თავი მეათე
როცა ოჯახის წევრი ავად არის
1, 2. როგორ ცდილობდა სატანა უბედურებითა და ავადმყოფობით იობის გატეხვას?
იობის ოჯახი ბედნიერ ოჯახთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ის „ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში“. იობს ათი შვილი ჰყავდა — შვიდი ვაჟიშვილი და სამი ქალიშვილი. მის ოჯახს არაფერი აკლდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილებს სიმართლით ევლოთ იეჰოვას წინაშე. სწორედ ამიტომ ჰქონდა მას მტკიცე და ბედნიერი ოჯახი (იობი 1:1—5).
2 იობის კეთილდღეობა მხედველობიდან არ გამოჰპარვია იეჰოვა ღმერთის დაუძინებელ მტერს, სატანას. სატანა, რომელიც ყოველთვის ეძებს საშუალებებს, დააკარგვინოს ღვთის მსახურებს უმწიკვლობა, თავს დაესხა იობს და ბოლო მოუღო მის ბედნიერ ოჯახს. ამას არ დასჯერდა და „თავიდან ფეხებამდე დააწყლულა იობი“. ის იმედოვნებდა, რომ უბედურებითა და ავადმყოფობით იობს უმწიკვლობას დაათმობინებდა (იობი 2:6, 7).
3. აღწერეთ იობის ავადმყოფობა.
3 ბიბლია არ გვამცნობს იობის დაავადების სამედიცინო სახელწოდებას, მაგრამ დაწვრილებით აღგვიწერს მას. იობის ხორცს მატლი ესია, კანი ზედ ალპებოდა, მისი სუნთქვა ზიზღს იწვევდა და სხეული უყარდა. ის აუტანელი ტკივილებით იტანჯებოდა (იობი 7:5; 19:17; 30:17, 30). გატანჯული იობი ნაცარში იჯდა და თიხის ჭურჭლის ნატეხით იქავებდა ტანს (იობი 2:8). მისი ყურება საცოდაობა იყო!
4. რისგან არ არის დაზღვეული არც ერთი ოჯახი?
4 როგორ მოიქცეოდით თქვენ იობის ადგილზე? დღეს სატანა ღვთის მსახურებს ვერ შეჰყრის ავადმყოფობას, როგორც იობს შეჰყარა. მაგრამ არასრულყოფილების, ყოველდღიური სტრესისა და გარემო პირობების გაუარესების გამო ავადმყოფობისგან არავინ ვართ დაზღვეული, მათ შორის არც ჩვენი ოჯახის წევრები. ზოგჯერ პროფილაქტიკური საშუალებებიც აღარ გვშველის და ავად ვხდებით, თუმცა იობივით მხოლოდ ერთეულებს უწევთ ტანჯვა. როცა ოჯახის წევრი ავად ხდება, ოჯახს თავსატეხი უჩნდება. ამიტომ, მოდი, ვნახოთ, რა დახმარებას გვიწევს ბიბლია ამ ვერაგ მტერთან გასამკლავებლად (ეკლესიასტე 9:11; 2 ტიმოთე 3:16).
თქვენი დამოკიდებულება
5. ჩვეულებრივ, როგორ რეაგირებენ ოჯახის წევრები ხანმოკლე ავადმყოფობაზე?
5 ცხოვრების ნორმალური რიტმის შეცვლა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული, ყოველთვის რთული გადასატანია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ამას ხანგრძლივი ავადმყოფობა იწვევს. ხანმოკლე ავადმყოფობაც მოითხოვს ხანდახან რაღაცის შეცვლას, დათმობებზე წასვლასა და მსხვერპლს. შეიძლება ოჯახის წევრებს მოუწიოთ სიწყნარის დაცვა, რათა ავადმყოფს დასვენების საშუალება მისცენ. შეიძლება ისინი იძულებული გახდნენ, უარი თქვან რაღაც საქმეზე. თუმცა მრავალ ოჯახში ბავშვებს ეცოდებათ ავადმყოფი და, ძმა ან მშობელი, დროდადრო არ იქნება ურიგო ბავშვებისთვის იმის შეხსენება, რომ ყურადღებიანები იყვნენ (კოლოსელები 3:12). ხანმოკლე ავადმყოფობის შემთხვევაში ოჯახი ჩვეულებრივ მზად არის ყველაფრის გასაკეთებლად. ლოგიკურია, რომ ოჯახის ნებისმიერ წევრს, ავადმყოფობის შემთხვევაში აგრეთვე ყურადღებით მოეპყრობიან (მათე 7:12).
