ბიბლიის წიგნი 14 — 2 მატიანე
დამწერი: ეზრა
დაწერის ადგილი: იერუსალიმი (?)
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 460
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 1037—537
1. როდის დაასრულა ეზრამ „მატიანე“ და რატომ დაწერა ის?
პირველი და მეორე მატიანე, როგორც ჩანს, თავდაპირველად ერთი წიგნი იყო, ამიტომ „პირველი მატიანის“ განხილვის დროს მოყვანილი მტკიცებები, რომლებიც ეხებოდა ისტორიულ ფონს, დამწერს, დაწერის დროს, მის კანონიკურობასა და უტყუარობას, „მეორე მატიანესაც“ ეხება. მოყვანილი მტკიცებულებების თანახმად, ეზრამ „მეორე მატიანის“ წერა დაახლოებით ძვ. წ. 460 წელს დაასრულა, შესაძლოა იერუსალიმში. ეზრას სურდა, შემოენახა ისტორიული მასალა, რომელიც შეიძლებოდა დაკარგულიყო. წმინდა სულის დახმარებით, ისტორიული მასალების მოპოვებისა და მათი დახარისხების შედეგად ეზრამ ზუსტი და უცვლელი ჩანაწერის გაკეთება შეძლო. მან მომავალი თაობებისთვის შემოინახა ისტორიული ფაქტები, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ეზრა დროულად შეუდგა საქმეს, რადგან იმ დროს საჭირო გახდა ებრაულ ენაზე შესრულებული წმინდა წერილების შეგროვება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.
2. რატომ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი „მატიანის“ სიზუსტეში?
2 ეზრას დროს მცხოვრები იუდეველებისთვის ღვთის შთაგონებით დაწერილი „მატიანე“ ძალიან სასარგებლო იყო. ის მათ სწავლასა და მოთმინების გამომუშავებაში ეხმარებოდა. წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით მათ შეეძლოთ ჰქონოდათ იმედი. ისინი „მატიანეს“ ბიბლიის კანონის ნაწილად მიიჩნევდნენ. მათ იცოდნენ, რომ ის ნდობას იმსახურებდა. მათ შეეძლოთ შეედარებინათ ის ღვთივშთაგონებულ სხვა წერილებსა და ეზრას მიერ გამოყენებულ მრავალრიცხოვან ისტორიულ მასალასთან. მაშინ როცა საერო ისტორიული მასალები დაიკარგა, ებრაელებმა საგულდაგულოდ შემოინახეს „მატიანე“. სეპტუაგინტის მთარგმნელებმა ის ებრაულ წერილებს მიაკუთვნეს.
3. როგორ ადასტურებს ბიბლიის სხვა წიგნები „მატიანის“ უტყუარობას?
3 იესო ქრისტე და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები ამ წიგნს სარწმუნოდ და ღვთივშთაგონებულად მიიჩნევდნენ. იესოს, ალბათ, მეორე მატიანის 24:21-ში ჩაწერილი შემთხვევა ჰქონდა მხედველობაში, როცა იერუსალიმს იეჰოვას წინასწარმეტყველთა და მსახურთა დახოცვისა და ჩაქოლვისთვის დასდო მსჯავრი (მათ. 23:35; 5:12; 2 მატ. 36:16). იაკობმა, შესაძლოა, მეორე მატიანის 20:7-ში ჩაწერილი სიტყვებიდან გამომდინარე უწოდა აბრაამს „იეჰოვას მეგობარი“ (იაკ. 2:23). წიგნში ასევე გვხვდება წინასწარმეტყველებები, რომლებიც ზუსტად შესრულდა (2 მატ. 20:17, 24; 21:14—19; 34:23—28; 36:17—20).
4. რა არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს „მეორე მატიანის“ უტყუარობას?
4 „მეორე მატიანის“ უტყუარობას არქეოლოგიაც ადასტურებს. ძველი ბაბილონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს თიხის ფილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდს ეკუთვნის. ერთ-ერთ ფილაზე მოხსენიებულია „იაჰუდის მეფე იაუკინი“ ანუ „იუდას მეფე იეჰოიაქინი“a. ეს შეესაბამება ბიბლიურ ცნობას, რომ იეჰოიაქინი ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მეფობის მეშვიდე წელს.
5. რა პერიოდს მოიცავს „მეორე მატიანე“ და რატომ არის ყურადღება გადატანილი იუდას სამეფოზე?
5 „მეორე მატიანეში“ აღწერილია მოვლენები იუდაში სოლომონის მეფობიდან, ანუ ძვ. წ. 1037 წლიდან, კიროსის მიერ იერუსალიმში იეჰოვას სახლის აღდგენის შესახებ ბრძანების გაცემამდე, ანუ ძვ. წ. 537 წლამდე. ამ ისტორიაში, რომელიც 500-წლიან პერიოდს მოიცავს, ათტომიანი სამეფო მხოლოდ იუდასთან დაკავშირებულ ამბებში მოიხსენიება და არაფერია ნათქვამი ძვ. წ. 740 წელს ჩრდილოეთ სამეფოს განადგურების შესახებ. საინტერესოა, რატომ. მიზეზი ისაა, რომ მღვდელი ეზრა განსაკუთრებით იყო დაინტერესებული იეჰოვას თაყვანისმცემლობით იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილას, იერუსალიმის ტაძარში, და დავითის სამეფო ხაზით, ვისაც იეჰოვამ შეთანხმება დაუდო. ამიტომაც ამახვილებდა ეზრა ყურადღებას სამხრეთ სამეფოზე, რადგან მხარს უჭერდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და იმედი ჰქონდა, რომ იუდადან გამოვიდოდა მმართველი (დაბ. 49:10).
