თავი პირველი
იეჰოვას ცნობა წინათ და დღეს
1, 2. როგორ ეძებს ზოგი დამალულ განძს, მაგრამ რა შეიძლება დაგეხმაროთ კმაყოფილების მიღწევაში?
ოდითგანვე მრავალი ოცნებობდა, დამარხული განძი ეპოვა. წაგიკითხავთ იმ მოგზაურების, არქეოლოგებისა და სხვათა თავგადასავლები, რომლებიც ასეთ განძს ეძებდნენ? შესაძლოა, თქვენ თვითონ არ წახვიდეთ საძებნელად, მაგრამ რას იზამდით განძი რომ გეპოვათ? რა შესანიშნავი იქნებოდა ამ განძს თქვენი ცხოვრება რომ უკეთესობისკენ შეეცვალა და კმაყოფილება და წარმატება მოეტანა თქვენთვის!
2 ხალხის უმრავლესობა პირდაპირი გაგებით განძს არ ეძებს, მაგრამ ეძებს განძს, რომელიც მიწაში არ ინახება — ბედნიერებას — სიმდიდრისკენ, ჯანმრთელობისა და წარმატებული ქორწინებისკენ სწრაფვით. ჯერ არ დაუხატავთ რუკა, ამ განძის ადგილის ჩვენება რომ შეძლებოდა. ცხადია, ბედნიერების მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამიტომ ბევრი მადლიერებით მიიღებდა ღირებულ რჩევას ცხოვრებაში მიზნების, კმაყოფილებისა და წარმატების მისაღწევად.
3, 4. სად შეგიძლიათ ცხოვრებისთვის საუკეთესო რჩევების პოვნა?
3 თქვენ ხელთაა ღირებული რჩევა და ხელმძღვანელობა, რომელმაც უკვე მრავალს მოუტანა ბედნიერება. ბევრი აღიარებს, რომ ცხოვრებისთვის საუკეთესო რჩევები ბიბლიაშია. ინგლისელი მწერალი, ჩარლზ დიკენსი ბიბლიის შესახებ წერდა: „ის საუკეთესოა იმ წიგნთა შორის, რაც კი ქვეყნად დაწერილა და დაიწერება, . . რადგან მისგან ნასწავლი გაკვეთილები კაცს საუკეთესო ხელმძღვანელობას უწევს“.
4 მის თვალსაზრისს გაიზიარებს ყველა, ვინც ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევს. შესაძლოა ეთანხმებით 2 ტიმოთეს 3:16-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია საუკეთესო გზას გვიჩვენებს დღევანდელ პრობლემებთან გასამკლავებლად. მათ, ვინც ბიბლიის ხელმძღვანელობას მიჰყვება, შეუძლიათ ჭეშმარიტი კმაყოფილებისა და წარმატების მიღწევა.
5—7. ბიბლიის რომელ მონაკვეთებში შეგიძლიათ საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა?
5 ბიბლიის რომელი მონაკვეთები გახსენდებათ, როცა რჩევები გჭირდებათ? ბევრს ახსენდება მთაზე ქადაგება იმიტომ, რომ იესომ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ღირებულ რჩევებს გაუსვა ხაზი, ბევრს კი — მოციქული პავლეს წერილები. სიბრძნის წიგნები — ფსალმუნები და იგავები, ყველა ადამიანისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საგანძური, სასარგებლო რჩევებით სავსე. სინამდვილეში, თქვენი მდგომარეობისა და პრობლემებიდან გამომდინარე, ბიბლიის ნებისმიერი წიგნი შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო, ისეთი წიგნებიც კი, რომლებიც ძირითადად ისტორიული ხასიათისაა, მაგალითად, „იესო ნავეს ძედან“ მოყოლებული „ესთერის“ ჩათვლით. ამ წიგნებში ჩაწერილია გამაფრთხილებელი ისტორიული მაგალითები მათთვის, ვინც ცდილობს იყოს ღვთის ბედნიერი მსახური (1 კორინთელები 10:11). მათში მოცემული რჩევები დაგეხმარებათ საუკეთესოდ წარმართოთ თქვენი ცხოვრება. გაიხსენეთ ეს ჭეშმარიტება: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4; იესო ნავეს ძე 1:8; 1 მატიანე 28:8, 9).