6. როგორი რეაქცია მოჰყვება ოჯახის მხრიდან ოჯახის წევრის სერიოზულ, ხანგრძლივ ავადმყოფობას?
6 მაგრამ თუ დაავადება სერიოზულია და მოითხოვება ცხოვრების მთლიანად შეცვლა? მაგალითად, თუ ოჯახის წევრი დამბლადაცემულია, აქვს ალცჰეიმერის დაავადება ან საწოლს არის მიჯაჭვული? ან თუ ოჯახის წევრს ფსიქიკური მოშლილობა აქვს, მაგალითად, შიზოფრენია? პირველი რეაქცია დარდი და სიბრალულია იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანი ასე იტანჯება. მაგრამ მოგვიანებით თავს იჩენს ხოლმე სხვა გრძნობებიც. როცა ოჯახის წევრები აანალიზებენ, თუ ერთი კაცის ავადმყოფობამ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება და შეზღუდა თავისუფლება, ბრაზობენ. რომელიმე მათგანს ასეთი კითხვაც კი შეიძლება დაებადოს: „რაღა მაინცდამაინც მე დამემართა?“
7. როგორ რეაგირებდა იობის ცოლი მის ავადმყოფობაზე და, როგორც ჩანს, რა გამორჩა მხედველობიდან?
7 ალბათ, იობის ცოლსაც მსგავსი აზრი დაებადა. გაიხსენეთ, მან დაკარგა შვილები. მოვლენების ასეთი ტრაგიკული განვითარების გამო, რასაკვირველია, ის თანდათან კარგავდა საღი აზროვნების უნარს. ბოლოს, ერთ დროს ენერგიული და ჯან-ღონით სავსე, მაგრამ ახლა აუტანელი, საზიზღარი დაავადებით შეპყრობილი მეუღლის შემხედვარეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ყველა ეს უბედურება უნდა შეემსუბუქებინა — ურთიერთობა, რომელიც მას და მის მეუღლეს ღმერთთან ჰქონდათ. ბიბლია მოგვითხრობს: «ბოლოს ცოლმა უთხრა: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები? დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“» (იობი 2:9).
8. რომელი ბიბლიური მუხლი დაეხმარება ავადმყოფის ოჯახის წევრებს სწორი თვალსაზრისის შენარჩუნებაში?
8 ბევრს გული უტყდება და თავს კონტროლს ვეღარ უწევს, როცა ვიღაცის ავადმყოფობის გამო ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა უწევთ. მაგრამ ქრისტიანი, რომელიც სიტუაციას გააანალიზებს, იმ დასკვნამდე უნდა მივიდეს, რომ ამით მისი სიყვარულის სიწრფელე იცდება. ჭეშმარიტი სიყვარული „სულგრძელი და კეთილია . . . თავისას არ ეძებს . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (1 კორინთელები 13:4—7). ამიტომ, უარყოფით ემოციებს გასაქანი არ უნდა მივცეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ საკუთარი თავის ხელში აყვანა (იგავები 3:21).
9. რა გაამაგრებს ოჯახს სულიერად და ემოციურად, როდესაც ოჯახის წევრი სერიოზულად ავადმყოფობს?
