თავი მეცხრე
მარტოხელა მშობლებო, გულს ნუ გაიტეხთ!
1—3. რატომ იზრდება მარტოხელა მშობლების რიცხვი და როგორ მოქმედებს ეს ოჯახის წევრებზე?
ამერიკის შეერთებულ შტატებში მარტოხელა მშობლების რიცხვი „კატასტროფული სისწრაფით იზრდება“. ამ მხრივ, არც სხვა ქვეყნებშია სახარბიელო მდგომარეობა. ინგრევა ოჯახები, იბადებიან უკანონო ბავშვები და უბედურდება მილიონობით მშობელი და შვილი.
2 ერთი ქვრივი დედა გვიამბობს: „ვარ 28 წლის, მყავს ორი შვილი. არ ვიცი, რა ვქნა. არ მინდა, ჩემი შვილები უმამოდ გაიზარდონ. ასე მგონია, რომ არავის ვუყვარვარ. შვილები ხშირად მხედავენ როგორ ვტირი და ძალიან განიცდიან“. გულისწყრომის, დანაშაულისა და მარტოობის გრძნობებთან ბრძოლას ისიც ემატება, რომ მრავალმა მარტოხელა მშობელმა უნდა იმუშაოს კიდეც და ოჯახსაც მიხედოს. ერთმა მშობელმა თქვა: „მარტოხელა მშობელი ჟონგლიორს ჰგავს. ექვსთვიანი ვარჯიშის შემდეგ შეგიძლია ერთდროულად ოთხი ბურთით ჟონგლიორობა. მაგრამ როგორც კი ეს გამოგივა, ახალ ბურთს გესვრიან“.
3 ასეთ ოჯახებში ბავშვებს თავიანთი პრობლემები აქვთ. ისინი შესაძლოა ებრძვიან მშობლების უცაბედი განქორწინებით ან ერთ-ერთი მათგანის სიკვდილით გამოწვეულ ძლიერ ემოციებს. როგორც ჩანს, მრავალ ბავშვზე უდედმამობა დამანგრევლად მოქმედებს.
4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა ზრუნავს მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებზე?
4 მარტოხელა მშობლები ბიბლიურ დროშიც იყვნენ. საღვთო წერილში არაერთხელ არიან მოხსენიებულნი ქვრივ-ობლები (გამოსვლა 22:22; მეორე კანონი 24:19—21; იობი 31:16—22). იეჰოვა ღმერთი გულგრილად არ უყურებდა მათ გაჭირვებას. ფსალმუნმომღერალი ღმერთს „უმამო ბავშვების მამას და ქვრივების მოსამართლეს“ უწოდებდა (ფსალმუნი 68:5). რასაკვირველია, იეჰოვა ღმერთი მარტოხელა მშობლებისა და მათი შვილების მიმართ დღესაც ისეთივე ინტერესს ავლენს! მის სიტყვაში მოცემული პრინციპები ასეთ ოჯახებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
როგორ უნდა გაართვათ თავი ოჯახის საქმეებს
5. რა პრობლემის წინაშე დგებიან თავიდანვე მარტოხელა მშობლები?
5 შევეხოთ ოჯახის საქმეებს. „ხშირად კაცის ხელი გჭირდება, — ამბობს ერთი განქორწინებული ქალი, — მაგალითად, მანქანა გაგიფუჭდება და არ იცი, რა მოუვიდა“. ახალ განქორწინებულ ან დაქვრივებულ კაცებს შესაძლოა თავგზა ებნევათ, როცა ოჯახში ყველაფერი მათი გასაკეთებელი ხდება. უწესრიგობა და არეულობა კი ბავშვებს უფრო უღრმავებს არამდგრადობისა და უიმედობის გრძნობებს.
6, 7. ა) რა მაგალითს გვაძლევს იგავებში აღწერილი ‘მარჯვე ცოლი’? ბ) როგორ დაეხმარება მარტოხელა მშობელს, თუ გულს დაუდებს ოჯახურ პასუხისმგებლობებს?
