თავი მეორე
მამა და ურჩი შვილები
1, 2. ახსენით, როგორ გახდა იეჰოვა ურჩი შვილების მამა.
ის ზრუნავდა შვილებზე, როგორც მოსიყვარულე მშობელი და წლების მანძილზე საზრდოთი, ტანსაცმლითა და თავშესაფრით უზრუნველყოფდა მათ. როცა საჭირო იყო, სჯიდა კიდეც, მაგრამ არა სასტიკად, არამედ ყოველთვის «სამართლიანად [„სათანადოდ“, აქ]» (იერემია 30:11). მაშ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა გულისტკივილით უნდა ეთქვა ამ მოსიყვარულე მამას: „შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ“ (ესაია 1:2ბ).
2 ეს ურჩი შვილები იუდას მკვიდრნი არიან, გულნატკენი მამა კი — იეჰოვა ღმერთი. რა სამწუხაროა! იეჰოვა ხომ თავს ევლებოდა ამ ხალხს, რომელიც ერებს შორის აღაზევა. „მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე“, — ახსენებდა მათ მოგვიანებით ეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით (ეზეკიელი 16:10). მიუხედავად ამისა, ხალხი, ძირითადად, არ აფასებდა ასეთ სიკეთეს და ეურჩებოდა იეჰოვას.
3. რატომ უხმობს იეჰოვა ცასა და მიწას იუდას მკვიდრთა ურჩობის დასამოწმებლად?
3 სწორედ რომ საფუძვლიანად წარმოთქვამს იეჰოვა ურჩი შვილების ხსენებამდე შემდეგ სიტყვებს: „ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს“ (ესაია 1:2ა). საუკუნეებით ადრე, ასე ვთქვათ, სწორედ ცამ და მიწამ მოისმინა, როგორ იქნენ ისრაელები გაფრთხილებული დაუმორჩილებლობის შედეგების შესახებ. მოსემ გასაგებად მიმართა ხალხს: „ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს“ (მეორე რჯული 4:26). ახლა კი, ესაიას დღეებში, იეჰოვა უხილავ ცასა და ხილულ მიწას უხმობს იუდას მკვიდრთა ურჩობის დასამოწმებლად.
4. როგორ ეპყრობა იეჰოვა იუდას?
4 საკითხი საკმაოდ სერიოზულია და გადაუდებელ გადაჭრას მოითხოვს. აღსანიშნავი და შთამბეჭდავია ის, რომ ამ გამწვავებულ მდგომარეობაშიც კი იეჰოვა მოსიყვარულე მშობელივით ეპყრობა იუდას და არა, უბრალოდ, მეპატრონესავით. ფაქტობრივად, ის კიდეც ევედრება თავის ხალხს, რომ ვითარებას თვითნება შვილების გამო გულნატკენი მშობლის თვალით შეხედონ. შესაძლებელია, იუდას მკვიდრთა შორის ზოგი მშობელი თვითონვე იყოს მსგავს მდგომარეობაში და მათთვის ნამდვილად გამომაფხიზლებელი იქნება ასეთი ანალოგია. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვას სურს, განაცხადოს, რაში ადანაშაულებს იუდას.
პირუტყვს მეტი ესმის
5. ისრაელისგან განსხვავებით, ხარი და ვირი როგორ ავლენენ ერთგულებას?
5 იეჰოვა ესაიას მეშვეობით ამბობს: „ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს“ (ესაია 1:3)a. ხარი და ვირი, რომლებსაც გამწევ ძალად იყენებენ, უცხო ცხოველები არ იყო შუა აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის. რაღა თქმა უნდა, იუდაელები ვერ უარყოფდნენ, რომ ამ ცხოველებსაც კი შეეძლოთ ერთგულების გამოვლენა და ესმოდათ, ვინ იყო მათი პატრონი. ბიბლიის ერთმა მკვლევარმა აღწერა, როგორ ბრუნდებოდა დღის ბოლოს შინ შუა აღმოსავლეთის ქალაქების მკვიდრთა საქონელი: „როგორც კი ნახირი ქალაქში შემოვიდოდა, საქონელი მაშინვე იფანტებოდა. თითოეულმა ხარმა იცოდა, ვის ეკუთვნოდა, როგორ მისულიყო პატრონთან და წუთითაც არ იბნეოდა ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში. ვირები კი, პირდაპირ ჭიშკართან, თითქმის თავის ბაგამდე მიდიოდნენ“.
