ქრისტიანი
ლათინიზებული ბერძნული სიტყვა ქრისტიანოს სამჯერ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ქრისტე იესოს მიმდევრების — ქრისტიანული იდეების მხარდამჭერების აღსანიშნავად (სქ. 11:26; 26:28; 1პტ. 4:16).
„მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად ანტიოქიაში [სირია] ეწოდათ ქრისტიანები“ (სქ. 11:26). კონტექსტში აღწერილი მოვლენებიდან გამომდინარე ამ სახელის გამოყენება შესაძლოა ახ. წ. 44 წლიდან დაიწყეს, თუმცა დედანში ამ წინადადების გრამატიკული წყობა მაინცდამაინც არ უკავშირდება მუხლის პირველ ნაწილს; ზოგი მიიჩნევს, რომ ეს მოგვიანებით მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, დაახლ. ახ. წ. 58 წლისთვის ქალაქ კესარეაში ეს სახელწოდება უკვე ბევრისთვის, თვით სახელმწიფო მოხელეებისთვისაც ცნობილი იყო, რადგან ამ პერიოდში უთხრა მეფე ჰეროდე აგრიპა II-მ პავლეს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (სქ. 26:28).
ბიბლიის მწერლები თანამორწმუნეებს, იგივე ქრისტეს მიმდევრებს, მოიხსენიებენ „უფლის მორწმუნეებად“, „ძმებად“, „მოწაფეებად“ (სქ. 5:14; 6:3; 15:10), „რჩეულებად“, „ერთგულებად“ (კლ. 3:12; 1ტმ. 4:12), „ღვთის მონებად“, „ქრისტე იესოს მონებად“ (რმ. 6:22; ფლ. 1:1), „წმინდებად“, „ღვთის კრებად“, იმად, „ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს“ (სქ. 9:13; 20:28; 1კრ. 1:2; 2ტმ. 2:22). მოძღვრებასთან დაკავშირებულ ამ წოდებებს ძირითადად კრების შიგნით იყენებდნენ. გარეშეები ქრისტიანობას „გზას“ უწოდებდნენ (სქ. 9:2; 19:9, 23; 22:4), ხოლო მოწინააღმდეგეები — „ნაზარეთელთა სექტას“ ან უბრალოდ „სექტას“ (სქ. 24:5; 28:22).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტეს მიმდევრები ქრისტიანების სახელით პირველად სირიის ანტიოქიაში გახდნენ ცნობილი. იესოს მიმდევრებს „ქრისტიანებს“ (ბერძ.) ანუ „მესიანელებს“ (ებრ.) პირველად ებრაელები ვერ უწოდებდნენ, რადგან ეს უკანასკნელნი არ აღიარებდნენ იესოს, როგორც მესიას ანუ ქრისტეს. ამ წოდებით მათი მოხსენიება იესოს ცხებულად ანუ ქრისტედ აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ზოგის აზრით, იესოს მიმდევრებს „ქრისტიანებს“ დაცინვითა და ზიზღით წარმართები ეძახდნენ, მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ იესოს მიმდევრებს ქრისტიანები ღვთის ნებით ეწოდათ: „მოწაფეებს ღვთის განგებით ... ეწოდათ ქრისტიანები“ (სქ. 11:26).
