პეპლები, მცენარეები და ჭიანჭველები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირი
ჩვენი კორესპონდენტისგან ნიდერლანდებში
მშვენიერმა ცისფერმა პეპლებმა დასავლეთ ევროპაში, იციან, რომ ივლისში შთამომავლობის წარმოშობის დრო დგება. მაგრამ ამისათვის მარტო პარტნიორის შოვნა არ არის საკმარისი. მათ ჭაობის ყვავილოვანი ცისფერი ნაღველები და მშიერი წითელი ჭიანჭველებიც სჭირდებათ. რისთვის? რა როლს ასრულებენ ამ პეპლების ცხოვრების ციკლში მცენარეები და ჭიანჭველები?
ამ მომხიბლავ სამმხრივ კავშირზე დაკვირვება შეიძლება დვინგელდერველდის ეროვნულ პარკში, რომელიც ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ამ პარკში, თავიანთ სახლში, ეს ცისფერი პეპლები დიდი რაოდენობით იყრიან თავს. გაზაფხულზე და ზაფხულში დვინგელდერველდის ველები ჭრელ ხალიჩებს ემსგავსება, რომლებშიც ჩაქსოვილია უთვალავი ყვავილოვანი მცენარე, მათ შორის ჭაობის ცისფერი ნაღველები, ვარდისფერი მანანები და ყვითელი ნარგიზები. ცისფერ პეპლებს განსაკუთრებით იზიდავს ჭაობის მანანების სიკოხტავე და ჭაობის ცისფერი ნაღველას ფოჩიანი ყვავილები. ეს ორი სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება. ჭაობის ყვავილოვანი მანანა საყვარელი მცენარეა ნექტარის მოსაგროვებლად, და ნაღველა კი მიჩნეულია პოტენციურ შესანახ ადგილად. მაგრამ რას ინახავენ პეპლები იქ?
გადარჩენის გეგმა
დაწყვილების შემდეგ, დედალი პეპელა ეძებს ჭაობის ნაღველას, რომელიც ირგვლივ მყოფ ბალახებზე მაღალია. ეს პეპელა მოკალათდება ყვავილზე და დებს თეთრი ფერის რამდენიმე კვერცხს. 4—10 დღის შემდეგ კვერცხებიდან ორიდან ექვსამდე პაწია მატლი (მუხლუხი) იჩეკება და იწყებენ თავიანთ ახალ ცხოვრებას ყვავილის კოკორზე, რომელიც მათ საკვებს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორი-სამი კვირის განმავლობაში მატლები ყვავილს შეუჩერებლად შეექცევიან, მიწაზე ეშვებიან.
საინტერესოა, რომ მატლი მიწაზე ჩასასვლელად, ჩვეულებრივ, საღამოს ელოდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საღამოობით ორი ჯიშის წითელი ჭიანჭველა, რომლებიც ამ ეროვნულ პარკში ბინადრობენ, თავიანთი ბუდეებიდან საჭმლის საძებრად გამოდიან. მატლი სწორედ ამ საკვებისმძებნელ ჭიანჭველათა ბილიკებისკენ ეშვება. თუმცა მატლის მიწაზე ჩამოსვლა შეიძლება მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებად მოგვეჩვენოს ეს, ფაქტობრივად, მისი გადარჩენის გეგმის ნაწილია. რა ხდება შემდეგ?
მალე წითელი ჭიანჭველები თავიანთ ბილიკზე გაწოლილ მატლს პოულობენ. ჭიანჭველებს საჩქაროდ მიჰყავთ მატლი თავიანთ ბუდეში. იქ მატლს პატივსაცემი სტუმარივით ექცევიან და ისიც მთელი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს თავს; მიირთმევს იმდენ საკვებს, რამდენიც სურს. უნდა აღინიშნოს, რომ მატლი მხოლოდ ჭიანჭველის მატლებითა და მუშა ჭიანჭველების ამონაღებით იკვებება — მას სხვა არჩევანი არა აქვს. მაგრამ თავადაც არ რჩება ჭიანჭველებს ვალში. ისინი რეგულარულად წოვენ მატლს გემრიელი თაფლის ცვარს. მაშინაც კი, როდესაც მატლი ჭუპრის სტადიაში შედის, ჭიანჭველებისთვის თაფლის ცვრის მიწოდებას განაგრძობს. თაფლის ცვარი, ისევე როგორც სხვა სეკრეციები, ჭიანჭველებს ძალიან მოსწონთ. მაგრამ შემდეგ, ამ თანაარსებობის დასასრული სწრაფად ახლოვდება.