6. რა ცხადყოფდა, რომ იუდას მკვიდრთ ‘არ ჰქონდათ გაგება’?
6 რადგანაც ეს ნაცნობი სურათია ესაიას დღეებში მცხოვრები ხალხისთვის, სრულიად გასაგები უნდა იყოს იეჰოვას სიტყვების არსი — თუ პირუტყვიც ცნობს თავის პატრონსა და ბაგას, რით შეუძლიათ თავის მართლება იეჰოვას უარმყოფელ იუდაელებს? მათ ნამდვილად ‘არა აქვთ გაგება’. ამ ხალხს თითქოს არც კი ესმის, რომ მათი კეთილდღეობა და თვით არსებობაც იეჰოვაზეა დამოკიდებული. იეჰოვა კი გულმოწყალებას ავლენს და იუდაელებს კვლავაც ‘თავის ერად’ იხსენიებს!
7. როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი მადლიერების გამოვლენა?
7 არასდროს არ უნდა დავუშვათ, რომ უგუნურად მოვიქცეთ და აღარ დავაფასოთ იეჰოვას მიერ ჩვენდამი გამოვლენილი სიკეთე! ნაცვლად ამისა, უნდა მივბაძოთ ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელიც ამბობს: „გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს“ (ფსალმუნი 9:2). ამაში იეჰოვას შესახებ სულ უფრო მეტი შემეცნების მიღება დაგვეხმარება; ბიბლია გვარწმუნებს, რომ «სიწმინდეთა ცოდნა [„წმიდათაწმიდის შეცნობა“, აქ] გონიერებაა» (იგავნი 9:10). იეჰოვას კურთხევებზე ყოველდღიური დაფიქრება მადლიერების გრძნობით აღგვავსებს და ჩვენი ზეციერი მამის წყალობა შეუმჩნეველი აღარ დაგვრჩება (კოლასელთა 3:15). „მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე, — ამბობს იეჰოვა, — და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“ (ფსალმუნი 49:23).
„ისრაელის წმიდის“ აღმაშფოთებელი გმობა
8. რატომ შეიძლება იუდაელებს „ბრალეული ხალხი“ ეწოდოს?
8 ესაია მკაცრად განაგრძობს იუდაელთათვის თავისი ცნობის გადაცემას: „ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!“ (ესაია 1:4). ბოროტი საქმეების სიმრავლემ შეიძლება, როგორც მძიმე ტვირთმა, ისე დასცეს ადამიანი. აბრაამის დღეებში იეჰოვამ სოდომელებსა და გომორელებზე თქვა, რომ „მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბადება 18:20). როგორც ჩანს, მსგავს მდგომარეობაში არიან იუდაელებიც, რადგან ესაია ამბობს, რომ ერი „ცოდვით დამძიმებულია“. გარდა ამისა, ის მათ „ბოროტეულთა მოდგმასა და წარწყმედილ შვილებს“ უწოდებს. დიახ, იუდაელები გზას აცდენილ შვილებს ჰგვანან. მათ ‘ზურგი შეუქცევიათ’ მამისთვის, ანუ, როგორც ერთი თარგმანი ამბობს, „სრულიად ჩამოშორებიან“ მას (New Revised Standard Version).
9. რას ნიშნავს „ისრაელის წმიდა“?
9 იუდას მკვიდრნი თვითნებობით დიდ უპატივცემულობას ავლენენ „ისრაელის წმიდისადმი“. რას ნიშნავს „ისრაელის წმიდა“, რომელიც 25-ჯერ არის ნახსენები ესაიას წიგნში? სიწმინდე სისუფთავესა და სისპეტაკეს ნიშნავს, რაშიც იეჰოვას ბადალი არ მოეძებნება (გამოცხადება 4:8). ამას ისრაელებს ხშირად შეახსენებდა მღვდელმთავრის ოქროს ჯიღაზე ამოტვიფრული სიტყვები: «უფლის სიწმიდე [„სიწმიდე ეკუთვნის იეჰოვას“, აქ]» (გამოსვლა 39:30). აქედან გამომდინარე, იეჰოვას „ისრაელის წმიდად“ მოხსენიებით ესაია იუდაელთა ცოდვის სიმძიმეს უსვამს ხაზს. ეს ურჩი ხალხი აშკარად არღვევს ღვთის მიერ მათი მამა-პაპისთვის მიცემულ მცნებას: „გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა“ (ლევიანნი 11:44).