6 სად ვეძიოთ დახმარება? ყურადღება მიაქციეთ იგავების 31:10—31-ში აღწერილ ‘მარჯვე ცოლის’ მაგალითს. გასაოცარია, რამდენ რამეს აკეთებდა: ყიდულობდა, ყიდდა, კერავდა, საჭმელს ამზადებდა, ქონებას იძენდა და ყველაფერს თავს აბამდა. როგორ ასწრებდა ამდენს? საქმე არ ეზარებოდა, დილით ადრე რომ დაიწყებდა შრომას, გვიანობამდე არ ჩერდებოდა. ის სხვებსაც უნაწილებდა საქმეებს და თავსაც არ ზოგავდა სხვების საკეთილდღეოდ. გასაკვირი არ არის, რომ მას ასე აქებდნენ!
7 თუ მარტო გიწევთ შვილების აღზრდა, კეთილსინდისიერად მოეკიდეთ თქვენს ოჯახურ მოვალეობებს. სიამოვნებით აკეთეთ საქმე, შვილებს ამით ბედნიერებას შემატებთ. მაგრამ დაუგეგმავად არაფერი გამოგივათ. ბიბლია ამბობს: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). ერთმა მარტოხელა მამამ აღიარა: „სანამ შიმშილი არ შემაწუხებს, საჭმლის გაკეთებაზე არ ვფიქრობ“. მოუფიქრებლად ან ფაციფუცით მომზადებულ საჭმელს, ისეთ გემოს ვერ ჩაატანთ, როგორც წინასწარ მოფიქრებულ და აუჩქარებლად გაკეთებულ კერძს და ის უფრო სასარგებლო და მიმზიდველიც იქნება. კარგი იქნება, თუ ისწავლით რაიმე ახალს, რაც ოჯახში გამოგადგებათ. გამოცდილ მეგობრებთან კონსულტაციით, თვითმასწავლებლებითა და სპეციალისტების დახმარებით მრავალმა მარტოხელა დედამ ისწავლა ღებვა და წყალგაყვანილობისა და ავტომობილის მსუბუქი შეკეთება.
8. როგორ უნდა ამოიყენონ მარტოხელა მშობლებმა შვილები გვერდით?
8 სწორია თუ არა, რომ შვილები დაიხმარო? ერთმა მარტოხელა დედამ აღიარა: „ყველანაირად ცდილობ, რომ შვილებს უმამობა არ აგრძნობინო და ხელს არ ანძრევინებ“. ეს გასაგებია, მაგრამ თვითონ შვილებისთვის არ არის კარგი. ბიბლიურ დროში ღვთისმოშიში ახალგაზრდები ოჯახში უსაქმოდ არ იყვნენ (დაბადება 37:2; ქებათა ქება 1:6). სიფრთხილე კარგია, რომ არ გადატვირთოთ შვილები, მაგრამ ჭურჭლის დარეცხვითა და საკუთარი ოთახის დალაგებით არაფერი მოუვათ. ზოგი რამის ერთად გაკეთებაც შეიძლება. ეს ძალიან სასიამოვნოა.
ოჯახის რჩენა
9. რა ფინანსური პრობლემების წინაშე დგებიან მარტოხელა დედები?
9 მრავალ მარტოხელა მშობელს უძნელდება ოჯახის რჩენა, განსაკუთრებით ეს უჭირთ ახალგაზრდა, მარტოხელა დედებსa. თუ ასეთ დედებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებას გამოუყოფს, გონივრული იქნება, რომ მათ მანამ მაინც გამოიყენონ ასეთი დახმარება, სანამ სამუშაოს იშოვიან. ბიბლია არ არის იმის წინააღმდეგი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ქრისტიანმა ისარგებლოს მსგავსი დახმარებით (რომაელები 13:1, 6). მსგავსი პრობლემები აქვთ ქვრივებს და განქორწინებულებს. მრავალი იძულებულია, გავიდეს სახლიდან და იმუშაოს და ხშირად მხოლოდ დაბალანაზღაურებად სამუშაოზე. სხვები კი ახერხებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაიმე პროფესიას ეუფლებიან ან მოკლევადიან კურსებს გადიან.
10. როგორ უნდა აუხსნას მარტოხელა დედამ შვილებს, რომ აუცილებლად უნდა იმუშაოს?
10 არ გაგიკვირდეთ, თუ შვილები უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ სამუშაოს ეძებთ და თავს ნუ დაიდანაშაულებთ. აუხსენით მათ, რატომ უნდა იმუშაოთ და დაეხმარეთ გაიგონ, რომ იეჰოვა პირადად თქვენგან მოითხოვს მათზე ზრუნვას (1 ტიმოთე 5:8). დროთა განმავლობაში შვილები ეგუებიან მდგომარეობას. მაგრამ შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გამოუყოთ მათ, რამდენის საშუალებასაც თქვენი გადატვირთული გრაფიკი გაძლევთ. ასეთი სიყვარულითა და ყურადღებით მინიმუმამდე დაიყვანთ ოჯახში ფინანსური პრობლემებით გამოწვეულ სიძნელეებს (იგავები 15:16, 17).