6. რატომ არის „მეორე მატიანე“ დადებითი და გამამხნევებელი?
6 ეზრა დადებით სულში აშუქებდა მოვლენებს. „მეორე მატიანის“ 36 თავიდან პირველი 9 თავი სოლომონის მმართველობას ეთმობა, აქედან 6 თავში აღწერილია იეჰოვას სახლის მშენებლობა და მიძღვნა. წიგნში სოლომონის შეცდომებზე არაფერია ნათქვამი. დანარჩენი 27 თავიდან 14 თავში საუბარია ხუთ მეფეზე, რომლებიც დავითის მსგავსად განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლობისადმი. ესენი არიან: ასა, იეჰოშაფატი, იოთამი, ხიზკია და იოშია. დარჩენილ 13 თავში ეზრა ცდილობდა ცუდი მეფეების დადებით მხარეებზე გაემახვილებინა ყურადღება. ის ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასა და დაცვასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ეს მართლაც გამამხნევებელია!
შინაარსი
7. როგორ განადიდა იეჰოვამ სოლომონი?
7 სოლომონის დიდებული მმართველობა (1:1—9:31). „მეორე მატიანის“ პირველივე სიტყვებიდან ვიგებთ, რომ დავითის ვაჟის, სოლომონის მეფობა მტკიცდებოდა, რადგან იეჰოვა იყო მასთან და „დიდად განადიდებდა“. სოლომონი გაბაონში იყო მსხვერპლის შესაწირად, როცა იეჰოვა ეჩვენა ღამით და უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ“. სოლომონმა სთხოვა ცოდნა და სიბრძნე, რომ სწორად ეხელმძღვანელა იეჰოვას ხალხისთვის. ამ უანგარო თხოვნის გამო ღმერთი დაჰპირდა სოლომონს, რომ ცოდნასა და სიბრძნესთან ერთად ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და პატივს მისცემდა, ‘როგორიც არც ერთ მეფეს არ ჰქონია მანამდე და არც მას შემდეგ ექნებოდა’. ისე გამდიდრდა სამეფო, რომ სოლომონის დროს „ოქრო-ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში“ (1:1, 7, 12, 15).
8. აღწერეთ ტაძრის მშენებლობა და შენობის ზოგიერთი ნაწილი.
8 სოლომონმა ხალხიდან აიყვანა მუშები იეჰოვას სახლის ასაშენებლად. ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონს მორები და გამოცდილი ხელოსნები გაუგზავნა. მშენებლობა სოლომონის „მეფობის მეოთხე წელს“ დაიწყო და დასრულდა შვიდწელიწად-ნახევრის შემდეგ ძვ. წ. 1027 წელს (3:2). ტაძრის წინა მხარეს იყო დიდი წინკარი სიმაღლით 120 წყრთა (53,4 მ.). წინკარის წინა მხარეს იდგა სპილენძის ორი უზარმაზარი სვეტი, ერთს „იაქინი“ ერქვა, რაც ნიშნავს „[იეჰოვამ] განამტკიცოს“, მეორეს კი „ბოაზი“ ერქვა, რაც სავარაუდოდ ნიშნავს „ძალით“ (3:17). სახლი შედარებით პატარა იყო, სიგრძით 60 წყრთა (26,7 მ.), სიმაღლით 30 წყრთა (13,4 მ.), სიგანით 20 წყრთა (8,9 მ.); კედლები და ჭერი ოქროთი იყო დაფარული; შიდა ოთახი ანუ წმინდათაწმინდა ოქროთი ოსტატურად იყო შემკული; ოთახის ორივე მხარეს იდგა ორი ოქროს ქერუბიმი, რომელთა გაშლილი ფრთებიც ოთახის შუაში ეხებოდა ერთმანეთს.
9. რა ნივთები იყო ტაძარსა და მის ეზოში?
9 შიდა ეზოში იდგა დიდი სპილენძის სამსხვერპლო, რომლის სიგრძეცა და სიგანეც 20 წყრთა (9 მ.) იყო, სიმაღლე კი — 10 წყრთა (4,5 მ.). კიდევ ერთი თვალშისაცემი ნივთი იყო უზარმაზარი სპილენძის ზღვა, რომელიც 12 სპილენძის ხარზე იდგა; სამ-სამ ხარს გავა შიგნით ჰქონდა მიქცეული, პირი კი — სხვადასხვა მიმართულებით. ზღვაში „სამი ათასი ბათი“ (66 000 ლ.) წყალი ეტეოდა, რომელსაც მღვდლები დასაბანად იყენებდნენ (4:5). ეზოში ასევე იყო ათი ავზი, რომლებიც სპილენძით მოჩუქურთმებულ საზიდრებზე იდგა; მათში უნდა გაერეცხათ და გაევლოთ ყველაფერი, რაც დასაწვავი შესაწირავისთვის იყო საჭირო. ამ ავზებში წყალს სპილენძის ზღვიდან ასხამდნენ და სასურველ ადგილამდე საზიდრებით მიჰქონდათ. გარდა ამისა, ტაძარში იყო ათი ოქროს სალამპრე და ოქროსა და სპილენძის სხვა ნივთები მსახურების დროს გამოსაყენებლადb.
10. რა მოხდა, როცა შეთანხმების კიდობანი წმინდათაწმინდაში შეიტანეს?