9 ოჯახის სულიერი და ემოციური კეთილდღეობის დასაცავად რა შეიძლება გაკეთდეს მაშინ, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი სერიოზულადაა დაავადებული? რასაკვირველია, ყველა ავადმყოფობა თავისებურ მკურნალობასა და მიხედვას მოითხოვს და არასწორი იქნებოდა ამ პუბლიკაციაში შემოგვეთავაზებინა რომელიმე შესაძლო სამედიცინო და საშინაო პროცედურა. მიუხედავად ამისა, სულიერი გაგებით იეჰოვა „აყენებს ყველა მოდრეკილს“ (ფსალმუნი 145:14). მეფე დავითი წერდა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს; უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას. იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს . . . იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე“ (ფსალმუნი 41:1—3). იეჰოვა თავისი მსახურების სულიერობას იცავს მაშინაც კი, როდესაც ისინი ძლიერ ემოციურ განსაცდელში იმყოფებიან (2 კორინთელები 4:7). ოჯახის მრავალი წევრი, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს სერიოზული ავადმყოფი ოჯახში, ეთანხმება ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ძლიერ დავიჩაგრე. ო, იეჰოვა, სიცოცხლე შემინარჩუნე შენი სიტყვისამებრ“ (ფსალმუნი 119:107).
მკურნალი სული
10, 11. ა) რა არის მნიშვნელოვანი, თუ ოჯახს სურს, გაუმკლავდეს ავადმყოფობას? ბ) როგორ გაუმკლავდა ერთი ქალი ქმრის სერიოზულ ავადმყოფობას?
10 „კაცის სულს სნეულების მოთმენა შეუძლია, — ამბობს ბიბლიური იგავი, — მაგრამ მწუხარე სულს ვინ აიტანს?“ (იგავები 18:14). ემოციური ტრავმა ვნებს არა მარტო ერთი კაცის სულს, არამედ მთელი ოჯახის სულს. მაგრამ „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30). გაართმევს თუ არა ოჯახი თავს სერიოზულ ავადმყოფობას, ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის სხვა წევრებსა და მათ სულზე, ანუ განწყობაზე (შეადარეთ იგავების 17:22)
11 ერთ ქრისტიან ქალს ბევრის გადატანა მოუწია, როცა დაქორწინებიდან ექვსი წლის თავზე მის მეუღლეს ინსულტი დაემართა. „ჩემს მეუღლეს მეტყველება წაერთვა და მასთან საუბარი თითქმის შეუძლებელი გახდა, — იხსენებს ის. — ძალიან უნდა დავძაბულიყავი, რომ გამეგო, რისი თქმა უნდოდა“. წარმოიდგინეთ ის ტკივილი და უიმედობა, რასაც შესაძლოა ქმარი განიცდიდა. რა გააკეთეს მათ? მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული კრება მათგან საკმაოდ შორს ტარდებოდა, ჩვენი ქრისტიანი და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სულიერად ძლიერი დარჩენილიყო; ცდილობდა, საქმის კურსში ყოფილიყო, თუ რა ხდებოდა ორგანიზაციაში, განუწყვეტლივ ღებულობდა სულიერ საზრდოს, კითხულობდა „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთს!“. ეს კი სულიერ ძალებს აძლევდა, რომ მოევლო საყვარელი მეუღლისთვის, რომელიც ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა.
12. როგორც იობის შემთხვევიდან ჩანს, როგორ მოქმედებს სხვებზე თვითონ ავადმყოფის განწყობა?
12 იობის შემთხვევაში, ის თვითონ იყო ავადმყოფი, მაგრამ გულს არ იტეხდა. „მარტო კარგი უნდა მივიღოთ ჭეშმარიტი ღვთისგან და ცუდი — არა?“ — უთხრა მან თავის ცოლს (იობი 2:10). არ არის გასაკვირი, რომ მოგვიანებით მოწაფე იაკობმა იობი მოთმინებისა და სიმტკიცის მაგალითად მოიხსენია. იაკობის 5:11-ში ვკითხულობთ: „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“. დღესაც არის არაერთი შემთხვევა, როცა ოჯახის ავადმყოფი წევრის ვაჟკაცური პოზიცია ოჯახის სხვა წევრებს დადებით განწყობას უნარჩუნებს.