10. როგორ უნდა ეცადონ ქრისტიანები, არ დაგმონ „ისრაელის წმიდა“?
10 ქრისტიანები ყოველმხრივ უნდა ეცადონ, იუდაელთა მსგავსად არ დაგმონ „ისრაელის წმიდა“. მათ სიწმიდეში იეჰოვას უნდა მიბაძონ (1 პეტრე 1:15, 16). აგრეთვე უნდა „შეიძულონ ბოროტება“ (ფსალმუნი 96:10). ბინძურ საქმეებს, მაგალითად უზნეობას, კერპთაყვანისმცემლობას, ქურდობასა და ლოთობას ქრისტიანული კრების გახრწნა შეუძლია. ამიტომაც ასეთი საქმეების ჩამდენს ურთიერთობა ეკრძალება კრებასთან. საბოლოოდ კი ის, ვინც ასეთნაირად სცოდავს და არ ინანიებს, ვერ მიიღებს ღვთის სამეფოს კურთხევებს. ეს უკეთური საქმეები ნამდვილად „ისრაელის წმიდის“ აღმაშფოთებელი გმობაა (რომაელთა 1:26, 27; 1 კორინთელთა 5:6—11; 6:9, 10).
ტერფიდან თხემამდე დასნეულებულნი
11, 12. ა) აღწერეთ იუდას არაჯანსაღი მდგომარეობა. ბ) რატომ არ არის იუდა შეცოდების ღირსი?
11 ესაია ცდილობს, იუდას მცხოვრებთ მათი არაჯანსაღი მდგომარეობა დაანახვოს. „სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ?“, — ამბობს ის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაია ეკითხება მათ: „ნუთუ საკმარისად არ იტანჯეთ? თავს რაღად აყენებთ ზიანს ურჩობით?“. შემდეგ ის განაგრძობს: „მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული — შეღონებული. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ“ (ესაია 1:5, 6ა). იუდა საშინლად არის დაავადებული — სულიერად დასნეულებულია თავიდან ფეხებამდე. დიახ, მდგომარეობა ნამდვილად სავალალოა!
12 არის იუდა შეცოდების ღირსი? არა, ის ნამდვილად არ იმსახურებს სიბრალულს! საუკუნეებით ადრე იეჰოვას მიერ მთელი ისრაელი სათანადოდ იქნა გაფრთხილებული ურჩობის საზღაურის შესახებ: „დაგიწყლულებს უფალი მუხლებს და წვივებს განუკურნებლად, ტერფიდან თხემამდე“ (მეორე რჯული 28:35). შეიძლება ითქვას, რომ თვითნებობის გამო იუდა სწორედ ამ შედეგებს იმკის. ეს ასე არ მოხდებოდა, ხალხი რომ იეჰოვას მორჩილი ყოფილიყო.
13, 14. ა) რა ჭრილობებისგან იტანჯებიან იუდაელები? ბ) აღძრავს თავს დატეხილი უბედურება იუდას ურჩობის მისატოვებლად?
13 ესაია განაგრძობს იუდას საბრალო მდგომარეობის აღწერას: «ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული [„მოუშუშებელი“, აქ] იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი» (ესაია 1:6ბ). წინასწარმეტყველი აქ სხეულის სამი სახის დაზიანებაზე ამახვილებს ყურადღებას — ჭრილობაზე (მჭრელი იარაღით, მაგალითად, მახვილით ან დანით დაზიანებული ადგილი), წყლულსა (ცემის შედეგად კანზე გაჩენილი დაზიანება) და მოუშუშებელ იარებზე (შეუხორცებელი ჭრილობები, რომლებიც ძნელი განსაკურნებელია). ამით აღწერილია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც თავს დაატყდა ყოველგვარი სასჯელი, რის წარმოდგენაც კი შეიძლებოდა, და სხეულზე ადგილი აღარ დაურჩა უვნებელი. სწორედ ასეთ საშინელ მდგომარეობაშია იუდა.