10 შვიდწელიწად-ნახევრის შემდეგ იეჰოვას სახლის მშენებლობა დასრულდა (1 მეფ. 6:1, 38). ტაძრის მიძღვნის დღეს ამ მშვენიერი შენობის შიდა ოთახში უნდა შეეტანათ შეთანხმების კიდობანი, რაც იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო. „მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში, წმინდათაწმინდაში შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ დადგეს“. როცა ლევიანმა მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა და მადლობა შესწირეს მას, ღრუბელმა აავსო სახლი, რის გამოც ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა მსახურების შესასრულებლად, რადგან „იეჰოვას დიდებამ“ აავსო ჭეშმარიტი ღვთის სახლი (2 მატ. 5:7, 13, 14). ამგვარად იეჰოვამ ცხადყო, რომ მოეწონა ტაძარი და იქ დამკვიდრდა.
11. რის შესახებ ილოცა სოლომონმა?
11 ამ შემთხვევისთვის გააკეთეს სპილენძის კვარცხლბეკი სიმაღლით 3 წყრთა (1,3 მ.) და ის შიდა ეზოში უზარმაზარი სპილენძის სამსხვერპლოს სიახლოვეს დადგეს. ამ შემაღლებული ადგილიდან სოლომონს შეეძლო ტაძრის მიძღვნისთვის შეკრებილი ხალხის დანახვა. ღრუბლით იეჰოვას დიდების გამოცხადების შემდეგ, სოლომონმა მუხლი მოიდრიკა ხალხის წინაშე და გულშიჩამწვდომი სიტყვებით მადლიერება და ქება-დიდება უძღვნა ღმერთს; ლოცვისას მან თავმდაბლურად სთხოვა ღმერთს პატიება და კურთხევა. დასასრულს ის შეევედრა: „ჩემო ღმერთო, გთხოვ, ღია გქონდეს თვალი და ყური მიაპყარი ამ ადგილისთვის აღვლენილ ლოცვას. იეჰოვა ღმერთო, ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს, გაიხსენე შენი მსახურისადმი, დავითისადმი გამოვლენილი სიკეთე!“ (6:40, 42)
12. როგორ უპასუხა იეჰოვამ სოლომონის ლოცვას და როგორ დასრულდა 15-დღიანი დღესასწაული?
12 იეჰოვამ შეისმინა სოლომონის ლოცვა. ლოცვის დამთავრებისთანავე ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან და შთანთქა დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი; სახლი „იეჰოვას დიდებამ“ აავსო. ამის დანახვაზე ხალხი პირქვე დაემხო და მადლობდნენ იეჰოვას: „კარგია იგი, მარადიულია მისი სიკეთე!“ (7:1, 3). შემდეგ უამრავი მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას. მათ ერთი კვირა იდღესასწაულეს მიძღვნა, კიდევ ერთი კვირა იზეიმეს მოსავლის აღების დღესასწაული და მომდევნო შაბათიც აღნიშნეს. ამ 15-დღიანი სასიხარულო და სულიერად გამომაცოცხლებელი დღესასწაულის შემდეგ სოლომონმა სახლში გაუშვა გახარებული ხალხი (7:10). ეს დღესასწაული იეჰოვასაც მოეწონა. მან გაუმეორა სოლომონს შეთანხმება სამეფოსთვის, მაგრამ გააფრთხილა, რომ ურჩობას სავალალო შედეგები მოჰყვებოდა.
13. ა) რა ააშენა სოლომონმა ტაძრის შემდეგ? ბ) რა თქვა საბას დედოფალმა, როცა სოლომონის სამეფო იხილა?
13 სოლომონმა დიდი სამშენებლო პროექტები წამოიწყო ქვეყანაში. მან აიშენა სასახლე, აგრეთვე ააშენა გამაგრებული ქალაქები, სამარაგო ქალაქები, ეტლების სადგომი ქალაქები, მხედართა ქალაქები და სხვა ყველაფერი, რისი აშენებაც მოისურვა. ეს იყო ქვეყნის აყვავებისა და მშვიდობის ხანა, რადგან მეფეცა და ხალხიც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. სოლომონის დიდებისა და სიბრძნის ამბავმა საბას დედოფლის ყურამდეც მიაღწია. ის არ შეეპუა გრძელ გზას და 1 900 კილომეტრი გაიარა, რომ საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ის არ გაწბილებულა: „არ მჯეროდა ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე. აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე! ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა. ბედნიერია შენი ხალხი და ბედნიერები არიან შენი მსახურები!“ (9:6, 7). სიმდიდრითა და სიბრძნით სოლომონი ყველა სხვა მეფეს აღემატებოდა. მან 40 წელიწადს იმეფა იერუსალიმში.
14. რატომ დაკარგა მალევე ისრაელმა პირვანდელი დიდება?
14 რობოამისა და აბიას მეფობა (10:1—13:22). სოლომონის ვაჟს, რობოამს სასტიკი და მკაცრი მმართველობის გამო ძვ. წ. 997 წელს ჩრდილოეთის ათი ტომი აუჯანყდა. აჯანყებულებს სათავეში იერობოამი ჩაუდგა. ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში მცხოვრები მღვდლები და ლევიანები რობოამს მიემხრნენ, რადგან ეროვნულ გრძნობებზე მაღლა სამეფოსთვის დადებული შეთანხმება დააყენეს. რობოამმა მეფობის დასაწყისშივე აქცია ზურგი იეჰოვას კანონს. ქვეყანას თავს დაესხა ეგვიპტის ფარაონი შიშაკი, რომელიც შეიჭრა იერუსალიმში და გაძარცვა იეჰოვას სახლი. სამწუხარო იყო, რომ ამ მდიდრულად შემკულმა შენობამ აშენებიდან დაახლოებით 30 წელიწადში დაკარგა პირვანდელი დიდება. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისრაელებმა „უორგულეს იეჰოვას“. რობოამი დროულად მოეგო გონს და თავი დაიმდაბლა, რამაც ერი სრულ განადგურებას გადაარჩინა (12:2).