ვინ ვისზე უნდა იზრუნოს?
11, 12. რატომ და როგორ უნდა დაიცვან მარტოხელა მშობლებმა საზღვრები შვილებთან?
11 ბუნებრივია, რომ მარტოხელა მშობელი განსაკუთრებით დაუახლოვდეს შვილებს, მაგრამ საყურადღებოა, რომ არ დაირღვეს ღვთის დადგენილი საზღვრები მშობლებსა და შვილებს შორის. მაგალითად, შეიძლება წამოიჭრას სერიოზული პრობლემები, თუ მარტოხელა დედა თავისი ვაჟიშვილისგან ოჯახისთვის ვალდებულებების შესრულებას მოელის ან ქალიშვილს თავის მესაიდუმლედ იხდის და პირადი პრობლემებით ტვირთავს. ეს არ იქნებოდა სწორი. ამან შვილი შეიძლება დაამძიმოს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს.
12 დაარწმუნეთ შვილები, რომ მშობელმა უნდა იზრუნოს შვილებზე და არა პირიქით (შეადარეთ 2 კორინთელები 12:14). დროდადრო, შესაძლოა, რჩევა ან მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ამ მხრივ ქრისტიანი უხუცესები ან მოწიფული ქრისტიანი ქალები დაგეხმარებიან და არა — მოზარდი შვილები (ტიტე 2:3).
განაგრძეთ ბავშვების აღზრდა
13. როგორ პრობლემას შეიძლება წააწყდეს მარტოხელა დედა ბავშვის აღზრდის საკითხში?
13 კაცის სიტყვას წონა აქვს და მისი ნათქვამი შეიძლება უფრო სერიოზულად აღიქვან, ვიდრე ქალების ნათქვამი. ერთი მარტოხელა დედა ამბობს: „ჩემი ბიჭები დავაჟკაცდნენ. ზოგჯერ ძალიან მიჭირს, რომ მათ წინაშე გაუბედავი და სუსტი არ გამოვჩნდე“. შესაძლოა, ჯერ არც კი გაგნელებიათ საყვარელი მეუღლის სიკვდილით განცდილი ტკივილი. შეიძლება საკუთარ თავს ვერ პატიობთ ოჯახის დანგრევას. თუ შვილებზე მზრუნველობის უფლება ორივე მშობელსა გაქვთ, შესაძლოა, შიშობდეთ, რომ შვილი ყოფილ მეუღლესთან დარჩენას არჩევს. ასეთი სიტუაციები ართულებს საქმეს.
14. როგორ უნდა მიუდგეს მარტოხელა მშობელი გონივრულად შვილების აღზრდას?
14 ბიბლია ამბობს, რომ „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15). თუ ცდილობთ, ოჯახში წესები დაადგინოთ და განახორციელოთ, იეჰოვა მხარს დაგიჭერთ, ამიტომ ნუ დანებდებით დანაშაულის, სინანულისა და შიშის გრძნობას (იგავები 1:8). არ დათმოთ ბიბლიური პრინციპები (იგავები 13:24). იყავით გონიერი, და მტკიცედ მიჰყევით დადგენილ ნორმებს. შეუძლებელია, რომ ეს თქვენს შვილზე დადებითად არ აისახოს. მაგრამ გაითვალისწინეთ შვილების გრძნობები. ერთი მარტოხელა მამა ამბობს: „აღზრდის დროს ყოველთვის უნდა შემეხსენებინა ჩემი თავისთვის, რამხელა შოკი გადაიტანეს ბავშვებმა დედის დაღუპვით. ყოველი შესაძლებლობისას ვესაუბრები მათ. ვახშმის მომზადებისას გულწრფელად ვსაუბრობთ. ასეთ წუთებში ისინი მთელი გულით მენდობიან“.
15. რას უნდა მოერიდოს განქორწინებული მშობელი ყოფილ მეუღლეზე საუბრისას?
