგმნელობითი საქმიანობა და შემდეგ საიდუმლო ადგილებში ლიტერატურის ბეჭდვა დიდ დროსა და ენერგიას ითხოვდა. ჩემს ფარულ საქმიანობასთან და ლიტერატურის გადაზიდვასთან დაკავშირებით ერთხელ სუკის თანამშრომელმა მითხრა: „შენ, ტოუმ, გეტყობა, რომ რაღაცას მალავ“.
ჩვენი შეხვედრები, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ და პატარა ჯგუფებად უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ არაფორმალურად ვქადაგებდით. ძმები ნებისმიერ დროს მათი ბინების გაჩხრეკისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ლიტერატურაც ძალიან კარგად უნდა ყოფილიყო დამალული. ასეთ პირობებშიც კი ბიბლიური ჭეშმარიტების ბევრი მოყვარული იქნა ნაპოვნი, რომლებმაც შემდეგ სამეფოს დაუჭირეს მხარი.
როდესაც საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ გორბაჩოვმა 80-იან წლებში თავისი რეფორმების გატარება დაიწყო, ჩვენ მეტი თავისუფლება მოგვეცა ღვთისადმი მსახურებისთვის. ბოლოს, 1991 წელს, საბჭოთა კავშირი დაიშალა და იეჰოვას მოწმეები კანონით იქნენ აღიარებული. დღეს ჩვენ ოთხი კრება გვაქვს ტარტუში; გარდა ამისა, ახლახან დასრულდა ჩვენი საკუთარი სამეფო დარბაზის ახალი კომპლექსის მშენებლობა. ახლა ესტონეთში 3 800 მოწმე ქადაგებს; ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ კი, როდესაც ქადაგება დავიწყე, 40–50 ვიყავით.
კმაყოფილების მომტანი ქრისტიანული ცხოვრება
არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ სწორი გზა ავირჩიე, როდესაც მტკიცედ გადავწყვიტე, იეჰოვასთვის მემსახურა. წარსულის გახსენებისას კმაყოფილების გრძნობითა და სიხარულით მაქვს გული სავსე, რადგან ვხედავ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია ენერგიულად განაგრძობს წინსვლას და რომ კიდევ იზრდება მათი რიცხვი, რომლებსაც სურთ იეჰოვასადმი მსახურება.
მე მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მთელი ამ მრავალი წლის მანძილზე მე და ჩემს ცოლს მისი სიყვარული და მფარველობა გვქონდა. იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას სამართლიანი სისტემა ახლოსაა, სულიერად გვაძლიერებს. რასაკვირველია, იეჰოვას მსახურების რიცხვის გასაოცარი ზრდა გვარწმუნებს, რომ ჩვენ მიერ გამოვლილი ტანჯვა ამაო არ იყო (ებრაელთა 6:10; 2 პეტრე 3:11, 12).
[რუკა 12, 13 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რუკა, რომელზეც აღნიშნულია ორთვიანი მგზავრობა ტალინიდან ნორილსკის საშინელ ბანაკამდე.
ტალინი
ფსკოვი
სანქტ-პეტერბურგი
პერმი
ეკატერინბურგი
ნოვორისიბირსკი
კრასნოიარსკი
დუდინკა
ნორილსკი
ჩრდილოეთის პოლარული წრე
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათი 14 გვერდზე]
არტურ ინდასი, გაბედული ქრისტიანი.
[სურათი 14 გვერდზე]
პატიმრები ციმბირში, 1956 წელი. მე უკანა რიგში მარცხნიდან მეოთხე ვარ.
[სურათი 15 გვერდზე]
მე და ჩემი ცოლი ყოფილი სუკის შტაბის წინ, სადაც ხშირად გვიძახებდნენ დაკითხვაზე.