14 აღძრავს ასეთი უბედურება ხალხს იეჰოვასთან დასაბრუნებლად? არა! მათზე მართლდება იგავნის 29:1-ის სიტყვები: „მხილებული კაცი თუ კვლავ ჯიუტობს, ანაზდეულად და უკურნებლად შეიმუსრება“. ერი არ იკურნება. როგორც ესაია ამბობს, მისი ჭრილობები „გამოურწყველი, შეუხვეველი და მალამოთი დაუამებელია“b. იუდა ღია, ღრმა და შეუხვეველი იარასავით ძნელად განსაკურნებელია.
15. როგორ შეგვიძლია თავის დაცვა სულიერად დასნეულებისგან?
15 იუდას მაგალითის გათვალისწინებით, ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა სულიერად არ დავსნეულდეთ. ფიზიკური ავადმყოფობის მსგავსად, არც მისგან არის რომელიმე ჩვენგანი დაზღვეული. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ნუთუ არის ვინმე, ვისზეც ზეგავლენას ვერ ახდენს ხორციელი სურვილები? სიხარბემ და მეტისმეტი სიამოვნების წადილმა შეიძლება ფესვი გაიდგას ჩვენს გულში. ამიტომაც ძალისხმევაა საჭირო, რათა ‘განვერიდოთ ბოროტებას და მივეკრათ კეთილს’ (რომაელთა 12:9). აგრეთვე საჭიროა ღვთის სულიწმიდის ნაყოფების გამოვლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში (გალატელთა 5:22, 23). ამგვარად თავიდან ავიცილებთ სავალალო შედეგებს და იუდას მსგავსად არ აღმოვჩნდებით თავიდან ფეხებამდე სულიერად დასნეულებული.
მოოხრებული ქვეყანა
16. ა) როგორ აღწერს ესაია იუდას მინდორ-ველებს? ბ) რატომ ფიქრობს ზოგი მკვლევარი, რომ ეს სიტყვები ახაზის მეფობის დროს უნდა დაეწერა ესაიას, მაგრამ, როგორც ჩანს, რა ხასიათის არის აოხრებული ქვეყნის ეს სურათი?
16 ესაია იუდას სნეულების შემდეგ მისი მინდორ-ველების აღწერას იწყებს და ისეთ სურათს გვიხატავს, თითქოს ნაომარ ადგილებს გადაჰყურებდეს: „მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ“ (ესაია 1:7). ზოგი მკვლევარის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები ესაიას წიგნის დასაწყისშივე გვხვდება, ისინი წინასწარმეტყველს თავისი მსახურების ბოლო წლებში — შესაძლებელია, ბოროტი მეფე ახაზის დროს — უნდა დაეწერა. როგორც ისინი ამბობენ, ყუზიას მეფობის პერიოდში ქვეყანა არც იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ესაიას ის ამგვარად დაეხასიათებინა. მართალია, შეუძლებელია დანამდვილებით ითქვას, არის თუ არა ესაიას წიგნი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შედგენილი, მაგრამ, როგორც ჩანს, აოხრებული ქვეყნის ეს სურათი წინასწარმეტყველური ხასიათის არის. ყველაზე მეტად ის არის დასაშვები, რომ ესაიამ ამ სიტყვების წარმოთქმისას გამოიყენა ხერხი, რომელიც ბიბლიის სხვა წიგნებშიც გვხვდება — მომავალი უკვე მომხდარ ფაქტებად აღწერა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ წინასწარმეტყველება უსათუოდ შესრულდებოდა (შეადარეთ გამოცხადება 11:15).
17. რატომ არ უნდა გაეკვირვებინა აოხრებული იუდას სამეფოს წინასწარმეტყველურ სურათს ხალხი?