15 თუ განქორწინებული ხართ, კარგს არაფერს მოგიტანთ ყოფილი მეუღლის ავტორიტეტის შელახვა. შვილებს მტკივნეულად გადააქვთ, როცა მშობლები ერთმანეთს ლანძღავენ, ისინი პატივისცემას კარგავენ მშობლებისადმი. ამიტომ მოერიდეთ გულსატკენ შენიშვნებს, მაგალითად: „ყველაფერში მამაშენს ემსგავსები!“ როგორი ტკივილიც არ უნდა გქონდეთ მიღებული ყოფილი მეუღლისგან, ის თქვენი შვილის მშობელია და ბავშვს ორივე მშობლისგან სჭირდება სიყვარული, ყურადღება და აღზრდაb.
16. რომელი სულიერი ღონისძიებები უნდა იყოს აღზრდის განუყოფელი ნაწილი?
16 როგორც წინა თავებში განვიხილეთ, აღზრდა არის დარიგება, სწავლება და არა მხოლოდ დასჯა. მრავალი პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება სულიერი სწავლების კარგი პროგრამით (ფილიპელები 3:16). მნიშვნელოვანია ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული დასწრება (ებრაელები 10:24, 25). არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა, თუმცა ამ საკითხში რეგულარულობა ცოტა რთულია. „სამუშაოს მერე ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში, რომ დავისვენო, — ამბობს ერთი კეთილსინდისიერი დედა. — მაგრამ შინაგანად თავს განვაწყობ ქალიშვილთან მეცადინეობისთვის, რადგან ვიცი, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. მას ძალიან უყვარს ჩვენი ოჯახური შესწავლა!“
17. რას გვასწავლის ტიმოთეს აღზრდა?
17 მოციქული პავლეს მეგობარი ტიმოთე, როგორც ჩანს, ბიბლიური პრინციპებით აღზარდეს დედამ და ბებიამ და არა მამამ. მიუხედავად ამისა, ტიმოთე სამაგალითო ქრისტიანი დადგა (საქმეები 16:1, 2; 2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). თუ ცდილობთ, შვილების „იეჰოვას მოსაწონად აღზრდას და დარიგებას“, მოსალოდნელია, რომ თქვენი შვილიც ასეთი კარგი გაიზრდება (ეფესოელები 6:4).
მარტოობის დაძლევა
18, 19. ა) როგორ თრგუნავს მარტოობის გრძნობა მარტოხელა მშობლებს? ბ) რას გვირჩევენ ხორციელი სურვილების მოსათოკად?
18 ერთი მარტოხელა მშობელი წუხდა: „როცა სახლში შევდივარ და ოთხ კედელს ვხედავ, მარტოობის გრძნობა მეუფლება. მაგრამ მარტოობის გრძნობა განსაკუთრებით მაშინ მეუფლება, როდესაც შვილები იძინებენ“. მარტოობის გრძნობა ხშირად მარტოხელა მშობლების ყველაზე დიდი პრობლემაა. თბილი ურთიერთობისა და ცოლქმრული სიახლოვის მოთხოვნილება ბუნებრივია. მაგრამ ღირს ამ პრობლემის ნებისმიერ ფასად მოგვარება? პავლე მოციქულის დროს მრავალი ახალგაზრდა ქვრივისთვის „სქესობრივი აღგზნება მათსა და ქრისტეს შორის დადგა“ (1 ტიმოთე 5:11, 12). თუ ხორციელი სურვილები სულიერ ინტერესებს ჩრდილავს, ეს უკვე საგანგაშოა (1 ტიმოთე 5:6).
19 ქრისტიანმა მამაკაცმა თქვა: „სექსუალური ლტოლვა ძალიან ძლიერია, მაგრამ მათი მოთოკვა შესაძლებელია. როცა ასეთი ფიქრები მოგდის, არ უნდა შეჩერდე მათზე. თავიდან მოიშორე ისინი. დამხმარეა შვილზე ფიქრი“. ღვთის სიტყვა გვირჩევს: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: . . . ვნება“ (კოლოსელები 3:5). მადის „ჩაკვლა“ რომ გინდოდეთ, წაიკითხავდით ისეთ ჟურნალებს, სადაც გემრიელი საჭმელებია აღწერილი, ან გექნებოდათ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც სულ საჭმელზე ლაპარაკობენ? საეჭვოა. ასევე უნდა მივუდგეთ ხორციელ სურვილებს.