სასურველი სტუმრობიდან დაუპატიჟებელ სტუმრობამდე
ჭუპრობის დროს მატლი პეპლად გადაქცევას იწყებს. როდესაც პროცესი მთავრდება ჭუპრი სკდება და იქიდან პეპელა გამოდის. საყურადღებოა, რომ ეს მოვლენა ჩვეულებრივ გამთენიისას ხდება. რატომ? იმიტომ რომ, ჭიანჭველები დილაობით პასიურები არიან იმ დროისგან განსხვავებით, როდესაც მატლი ჩამოდის მიწაზე. გარიჟრაჟი საუკეთესო დროა მისთვის, რათა თავი დააღწიოს მასპინძლებს.
როდესაც, ბოლოს, ჭიანჭველები მატლთან თაფლის ცვრის გამოსაწოვად მიდიან, შეცბუნებული რჩებიან უცხო ფრთოსანის თავიანთ ბუდეში აღმოჩენით — და მაშინვე თავს ესხმიან დაუპატიჟებელ სტუმარს. მალე პეპლად ქცეული მატლი ჭიანჭველების ბუდიდან გასასვლელისკენ მიემართება, რომ თავს უშველოს. ბუდიდან გამოსული პეპელა მცენარეებზე ადის და ჭიანჭველები მის დევნას თავს ანებებენ.
სამშვიდობოზე გასული პეპელა ფრთებს გასაშრობად შლის. შემდეგ, თავისი სიცოცხლის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მნიშვნელოვანი მომენტი დგება. პეპელა პირველად აფარფატებს ფრთებს. მიფრინავს და დაჰფარფატებს მანანებს! რამდენიმე დღეში მეგობარს იპოვის და მალე დაიწყებს ჭაობის მაღალი, ცისფერი ნაღველას ძებნას. ამის შემდეგ დგება დრო, შთამომავლობაზე იფიქროს.
[ჩარჩო 26 გვერდზე]
პეპელა საფრთხეშია
ცისფერი პეპლის საცხოვრებელი მანანაა. მანანები დასავლეთ ევროპაში გაჩნდა მრავალი საუკუნის წინათ, როდესაც ადამიანებმა ხელუხლებელი უღრანი ტყეები გაჩეხეს. ადრე მეწამული მანანებით იყო მოფენილი, ბელგიის, გერმანიისა და ნიდერლანდების დიდი ნაწილი, მაგრამ დღეისათვის ადგილ-ადგილ თუ შემორჩა. ამის გამო ცისფერი პეპლები უშედეგოდ იბრძვიან არსებობისთვის. ნიდერლანდებში ის 136 ადგილზე გვხვდებოდა, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, 57 მათგანიდან უკვე გადაშენდა. ფაქტობრივად მის არსებობას ისეთი საფრთხე ემუქრება, რომ მისი სახელი გადაშენების გზაზე მყოფი პეპლების ევროპის სიაში შეიტანეს. ეს მონაცემები შეადგინა ევროპის საბჭომ, რომელსაც სიაში შეაქვს გადაშენების გზაზე მყოფი პეპლების ჯიშები.
იმისათვის, რომ დვინგელდერველდის ეროვნულ პარკში ცისფერი პეპლებისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებელი პირობები შეიქმნას, პარკის მომვლელები ახლა ცდილობენ შეინარჩუნონ მანანებიანი ველი და მიმართავენ ფერმერების მიერ საუკუნეების წინათ გამოყენებულ მეთოდებს. როგორც წარსულში, ისე დღესაც მწყემსები ცხვრის ფარებსა და მსხვილფეხა საქონელს ველზე აბალახებენ, სადაც შედარებით უხეში ბალახი იზრდება. ცხვარი და საქონელი ძოვს და ასუფთავებს ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი მანანა, ჭაობის მანანა და სხვა მცენარეები შეიძლება გაიზარდოს (ახლა, პარკში დაახლოებით 580 სახეობის მცენარე იზრდება). ამის შედეგად, დვინგელდერველდის პარკში ცისფერი პეპლებიც განაგრძობენ არსებობისათვის ბრძოლას — მათი რიცხვი იზრდება. ფაქტობრივად, ეს უდიდესი და მეტად მნიშვნელოვანი ევროპის მანანებიანი ველი პეპლების საყვარელი სახლია, სადაც ნიდერლანდებში მობინადრე პეპლების 60%-ის ნახვა შეიძლება.
[სურათი 24 გვერდზე]
პეპელა ესტუმრა ცისფერ ნაღველას და კვერცხებს დებს.
[სურათი 25 გვერდზე]
წითელი ჭიანჭველები ზრუნავენ მატლზე.
[საავტორო უფლება]
Ants on pages 24 and 25: Pictures by David Nash; www.zi.ku.dk/personal/drnash/atta/
[სურათი 25 გვერდზე]
ჭაობის ვარდისფერი მანანა.
[სურათი 25 გვერდზე]
ჭაობის ყვითელი ნარგიზი.
[სურათები 26 გვერდზე]
ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი ეხმარებიან პეპლებს სასიცოცხლო პირობების შენარჩუნებაში.