აღმოჩენა რედ ბეიში
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის კანადიდან
„ის არ არის ქვეყნიერების დასალიერში, მაგრამ იქიდან ქვეყნიერების კიდის დანახვა შესაძლებელია“, — შეიძლება ზოგმა თქვას ამ ქალაქზე. ოდესმე თუ სწვევიხართ აღმოსავლეთ კანადაში მდებარე რედ ბეის, ალბათ, თქვენც იტყოდით, რომ ის დედამიწის ყველაზე დაშორებული ადგილია. მისი მცირერიცხოვანი მოსახლეობა ლაბრადორის ზღაპრულ სანაპიროზე ცხოვრობს; სანაპიროზე, რომელიც ბელაილის სრუტეს ესაზღვრება. რით არის რედ ბეი თავისი მყუდრო პორტით ასე გამორჩეული და მიმზიდველი?
უჩვეულო ისტორია
სეზონზე, როდესაც ვეშაპები სანახაობებს მართავენ, ქალაქი ტურისტებით ივსება. მაგრამ ეს არ იყო ყოველთვის ამ ქალაქში ხალხმრავლობის მიზეზი. 400–ზე მეტი წლის წინათ გრენლანდიურ და სხვა სადა ვეშაპისებრებზე ნადირობდნენ მათი ძვირფასი ცხიმის გამო. ერთ–ერთი წყაროს თანახმად, „იმ დროს, როდესაც [ეს ცხიმი] დეფიციტი იყო . . . ერთი ბარელი [ცხიმი] დღევანდელი 10 000 დოლარი ღირდა“. კანადის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია და ვეშაპებზე ნადირობა ევროპელთა შორის პირველებმა საფრანგეთ–ესპანეთის საზღვართან მცხოვრებმა ბასკებმა დაიწყეს. სწორედ ვეშაპის ამ ცხიმს იყენებდნენ ძირითადად ევროპის გასანათებლად. ეს ცხიმი გამოიყენებოდა მექანიზმების შესაპოხად; იგი შედიოდა საპნისა და კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობაში; მას იყენებდნენ ტყავის, შალისა და საღებავის წარმოებაში. XVI საუკუნის მეორე ნახევარში რედ ბეი მსოფლიოში ვეშაპებზე სანადირო გემების უდიდესი პორტი იყო. ამგვარად, არსებული წყაროების თანახმად, ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი სამრეწველო კომპლექსი შეიქმნა კანადაში; მრეწველობის დარგი კი ვეშაპთრეწვა იყო.
საიდან ვიცით?
არქეოლოგები და ისტორიკოსები რედ ბეიში ბასკების არქივში ნაპოვნმა დოკუმენტმა მიიზიდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1565 წელს შტორმის დროს რედ ბეიში ჩაიძირა ესპანური გალეონი, რომელიც „სან–ხუანის“ სახელწოდებით იყო ცნობილი.
რედ ბეის სანაპიროდან არც ისე შორს, სედლის კუნძულებზე ჩატარებული გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ისეთი საგნები, რომლებიც ვეშაპების რეწვასთან იყო დაკავშირებული; მაგალითად მათ იპოვეს ორწვერიანი ჰარპუნის თავი. ამ ქალაქის სტუმრებს დღემდე შეუძლიათ იქ ნახონ წითელი ესპანური კრამიტის გროვები, რითაც მთელი სანაპიროა მოფენილი. ადგილობრივი ბავშვები წლების განმავლობაში თამაშობდნენ ამ კრამიტით. ერთ–ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აღნიშნა: „ამ წითელი კრამიტებით კლდეებზე ნახატებს ვაფერადებდით ან ვხაზავდით და არც კი ვიცოდით, თუ რით ვერთობოდით!“
1978 წლის ზაფხულში სედლის კუნძულის სანაპიროდან დაახლოებით 30 მეტრის დაშორებით ბარჟაზე მომუშავე არქეოლოგებმა წყალქვეშა გათხრების შედეგად აღმოაჩინეს მუხის ფიცარი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო, რადგან მუხას ბასკები გემთმშენებლობაში იყენებდნენ; აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ეს ხე ლაბრადორის უნაყოფო სანაპიროზე არ იზრდება. მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს გემის გარკვეული ნაწილები, რომლებიც, მათი აზრით, „სან–ხუანისგან“ დარჩა. ხომალდი რედ ბეის ყინულოვანმა წყალმა კარგად შემოინახა. იგი ზღვის ფსკერზე შლამის ფენების ქვეშ 10 მეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ყინულის სიმძიმემ გემი ორად გახლიჩა და ის გადაშლილ წიგნს დაამსგავსა. არქეოლოგები ამ აღმოჩენამ ძალიან აღაფრთოვანა, რადგან ეს იყო ამერიკის კონტინენტზე ფლორიდის ჩრდილოეთით ოდესმე ნაპოვნ თითქმის დაუზიანებელ სავაჭრო გემთაგან პირველი, რომელიც XVI საუკუნით თარიღდებოდა.