13. როგორი შედარება არ უნდა გააკეთოს ოჯახმა?
13 მრავალი, ვისაც მოუწია ოჯახში ავადმყოფობასთან გამკლავება ეთანხმება, რომ ძნელია დასაწყისშივე თვალი გაუსწორო რეალობას. მათი აზრით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აფასებენ შექმნილ სიტუაციას. თავიდან, შესაძლოა, რთული იყოს ოჯახის ჩვეულ რიტმში შეიტანო ცვლილებები, თავისით არაფერი გამოვა, საჭიროა მცდელობა და შეგუება. ამასთანავე, ჩვენი მდგომარეობა არ უნდა შევადაროთ მათ მდგომარეობას, ვისაც სახლში არ ჰყავს ავადმყოფი და არ ვიფიქროთ, რომ მათ რა უჭირთ ან „ეს უსამართლობაა!“. გულწრფელად რომ ვთქვათ, რა ვიცით, ვის რისი გადატანა უწევთ. იესოს სიტყვები ყველა ქრისტიანისთვის მანუგეშებელია: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28).
პრიორიტეტების დადგენა
14. როგორ უნდა განაწილდეს პრიორიტეტები?
14 თუ ოჯახში ვინმე სერიოზულად დაავადდა, კარგი იქნებოდა, ოჯახის წევრებს გაეხსენებინათ შთაგონებული სიტყვები: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავები 15:22). დროული იქნებოდა ოჯახის ერთად შეკრება და ავადმყოფობის გამო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობა. ამ დროს არ უნდა დაგავიწყდეთ ლოცვა და სახელმძღვანელოდ ღვთის სიტყვის გამოყენება (ფსალმუნი 25:4). რაზე უნდა იმსჯელოთ? გადასაწყვეტია სამკურნალო, ფინანსური და ოჯახური საკითხები. ძირითადად, ვინ მოუვლის ავადმყოფს? სხვები რას გააკეთებენ? როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ოჯახის წევრებზე? როგორ იქნება დაკმაყოფილებული უშუალო მომვლელის სულიერი და სხვა მოთხოვნილებები?
15. როგორ უჭერს იეჰოვა მხარს იმ ოჯახებს, რომელთაც სერიოზული ავადმყოფი ჰყავთ?
15 თუ ლოცვაში გულწრფელად ვთხოვთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, მის სიტყვაზე ვფიქრობთ და მტკიცედ მივყვებით, რასაც ბიბლია გვასწავლის, შეიძლება კურთხევებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბოს. სამწუხაროდ, ყველა ავადმყოფობა არ იკურნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იეჰოვაზე მინდობას ყოველთვის საუკეთესო შედეგები მოაქვს (ფსალმუნი 55:22). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იეჰოვა, შენმა სიკეთემ გამამაგრა. როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმუნი 94:18, 19; იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 63:6—8).
დაეხმარეთ შვილებს
16, 17. რაზე უნდა დააფიქროთ ბავშვები, თუ და ან ძმა ავად ჰყავთ?
16 ოჯახის წევრის სერიოზული ავადმყოფობა ბავშვებსაც უქმნის პრობლემებს. მშობლებმა უნდა გაარკვიონ ბავშვები შექმნილ სიტუაციაში და აუხსნან, თუ მათ რისი გაკეთება შეუძლიათ ოჯახის დასახმარებლად. თუ ბავშვია ავადმყოფი, სხვა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მშობლები ავადმყოფს ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად უყვართ. მშობლებმა არ უნდა დაუშვან, რომ შვილებმა ბოღმა ჩაიდონ გულში ან მეტოქეობა განუვითარდეთ. მათ ავადმყოფობით შექმნილი სიტუაცია ისე უნდა გამოიყენონ, რომ ბავშვები უფრო დააახლოვონ ერთმანეთს.
