დამარხვა, დასამარხი ადგილი
ბიბლიურ დროში მცხოვრები ხალხისთვის მიცვალებულის დაკრძალვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ აბრაამი (ბიბლიაში პირველად მის დროს მოიხსენიება დაკრძალვა) მზად იყო, დაკრძალვისთვის შესაფერის ადგილში დიდი თანხა გადაეხადა (იხ. ყიდვა). ხეთელებს (ხეთის ძეები), ვისგანაც აბრაამმა ეს ადგილი იყიდა, თავიანთი მიცვალებულების დასაკრძალავად „საუკეთესო სამარხები“ ჰქონდათ (დბ. 23:3—20). აბრაამის მიერ შეძენილი გამოქვაბული საგვარეულო სამარხი გახდა, სადაც პირველად აბრაამის ცოლი დაიმარხა, შემდეგ — თავად აბრაამი, შემდეგ კი — ისაკი და რებეკა, ლეა და იაკობი (დბ. 25:9; 49:29—32). იაკობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მამა-პაპის გვერდით დაემარხათ და არა ეგვიპტეში (დბ. 47:29—31). იაკობის სურვილის შესასრულებლად საჭირო გახდა მისი ცხედრის ბალზამირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიდრე ეგვიპტიდან მაქფელას გამოქვაბულამდე ჩაიტანდნენ, სიცხეში მისი სხეული გაიხრწნებოდა (დბ. 50:1—3, 13). მსგავსი სურვილი გამოთქვა იოსებმაც. მისი ცხედარი დააბალზამეს და ჩაასვენეს კუბოში, სადაც ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლამდე ინახებოდა (დბ. 50:24—26; იეს. 24:32). თავიანთი სურვილით მათ ცხადყვეს, რომ სწამდათ ღვთის დაპირებების და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი აუცილებლად შესრულდებოდა (ებ. 11:13—22, 39).
როგორც ჩანს, ებრაელებს აბრაამის მსგავსად საგვარეულო სამარხის ქონა ერჩივნათ (2სმ. 19:34—37). გედეონზე, სამსონსა და ასაჰელზე ნათქვამია, რომ ისინი თავ-თავისი მამის სამარხში დამარხეს (მსჯ. 8:32; 16:31; 2სმ. 2:32). თუმცა ბიბლიაში ხშირად გამოყენებული გამოთქმები „მამა-პაპის გვერდით განისვენებ“ და „შენს ხალხს შეუერთდები“ მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ადამიანს საგვარეულო სამარხში ათავსებდნენ, რადგან ეს გამოთქმები იმ ადამიანებთან მიმართებითაც გამოიყენება, რომლებსაც არ მარხავდნენ თავიანთი წინაპრების სამარხში (დბ. 15:15; კნ. 31:16; 32:50; 1მფ. 2:10; სქ. 13:36). ეს გამოთქმები კაცობრიობის საერთო სამარეში (ებრ. შეოლ; ბერძ. ჰადეს) მოხვედრაზე უნდა მიანიშნებდეს. ბიბლია კაცობრიობის საერთო სამარეს „ყველა ცოცხლის შესაკრებელ სახლს“ უწოდებს (იობ. 30:23).
მიცვალებულის დაკრძალვა სიკეთის გამოვლენად ითვლებოდა. იაბეშ-გალაადის მცხოვრებლებმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, რათა საული და მისი ვაჟები დაეკრძალათ (1სმ. 31:11—13; 2სმ. 2:4—6). ადამიანის დაუმარხაობა დიდ უბედურებად ითვლებოდა (იერ. 14:16). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამით ღმერთი უარყოფდა ადამიანს მისი არასწორი საქმეების გამო (იერ. 8:1, 2; 9:22; 25:32, 33; ეს. 14:19, 20; შდრ. გმც. 11:7—9). დაუმარხავი გვამები მხეცებისა და მტაცებელი ფრინველების საჯიჯგნი ხდებოდა (ფს. 79:1—3; იერ. 16:4). დაკრძალვას რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ნათლად ჩანს რიცფას ტრაგიკული ისტორიიდან, რომელიც, შესაძლოა, თვეების მანძილზე არ ტოვებდა თავისი ვაჟების გვამებს, ვიდრე ისინი არ დამარხეს (2სმ. 21:9—14).