6 არსებობს ერთი შეხედვით გამოუკვლეველი ბიბლიური მონაკვეთებიც, რომლებშიც განძის პოვნა შეიძლება, მაგალითად, ეგრეთ წოდებული მცირე წინასწარმეტყველების თორმეტი წიგნი. უმეტესწილად ისინი ებრაული წერილების ბოლოშია, შედარებით დიდი წიგნების, ეზეკიელისა და დანიელის წინასწარმეტყველებების შემდეგ (ბიბლიათა უმრავლესობაში ეს თორმეტი წიგნი ასეთი თანამიმდევრობით გვხვდება: ოსია, იოელი, ამოსი, აბდია, იონა, მიქა, ნაუმი, აბაკუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია და მალაქია). როგორც დავინახეთ, ღვთის შთაგონებული ბიბლია გვასწავლის და გვეხმარება სწორად ვიცხოვროთ. მაგრამ შეიძლება იმავეს თქმა ამ თორმეტ წიგნზეც?
7 რა თქმა უნდა! ეგრეთ წოდებულ მცირე წინასწარმეტყველებში ინახება განძი, რომელიც გვეხმარება დავინახოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ დღეს. ზოგი ამ თორმეტ წიგნს უმნიშვნელოდ მიიჩნევს. იმიტომ ხომ არა, რომ მათ ხშირად „მცირე წინასწარმეტყველებს“ უწოდებენ? შეიძლებოდა, რომ ამ სახელწოდებას გავლენა მოეხდინა ხალხის თვალსაზრისზე? ხომ არ ახდენს ეს გავლენას თქვენზეც?
მართლაც მცირე მნიშვნელობისაა „მცირე წინასწარმეტყველები“?
8. ა) როგორ უზრუნველგყოფს ღმერთი ხელმძღვანელობით? ბ) ხშირად როგორ უწოდებენ ამ თორმეტ წიგნს, მაგრამ სინამდვილეში რაზე მეტყველებს ეს სახელი?
8 პავლე მოციქული ამ სიტყვებით იწყებს წერილს ებრაელების მიმართ: „ღმერთი, რომელიც დიდი ხნის წინათ მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკა ჩვენს მამა-პაპას წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ამ დღეების დასასრულს თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა“ (ებრაელები 1:1, 2). რადგან ღმერთი წინასწარმეტყველებად ადამიანებს იყენებდა თავისი ცნობის გასაცხადებლად, ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ მცირედ ან უმნიშვნელოდ არც ისინი და არც მათი სიტყვები, თუმცა ზოგი ამ სახელწოდების გამო მაინც ასე თვლის. ზოგის აზრით, ამ წიგნების ცნობა ბიბლიის სხვა წიგნებთან შედარებით ნაკლებ ნდობას იმსახურებს. სინამდვილეში კი სახელი „მცირე წინასწარმეტყველები“a ბიბლიის ზოგიერთ წიგნთან შედარებით მხოლოდ მცირე მოცულობაზე მეტყველებს.
9. რატომ არ განაპირობებს ბიბლიის რომელიმე წიგნის მოცულობა მის ღირებულებას?
9 წიგნის მოცულობის სიმცირე არ ნიშნავს, რომ ის ნაკლებად მნიშვნელოვანი ან ნაკლებად სასარგებლოა. წიგნი „რუთიც“ მოცულობით მცირეა, მაგრამ რაოდენ შთამბეჭდავია მისი შინაარსი! ეს პატარა წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ვუერთგულოთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, როგორ აფასებს ღმერთი ქალებს, და ნათელს ჰფენს იესოს წარმომავლობის მნიშვნელოვან დეტალებს (რუთი 4:17—22). ბიბლიის ბოლოს ვხვდებით კიდევ ერთ ასეთ წიგნს — „იუდას“. ის იმდენად პატარაა, რომ ზოგიერთ ბიბლიაში ერთი ფურცელიც კი არ ეთმობა. მიუხედავად ამისა, შეუფასებელია მასში მოცემული ცნობა და რჩევები! ის გვამცნობს, როგორ მოექცა ღმერთი ბოროტ ანგელოზებს; გვაფრთხილებს, რომ კრებაში გარყვნილი ადამიანები შემოიპარებოდნენ; და მოგვიწოდებს, ვიბრძოლოთ რწმენისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ ეგრეთ წოდებული მცირე წინასწარმეტყველებიც, მოცულობის მიუხედავად, არ არის მცირე მნიშვნელობისა ან მცირე ღირებულებისა.
