ჩარჩო 19ბ
ნაკადული მდინარედ იქცევა!
ეზეკიელი მიუყვება იეჰოვას ტაძრიდან გამომავალ ნაკადულს, რომელიც, სულ რაღაც, 2 კმ-ში ღრმავდება და მდინარედ იქცევა! ის ხედავს, რომ მდინარის ნაპირებზე უამრავი ხე ხარობს, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს ისხამს, ხოლო მათ ფოთლებს განკურნების ძალა აქვს. რას მოასწავებს ეს ყოველივე?
კურთხევების მდინარე
ძველად: როდესაც ებრაელები ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, მათ აღადგინეს ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა, რის შედეგადაც იეჰოვამ ისინი აკურთხა.
ჩვენს დროში: 1919 წელს წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა, რის შედეგადაც იეჰოვას ერთგული მსახურები მისგან ჯერ არნახულ, აურაცხელ სულიერ კურთხევას იღებენ.
სამომავლოდ: არმაგედონის შემდეგ იეჰოვასგან მომდინარე კურთხევები როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ კეთილდღეობას მოგვიტანს.
მაცოცხლებელი წყალი
ძველად: იეჰოვამ უხვად აკურთხა სამშობლოში დაბრუნებული მორჩილი ებრაელები. მაშინაც კი, როცა მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, მთელი ერი სულიერი კეთილდღეობით ხარობდა.
ჩვენს დროში: სულიერ სამოთხეში ღვთის მსახურები, რომელთა რაოდენობაც გამუდმებით იზრდება, სულიერი გაგებით გაცოცხლდნენ და ღვთისგან მომდინარე უხვი სულიერი კურთხევებით ხარობენ.
სამომავლოდ: არმაგედონგადატანილებს შეუერთდება მილიარდობით მკვდრეთით აღდგენილი; იეჰოვას კურთხევები ყველასთვის საკმარისი იქნება.
ნაყოფის მომცემი და განკურნების ძალის მქონე ხეები
ძველად: იეჰოვა სულიერად ანაყრებდა სამშობლოში დაბრუნებულ ერთგულ ებრაელებს. დიდი ხნის განმავლობაში ისინი სულიერად დასნეულებულები იყვნენ, თუმცა იეჰოვამ მათ სულიერი სიჯანსაღე დაუბრუნა.
ჩვენს დროში: უხვი სულიერი საზრდოს წყალობით დღევანდელი ქვეყნიერებისგან განსხვავებით, სულიერად ჯანმრთელნი და დანაყრებულნი ვართ.
სამომავლოდ: ქრისტე თავის 144 000 თანამმართველთან ერთად დაეხმარება მორჩილ კაცობრიობას, რომ გასრულყოფილდნენ და მარადიულობის მანძილზე ჯან-ღონით გაიხარონ!