რატომ უნდა უკითხოთ თქვენს პატარებს ხმამაღლა?
«გოგონა მოცუნცულდა ჩემთან, მუხლებზე ამაცოცდა, თან მოათრევდა წიგნს, რომელსაც გვერდების ბოლოები მოჭმუჭნული ჰქონდა, გვერდები კი დალაქავებული გახლდათ... არაქისის კარაქით, და მთხოვა... „მამი, მამიკო, წამაკითხე რა“» (კლიფორდ შიმელსი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი).
ბავშვები — ისინი ხომ ძალიან სწრაფად ითვისებენ ყველაფერს. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სამ წლამდე ბავშვის ტვინი საოცრად სწრაფად ვითარდება. მშობლების ყოველდღიურ ქმედებებს, როგორიცაა: კითხვა, მღერა ან სიყვარულის გამოვლენა შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ბავშვის ნორმალურ განვითარებაში. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მშობლებიდან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი უკითხავდა რამეს ყოველდღიურად ორიდან რვა წლის ასაკამდე შვილს. თქვენ შეიძლება იფიქროთ: „განა მართლა ასე მნიშვნელოვანია, ვუკითხოთ ჩვენს პატარებს?“
კითხვისადმი სიყვარულის ჩანერგვა
დასმულ კითხვაზე სწავლულების პასუხი დადებითია. „კითხვის კარგი ჩვევის გასავითარებლად საჭირო ცოდნის მარაგის შესაძენად ყველაზე ეფექტური საშუალება ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვაა. ეს განსაკუთრებით საკოლამდელ პერიოდს ეხება“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში (Becominga Nation of Readers).
წიგნიდან წაკითხული სხვადასხვა ამბის მოსმენისას ბავშვები პატარაობიდანვე სწავლობენ, რომ წიგნის გვერდებზე მოცემული ასოები ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შეესაბამება. ისინი წიგნების ენასაც ეცნობიან. „ყოველთვის, როდესაც ბავშვს ვუკითხავთ, მის ტვინს სასიამოვნო ცნობას ვაწვდით. ეს თავისებური რეკლამაც კი არის, რომელიც ბავშვს ისეთნაირად უყალიბებს გონებას, რომ წიგნებისა და დაბეჭდილი გვერდების დანახვა პატარაში სიამოვნებასთან ასოცირდება,“ — აღნიშნავს ერთ-ერთი ცნობარი, რომელშიც ხმამაღლა კითხვაზეა საუბარი. მშობლები, რომლებიც შვილებში ასეთნაირად ნერგავენ წიგნებისადმი სიყვარულს, მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მკითხველებად ყოფნის სურვილს უვითარებენ.
მშობლები პატარებს სამყაროსთან გაცნობაში ეხმარებიან
ხმამაღლა კითხვის საშუალებით დედ-მამა შვილებს ძვირფას საჩუქარს უძღვნიან, საჩუქარს, რომელშიც შედის ცოდნა ხალხთა, ადგილთა და სხვათა შესახებ. წიგნების გვერდების დახმარებით მათ შეუძლიათ ძალზე იაფად „იმოგზაურონ“ მთელ მსოფლიოში. განვიხილოთ ორი წლის ანტონიოს მაგალითი, რომელსაც დედა დაბადებიდანვე უკითხავდა ხმამაღლა. დედა ამბობს: „ზოოპარკში პირველად ყოფნა მისთვის ცხოველთა სამყაროს ხელმეორედ აღმოჩენა იყო“. ხელმეორედ აღმოჩენა? დიახ, თუმცა მაშინ ანტონიო ცოცხლად პირველად ხედავდა ზებრებს, ლომებს, ჟირაფებსა და სხვა ცხოველებს, ის უკვე გაცნობილი იყო მათთან.
შემდეგ დედამისი დასძენს: „სხვადასხვაგვარი წიგნებიდან ანტონიო ორი წლის ასაკში უკვე გაცნობილი იყო უამრავ ხალხთან, ცხოველთან, საგანსა და იდეასთან“. დიახ, პატარაობიდანვე ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვა, ბევრად ეხმარება მათ გარე სამყაროსთან გაცნობაში.