17 აოხრებული იუდას სამეფოს წინასწარმეტყველურ სურათს არ უნდა გაეკვირვებინა ეს ჯიუტი და ურჩი ხალხი. დაუმორჩილებლობის შედეგების შესახებ იეჰოვას საუკუნეებით ადრე ჰყავდა ისინი გაფრთხილებული: „დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები“ (ლევიანნი 26:32, 33; მესამე მეფეთა 9:6—8).
18—20. როდის შესრულდა ესაიას 1:7, 8-ში მოცემული წინასწარმეტყველება და როგორ ‘დაარჩინა მცირე ნატამალი’ იეჰოვამ იმ დროს?
18 როგორც ჩანს, ესაიას 1:7, 8-ში მოცემული წინასწარმეტყველება აშურელთა (ასურელთა) შემოსევების დროს შესრულდა, როდესაც გაპარტახდა ისრაელი და აოხრდა მთელი იუდა (მეოთხე მეფეთა 17:5, 18; 18:11, 13; მეორე ნეშტთა 29:8, 9). მაგრამ აღსანიშნავია, რომ იუდა არ ყოფილა სრულიად განადგურებული. ესაია ამბობს: „დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი“ (ესაია 1:8).
19 ამ აოხრების დროს „სიონის ასული“, იერუსალიმი, გადარჩებოდა, მაგრამ არ ექნებოდა არავითარი სიმტკიცე, როგორც ქოხს ნავენახარში და მეველის ხულას ნაბოსტნარში. მე-19 საუკუნის ერთ მკვლევარს ნილოსის მიდამოებში მოგზაურობისას სწორედ ესაიას სიტყვები გაახსენა იქ შენიშნულმა მსგავსმა ქოხებმა, რომლებიც შეადარა „რაღაცა ღობის მსგავსს, რომელიც ძლივს უძლებდა ჩრდილოეთის ქარს“. იუდაში მოსავლის აღების შემდეგ ასეთ ფიცრულებს ყურადღებას აღარავინ აქცევდა და მიტოვებული ქოხები დროთა განმავლობაში იშლებოდა. მაგრამ როგორი უმწეოც უნდა ყოფილიყო იერუსალიმი აშურის ძლიერი ჯარების წინაშე, ის მაინც არ განადგურდებოდა სრულიად.
20 ამ წინასწარმეტყველების დასასრულს ესაია ამბობს: „ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!“ (ესაია 1:9)c. ბოლოს იეჰოვა მაინც დაიცავს იუდას ძლიერი აშურისგან. სოდომისა და გომორისგან განსხვავებით იუდა არ იქნება მიწის პირისგან აღგვილი. ის კვლავაც იარსებებს.
21. რატომ დატოვა იეჰოვამ „მცირე ნატამალი“ ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ?
21 ას წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ იუდა კვლავაც საფრთხეში აღმოჩნდა. ხალხი გონს ვერ მოეგო აშურელთა შემოსევით თავსდატეხილი სასჯელით. „ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის [ღვთის] სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს“. შედეგმაც არ დააყოვნა და ‘ერს უფლისგან უსაშველო რისხვა დაატყდა’ (მეორე ნეშტთა 36:16). ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო იუდა, სადაც ამ დროს უკვე აღარაფერი შემორჩენილიყო ‘ნავენახარის ქოხივით’. თვით იერუსალიმიც კი დაინგრა (მეორე ნეშტთა 36:17—21). მაგრამ იეჰოვამ მაინც დატოვა „მცირე ნატამალი“. ბაბილონში იუდაელების 70-წლიანი ტყვეობის მიუხედავად, იეჰოვამ იზრუნა იმაზე, რომ არ გაწყვეტილიყო ერი და, რაც მთავარია, დავითის საგვარეულო ხაზი, რომელშიც აღთქმული მესია უნდა მოსულიყო.
22, 23. რატომ დატოვა იეჰოვამ „მცირე ნატამალი“ პირველ საუკუნეში?
