ბიბლიის თვალსაზრისი
არის ყველა რელიგია ღმერთთან მიმყვანი სხვადასხვა გზა?
„ნამდვილად დაუჯერებლად მიმაჩნია, რომ სამყაროს ღმერთს აერჩია მხოლოდ ერთი რელიგია, რომელიც მას აღიარებდა“ — აღნიშნა მარკუს ბორგმა. ნობელის პრემიის ლაურეატმა დესმონდ ტუტუმ კი თქვა: „ვერც ერთი რელიგია ვერ დაამტკიცებს, რომ ფლობს სრულ ჭეშმარიტებას საიდუმლოებით მოცული რწმენის შესახებ“. ცნობილი ინდუსური გამოთქმა „ჯოტო მოს, ტოტო პოს“-ი დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ყველა რელიგია არის ერთი მიზნისკენ მიმავალი სხვადასხვა გზა. ბუდისტებიც იზიარებენ ამ თვალსაზრისს. მართლაცდა, მილიონებს სჯერათ, რომ ყველა რელიგია არის ღმერთამდე მიმყვანი სხვადასხვა გზა.
ისტორიკოსმა ჯეფრი პარინდერმა აღნიშნა: „ზოგჯერ ამბობენ, რომ ყველა რელიგიას ერთი მიზანი აქვს, ან რელიგიები ჭეშმარიტებამდე მიმყვანი ერთი და იგივე გზებია, ან მათ ერთნაირი სწავლებებიც კი აქვთ.“ რელიგიური მოძღვრებები, რიტუალები და ღვთაებები მართლაც ჰგვანან ერთმანეთს. რელიგიათა უმრავლესობა მოუწოდებს სიყვარულისკენ და გმობს მკვლელობას, ქურდობასა და სიცრუეს. მრავალი რელიგიური ჯგუფის ზოგიერთი წევრი გულწრფელად ცდილობს, დაეხმაროს სხვებს. ამიტომ, თუ ვინმეს გულწრფელად სწამს და ცდილობს იცხოვროს პატიოსნად, აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას მიეკუთვნება? თუ ყველა რელიგია უბრალოდ ღმერთთან მიმყვანი სხვადასხვა გზაა?
საკმარისია მხოლოდ გულწრფელობა?
განვიხილოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდაელი მამაკაცის, სახელად სავლეს შემთხვევა, რომელსაც ქრისტიან მოციქულად გახდომის შემდეგ პავლე ეწოდა. ის იყო იუდაიზმის თავგამოდებული მიმდევარი, რამაც ქრისტეს მიმდევართა მოსპობის მცდელობამდე მიიყვანა, ვინაიდან მათ თაყვანისმცემლობას არასწორად თვლიდა (საქმეები 8:1—3; 9:1, 2). მაგრამ ღვთის გულმოწყალებით, სავლე მიხვდა, რომ სწორედ მის მსგავს მრავალ რელიგიურ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა ღვთისადმი ერთგულება, მაგრამ ყველა ფაქტის უქონლობის გამო ისინი შეიძლება უმართლოები აღმოჩენილიყვნენ (რომაელთა 10:2). როდესაც სავლემ მეტი გაიგო ღვთის ნებისა და ადამიანებთან მისი დამოკიდებულების შესახებ, შეიცვალა და გახდა იესო ქრისტეს თაყვანისმცემელი მათ მსგავსად, რომლებსაც ერთ დროს თავად სდევნიდა (1 ტიმოთე 1:12—16).
ამბობს ბიბლია, რომ ასობით სარწმუნოებიდან ნებისმიერი, რომელსაც ამოირჩევ, მისაღები იქნება ღვთისთვის? მოციქულმა პავლემ მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტესგან სავსებით განსხვავებული მითითებები მიიღო. იესომ გაგზავნა იგი ხალხების „თვალების ასახელად და წყვდიადიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად“ (საქმეები 26:17, 18). ცხადია, მნიშვნელოვანია, რომელ რელიგიას ვირჩევთ. მრავალი, ვისთანაც პავლე გააგზავნეს, უკვე იყო გარკვეული რელიგიის მიმდევარი, მაგრამ ისინი ‘წყვდიადში’ იყვნენ. მართლაც, ყველა რელიგია რომ ღმერთთან მიმყვანი მხოლოდ განსხვავებული გზა ყოფილიყო, აღარ იქნებოდა საჭირო, იესოს მიმდევრების მიერ მოწაფეების მომზადების საქმიანობა, რომელიც თავად იესომ დაავალა (მათე 28:19, 20).
მთაზე ცნობილი ქადაგებისას იესომ თქვა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). ბიბლიაში არაორაზროვნადაა აღნიშნული, რომ არის „ერთი რწმენა“ (ეფესელთა 4:5, აფ). ცხადია, მრავალს, ვინც დადის ‘განიერი’ გზით, აქვს რელიგია, მაგრამ არა აქვთ „ერთი რწმენა“. რადგან სწორი თაყვანისცემლობის მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს, მათ ვისაც სურთ იპოვონ ჭეშმარიტი რწმენა, უნდა ეძებონ ის.
ჭეშმარიტი ღვთის ძიება
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში, ღმერთმა უთხრა ხალხს თუ რა სურდა, რომ ეკეთებინათ (დაბადება 1:28; 2:15—17; 4:3—5). დღეს მისი მოთხოვნები ნათლად არის ახსნილი ბიბლიაში. ეს შესაძლებელს ხდის ღვთისთვის მისაღებ და მიუღებელ თაყვანისმცემლობებს შორის განსხვავების დანახვას (მათე 15:3—9). ზოგი მემკვიდრეობით ღებულობს რელიგიას, მაშინ როდესაც სხვები მხოლოდ საზოგადოებრივი აზრით ხელმძღვანელობენ. ბევრის რელიგია იმით განისაზღვრება, თუ სად და როდის დაიბადა. მაგრამ, ნუთუ უარი უნდა თქვა იმ შესაძლებლობაზე, რომ რელიგია თავად აირჩიო, იმის ნაცვლად, რომ გახადო შემთხვევითი ან სხვებს მისცე გადაწყვეტილების მიღების ნება?
შენ მიერ რელიგიური გზის არჩევანი დაფუძნებული უნდა იყოს საღვთო წერილის გულმოდგინედ გამოკვლევაზე. პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგიერთ განათლებულ ადამიანს ბრმად არ მიუღია მოციქული პავლეს სიტყვები. „მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11; 1 იოანე 4:1). რატომ არ გააკეთებდით იგივეს?
ბიბლია გვეუბნება, რომ სამყაროს ღმერთი ეძებს ხალხს, რომლებიც თაყვანს სცემენ მას ჭეშმარიტებით. იოანეს 4:23, 24-ის თანახმად, იესო გვიხსნის: „მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით“. მისთვის მისაღებია მხოლოდ „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე“ (იაკობი 1:27). ღმერთმა მილიონებით ადამიანის კვლევა-ძიება აკურთხა, რათა ეპოვათ სიცოცხლემდე მიმყვანი ვიწრო გზა. ის მისცემს მარადიულ სიცოცხლეს არა გულგრილ ადამიანებს, არამედ მათ, რომლებიც ყოველნაირად ცდილობენ, იპოვონ ღვთის მიერ გამზადებული ვიწრო გზა და შემდეგ არასდროს გადაუხვიონ მისგან (მალაქია 3:18).