20. ა)რა საშიშროებაში იგდებენ თავს ისინი, ვინც ურწმუნოებს ეტრფიან? ბ) როგორ დასძლიეს პირველი საუკუნისა და თანამედროვე დროის მარტოხელა ქრისტიანებმა მარტოობის გრძნობა?
20 ზოგიერთი ქრისტიანი ურწმუნოებს ეტრფოდა (1 კორინთელები 7:39). არის ეს გამოსავალი? არა. ერთი განქორწინებული ქრისტიანი ქალი გვაფრთხილებს: „მარტოობაზე უარესია, როცა შეცდომას უშვებ ცხოვრების თანამგზავრის არჩევაში!“ უეჭველია, პირველი საუკუნის ქრისტიანი ქვრივები გრძნობდნენ მარტოობას, მაგრამ გონიერები ‘უმასპინძლდებოდნენ უცნობებს, ფეხებს ბანდნენ წმინდებს და ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს’ (1 ტიმოთე 5:10). ჩვენი დროის მორწმუნე ქრისტიანები ღვთისმოშიში მეუღლის მოლოდინში, მსგავსი საქმეებით არიან დაკავებული. ერთი 68 წლის ქრისტიანი ქვრივი, როცა მარტოობის გრძნობა მოეძალებოდა, სხვა ქვრივებს ინახულებდა. ის ამბობს: „ასეთი მონახულებები, ოჯახის საქმეები, ჩემს სულიერობაზე ზრუნვა და დრო აღარ მრჩება მარტოობისთვის“. ყველაზე კეთილი საქმეა, ასწავლო სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 28:19, 20).
21. როგორ დაგეხმარებათ ლოცვა და სასიამოვნო ურთიერთობები მარტოობის დაძლევაში?
21 ყველა აღიარებს იმ ფაქტს, რომ მარტოობის წამალი არ არსებობს. მაგრამ მარტოობის გრძნობის დაძლევა შეიძლება იეჰოვას ბოძებული ძალით. ასეთ ძალას ქრისტიანი იღებს, როდესაც „დღედაღამ ლოცვა-ვედრებაშია“ (1 ტიმოთე 5:5). ვედრება არის გულწრფელი თხოვნა, დახმარების თხოვნა, შესაძლოა, მთელი ხმითა და ცრემლებით (შეადარეთ ებრაელების 5:7). დღედაღამ იეჰოვას წინაშე გულის დაცლას შვება მოაქვს. უფრო მეტიც, მარტოობის შევსება შეუძლია ჯანსაღ ურთიერთობებს. ასეთი ურთიერთობის დროს მოისმენთ „კეთილ სიტყვას“ როგორც იგავების 12:25-შია ჩაწერილი.
22. როგორი ფიქრები დაგეხმარებათ, თუ დროდადრო მარტოობის გრძნობა მოგეძალებათ?
22 თუ დროდადრო მარტოობის გრძნობა გეუფლებათ, და ეს სრულიად შესაძლებელია, გახსოვდეთ, რომ უპრობლემოდ არავინ არის. მეტნაკლებად, „საძმოსაც“ ხვდება ტანჯვები (1 პეტრე 5:9). ნუ იცხოვრებთ წარსულით (ეკლესიასტე 7:10). იფიქრეთ თქვენი ცხოვრების დადებით მხარეებზე. და რაც ყველაზე მთავარია, მტკიცედ შეინარჩუნეთ უმწიკვლობა და გული გაუხარეთ იეჰოვას (იგავები 27:11).
როგორ შეუძლიათ დახმარება სხვებს
23. რა ევალებათ ქრისტიანებს?
23 თანაქრისტიანების მხარდაჭერა და დახმარება ფასდაუდებელია. იაკობის 1:27 ამბობს: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“. დიახ, ქრისტიანები ვალდებული არიან, დაეხმარონ მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებს. რომელ ზოგიერთ პრაქტიკულ მხარეში შეიძლება დახმარება?
24. რაში შეიძლება სჭირდებოდეს ხელის გამართვა მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს?