იეჰოვას კანონი, რომელიც ისრაელს მოსეს მეშვეობით გადაეცა, დამნაშავეთა დაკრძალვასაც ითვალისწინებდა (კნ. 21:23; შდრ. იეს. 8:29). ახითოფელმა თავი მოიკლა, მაგრამ ის დამარხეს (2სმ. 17:23). იოაბისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისას სოლომონმა მისი დამარხვის განკარგულებაც გასცა (1მფ. 2:31). მიუხედავად იმისა, რომ იეჰუს ბოროტი იზებელის დამარხვა სურდა, რადგან ის „მეფის ასული“ იყო, შესრულდა იეჰოვას წინასწარმეტყველება, რომ იზებელის გვამი ნეხვად იქცეოდა მინდორში (2მფ. 9:10, 34—37; შდრ. 2მტ. 22:8, 9).
თუ არ ჩავთვლით იაკობისა და იოსების შემთხვევებს, ისრაელები, როგორც ჩანს, მიცვალებულს გარდაცვალების დღესვე მარხავდნენ. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიური ქვეყნების ცხელ კლიმატში ცხედარი სწრაფად იხრწნებოდა. მატყუარა ანანია სიკვდილიდან სამ საათში დამარხეს (სქ. 5:5—10). ამასთან, მოსეს კანონის თანახმად, მკვდრის შეხებისთვის ადამიანი შვიდი დღით უწმინდურდებოდა. თუმცა ეს კანონი ძირითადად ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ სიკვდილი ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგი იყო, მისი დაცვა დაავადებების პრევენციასა და ჰიგიენას უწყობდა ხელს. სიკვდილით ისჯებოდნენ ისინი, ვინც კანონით გათვალისწინებულ განწმენდის წესს არ იცავდა (რც. 19:11—20; შდრ. კნ. 21:22, 23). იოშიამ კერპთაყვანისმცემელთა ძვლებით წაბილწა ცრუთაყვანისმცემელთა სამსხვერპლოები და შებღალა მათი სამარხები (2მფ. 23:14—16; 2მტ. 34:4, 5).
თუ გავითვალისწინებთ ბიბლიაში ცხედრებზე ჩაწერილს, ცხადი ხდება, რომ ისრაელში არ ხდებოდა ღვთის გამორჩეულ მსახურთა ცხედრების თაყვანისცემა. ეს მიუღებელიც კი იყო. ღმერთმა თავად დამარხა მოსე უცნობ ადგილას, რათა მის საფლავზე ხალხს თაყვანსაცემად არ ევლო (კნ. 34:5, 6; შდრ. იუდ. 9).
ახლო აღმოსავლეთში სამარხებად სხვადასხვა ადგილს ირჩევდნენ. ამ ქვეყნებში მიცვალებულის მიწაში დამარხვა ისე არ იყო გავრცელებული, როგორც დღეს დასავლეთის ქვეყნებში. რებეკას ძიძა, დებორა, დიდი ხის ქვეშ დამარხეს. აგრეთვე ხის ქვეშ დამარხეს მეფე საული და მისი ვაჟები, ყოველ შემთხვევაში თავიდან მაინც (დბ. 35:8; 1მტ. 10:12). მაგრამ, როგორც აბრაამის შემთხვევიდან ჩანს, ისრაელები ბუნებრივ გამოქვაბულებს ან პალესტინაში უხვად არსებულ რბილი კირქვის ქანებში გამოთხრილ სამარხებს ამჯობინებდნენ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები წინასწარ იმზადებდნენ სამარხებს (დბ. 50:5; ეს. 22:16; 2მტ. 16:14). სამარხი შეიძლებოდა ყოფილიყო მათ სახლთან ახლოს, შესაძლოა ბაღში (1სმ. 25:1; 1მფ. 2:34; 2მფ. 21:25, 26). გამოთქმა „თავის სახლში“ არ გულისხმობს შენობას, როგორც ეს 2 მატიანის 33:20-სა და 2 მეფეების 21:18-დან ჩანს.