რა მნიშვნელობით არის წინასწარმეტყველური?
10, 11. ა) როგორ ესმის ზოგს სიტყვა წინასწარმეტყველი? ბ) ბიბლიური გაგებით ვინ იყო წინასწარმეტყველი და რას აკეთებდა ის?
10 განვიხილოთ სიტყვების — წინასწარმეტყველისა და წანასწარმეტყველურის — მნიშვნელობა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ მომავლის გაცხადებას უკავშირდება. ბევრის აზრით, წინასწარმეტყველი მომავლის განმცხადებელია, რომლის სიტყვების გაგებაც სხვადასხვანაირად შეიძლება. ეს თვალსაზრისი ამ თორმეტი წიგნის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზეც ახდენს გავლენას.
11 ამ წიგნების კითხვისას ადვილად მიხვდებით, რომ მათში არაერთი წინასწარმეტყველებაა, მათ შორის იეჰოვას მოახლოებულ დღეზე. ეს ეთანხმება სიტყვა წინასწარმეტყველის ძირითად მნიშვნელობას. წინასწარმეტყველი იყო ის, ვისაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და ვისი პირითაც ღმერთი ხშირად მომავალს აცხადებდა. და მართლაც, ენოქიდან მოყოლებული ბიბლიაში მოხსენიებული ბევრი წინასწარმეტყველი აცხადებდა მომავალს (1 სამუელი 3:1, 11—14; 1 მეფეები 17:1; იერემია 23:18; საქმეები 3:18; იუდა 14, 15).
12. როგორ ახსნიდით, რომ წინასწარმეტყველი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ მომავლის განმცხადებელს?
12 უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველები მხოლოდ მომავალს არ აცხადებდნენ. ღმერთი წინასწარმეტყველებს ხშირად თავისი ნების განმცხადებლებად იყენებდა. შესაძლოა, ჩვენთვის აბრაამი, ისაკი და იაკობი არ არიან მომავლის განმცხადებლები, მაგრამ ფსალმუნების 105:9—15-ში ისინი წინასწარმეტყველებად მოიხსენიებიან. დროდადრო ღმერთი მათი პირით მომავალს აცხადებდა, როგორც მაშინ, როცა იაკობმა შვილები აკურთხა. ეს პატრიარქები წინასწარმეტყველები კიდევ იმ გაგებით იყვნენ, რომ საკუთარ ოჯახებს გადასცემდნენ იეჰოვას სიტყვებს ღვთის განზრახვაში თავიანთი როლის შესახებ (დაბადება 20:7; 49:1—28). ბიბლიაში სიტყვა წინასწარმეტყველი გამოიყენება აარონთან მიმართებაშიც, რომელიც მოსეს წინასწარმეტყველი იყო; ის მოსეს ნაცვლად ლაპარაკობდა, ანუ მისი „ბაგე“ იყო (გამოსვლა 4:16; 7:1, 2; ლუკა 1:17, 76).
13, 14. ა) ახსენით, რატომ არ იყო წინასწარმეტყველი მხოლოდ მომავლის განმცხადებელი? ბ) რით არის სასარგებლო თქვენთვის იმის ცოდნა, რომ წინასწარმეტყველება მხოლოდ მომავლის გაცხადებას არ ნიშნავს?