24 ერთ-ერთი შეიძლება იყოს მატერიალური მხარე. ბიბლია ამბობს: „თუ ვინმეს საარსებო საშუალება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს, მაგრამ თანაგრძნობის კარს უკეტავს, როგორღა რჩება მასში ღვთის სიყვარული?“ (1 იოანე 3:17). ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც ხედავს თვალის მოკვრას კი არ ნიშნავს, არამედ მიზანდასახულ მზერას. ეს მიუთითებს, რომ კეთილმოსურნე ქრისტიანი, უპირველესად, კარგად გაეცნობა ოჯახურ პირობებსა და მოთხოვნილებებს. შესაძლოა, მათ მატერიალურად უჭირთ. ზოგს, შეიძლება რაღაცა აქვს შესაკეთებელი. ან ისინი, შეიძლება, უბრალოდ, მადლიერნი დარჩნენ, თუ ვინმე სადილზე ან მეგობრულ წვეულებაზე მიიწვევს.
25. როგორ შეუძლიათ თანაქრისტიანებს თანაგრძნობის გამოვლენა მარტოხელა მშობლების მიმართ?
25 გარდა ამისა, 1 პეტრეს 3:8 მოგვიწოდებს: „ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი“. ერთმა მარტოხელა, ექვსი შვილის დედამ თქვა: «ძალიან მიჭირდა, ზოგჯერ დათრგუნული ვიყავი. მაგრამ დროდადრო ერთ-ერთი ძმა ან და მეტყოდა: „ჯოუნ, ძალიან კარგად იქცევი. ტყუილად არ იხარჯები“. ძალიან მანუგეშებელია, როცა სხვები ფიქრობენ და ზრუნავენ შენზე». ხანში შესულ ქრისტიან ქალებს შეუძლიათ განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინონ ახალგაზრდა დედებს, თუ მოუსმენენ მათ ისეთ პრობლემებზე საუბრისას, რომლების შესახებაც მამაკაცებთან ლაპარაკი უხერხულია.
26. როგორ შეუძლიათ მოწიფულ ქრისტიან მამაკაცებს, დაეხმარონ უმამო ბავშვებს?
26 ქრისტიან მამაკაცებს სხვაგვარადაც შეუძლიათ დახმარება. მართალმა მამაკაცმა იობმა თქვა: „ვიხსნიდი . . . უმამო ბავშვსა და ყველა უმწეოს“ (იობი 29:12). მსგავსად, მრავალი ქრისტიანი მამაკაცი, გულწრფელად არის დაინტერესებული უმამო ბავშვებით და ავლენს ნამდვილ ‘სიყვარულს სუფთა გულით’, ფარული მოტივების გარეშე (1 ტიმოთე 1:5). მათ შეუძლიათ დაპატიჟონ ასეთი ახალგაზრდები ქრისტიანულ მსახურებაში, ოჯახურ შესწავლაზე ან ერთად გაატარონ თავისუფალი დრო, მაგრამ ეს საკუთარი ოჯახისთვის საჭირო დროის ხარჯზე არ უნდა გააკეთონ. ასეთი ყურადღება დაიცავს უმამო ბავშვებს ცუდ გზაზე დადგომისგან.
27. როგორ მხარდაჭერაში არიან დარწმუნებული მარტოხელა მშობლები?
27 მარტოხელა მშობელს მაინც თვითონ უწევს „თავისი სატარებლის ტარება“ (გალატელები 6:5). მაგრამ ისინი უყვართ და-ძმებს და იეჰოვა ღმერთს. ბიბლია ღმერთზე ამბობს: „უმამო ბავშვსა და ქვრივს შვებას ჰგვრის“ (ფსალმუნები 146:9). მისი მოსიყვარულე მხარდაჭერით მარტოხელა მშობლებისა და მათი შვილების მდგომარეობა არ არის უიმედო!
a თუ ქრისტიანი უზნეობას სჩადის და ორსულდება, ქრისტიანული კრება არავითარ შემთხვევაში არ გაამართლებს მის საქციელს. მაგრამ თუ ის გულწრფელად ინანიებს, კრების უხუცესებსა და სხვა წევრებს, შესაძლოა, სურდეთ მისთვის დახმარების შეთავაზება.
b აქ არ ვსაუბრობთ ისეთ სიტუაციებზე, როცა შვილები, შესაძლოა, საჭიროებენ მოძალადე მშობლისგან დაცვას. აგრეთვე, თუ მეორე მშობელი ცდილობს თქვენი ავტორიტეტის შელახვას ბავშვის გადაბირების მიზნით, კარგი იქნებოდა რჩევისთვის მიგემართათ გამოცდილების მქონე მეგობრებისთვის, მაგალითად, ქრისტიანული კრების უხუცესებისთვის.