არქეოლოგიური კვლევები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ძველი დროის სამარხებზე. ჩვეულებრივი საფლავების გარდა, პალესტინაში ხშირად მთის ფერდობებზე კლდეებში კვეთდნენ აკლდამებს. ძირითადად, შემაღლებულ ადგილებს ამჯობინებდნენ (იეს. 24:33; 2მფ. 23:16; 2მტ. 32:33; ეს. 22:16). აკლდამა შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის სამარხი ყოფილიყო და ცხედარს მასში ამოთხრილ ორმოში ასვენებდნენ. ის შეიძლებოდა მრავალი ადამიანის სამარხიც ყოფილიყო. კედელში თხრიდნენ გრძელ ხვრელს, შიგ ათავსებდნენ მიცვალებულს და შესაბამისი ზომის ქვით ქოლავდნენ. ზოგჯერ აკლდამის გვერდითა და უკანა კედლებში კვეთდნენ ნიშებს ანუ თაროებს (მრ. 16:5). ზოგ შემთხვევაში მათ ზემოთ კვეთდნენ კიდევ ერთ თაროს, რაც მეტი მიცვალებულის დასვენების საშუალებას იძლეოდა. აკლდამაში შეიძლებოდა რამდენიმე სენაკი ყოფილიყო, თუმცა ისრაელში უფრო გავრცელებული იყო ერთსენაკიანი აკლდამები. თაროზე დასვენებული ცხედრის მტაცებელი ცხოველებისგან დასაცავად საჭირო იყო შესასვლელის ამოქოლვა. მთავარ შესასვლელს დიდ ქვას აფარებდნენ, ზოგჯერ მას კარივით ჰკიდებდნენ. ზოგჯერ ეს იყო მრგვალი, ბრტყელი ქვა, რომელსაც შესასვლელზე მისაფარებლად სპეციალურ ბილიკზე გადააგორებდნენ ხოლმე. ასეთი ქვები შეიძლებოდა ერთ ტონაზე მეტიც კი ყოფილიყო (მთ. 27:60; მრ. 16:3, 4).
ებრაელთა სამარხები უბრალო იყო. ისინი ძალიან განსხვავდებოდა წარმართთა სამარხებისგან, რომელთა კედლებსაც ხშირად ნახატებით ან სხვა რამით ამკობდნენ. თუმცა იაკობმა რახელის სამარხზე სვეტი (შესაძლოა უბრალო ქვა) აღმართა (დბ. 35:20), როგორც ჩანს, ეს სამარხის ნიშანი იყო და არა ძეგლი (1სმ. 10:2). 2 მეფეების 23:17-ში მოხსენიებულ „სამარხის ლოდსაც“ მსგავსი დანიშნულება ჰქონდა. იესომ მოიხსენია „შეუმჩნეველი სამარხები“, რომლებზეც ადამიანები დააბიჯებდნენ და არც კი იცოდნენ ამის შესახებ (ლკ. 11:44). ვინაიდან მკვდართან შეხებით ადამიანი რიტუალურად უწმინდურდებოდა, იუდეველები ხშირად ათეთრებდნენ სამარხებს, რათა გამვლელებს ეცნოთ (მთ. 23:27). ცნობების თანახმად, ამას წელიწადში ერთხელ, პასექამდე აკეთებდნენ (შეკალიმი 1:1, მიშნა).
ცხედარს ბანდნენ (სქ. 9:37) და სურნელოვან ზეთებსა და ნელსაცხებლებს უსვამდნენ. ეს პროცესი ბალზამირებადაც რომ მივიჩნიოთ, ის მაინც ძალიან განსხვავდებოდა ძველ ეგვიპტეში გავრცელებული ბალზამირებისგან (შდრ. მრ. 14:3—8; ინ. 12:3, 7). ამის შემდეგ ცხედარს ძირითადად ტილოს ნაჭერში ახვევდნენ (მთ. 27:59; ინ. 11:44). სახვევებში ატანდნენ სურნელოვან მცენარეებს, მაგალითად, სმირნასა და ალოეს (ინ. 19:39, 40). ცხედარი შეიძლებოდა ზეთსა და ნელსაცხებელში ჩაესვენებინათ, როგორც ეს მეფე ასას შემთხვევაში მოხდა (2მტ. 16:14). მისი დაკრძალვის დროს მოხსენიებულ „ბევრი საკმევლის“ კმევაში, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა ამ სურნელოვანი მცენარეების დაწვა, რის შედეგადაც გარშემო სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ზოგჯერ მიცვალებულს თავს პატარა ნაჭრით უფარავდნენ (ინ. 20:7).