15. რა ბრძოლები მოხდა რობოამის სიკვდილის შემდეგ და რატომ სძლია იუდამ ისრაელს?
15 რობოამის სიკვდილის შემდეგ მისი 28 ვაჟიდან ერთ-ერთი, აბია გამეფდა. სამწლიანი მმართველობის დროს აბიას ომი ჰქონდა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოსთან. ისრაელი მეომრების რიცხვი ორჯერ აღემატებოდა იუდას მეომრებს. იერობოამს 800 000 მეომარი ჰყავდა, რობოამს კი — 400 000. დიდი ბრძოლების დროს ხბოს თაყვანისმცემელ ისრაელთაგან 500 000 კაცი ანუ მათი ლაშქრის ნახევარზე მეტი დაეცა. იუდას ძეებმა სძლიეს მათ, რადგან „იეჰოვაზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე იყვნენ მინდობილნი“ (13:18).
16. როგორ უპასუხა იეჰოვამ ასას მხურვალე ლოცვას?
16 ღვთისმოშიში მეფე ასა (14:1—16:14). აბიას სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ასა გამეფდა. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველი იყო. მან დაიწყო კერპთაყვანისმცემლობისგან ქვეყნის გაწმენდა. ერთ დღესაც იუდას საზღვრებს ეთიოპთა მილიონიანი ჯარი მიადგა. ასამ ლოცვით მიმართა ღმერთს: „დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ბრბოს წინააღმდეგ!“. იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა და ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა (14:11).
17. რამ აღძრა ასა, რომ ქვეყანაში რელიგიური რეფორმები გაეტარებინა და რის გამო გაკიცხა ის იეჰოვამ?
17 ღვთის სული გადმოვიდა აზარიაზე, რომელმაც ასას უთხრა: „იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, გაპოვნინებთ თავს“ (15:2). გამხნევებულმა ასამ რელიგიური რეფორმები გაატარა იუდაში და ხალხთან შეთანხმება დადო, რომ სიკვდილით დაისჯებოდა ყველა, ვინც იეჰოვას არ დაუწყებდა ძებნას. როცა ისრაელის მეფე ბააშამ ისრაელებს გზა გადაუკეტა იუდასკენ, ასამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და სირიის მეფე ბენ-ჰადადის ჯარი დაიქირავა ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის ეთხოვა დახმარება. იეჰოვამ გაკიცხა ის, „თუმცა წრფელი იყო ასას გული მთელი მისი სიცოცხლე“ (15:17). ის თავისი მეფობის 41-ე წელს დაიღუპა.
18. ა) როგორ იცავდა იეჰოშაფატი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და რას მიაღწია? ბ) სადამდე მიიყვანა იეჰოშაფატი ახაბთან დამოყვრებამ?
18 იეჰოშაფატის კარგი მმართველობა (17:1—20:37). ასას ვაჟმა იეჰოშაფატმა განაგრძო ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობასთან და იუდას ქალაქებში მთავრები და ლევიანები დაგზავნა, რათა ხალხისთვის იეჰოვას კანონის წიგნი ესწავლებინათ. ქვეყანაში აღმავლობისა და მშვიდობის ხანა დაიწყო. „წინ მიიწევდა იეჰოშაფატი და დიდების მწვერვალს აღწევდა“ (17:12). იეჰოშაფატი დაქორწინდა ისრაელის ბოროტი მეფის, ახაბის ასულზე. მან არაფრად ჩააგდო იეჰოვას წინასწარმეტყველის, მიქაიას გაფრთხილება და ისრაელის მეფეს სირიელების წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად გაჰყვა. ის ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, ახაბი კი ბრძოლის დროს მოკლეს გალაადის რამოთში. იეჰოვას წინასწარმეტყველმა იეჰუმ გაკიცხა იეჰოშაფატი, რადგან ბოროტ ახაბს დაეხმარა. იეჰოშაფატმა მთელ ქვეყანაში დააყენა მოსამართლეები და უთხრა მათ, რომ ღვთის შიშით შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.
19. როგორ იბრძოლა ღმერთმა თავისი ხალხისთვის იეჰოშაფატის მეფობის დროს?