ახლო ურთიერთობის განვითარება
ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება, პატარებს ისეთი აზროვნება უვითარდებათ, რომელიც შემდგომ მათ მომავალ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამგვარად, მშობლებისთვის აუცილებელია, ბავშვების გონებაში საძირკველი ჩაუყარონ ისეთ ახლო ურთიერთობას, რომლისთვისაც ნდობა, ურთიერთპატივისცემა და გაგებაა დამახასიათებელი. ამ პროცესში კითხვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
როდესაც მშობლები დროს არ იშურებენ იმისათვის, რომ შვილებს ხელი მოხვიონ და წაუკითხონ, ამით აშკარად ეუბნებიან: „მე შენ მიყვარხარ“. ფიბემ, ერთმა კანადელმა დედამ, რომელიც ყოველთვის უკითხავდა თავის, უკვე რვა წლის, ბიჭუნას, თქვა: „მე და ჩემი მეუღლე ვგრძნობთ, ამან დიდად შეუწყო ხელი იმას, რომ ნათანს ჩვენთან სიახლოვე ეგრძნო. ის ყოველთვის გულღიაა და ხშირად გვიყვება, თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. ამან ჩვენს შორის განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა განავითარა“.
სინდიმ ჩვევად გაიხადა, ყოველთვის ხმამაღლა ეკითხა თავისი გოგონასთვის, რადგან გოგონა თითქმის ერთი წლის იყო და საკმაოდ თავისუფლად შეეძლო ჯდომა და ერთი ან ორი წუთით მოსმენა. ღირდა ამდენი დროისა და ენერგიის დახარჯვა? სინდი აღნიშნავს: „ერთად კითხვის დროს მეგობრული, თბილი ატმოსფერო საკმარისია იმისათვის, რომ აბიგაილმა გული გადაგვიშალოს და მოგვიყვეს სკოლაში რაიმე ინციდენტის ან მეგობართან რაიმე პრობლემის შესახებ. განა ნებისმიერი მშობელი არ ისურვებდა შვილის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას? უეჭველად, ხმამაღლა კითხვა დიდად უწყობს ხელს მშობლებსა და შვილებს შორის ახლო ურთიერთობის განვითარებას.
ცხოვრებაში გამოსადეგი ჩვევების ჩანერგვა
„ჩვენს შვილებს ტელევიზორიდან თუ სხვა წყაროებიდან იმდენად უნაგვიანდებათ გონება, რომ ყველაზე მეტად დღეს სჭირდებათ გონების გამოკვება, რაიმე საღი აზრი, სიბრძნე, რაიმე გონებრივი საყრდენი, რომელიც ღირსეულად მოქმედებასა და ცხოვრებაში სათანადო პერსპექტივის დანახვაში დაეხმარებათ“, — ნათქვამია წიგნში „სამი ნაბიჯი მყარ ოჯახამდე“. მშობლებს ყველაზე უკეთესად შეუძლიათ შვილებზე დადებითი გავლენის მოხდენა.
წიგნებში მოცემული რთული, კარგად აგებული წინადადების კითხვა კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვს ლაპარაკი და წერა ვასწავლოთ. წიგნის, „ბავშვებს სჭირდებათ წიგნები“, ავტორი დოროთი ბათლერი ამბობს: „აზროვნების ხარისხი დამოკიდებული იქნება ენის ხარისხზე. მართლაც, ენა ძალზე მნიშვნელოვანია სწავლის უნარისა და მახვილგონიერებისთვის“. სასიამოვნო საუბრის უნარი ხომ დიდად უწყობს ხელს ადამიანებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას!
სათანადო წიგნების კითხვას კარგი ზნეობისა და ფასეულობების გაუმჯობესებაც შეუძლია. მშობლებს, რომლებიც შვილებთან კითხულობენ და წაკითხულზე მსჯელობენ, შეუძლიათ შვილებს პრობლემების გადაჭრის ხელოვნების დაუფლებაში დაეხმარონ. თავის გოგონასთან კითხვისას სინდი ყურადღებით აკვირდებოდა აღწერილ სიტუაციაზე აბიგაილის რეაქციას. „ჩვენ, მშობლებს, შეგვიძლია მეტი გავიგოთ ბავშვის პიროვნებაში ოდნავ შესამჩნევი თავისებურებების შესახებაც კი და დავეხმაროთ, საწყის სტადიაზევე მოვაშორებინოთ უმართებულო აზროვნება“. მართლაც, ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვა განასწავლის როგორც მათ გონებას, ისე გულს.