13 რა შეიძლება ითქვას სამუელ და ნათან წინასწარმეტყველებზე? (2 სამუელი 12:25; საქმეები 3:24; 13:20) იეჰოვა მათი პირით მხოლოდ მომავალს არ აცხადებდა; ისინი სხვაგვარადაც მსახურობდნენ წინასწარმეტყველებად: სამუელი, როგორც წინასწარმეტყველი, ისრაელებს მოუწოდებდა, ზურგი ექციათ კერპთაყვანისმცემლობისთვის და წმინდა თაყვანისცემას დაბრუნებოდნენ; გარდა ამისა მან მეფე საულს ღვთის განაჩენი გაუცხადა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა მორჩილებას შესაწირავზე მეტად აფასებს. სამუელს, როგორც წინასწარმეტყველს, ხალხისთვის უნდა ესწავლებინა, ღვთის თვალსაზრისით რომელი გზა იყო სწორი (1 სამუელი 7:3, 4; 15:22). წინასწარმეტყველმა ნათანმა იწინასწარმეტყველა, რომ სოლომონი ააშენებდა ტაძარს და განმტკიცდებოდა მისი სამეფო (2 სამუელი 7:2, 11—16). ნათანი მაშინაც წინასწარმეტყველის მოვალეობას ასრულებდა, როცა დავითი ბათ-შებასთან ჩადენილ ცოდვასა და ურიას მკვლელობაში ამხილა. ნათანმა დავითს შთამბეჭდავი მაგალითით დაანახვა მრუშობით ჩადენილი დანაშაული, როცა მოუთხრო, როგორ წაართვა მდიდარმა ღარიბს ერთადერთი საყვარელი ბატკანი. ნათანმა ღვთის საწმინდარში ჭეშმარიტი თაყვანისცემის ორგანიზებაშიც მიიღო მონაწილეობა (2 სამუელი 12:1—7; 2 მატიანე 29:25).
14 როგორც დავინახეთ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს წინასწარმეტყველური წიგნები მხოლოდ მომავალს გვამცნობს. მათში მოცემულია ღვთის შთაგონებული სიტყვები მრავალ საკითხზე, ისიც შესანიშნავად არის ნაჩვენები, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ღვთის ხალხს წინათ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ დღეს. დავრწმუნდით, რომ ყველაფერი, რაც ბიბლიაში, და შესაბამისად ამ თორმეტ წიგნშია მოცემული, დიდად სასარგებლო და ღირებულია; ის ხალხს ცხოვრების საუკეთესო გზას ანახვებს. ღვთის მიერ შთაგონებული ეს წიგნები უზრუნველგვყოფს ხელმძღვანელობით, რათა „ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტე 2:12).
რას ვსწავლობთ
15, 16. ა) რა სიმბოლიკას ვხვდებით „მცირე წინასწარმეტყველებში“? ბ) რა წინასწარმეტყველური ანალოგიებია მოცემული ამ წიგნებში?
15 ღვთის შთაგონებული სიტყვის კითხვა მრავალმხრივ სასარგებლოა ჩვენთვის. ზოგი ბიბლიური წიგნი ისტორიულია, ზოგიც პოეტური, ერთიც და მეორეც განუმეორებელია. ზოგში, მათ შორის, ამ თორმეტ წიგნში, სიმბოლიკა ჭარბობს. მაგალითად, იესომ იონას წიგნიდან მოიყვანა შედარება: „ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა. როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში. ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი“ (მათე 12:39—41).
16 ცხადია, იესო იონას წიგნში უფრო მეტს ხედავდა, ვიდრე მხოლოდ იმ ისტორიულ ცნობას, თუ როგორ ექცეოდა ღმერთი იონას, როგორ წინასწარმეტყველებდა იონა ნინევეში და რა მოჰყვა მის მიერ გადაცემულ გაფრთხილებას. მას ესმოდა, რომ წინასწარმეტყველ იონას შემთხვევა სიმბოლურად თავის სიკვდილსა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომას აღწერდა. გარდა ამისა თავის ქადაგებასა და საქმიანობაზე იუდეველთა უმეტესობის გამოხმაურება იესომ ნინეველთა გამოხმაურებას დაუპირისპირა (მათე 16:4). ამ თორმეტ წიგნში მოცემულია დღევანდელ დღეს თავის ხალხთან ღვთის დამოკიდებულების წინასწარმეტყველური ანალოგიები. ამგვარი გამოკვლევა დიდად აღმაფრთოვანებელი და სასარგებლოაb.
17. რა კუთხით განვიხილავთ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნს?