19 დადგა იეჰოშაფატის მმართველობის ღირსშესანიშნავი მომენტი. იუდას წინააღმდეგ დაიძრა მოაბის, ამონისა და სეირის მთიანეთის გაერთიანებული ძლიერი ჯარი. ისინი ენ-გედის უდაბნოთი მიდიოდნენ. ქვეყანა შიშმა მოიცვა. იეჰოშაფატი და იუდას მთელი ხალხი „თავიანთი ბავშვებით, ცოლებითა და ვაჟებით“ იდგნენ იეჰოვას წინაშე და ლოცულობდნენ. იეჰოვას სული გადმოვიდა ლევიან იახაზიელზე, რომელმაც შეკრებილ ხალხს მიმართა: «ყურად იღეთ, მთელო იუდა, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იეჰოშაფატ! აი რას გეუბნებათ იეჰოვა: „ნუ შეგაშინებთ და ნუ შეგაძრწუნებთ ეს დიდი ბრბო, რადგან თქვენი კი არა, ღვთისაა ბრძოლა. ხვალ გადით მათ წინააღმდეგ . . . იეჰოვა იქნება თქვენთან!“». დილაადრიან იუდას ჯარი გაემართა ბრძოლის ველისკენ. მათ ლევიანი მგალობლები მიუძღოდნენ. იეჰოშაფატმა გაამხნევა ისინი: „იეჰოვას, თქვენი ღვთის რწმენა გქონდეთ . . . მის წინასწარმეტყველთა რწმენა გქონდეთ, რათა ხელი მოგემართოთ!“. მგალობლები სიხარულით განადიდებდნენ იეჰოვას, „რადგან მარადიულია მისი სიკეთე“ (20:13, 15—17, 20, 21). მან საოცრად გამოავლინა თავისი სიკეთე, ხალხი ჩაუსაფრა მოწინააღმდეგეთა ჯარს, რომლებიც ერთმანეთს დაერივნენ. უდაბნოს საგუშაგო კოშკთან ყიჟინით მისულ იუდეველებს მიწაზე დაყრილი მტრის გვამებიღა დახვდათ. აშკარად ღმერთი იბრძოდა მათთვის. თავისი 25-წლიანი მეფობის განმავლობაში იეჰოშაფატი ერთგულად დადიოდა იეჰოვას წინაშე.
20. რა უბედურებები მოხდა იეჰორამის მმართველობის დროს?
20 ბოროტი მმართველები: იეჰორამი, ახაზია და ათალია (21:1—23:21). იეჰოშაფატის ვაჟმა, იეჰორამმა თავისი მეფობის დასაწყისშივე ამოწყვიტა თავისი ძმები. მაგრამ იეჰოვამ დავითთან დადებული შეთანხმების გამო დაინდო ის. ედომი განუდგა იუდას. იეჰორამმა წერილი მიიღო ელიასგან. წერილში ეწერა, რომ იეჰოვა მაგრად დაჰკრავდა მის სახლს და ის საშინელი სიკვდილით მოკვდებოდა (21:12—15). ეს წინასწამეტყველება მაშინ შესრულდა, როცა ფილისტიმელები და არაბები შეიჭრნენ იერუსალიმში და გაძარცვეს ქალაქი. თავად მეფე რვაწლიანი მეფობის შემდეგ ნაწლავების საშინელი სნეულებით დაიღუპა.
21. რა უბედურებები მოჰყვა იუდაში ათალიას მმართველობას და როგორ დააბრუნა იეჰოიადამ ტახტზე დავითის შთამომავალი?
21 იეჰორამის შემდეგ ტახტზე მისი ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, ახაზია (იეჰოახაზი) ავიდა. დედამისი ათალია, რომელიც ახაბისა და იზებელის ასული იყო, ბოროტებისკენ უბიძგებდა მას. მის მეფობას ერთ წელიწადში მოეღო ბოლო, როცა იეჰუმ განაჩენი აღასრულა ახაბის სახლზე. მაშინ ათალიამ დახოცა თავისი შვილიშვილები და ტახტს დაეპატრონა. ახაზიას ვაჟებიდან სიკვდილს მხოლოდ ერთი წლის იეჰოაში გადაურჩა. ის მამიდამისმა, იეჰოშაბათმა გადამალა იეჰოვას სახლში. ათალიას მეფობის ექვსი წლის თავზე იეჰოშაბათის ქმარმა, მღვდელმთავარმა იეჰოიადამ გამბედაობა მოიკრიბა და პატარა იეჰოაში მეფედ გამოაცხადა იეჰოვას დაპირებისამებრ, „დავითის ვაჟებზე რომ თქვა“. იეჰოვას სახლში მისულმა ათალიამ ტანსაცმელი შემოიხია და დაიყვირა: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“ მას ყური არავინ ათხოვა. იეჰოიადას ბრძანებით ის გარეთ გაიყვანეს და მოკლეს (23:3, 13—15).
22. როგორი იყო იეჰოაშის მმართველობა?
22 იეჰოაშის, ამაციასა და უზიას კარგად დაწყებული და ცუდად დამთავრებული მეფობა (24:1—26:23). იეჰოაში 40 წელიწადს მეფობდა და იეჰოიადას სიცოცხლეში სწორად იქცეოდა. ის იეჰოვას სახლის შეკეთებასაც შეუდგა. იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ იუდას მთავრების ზეგავლენით იეჰოაში განუდგა იეჰოვას და წმინდა ბოძებსა და კერპებს დაუწყო თაყვანისცემა. როცა ღვთის სულით აღძრულმა ზაქარიამ, იეჰოიადას ვაჟმა, უსაყვედურა მეფეს, მან წინასწარმეტყველის ჩაქოლვა ბრძანა. მალევე იუდას სირიელთა მცირერიცხოვანი ჯარი დაესხა თავს. იუდეველთა დიდძალმა ლაშქარმა ვერ მოიგერია მტერი, რადგან „მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი“ (24:24). იეჰოაშის მსახურები შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მოკლეს.
23. მამის რა ცუდ კვალს გაჰყვა ამაცია?
23 იეჰოაშის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ამაცია გამეფდა. თავისი 29-წლიანი მეფობის დასაწყისში ისიც სწორად იქცეოდა, მაგრამ მოგვიანებით დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა, რადგან ედომელთა კერპებს დაუწყო თაყვანისცემა. იეჰოვას წინასწარმეტყველმა გააფრთხილა ის: „ღმერთს შენი დაღუპვა აქვს გადაწყვეტილი“ (25:16). ამაცია გაკადნიერდა და ისრაელის მეფეს დაუპირისპირდა. ღვთის სიტყვისამებრ ის სამარცხვინოდ დამარცხდა ისრაელებთან. ამის შემდეგ მას შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს.