სასიამოვნო გახადეთ კითხვა
უკითხეთ ბავშვს, ოღონდ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე; შეინარჩუნეთ თავისუფალი და სასიამოვნო ატმოსფერო. გამჭრიახმა მშობლებმა იციან, თუ როდის შეწყვიტონ კითხვა. ლენა ყვება: „ზოგჯერ ორი წლის ენდრიუ ძალიან იღლება და ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა უჭირს. ამიტომ კითხვის გეგმას მისი განწყობის შესაბამისად ვამოკლებთ. არ გვინდა, რომ ბიჭუნას კითხვასთან დაკავშირებით რაიმე ცუდი გრძნობა ჰქონდეს; ამიტომ არ ვაძალებთ იმაზე დიდხანს მოსმენას, ვიდრე შეუძლია“.
ხმამაღლა კითხვა ნაბეჭდის მხოლოდ გახმოვანებაზე მეტს ნიშნავს. საჭიროა იმის ცოდნა, თუ როდის უნდა გადაშალო დასურათებული წიგნის გვერდი, რათა ბავშვს სასიამოვნო მოლოდინის გრძნობა აღეძრას. აუცილებელია გამოთქმით წაკითხვა. ხმის ტემბრის ცვლილება და აზრობრივი მახვილის დასმაც წაკითხულს ბევრ რამეს შემატებს. თქვენს ხმაში სითბოს შემჩნევა კი ბავშვს უსაფრთხო თავშესაფარში ყოფნის გრძნობას გაუჩენს.
სარგებლობა მაქსიმალურია, როდესაც ბავშვი კითხვაში აქტიურ მონაწილეობას იღებს. პერიოდულად შეჩერდით და პატარას დაუსვით ისეთი კითხვები, რომლებზედაც ერთი-ორი სიტყვით ვერ უპასუხებს. შესთავაზეთ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი და ამგვარად განავრცეთ შვილების პასუხები.
კარგად შეარჩიეთ წიგნები
ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, შესაძლოა, კარგი წიგნების შერჩევა იყოს. ამიტომ ცოტაოდენი წინასწარი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. გულმოდგინედ შეამოწმეთ წიგნები და გამოიყენეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ და ზნეობის საკითხებთან დაკავშირებითაც კარგია. ყურადღება მიაქციეთ სათაურს, გაფორმებასა და თხრობის სტილს. შეარჩიეთ ისეთი წიგნები, რომლებიც საინტერესოა როგორც მშობლებისთვის, ისე შვილებისთვის. ხშირად ბავშვები ერთი და იმავე ნაწარმოების რამდენჯერმე წაკითხვას მოგთხოვენ.
მთელ მსოფლიოში მშობლები განსაკუთრებით ემადლიერებიან წიგნს: „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“a. ის განკუთვნილია იმისათვის, რომ მშობლებმა თავიანთ პატარებს წაუკითხონ; წიგნი ბავშვებს არა მარტო კარგ მკითხველებად გახდომაში ეხმარება, არამედ მათში ბიბლიისადმი ინტერესსაც აღძრავს.
მშობლები, რომლებიც ხმამაღლა უკითხავენ შვილებს, თავიანთ პატარებში კითხვის ჩვევას ნერგავენ. ეს ჩვევა კი მათზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვნად იმოქმედებს. თავისი გოგონას შესახებ ჯოანმა აღნიშნა: „ჯენიფერმა სკოლაში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა ისწავლა და კითხვისადმი სიყვარული ჩაენერგა, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი დიდებული შემოქმედის, იეჰოვასადმი, სიყვარული განუვითარდა. ჯენიფერმა ისწავლა ღვთის წერილობით სიტყვაზე, ბიბლიაზე, დანდობა და ყოველ თავის გადაწყვეტილებაში ამ სიტყვის სახელმძღვანელოდ გამოყენება“. დიახ, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რას შევაყვარებთ ბავშვს, ვიდრე ის, თუ რას შევასწავლით.
[სქოლიო]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]
როდესაც თქვენს პატარებს უკითხავთ
• დაიწყეთ ჩვილობის ასაკიდანვე.
• ნუ აჩქარდებით, მიეცით ბავშვს იმის დრო, რომ კითხვისათვის კარგად მოეწყოს.
• იკითხეთ ისეთი მოთხრობები, რომლებიც ორივეს მოგწონთ.
• შეძლებისდაგვარად ხშირად იკითხეთ და ისე, რომ კითხვაში გრძნობები ჩააქსოვოთ.
• დაუსვით ბავშვებს კითხვები წაკითხულის შესახებ.
[სურათის საავტორო უფლება 27 გვერდზე]
Photograph taken at the Wildlife Conservation Society’s Bronx Zoo