17 რაც უნდა იყოს, თქვენ ხელთ არსებული წიგნის მიზანი არ არის არც წიგნ „იონას“ ან დანარჩენი თერთმეტი წიგნის სიმბოლური მნიშვნელობის შესწავლა და არც სათითაო მუხლის ანალიზი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ წიგნებში მოცემული ცნობის პრაქტიკული მნიშვნელობის ჩვენება. დავფიქრდეთ, რა ღირებულ რჩევებს გვაძლევს იეჰოვა ამ თორმეტი წიგნით? როგორ გვეხმარება ეს წიგნები, „ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“? რას გვასწავლის ეს წიგნები ქრისტიანულ თუ ოჯახურ ცხოვრებაზე, ზნეობაზე, ძნელად ასატან დროს გავრცელებულ აზროვნებაზე, რადგან „მოდის იეჰოვას დღე, ახლოს არის ის“? (ტიტე 2:12; იოელი 2:1; 2 ტიმოთე 3:1) დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღებისას, შესაძლოა აღმოაჩინოთ მუხლები, რომლებსაც დიდად დააფასებთ და რომლებიც დღემდე არ გამოგიყენებიათ სხვებისთვის ბიბლიური რჩევების გაზიარებისას. ამგვარად, მეტი მნიშვნელოვანი ბიბლიური მუხლი დაგამახსოვრდებათ (ლუკა 24:45).
18. რა თავისებურებებით ხასიათდება ეს წიგნი და რაში დაგეხმარებათ ეს თქვენ?
18 წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად. წაკითხვამდე თვალი გადაავლეთ თითოეულ ნაწილს. ყველა მომდევნო თავს ახლავს ორ-ორი ჩარჩო, რომლებიც განხილულის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. ჩარჩოებში მოცემული კითხვები დაგაფიქრებთ წაკითხულზე და დაგანახვებთ მოცემული ინფორმაციის ღირებულებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას. პირველი ჩარჩო თავის შუაშია; როგორც კი ამ ჩარჩომდე მიხვალთ, მაშინვე განიხილეთ მასში მოცემული კითხვები. ასეთი სახით, ახალ ნასწავლს გულთან ახლოს მიიტანთ (მათე 13:8, 9, 23; 15:10; ლუკა 2:19; 8:15). მეორე ჩარჩო დაგაფიქრებთ, თავის მეორე ნახევარში წაკითხულზე და დაგეხმარებათ მის დამახსოვრებაში. ასე რომ, დაუთმეთ დრო ამ ჩარჩოების განხილვას. ისინი შესწავლილი მასალის პრაქტიკულ ღირებულებას დაგანახვებთ.
19. რაზე უნდა დაფიქრდეთ ამ თორმეტი წიგნის განხილვამდე?
19 ამ წიგნის განხილვამდე დაფიქრდით, რა იცით ამ თორმეტი წიგნის შესახებ? ვისი მეშვეობით აცხადებდა ღმერთი მათში მოცემულ ცნობებს? რა იცით ამ წინასწარმეტყველთა შესახებ? როდის ცხოვრობდნენ ისინი და რა ვითარებაში უწევდათ მსახურება? (დიდ დახმარებას გაგიწევთ მე-20 და 21-ე გვერდებზე მოცემული დროის დიაგრამა; მომდევნო თავების განხილვისას გადახედეთ ხოლმე მას.) რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ცნობას წინათ და დღეს როგორ დაგეხმარებათ ამის ცოდნა მასალის უკეთ გაგებაში? მომდევნო თავი უპასუხებს ამ მნიშვნელოვან კითხვებს.
a „იუდაურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ ეს სახელწოდება «(Prophetae Minores) აღებულია ლათინური ვულგატიდან. ზედსართავი სახელი „მცირე“. . . ამ თორმეტი წინასწარმეტყველის მცირე მნიშვნელობაზე კი არ მიუთითებს, არამედ „ესაიასთან“, „იერემიასა“ და „ეზეკიელთან“ შედარებით მცირე მოცულობაზე» (ტომი 12, გვერდი 49).
b მაგალითისთვის იხილეთ ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველების განხილვა წიგნში „კაცობრიობისთვის თეოკრატიით აღდგენილი სამოთხე!“ (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ახლა აღარ იბეჭდება.