17 გრძელი და რთული სამედიცინო განმარტებები ავადმყოფობის შესახებ ბავშვებს არაფერს მისცემს. უმჯობესია, მათ გრძნობები გაუღვიძოთ. მშობლებს შეუძლიათ წარმოდგენა შეუქმნან შვილებს, თუ რას გრძნობს ავადმყოფი. თუ ჯანმრთელი შვილები დაინახავენ, როგორ უჭირს ავადმყოფს იმის გაკეთება, რასაც თვითონ უპრობლემოდ აკეთებენ, ალბათ, უფრო „ძმათმოყვარენი“ და „დიდად თანამგრძნობნი“ იქნებიან (1 პეტრე 3:8).
18. როგორ შეიძლება დაეხმაროთ უფროს შვილებს ავადმყოფობით გამოწვეული პრობლემების გაგებაში და რით შეიძლება აღმოჩნდეს ეს მათთვის სასარგებლო?
18 უფროს შვილებს უნდა დაეხმაროთ იმის გაგებაში, რომ ოჯახს არ ულხინს და ეს ოჯახის ყველა წევრისგან მოითხოვს გარკვეულ დათმობებზე წასვლას. მკურნალობის ხარჯების გამო შეიძლება მშობლებს გაუჭირდეთ სხვა შვილებისთვის ყველაფრის ყიდვა, რასაც მოისურვებენ. ეწყინებათ ეს შვილებს და თავს დაჩაგრულად იგრძნობენ? თუ შევლენ ოჯახის მდგომარეობაში და წავლენ დათმობაზე? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განიხილება ეს საკითხები და როგორი განწყობა იქმნება ოჯახში. ოჯახის წევრის ავადმყოფობას არაერთხელ უსწავლებია ბავშვებისთვის, გაეთვალისწინებინათ პავლე მოციქულის რჩევა: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:3, 4).
როგორ უნდა შეხედოთ მკურნალობას
19, 20. ა) რა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე ოჯახის თავი ოჯახის წევრის ავად გახდომის შემთხვევაში? ბ) თუმცა ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის, რა ხელმძღვანელობას გვთავაზობს მკურნალობის საკითხში?
19 მოწიფულ ქრისტიანებს მკურნალობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუ ამით ღვთის კანონი არ ირღვევა. როცა ოჯახის წევრი ავად ხდება, ოჯახი ყველანაირად ცდილობს ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქებას. მაგრამ შეიძლება სპეციალისტებს ერთი აზრი არ ჰქონდეთ ავადმყოფობაზე, რაც უფრო ართულებს მკურნალობის შერჩევას. გარდა ამისა, ბოლო წლებში თავი იჩინა ახალმა დაავადებებმა და მრავალი მათგანის მკურნალობის მეთოდები ჯერ არ არის ბოლომდე შემუშავებული. ზოგჯერ ძნელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. მაშ, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი?
20 თუმცა ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი ექიმი იყო და პავლე მოციქულმაც სასარგებლო რჩევა მისცა თავის მეგობარ ტიმოთეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, საღვთო წერილი არის მორალური და სულიერი და არა სამედიცინო სახელმძღვანელო (კოლოსელები 4:14; 1 ტიმოთე 5:23). ამიტომ მკურნალობის საკითხებში ქრისტიანული ოჯახების მეთაურებს გამოაქვთ გაწონასწორებული გადაწყვეტილება: ისინი არ დაკმაყოფილდებიან ერთი სპეციალისტის აზრით (შეადარეთ იგავების 18:17). რასაკვირველია, მათ სურთ საუკეთესო დახმარება აღმოუჩინონ ოჯახის ავადმყოფ წევრს და მათგთნ უმეტესობა ამისთვის კვალიფიციურ ექიმებს მიმართავს. სხვები მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. ესეც პირადი საქმეა. მაგრამ, ამ საკითხების მოგვარებისას, ქრისტიანებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ღვთის სიტყვა ლამპარია მათი ფეხისთვის და სინათლეა მათი სავალისთვის (ფსალმუნები 119:105). ისინი მიჰყვებიან ბიბლიაში მოცემულ სახელმძღვანელო მითითებებს (ესაია 55:8, 9). ამიტომ თავს არიდებენ სპირიტიზმთან დაკავშირებულ დიაგნოსტიკურ საშუალებებს და უარს ამბობენ მკურნალობაზე, თუ ის ბიბლიურ პრინციპებს არღვევს (ფსალმუნი 36:9; საქმეები 15:28, 29; გამოცხადება 21:8).