შესაძლოა, ქალები იმიტომ მივიდნენ იესოს სამარხთან მესამე დღეს, რომ საჩქაროდ დაკრძალული ცხედარი გულდასმით დაემუშავებინათ სურნელოვანი ნივთიერებებით, რათა ის დიდხანს შენახულიყო (მრ. 16:1; ლკ. 23:55, 56).
ცხედარი სამარხამდე მიჰქონდათ საკაცით, რომელიც შესაძლოა დაწნული იყო. პროცესიას ბევრი ადამიანი მიყვებოდა და ზოგჯერ სამგლოვიარო მუსიკასაც უკრავდნენ (ლკ. 7:12—14; მთ. 9:23). სამარხთან ტიროდნენ და ზოგჯერ მიცვალებულის ცხოვრებაზე ლაპარაკობდნენ (2სმ. 3:31—34; 2მტ. 35:23—25).
დროთა განმავლობაში გაჩნდა სასაფლაოები, რადგან მიცვალებულთა რიცხვი იზრდებოდა. ისინი, როგორც წესი, ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობდა. იუდას მეფეები „დავითის ქალაქში“ დაიმარხნენ, ისრაელის მეფეები კი — ჩრდილოეთი სამეფოს დედაქალაქში (1სმ. 25:1; 1მფ. 22:37; 2მტ. 9:31; 24:15, 16). თავის ნაშრომში ჯ. გ. დანკანი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ზოგჯერ ქალაქში მარხავდნენ მიცვალებულებს, ისინი, ძირითადად, ქალაქის მახლობლად გორაკის ფერდობზე თხრიდნენ სამარხებს. გორაკის ფერდობზე ასეთი სამარხების არსებობა იმის სარწმუნო ნიშანია, რომ მოპირდაპირე ან მეზობელ გორაკზე დასახლება იყო. მეორე მხრივ, ნამარხების არარსებობა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ადგილი არ ყოფილა დასახლებული“ (Digging Up Biblical History, 1931, ტ. II, გვ. 186). იერუსალიმის გარშემო მდებარე კლდეებში მრავალი სამარხია (შდრ. ეს. 22:16). „ხალხის ძეთა სასაფლაო“ („მდაბიოთა სასაფლაო“, სსგ), რომელიც კედრონის ხევში მდებარეობდა, როგორც ჩანს, ღარიბებისა იყო (იერ. 26:23; 2მფ. 23:6). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მეთუნის მინდორში“ უცხოებს მარხავდნენ (მთ. 27:7; იხ. აკელდამა).
კრემაცია, რომელიც მოგვიანებით მცხოვრებ ბაბილონელებში, ბერძნებსა და რომაელებში იყო გავრცელებული, ებრაელებში თითქმის არ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საულისა და მისი ვაჟების გვამები დაწვეს, ძვლები არ დაუწვიათ, ისინი დამარხეს (1სმ. 31:8—13; იხ. აგრეთვე ამ. 6:9, 10).
ებრაულ წერილებში სამარხად ნათარგმნი სიტყვები კევერ და კევურაჰ (დბ. 23:4; 35:20) მნიშვნელობით განსხვავდება ებრაული სიტყვა შეʼოლისგან, რომელშიც ინდივიდუალური სამარხი თუ სამარხები კი არ იგულისხმება, არამედ კაცობრიობის საერთო სამარე. მსგავსად, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სამარხად ნათარგმნი სიტყვები ტაფოს, მნემა და მნემეიონ (მთ. 27:61; მრ. 15:46; ლკ. 23:55) მნიშვნელობით განსხვავდება ჰადესისგან, შეʼოლის ბერძნული ეკვივალენტისგან (იხ. ჰადესი; სამახსოვრო სამარხი; შეოლი).
მეფეთა სამარხი ანუ დავითის სამარხი. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ თქვა დავითის შესახებ: „ის მოკვდა და დამარხეს და მისი სამარხი დღემდე ჩვენ შორისაა“ (სქ. 2:29). ეს სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ მეფე დავითის სამარხი ახ. წ. 33 წელს ჯერ კიდევ არსებობდა.