შეიძლება ის „სან–ხუანი“ იყოს?
მყვინთავებს დიდი ჯაფა დაადგათ, რათა გემი ნაწილ–ნაწილ ამოეთხარათ და ეს ნაწილები დაენომრათ. გულმოდგინე კვლევის შემდეგ გემი ოკეანის სიღრმიდან ამოიღეს, რათა საიმედოდ შემოენახათ. რა გაიგეს ამ აღმოჩენიდან? ეს გემი, როდესაც დატვირთული იყო, დაახლოებით 300 ტონას იწონიდა. იგი აგებული იყო არა მნახველზე შთაბეჭდილების მოსახდენად, არამედ სარეწავად. გემის ორივე ბოლო კვადრატული ფორმის იყო, რათა უკან, ესპანეთში წასაღებად მასში მაქსიმალურად ბევრი ტვირთი — ვეშაპის ქონი — დატეულიყო. ჩაძირული „სან–ხუანის“ შესახებ ადრინდელ ჩანაწერებში აღნიშნული იყო, რომ გემი ბოლომდე იყო დატვირთული ვეშაპის ქონით. ამ ქონის უმეტესი ნაწილი ჩაძირვას გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა. გემის დაღუპვის ადგილის უფრო ღრმა ფენებში მყვინთავებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 450 კასრი, რომელთა ამოღებაც, როგორც ჩანს, ეკიპაჟს ძალიან გაუჭირდა. გათხრების ადგილას ადამიანის ჩონჩხის ნაწილები არ აღმოუჩენიათ. ბასკების დოკუმენტშიც არ არის მოხსენიებული ადამიანთა დაღუპვის შესახებ. ამ მსგავსებათა საფუძველზე მკვლევარებს სჯერათ, რომ ეს გემი ოდესღაც ჩაძირული „სან–ხუანია“. გარდა ამისა, ჩაძირული გალეონის ამოთხრის პერიოდში აღმოაჩინეს ვეშაპებზე სანადირო ნავი „შაპულა“, რომელიც ბასკებს ეკუთვნოდა. რობერტ გრენიე, კანადის პარკებთან არსებული საზღვაო არქეოლოგიის განყოფილების დირექტორი, ამბობს, რომ ეს ნავი არის „ნაოსნობის განვითარებაში კაცობრიობის ერთ–ერთი უდიდესი მიღწევის ნიმუში“.
ვინ იფიქრებდა, რომ დღევანდელი წყნარი რედ ბეი ერთ დროს ვეშაპთრეწვის ხმაურიანი ცენტრი იყო? ცხადია, დრო შეიცვალა. მაგრამ მისი ისტორიიდან შემორჩენილია პატარა ნაკვალევი, რომლის დანახვაც ყველას შეუძლია.
[რუკები 14 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ლაბრადორი
რედ ბეი
ბელ–აილის სრუტე
კუნძული ნიუფაუნდლენდი
[სურათი 15 გვერდზე]
იმ ხომალდის ათჯერ შემცირებული მოდელი, რომელიც სწავლულების ღრმა რწმენით, „სან–ხუანია“.
[საავტორო უფლება]
Parks Canada Agency, Photographer Denis Pagé
[სურათი 15 გვერდზე]
მარჯვნივ, კუთხეში: მყვინთავი არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს ჩაძირული ხომალდის მიდამოებში.
[საავტორო უფლება]
Bill Curtsinger/National Geographic Images Collection
[სურათი 15 გვერდზე]
მარჯვნივ, კუთხეში: სადა ვეშაპისებრთა წარმომადგენელი, რომელსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება.
[საავტორო უფლება]
NOAA
[სურათი 15 გვერდზე]
ბასკების ვეშაპთსანადირო ნავი „შაპულა“, რომელიც რედ ბეიში იქნა აღმოჩენილი.
[საავტორო უფლება]
Parks Canada/Shane Kelly/1998
[სურათი 15 გვერდზე]
რედ ბეი
[საავტორო უფლება]
Photo courtesy of the Viking Trail Tourism Association
[სურათი 15 გვერდზე]
წითელი ესპანური კრამიტი, რომელიც ოკეანის ტალღებმა სანაპიროზე გამორიყა.
[საავტორო უფლება]
Parks Canada/Doug Cook/1997