22 ისრაელის მიერ ღმერთთან დადებული კავშირის უგულებელყოფამ პირველ საუკუნეში კულმინაციურ წერტილს მიაღწია. ხალხმა უარყო იესო, როგორც აღთქმული მესია და ამის შედეგად იეჰოვამაც უარყო ისინი (მათე 21:43; 23:37—39; იოანე 1:11). ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ იეჰოვას აღარასოდეს ეყოლებოდა რჩეული ერი? არა. მოციქულ პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ესაიას 1:9 მხოლოდ ერთხელ არ უნდა შესრულებულიყო. სეპტუაგინტაზე დაყრდნობით მან დაწერა: «როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, ვიქნებოდით სოდომელებივით და დავემსგავსებოდით გომორელებს“» (რომაელთა 9:29).
23 დარჩენილ „ნატამალს“ ამ დროს ცხებული ქრისტიანები შეადგენდნენ, რომლებიც რწმენას ავლენდნენ იესო ქრისტესადმი. პირველად მათ შორის მხოლოდ ღვთისმოშიში ებრაელები იყვნენ. მოგვიანებით კი არაებრაელებმაც მიიღეს რწმენა და შეუერთდნენ ამ ჯგუფს. ერთად ისინი ახალ ისრაელად ანუ „ღვთის ისრაელად“ ჩამოყალიბდნენ (გალატელთა 6:16; რომაელთა 2:29). ეს „თესლი“ ახ. წ. 70 წელს იუდაელთა სისტემის აღსასრულს გადაურჩა. დიახ, „ღვთის ისრაელი“ დღესაც არსებობს. ახლა მას სხვადასხვა ერიდან მილიონობით მორწმუნე უერთდება — იკრიბება „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის [შეუძლია], ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9).
24. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ არმაგედონის გადატანა გვსურს?
24 მალე ამ წუთისოფელს თავს არმაგედონის ომი დაატყდება (გამოცხადება 16:14, 16). მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი, როგორც იუდას სამეფოში აშურისა და ბაბილონის შემოსევებზე, ისე ახ. წ. 70 წელს რომაელთა მიერ იუდეის განადგურებაზე უფრო რთული გადასატანი იქნება, მაშინაც იქნებიან გადარჩენილები (გამოცხადება 7:14). მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია ესაიას მიერ იუდას მიმართ ნათქვამი სიტყვების გამოკვლევა! ამ სიტყვებმა მრავალი მორწმუნის სიცოცხლე იხსნა წარსულში და დღესაც მრავალი მორწმუნისთვის შეუძლია სიცოცხლის მოტანა.
[სქოლიოები]
a კონტექსტიდან ჩანს, რომ „ისრაელში“ იუდას ორტომიანი სამეფოა ნაგულისხმები.
b ესაიას სიტყვებიდან ჩანს, როგორ კურნავდნენ იარებს მის დროს. ბიბლიის მკვლევარი ე. პლამპტერი აღნიშნავს: „ჭრილობიდან ჩირქის გამორწყვა მკურნალობის პირველი ნაბიჯი იყო. შემდეგ, როგორც ხიზკიაჰუს შემთხვევაში (თავი XXXVIII. 21), იარას საფენს ადებდნენ და ახვევდნენ; ბოლოს კი რაიმე სამკურნალო მალამოთი ან საცხით, შესაძლებელია, როგორც ლუკას 10:34-შია აღწერილი, ზეთითა და ღვინით არჩენდნენ“.
c კ. კაილისა და ფ. დელიჩის „ძველი აღთქმის კომენტარებში“ ნათქვამია: „აქ წინასწარმეტყველის მიმართვის ეს მონაკვეთი უკვე სრულდება. იმ ფაქტს, რომ ის სწორედ ამ ადგილას არის ორ ნაწილად გაყოფილი, ტექსტში მე-9 და მე-10 მუხლებს შორის გამოტოვებული ადგილიც ცხადყოფს. ადგილების გამოტოვებით თუ ხაზების გაწყვეტით ტექსტის დიდ და პატარა მონაკვეთებად დაყოფის მეთოდი ხმოვნებისა და მახვილების მინიშნების მეთოდზე დიდი ხნის არის და ძველთაძველ ტრადიციაზეა დაფუძნებული“.
[სურათი 20 გვერდზე]
სოდომისა და გომორასგან განსხვავებით იუდა არასდროს იქნებოდა სამარადისოდ გაუკაცრიელებული.