1 მეფეების 2:10-ში ნათქვამია, რომ დავითი „დავითის ქალაქში“ დამარხეს. როგორც ჩანს, იმავე ადგილას დაიმარხნენ იუდას მომდევნო მეფეებიც. დავითის შემდგომი 20 მეფიდან 12-ზე ნათქვამია, რომ ისინი დავითის ქალაქში დაიმარხნენ, თუმცა ყველა მათგანი „მეფეთა სამარხში“ არ დამარხულა. ბიბლიაში იეჰორამზე, იოაშსა (იგივე იეჰოაში) და ახაზზე კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ ისინი იქ არ დამარხულან (2მტ. 21:16, 20; 24:24, 25; 28:27). „მეფეთა სამარხი“ არ იქნებოდა მრავალსენაკიანი აკლდამა. შესაძლოა მასში იგულისხმებოდა დავითის ქალაქში განსაზღვრული ტერიტორია, სადაც მეფეთა სამარხები იყო. მეფე ასა დამარხეს „დიდებულ სამარხში, რომელიც თავისთვის ჰქონდა გამზადებული დავითის ქალაქში“ (2მტ. 16:14), ხიზკიაზე კი ნათქვამია, რომ ის დაიმარხა „დავითის ძეთა სამარხებისკენ მიმავალ აღმართზე“ (2მტ. 32:33). კეთროვანი მეფე უზია დამარხეს „თავისი მამა-პაპის გვერდით, ოღონდ დასამარხ მინდორში, მეფეთა სამარხების გარეთ, რადგან თქვეს, კეთროვანიაო“. როგორც ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მიწაში დამარხეს და არა კლდეში გაკეთებულ სამარხში (2მტ. 26:23).
იუდას მეფეები, მენაშე და ამონი, როგორც ჩანს, სხვა ადგილზე, „უზას ბაღში“ დამარხეს (2მფ. 21:18, 23, 26). ამონის ვაჟზე, ერთგულ მეფე იოშიაზე ნათქვამია, რომ ის დაიმარხა „თავისი მამა-პაპის სასაფლაოზე“, რაშიც შესაძლოა დავითის ქალაქში მდებარე მეფეთა სამარხი ან მენაშესა და ამონის სამარხი იგულისხმება (2მტ. 35:23, 24). იუდას სამი მეფე გადასახლებაში ყოფნის დროს მოკვდა: იეჰოახაზი (ეგვიპტე), იეჰოიაქინი და ციდკია (ბაბილონი) (2მფ. 23:34; 25:7, 27—30). როგორც იერემიამ იწინასწარმეტყველა, იეჰოიაკიმი მამალი ვირივით დაიმარხა, მისი გვამი დღისით სიცხეში ეგდო, ღამე კი — ყინვაში (იერ. 22:18, 19; 36:30).
სიმართლის დამცველი მღვდელმთავარი იეჰოიადა „დავითის ქალაქში მეფეების გვერდით“ დამარხვის ღირსად ჩათვალეს. ის იყო ბიბლიაში მოხსენიებული ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ასეთი პატივი მიაგეს, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი არ იყო (2მტ. 24:15, 16).
სამეფო აკლდამების ადგილმდებარეობა უცნობია. ნეემიას 3:16-სა და 2 მატიანის 32:33-ში მოხსენიებული ფრაზების („დავითის სამარხი“ და „დავითის ძეთა სამარხებისკენ მიმავალი აღმართი“) საფუძველზე ზოგმა დაასკვნა, რომ ისინი სავარაუდოდ ქალაქის სამხრ.-აღმ-ით მდებარე გორაკზე, კედრონის ხევთან ახლოს მდებარეობდა. ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს კლდეში გამოკვეთილი ძველი სამარხების მსგავსი ოთახები, რომელთა შესასვლელები მართკუთხა ფორმის შახტებს ჰგავდა. თუმცა შეუძლებელია დანამდვილებით რაიმეს თქმა, რადგან ქალაქი ორჯერ, ახ. წ. 70 წელსა და 135 წელს განადგურდა, თანაც მის სამხრეთ ნაწილში რომაელებს ქვის სამტეხლო ჰქონდათ. ასე რომ, ზემოხსენებული სამარხები დღეს თითქმის განადგურებულია.
„მეფეთა სამარხი“ ეწოდება თანამედროვე იერუსალიმის ჩრდ-ით მდებარე დედოფალ ელენე ადიაბენელის მავზოლეუმს, რამაც შეიძლება ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს. სინამდვილეში ეს მავზოლეუმი ახ. წ. პირველ საუკუნეშია აგებული და ბიბლიაში მოხსენიებულ მეფეთა სამარხში არ უნდა აგვერიოს.