24. როგორ ექცა უზიას ძლიერება სისუსტედ და რა იყო ამის შედეგი?
24 ამაციას ვაჟი უზია მამის ნაკვალევს გაჰყვა. ის თავისი 52-წლიანი მეფობის დროს უმეტესწილად სწორად იქცეოდა. უზია სამხედრო ნიჭით იყო დაჯილდოებული, აშენებდა კოშკებს და „უყვარდა მიწათმოქმედება“, რითაც გაითქვა კიდეც სახელი (26:10). მან საომარი იარაღით აღჭურვა ჯარი და საბრძოლო მანქანები გააკეთა. მაგრამ სამწუხაროდ, ძლიერება სისუსტედ ექცა. ის გადიდგულდა და იეჰოვას ტაძარში მღვდელივით საკმევლის კმევა მოინდომა. ამის გამო იეჰოვამ მას კეთრი შეჰყარა. იეჰოვას სახლიდან და მეფის სასახლიდან მოკვეთილი, განცალკევებით ცხოვრობდა და მის ნაცვლად ხალხს მისი ვაჟი იოთამი უჩენდა სამართალს.
25. რატომ იყო იოთამის მმართველობა წარმატებული?
25 იეჰოვას ერთგული იოთამი (27:1—9). მამამისისგან განსხვავებით იოთამი „იეჰოვას ტაძარში არ შეჭრილა“ და „სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში“ (27:2). 16-წლიანი მმართველობის დროს მან მრავალი სამშენებლო პროექტი დაასრულა და ამონელები დაიმორჩილა.
26. რა არნახულ ბოროტებას სჩადიოდა ახაზი?
26 ბოროტი მეფე ახაზი (28:1—27). იოთამის ვაჟი ახაზი იუდას 21 მეფიდან ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი იყო. ის თავის ვაჟებსაც კი სწირავდა წარმართთა ღვთაებებს. ამის გამო იეჰოვამ ის სირიელების, ისრაელების, ედომელებისა და ფილისტიმელების ხელში ჩააგდო. იეჰოვამ დაამდაბლა იუდა, რადგან ახაზმა „იუდაში თავის ნებაზე მიუშვა ხალხი, რათა უფრო და უფრო თავაშვებულად მოქცეულიყვნენ. დიდად ორგულობდნენ იეჰოვას“ (28:19). ახაზმა ესეც არ იკმარა და მსხვერპლი შესწირა სირიელთა ღვთაებებს, რადგან სირიელებმა დაამარცხეს ის. მან დაკეტა იეჰოვას სახლის კარები და იეჰოვას თაყვანისმცემლობა წარმართთა ღვთაებების თაყვანისმცემლობით ჩაანაცვლა. ახაზმა არცთუ ისე ცოტა ხანი, 16 წელი იმეფა.
27. როგორ ავლენდა ხიზკია გულმოდგინებას იეჰოვას თაყვანისმცემლობისადმი?
27 ერთგული მეფე ხიზკია (29:1—32:33). ახაზის ვაჟმა ხიზკიამ 29 წელიწადს იმეფა იერუსალიმში. გამეფებისთანავე მან გააღო და შეაკეთა იეჰოვას ტაძრის კარები. შემდეგ შეკრიბა მღვდლები და ლევიანები და უბრძანა, რომ გაესუფთავებინათ და განეწმინდათ ტაძარი იეჰოვასთვის მსახურების შესასრულებლად. მან იეჰოვასთან შეთანხმების დადების სურვილიც გამოთქვა, რათა ღმერთს აერიდებინა მათთვის მრისხანება. ხიზკიამ ბევრი რამ გააკეთა იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღსადგენად.
28. რა გრანდიოზული დღესასწაული აღნიშნა ხიზკიამ იერუსალიმში და როგორ გამოხატა ხალხმა სიხარული?
28 მან პასექის გრანდიოზულად აღნიშვნა გადაწყვიტა. პირველ თვეში ეს არ მოხერხდა, ამიტომ მოსეს კანონიდან გამომდინარე პასექი ხიზკიას მეფობის პირველი წლის მეორე თვეს აღნიშნეს (2 მატ. 30:2, 3; რიცხ. 9:10, 11). მეფემ პასექის აღსანიშნავად იუდაში მცხოვრებ ხალხთან ერთად ისრაელის სამეფოში მცხოვრები ხალხიც მიიწვია. ეფრემელებმა, მენაშელებმა და ზებულონელებმა არაფრად ჩააგდეს მეფის მოწვევა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა თავი დაიმდაბლა და იუდეველებთან ერთად იერუსალიმში მივიდა. პასექის აღნიშვნის შემდეგ მათ უფუარობის დღესასწაულიც იზეიმეს. ხალხს დიდი სიხარული მოჰგვარა შვიდდღიანმა დღესასწაულმა. ისინი ისე გამხნევდნენ, რომ გადაწყვიტეს კიდევ შვიდ დღეს ედღესასწაულათ. „დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რადგან ისრაელის მეფის, სოლომონის, დავითის ვაჟის დროიდან მსგავსი რამ არ ყოფილა იერუსალიმში“ (2 მატ. 30:26). სულიერად გაძლიერებულმა ხალხმა იუდასა და ისრაელში ბრძოლა გამოუცხადა კერპთაყვანისმცემლობას. ხიზკიამ იმაზეც იზრუნა, რომ ხალხს თავისი ქონებით მხარი დაეჭირა ლევიანებისა და მღვდლებისთვის, რათა ტაძარში კვლავ გაგრძელებულიყო ღვთისმსახურება.