21, 22. როგორ ფიქრობდა ერთი აზიელი ქალი ბიბლიურ პრინციპებზე და რა სწორი გადაწყვეტილება მიიღო?
21 ვნახოთ, რა შეემთხვა ერთ ახალგაზრდა აზიელ ქალს. იეჰოვას მოწმესთან ბიბლიის შესწავლა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა უდღეური ბავშვი დაბადა. ახალშობილი მხოლოდ კილონახევარს იწონიდა. წარმოიდგინეთ დედის ტკივილი, როცა ექიმმა უთხრა, რომ ბავშვი ძალიან განუვითარებელი იქნებოდა და ვერასოდეს შეძლებდა სიარულს. მან დედას ურჩია, რომ ბავშვი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. მეუღლეც მერყეობდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ვისთვის უნდა მიემართა დედას რჩევის საკითხავად?
22 ის გვიამბობს: „მე მახსოვდა ბიბლიიდან ნასწავლი სიტყვები, რომ შვილები — მემკვიდრეობაა იეჰოვასგან და ჯილდოა მუცლის ნაყოფი (ფსალმუნები 127:3). მან გადაწყვიტა თავისი „მემკვიდრეობა“ სახლში წაეყვანა და მოევლო. თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ადგილობრივი კრებიდან ქრისტიანი მეგობრების თანადგომით, მან შეძლო უდღეური ბავშვის მოვლა. მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა. ბავშვი კრების შეხვედრებზე დადის სამეფო დარბაზში და ქრისტიან თანატოლებთან სასიამოვნო ურთიერთობა აქვს. დედა აღნიშნავს: „ძალიან მადლიერი ვარ, რომ ბიბლიურმა პრინციპებმა სწორი მოქმედებისკენ აღმძრა. ბიბლიის დახმარებით სუფთა სინდისი შევინარჩუნე იეჰოვას წინაშე და ისეთი გადაწყვეტილება არ მივიღე, რასაც მთელი ცხოვრება ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს“.
23. როგორ ანუგეშებს ბიბლია ავადმყოფებსა და მათ ოჯახებს?
23 ავადმყოფობა არ არის ჩვენი დაუმარცხებელი მტერი. ესაია წინასწარმეტყველი საუბრობდა იმ დროზე, როცა „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ეს დანაპირები შესრულდება ძალიან მალე, ახალ ქვეყნიერებაში. მანამდე კი ავადმყოფობასა და სიკვდილს ვერსად გავექცევით. საბედნიეროდ, ღვთის სიტყვა გვხელმძღვანელობს და გვეხმარება. ბიბლიაში მოცემული ქცევის ძირითადი წესები უცვლელია და აღემატება არასრულყოფილი ადამიანების მუდმივად ცვალებად შეხედულებებს. ამიტომ გონიერი ადამიანი დაეთანხმება ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „იეჰოვას კანონი სრულყოფილია, სულს აცოცხლებს. იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს . . . იეჰოვას ყველა განაჩენი ჭეშმარიტია და სამართლიანი; დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის“ (ფსალმუნი 19:7, 9, 11).