„თავიანთი მეფეების გვამები“. ეზეკიელის 43:7—9-ში იეჰოვამ მსჯავრი დასდო ისრაელის სახლსა და მათ მეფეებს, რადგან „თავიანთი გარყვნილებითა და თავიანთი მეფეების გვამებით“ შებღალეს მისი წმინდა სახელი, და უთხრა: „ახლა მომაშორონ თავიანთი გარყვნილება და თავიანთი მეფეების გვამები, და მეც მარადიულად დავმკვიდრდები მათ შორის“. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ეს სიტყვები მიანიშნებს იუდეველთა დანაშაულზე, რომ ზოგიერთი მეფე მათ ტაძართან ახლოს დამარხეს. დაახლოებით 20 ებრაულ ხელნაწერსა და გამოცემაში, აგრეთვე თარგუმში ამავე თავის მე-7 მუხლის ბოლოს წერია: „როცა დაიხოცებიან“. თუმცა მასორეტულ ტექსტში ნათქვამია: „თავიანთ მაღლობებზე“, სეპტუაგინტაში კი — „მათ შორის“.
იმ შემთხვევაშიც, თუ ფრაზა „როცა დაიხოცებიან“ სწორი თარგმანია, ეს არ იძლევა იმის დაჯერების მტკიცე საფუძველს, რომ იუდას რომელიმე მეფე ტაძართან ახლოს დამარხეს. კანონის თანახმად, ცხედარი უწმინდური იყო, ამიტომ ტაძართან ახლოს ვინმეს დამარხვა ღვთის აშკარა შეურაცხყოფა იქნებოდა. მაგრამ ტაძრის სიწმინდის ასეთ უხეშ და აშკარა შებღალვაზე მეფეთა ისტორიულ ჩანაწერებში მინიშნებაც კი არ არის გაკეთებული. იმ მეფეებს, რომლებსაც „მეფეთა სამარხში“ ან „დავითის ძეთა სამარხში“ დამარხვის ღირსად არ თვლიდნენ, უფრო საპატიო ადგილას არ დამარხავდნენ, მაგალითად, ტაძართან ახლოს. პირიქით, მათ არცთუ ისე საპატიო და ცნობილ ადგილას მარხავდნენ.
ეზეკიელის 43:7—9 მუხლების უფრო დეტალურ გამოკვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იქ კერპთაყვანისმცემლობაზეა საუბარი. როგორც „გარყვნილება“ გამოიყენება გადატანით მნიშვნელობით, ისე ფრაზას „თავიანთი მეფეების გვამები“ გადატანითი მნიშვნელობა აქვს და მიუთითებს იმ უსიცოცხლო კერპებზე, რომლებსაც ისრაელის სახლი და მათი მმართველები სცემდნენ თაყვანს. ლევიანების 26:30-ში იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, თუ როგორ მოექცეოდა მათ ურჩობის შემთხვევაში: „გავანადგურებ თქვენს წმინდა მაღლობებს და დავამხობ თქვენს სასაკმევლეებს, თქვენს გვამებს კი თქვენი ნეხვიანი კერპების ნამსხვრევებზე [სიტყვასიტყვით, გვამებზე] დავყრი“ (შდრ. იერ. 16:18; ეზკ. 6:4—6). ეზეკიელის წიგნიდან ვიგებთ, რომ ასეთი კერპები იდგა ტაძრის ტერიტორიაზე (ეზკ. 8:5—17). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კერპებიდან ზოგს მეფეს უწოდებდნენ. მაგალითად, სახელები „მოლექი“ (1მფ. 11:7), „მილქომი“ (1მფ. 11:5) და „მალქამი“ (იერ. 49:1) შეიცავს სიტყვა „მეფეს“. ჩრდილოეთი სამეფოს კერპებზე წინასწარმეტყველი ამოსი წერდა: „თქვენ ატარებთ თქვენს მეფე სიკუთსა და ქიუნს, ქანდაკებებს, თქვენ მიერ გაკეთებული ღვთაების ვარსკვლავს“ (ამ. 5:26). ამგვარად, საფუძვლიანი მიზეზები არსებობს, დავასკვნათ, რომ ზემოხსენებულ მუხლებში იგმობა კერპთაყვანისმცემლობა და არა მეფეების დამარხვით წმინდა ადგილის შებღალვა.