29. როგორ დაეხმარა იეჰოვა ხიზკიას, რომელიც მთელი გულით მიენდო მას?
29 მოგვიანებით ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა იუდაში და იერუსალიმს მიადგა. ხიზკია მტრის მუქარას არ შეუშინდა, გამბედაობა მოიკრიბა და ქალაქის დამცავი ნაგებობები შეაკეთა. იეჰოვაზე მთელი გულით მინდობილი ხიზკია დახმარებისთვის ლოცულობდა. იეჰოვამ შეისმინა რწმენით წარმოთქმული მისი ლოცვა. „გამოგზავნა იეჰოვამ ანგელოზი და ამოწყვიტა ყველა ძლიერი და მამაცი ვაჟკაცი, წინამძღოლი და მეთაური ასურეთის მეფის ბანაკში“ (32:21). სინახერიბი შერცხვენილი დაბრუნდა თავის ქვეყანაში. ვერც მისმა ღმერთებმა დაიხსნეს ის. მათ სამსხვერპლოსთან სინახერიბი საკუთარმა ვაჟებმა მოკლეს (2 მეფ. 19:7). იეჰოვამ სასწაულებრივად გაუხანგრძლივა ხიზკიას სიცოცხლე; ის ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა. სიკვდილის შემდეგ მას მთელმა იუდამ პატივი მიაგო.
30. ა) ვის კვალს გაჰყვა მენაშე და რა მოხდა, როცა მოინანია? ბ) რა გააკეთა ამონმა თავისი ხანმოკლე მეფობის დროს?
30 ბოროტი მეფეები მენაშე და ამონი (33:1—25). ხიზკიას ვაჟი მენაშე პაპამისის, ახაზის ბოროტ გზას დაუბრუნდა. მან წყალში ჩაყარა მთელი ის სიკეთე, რაც ხიზკიას ჰქონდა გაკეთებული. მან აღადგინა მაღლობები, გააკეთა წმინდა ბოძები და საკუთარი შვილებიც კი შესწირა ცრუღმერთებს. ბოლოს იეჰოვამ იუდას წინააღმდეგ ასურეთის მეფე გამოიყვანა და მენაშე ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში. ტყვეობაში მან თავისი ბოროტი საქმეები მოინანია. იეჰოვამ შეიწყალა მენაშე და დაუბრუნა მეფობა, რის შემდეგაც ის ქვეყანაში დემონური თაყვანისმცემლობის აღმოფხვრასა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას ცდილობდა. მენაშე მთელ 55 წელიწადს მეფობდა, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ამონი ავიდა, რომელიც ისევ ცრუთაყვანისმცემლობაში ჩაეფლო. გამეფებიდან ორი წლის შემდეგ ამონი მისივე მსახურებმა მოკლეს.
31. რით გამოირჩეოდა მამაცი მეფე იოშიას მმართველობა?
31 მამაცი მეფე იოშია (34:1—35:27). ამონის ვაჟი იოშია, რომელიც ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, გაბედულად ცდილობდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას. მან დაანგრია ბაალის სამსხვერპლოები, დაამტვრია გამოთლილი ქანდაკებები და შეაკეთა იეჰოვას სახლი, სადაც „მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას კანონის წიგნი“ იპოვეს. როგორც ჩანს, ეს წიგნის დედანი იყო (34:14). იეჰოვამ ერთგულ იოშიას ამცნო, რომ უბედურებას დაატეხდა ქვეყანას ორგულობის გამო, თუმცა არა მის სიცოცხლეში. იოშიამ თავისი მეფობის მე-18 წელს დიდებულად აღნიშნა პასექი. 31-წლიანი მეფობის შემდეგ იოშია დაიღუპა, როცა ამაოდ ცდილობდა იუდას გავლით ევფრატისკენ მიმავალი ეგვიპტელთა ჯარის შეჩერებას.
32. როგორ დაღუპა ქვეყანა იუდას ბოლო ოთხმა მეფემ?
32 იეჰოახაზი, იეჰოიაკიმი, იეჰოიაქინი, ციდკია და იერუსალიმის განადგურება (36:1—23). იუდას ბოლო ოთხი მეფის ჩადენილმა ბოროტებამ დააჩქარა ქვეყნის დაღუპვა. გამეფებიდან სამი თვის შემდეგ იოშიას ვაჟს, იეჰოახაზს ეგვიპტის ფარაონმა ნექომ მეფობა ჩამოართვა. მის ნაცვლად ელიაკიმი გაამეფა და იეჰოიაკიმი დაარქვა. მისი მმართველობის დროს იუდა ახალ მსოფლიო იმპერიას, ბაბილონს ემორჩილებოდა (2 მეფ. 24:1). იეჰოიაკიმი განუდგა მეფე ნაბუქოდონოსორს, რომელიც ძვ. წ. 618 წელს მის დასასჯელად მიადგა იერუსალიმს. იმავე წელს იეჰოიაკიმი დაიღუპა. მთლიანობაში მან 11 წელიწადს იმეფა. მის ნაცვლად მისი 18 წლის ვაჟი იეჰოიაქინი გაამეფეს. გამეფებიდან სამი თვის შემდეგ იეჰოიაქინი ჩაჰბარდა ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ის ტყვედ წაიყვანა ბაბილონში. შემდეგ ნაბუქოდონოსორმა იოშიას მესამე ვაჟი, იეჰოიაქინის ბიძა, ციდკია გაამეფა. ციდკიას უვარგისმა მმართველობამ 11 წელს გასტანა. „მას არ დაუმდაბლებია თავი წინასწარმეტყველ იერემიას წინაშე, რომელიც იეჰოვას ბრძანებით ლაპარაკობდა“ (2 მატ. 36:12). მღვდლებიცა და ხალხიც დიდად ორგულობდნენ იეჰოვას და ბილწავდნენ მის სახლს.
33. ა) როგორ დაიწყო 70-წლიანი უკაცრიელობის ხანა, რათა შესრულებულიყო იეჰოვას სიტყვა? ბ) რა ისტორიული მნიშვნელობის ბრძანებაა ჩაწერილი „მეორე მატიანის“ ბოლო ორ მუხლში?
33 ციდკიამ ბაბილონელთა უღლის გადაგდება მოინდომა. ამჯერად ნაბუქოდონოსორმა არ დაინდო ის. იეჰოვას მოთმინების ფიალა აივსო და აღიგზნო მისი რისხვა მის ხალხზე, რადგან შეუძლებელი იყო მათი განკურნება. ბაბილონელები შეიჭრნენ იერუსალიმში, გაძარცვეს ტაძარი და ცეცხლს მისცეს. ვინც 18-თვიან ალყას გადაურჩა, ბაბილონში ტყვედ წაასხეს. ძვ. წ. 607 წელს იუდა გაუკაცრიელდა და სწორედ მაშინ დაიწყო უკაცრიელობის ხანა, „რათა შესრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვა . . . ვიდრე სამოცდაათი წელი შესრულდებოდა“ (36:21). მემატიანე მეტს არაფერს გვეუბნება ამ 70-წლიან პერიოდზე და ბოლო ორ მუხლში თხრობას განაგრძობს ძვ. წ. 537 წელს კიროსის მიერ გამოცემული ისტორიული მნიშვნელობის ბრძანებით, რომლის საფუძველზეც იუდეველები გაათავისუფლეს და შესაძლებელი გახდა იერუსალიმის აღდგენა.
რატომ არის სასარგებლო
34. რომელ საკითხებზე ამახვილებდა ეზრა ყურადღებას და რატომ იყო ეს სასარგებლო იუდეველებისთვის?
34 „მეორე მატიანე“ ადასტურებს სხვა ჩანაწერების უტყუარობას, რომლებშიც აღწერილია ძვ. წ. 1037—537 წლამდე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. გარდა ამისა, ის შეიცავს ღირებულ ინფორმაციას, რომელიც არ გვხვდება სხვა კანონიკურ წიგნებში. ამის მაგალითია მეორე მატიანის მე-19, მე-20, 29—31-ე თავები. წიგნში ეზრა ყურადღებას ამახვილებდა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც ისრაელი ერის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო, მათ შორის სამღვდელოებაზე, მღვდლების მსახურებაზე, ტაძარსა და სამეფოსთვის დადებულ შეთანხმებაზე. ეს სასარგებლო იყო ერისთვის, რათა ერთსულოვნად დალოდებოდნენ მესიასა და მის სამეფოს.
35. რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიგებთ „მეორე მატიანის“ ბოლო მუხლებიდან?
35 „მეორე მატიანის“ ბოლო მუხლები (36:17—23) ამტკიცებს იერემიას 25:12-ში ჩაწერილი სიტყვების უტყუარობას. გარდა ამისა, ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ქვეყნის გაუკაცრიელებიდან იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენამდე, რომელიც ძვ. წ. 537 წელს მოხდა, სრული 70 წელი უნდა გასულიყო. აქედან გამომდინარე, გაუკაცრიელება ძვ. წ. 607 წელს დაიწყოc (იერ. 29:10; 2 მეფ. 25:1—26; ეზრ. 3:1—6).
36. ა) რა მნიშვნელოვან გაფრთხილებას შეიცავს „მეორე მატიანე“? ბ) როგორ გვიმტკიცებს ის სამეფოს შესახებ იმედს?
36 „მეორე მატიანე“ მნიშვნელოვან გაფრთხილებას შეიცავს ქრისტიანებისთვის. იუდას მრავალი მეფე თავიდან კარგად იქცეოდა, მაგრამ მოგვიანებით ბოროტების გზას დაადგნენ. ეს ისტორიული ცნობა ნათლად გვიჩვენებს, რომ წარმატება ღვთისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული. ამიტომ უნდა ვიფხიზლოთ, რომ ‘უკან არ დავიხიოთ დასაღუპავად, არამედ რწმენა გვქონდეს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად’ (ებრ. 10:39). განკურნების შემდეგ ერთგული მეფე ხიზკიაც კი გადიდგულდა; მან მხოლოდ იმიტომ აიცილა იეჰოვას რისხვა, რომ თავი დაიმდაბლა. „მეორე მატიანე“ განადიდებს იეჰოვას შესანიშნავ თვისებებს და ხოტბას ასხამს მის სახელსა და უზენაესობას. მთელ ამ ისტორიაში იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ესმება ხაზი. ის დიდ ყურადღებას ამახვილებს იუდას სამეფო ხაზზე, რითაც გვიმტკიცებს იმედს, რომ იესო ქრისტეს, „დავითის ძის“, მარადიული მეფობის დროს წმინდა თაყვანისმცემლობა საბოლოოდ განდიდდება (მათ. 1:1; საქ. 15:16, 17).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 147 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 750, 751; ტ. II, გვ. 1076—1078 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 463; ტ. II, გვ. 326 (ინგლ.).