საქმეების 11:26-ში გამოყენებული ბერძნული ზმნა ქრემატიზო ბიბლიის თარგმანების უმეტესობაში ითარგმნა როგორც „ეწოდათ“. მაგრამ ზოგიერთი თარგმანიდან ის აზრი იკვეთება, რომ იესოს მიმდევრებისთვის სახელის არჩევა ღვთის ჩარევით მოხდა. ამ თარგმანებს განეკუთვნება „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, „იანგის სიტყვასიტყვითი თარგმანი“ და „გამარტივებული ინგლისური ბიბლია“. „იანგის“ თარგმანში ვკითხულობთ: „პირველად იქვე ანტიოქიაში უწოდა ღმერთმა მოწაფეებს ქრისტიანები“.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ქრემატიზო ყოველთვის რაღაც ზებუნებრივთან, წინასწარმეტყველურთან და ღვთიურთან ასოცირდება. სტრონგის ბიბლიური სიმფონიის ბერძნული ლექსიკონი ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: „ორაკულის წარმოთქმა ... სახელდობრ, ღვთის მიერ გაცხადება“ (Exhaustive Concordance of the Bible, 1890, გვ. 78). ედუარდ რობინსონის ლექსიკონი ამ სიტყვას ასეთ განმარტებას აძლევს: „ღვთის პასუხი, ორაკული, განაცხადი, წინასწარმეტყველება და ღვთის გაფრთხილება“ (Greek and English Lexicon, 1885, გვ. 786). თეიერის ლექსიკონის თანახმად, ეს არის „ბრძანება ან მითითება ღვთისგან, ზეციდან სწავლება ... ღვთისგან ბრძანების, მითითების, რჩევის მიღება ... ღვთიური გამოცხადების, ბრძანებების გაცხადება“ (Greek-English Lexicon of the New Testament, 1889, გვ. 671). ტომას სკოტი თავის ნაშრომში ამ მუხლის შესახებ წერს: «ამ სიტყვით ის აზრია გადმოცემული, რომ ეს ღვთიური გამოცხადებით მოხდა; „ახალ აღთქმაში“ ეს სიტყვა ჩვეულებრივ ამ დატვირთვით არის გამოყენებული და ხშირად ითარგმნება როგორც „ღვთისგან მომდინარე გაფრთხილება“ ან „ღვთისაგან გაფრთხილებული“, და ეს მაშინაც, როცა ბერძნულში სიტყვა ღმერთი არ დგას» (Explanatory Notes, 1832, ტ. III, გვ. 419). საქმეების 11:26-ის შესახებ ადამ კლარკი შემდეგ კომენტარს აკეთებს: «სიტყვა [ქრემატისე ] ჩვენს ტექსტში, რომელიც ვთარგმნეთ როგორც „ეწოდათ“, ახალ აღთქმაში ნიშნავს დანიშვნას, გაფრთხილებას ან დადგენას ღვთის მითითებით. სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა მათ. ii. 12-ში ... ასე რომ, თუ ეს სახელწოდება მათ ღვთისგან მიიღეს, სავარაუდოდ, ეს სავლესა და ბარნაბას მეშვეობით მოხდებოდა; აქედან გამომდინარე, სახელწოდება ქრისტიანი ღვთისგან უნდა იყოს» (მუხლები, რომლებშიც ეს ზმნა გვხვდება: მთ. 2:12, 22; ლკ. 2:26; სქ. 10:22; რმ. 7:3, Int; ებ. 8:5; 11:7; 12:25).
წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ იესო ქრისტე არის თავის ცხებულ მიმდევართა ნეფე, თავი და ქმარი (2კრ. 11:2; ეფ. 5:23). ქრისტეს „პატარძლის“ კლასმა, იმ ცოლის მსგავსად, რომელიც სიამოვნებით გადადის ქმრის გვარზე, დიდი სიხარულით მიიღო სახელი, რომელიც აჩვენებს, რომ ის ქრისტეს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, პირველ საუკუნეში ხალხი ქრისტიანებს იუდეველებისგან გამოარჩევდა არა მხოლოდ საქმიანობით, არამედ სახელითაც; ეს იყო ხალხის მზარდი ჯგუფი, რომელშიც არ იყო არც იუდეველი და არც ბერძენი, არამედ ყველას ერთი თავი და ხელმძღვანელი, იესო ქრისტე ჰყავდა (გლ. 3:26—28; კლ. 3:11).
რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი? იესომ თავისი მიმდევრობის მსურველთ მოუწოდა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მთ. 16:24). ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ იესო ქრისტე არის ღვთის ცხებული, მხოლოდშობილი ძე და აღთქმული შთამომავალი, რომელმაც თავისი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაიღო, აღდგა, იეჰოვას მარჯვნივ დაჯდა და მიიღო ძალაუფლება თავისი მტრების დასამორჩილებლად და იეჰოვას უზენაესობის დასამტკიცებლად (მთ. 20:28; ლკ. 24:46; ინ. 3:16; გლ. 3:16; ფლ. 2:9—11; ებ. 10:12, 13). ქრისტიანები ბიბლიას ღვთის შთაგონებულ სიტყვად მიიჩნევენ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, რომელიც სასარგებლოა სასწავლებლად და აღსაზრდელად (ინ. 17:17; 2ტმ. 3:16; 2პტ. 1:21).
რწმენის გარდა ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან რწმენის დამამტკიცებელი საქმეებიც მოითხოვება (რმ. 10:10; იაკ. 2:17, 26). ვინაიდან დაბადებიდან ცოდვილნი არიან, ისინი, ვინც ქრისტიანობას ეზიარებიან, ინანიებენ, ღვთისკენ ბრუნდებიან და იეჰოვას უძღვნიან სიცოცხლეს, რათა მას სცენ თაყვანი და ემსახურონ, ხოლო შემდეგ წყალში ინათლებიან (მთ. 28:19; სქ. 2:38; 3:19). ისინი ერიდებიან სიძვას, კერპთაყვანისმცემლობასა და სისხლს (სქ. 15:20, 29), იხდიან ძველ პიროვნებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია რისხვა, უწმაწური სიტყვები, სიცრუე, ქურდობა და „მსგავსი საქმეები“. ისინი ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობენ (გლ. 5:19—21; 1კრ. 6:9—11; ეფ. 4:17—24; კლ. 3:5—10). პეტრე ქრისტიანებს სწერდა: „ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს“ (1პტ. 4:15). ქრისტიანები უნდა ავლენდნენ სიკეთეს, თანაგრძნობას, რბილ ხასიათს, სულგრძელობასა და თავშეკავებას (გლ. 5:22, 23; კლ. 3:12—14). ისინი ზრუნავენ თავისიანებზე და მოყვასი საკუთარი თავივით უყვართ (1ტმ. 5:8; გლ. 6:10; მთ. 22:36—40; რმ. 13:8—10). ჭეშმარიტი ქრისტიანები ცნობილნი არიან ერთმანეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (ინ. 13:34, 35; 15:12, 13).
ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ იესოს, როგორც დიდებულ მასწავლებელსა და იეჰოვას ერთგულ მოწმეს (ინ. 18:37; გმც. 1:5; 3:14). იესომ, როგორც წინამძღოლმა, თავის მიმდევრებს შემდეგი მითითება მისცა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მთ. 28:19, 20). ამ მითითების შესასრულებლად ქრისტიანები ქადაგებენ „სახალხოდ და კარდაკარ“, ყველას მოუწოდებენ, რომ გამოვიდნენ დიდი ბაბილონიდან და იმედი ღვთის სამეფოზე დაამყარონ (სქ. 5:42; 20:20, 21; გმც. 18:2—4). მართალია, ეს ცნობა სასიხარულოა, მაგრამ მის გაცხადებას ქრისტიანების სასტიკი დევნა და ტანჯვა მოჰყვება, რაც იესო ქრისტემაც გამოსცადა საკუთარ თავზე. იესოს მისი მიმდევრები არაფრით აღემატებიან; ისინი მასავით დევნილნი არიან (მთ. 10:24, 25; 16:21; 24:9; ინ. 15:20; 2ტმ. 3:12; 1პტ. 2:21). პეტრემ თანამორწმუნეებს ურჩია: „თუ [ვინმეს] ისე მოუწევს ტანჯვა როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს, არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით“ (1პტ. 4:16). ქრისტიანები „კეისარს“, ანუ უმაღლეს ხელისუფალთ, იმას აძლევენ, რაც მათ ეკუთვნით, კერძოდ, პატივს, გადასახადს და ა.შ., თუმცა ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი რჩებიან (მთ. 22:21; ინ. 17:16; რმ. 13:1—7) და ქვეყნიერებასაც სწორედ ამიტომ სძულს ისინი (ინ. 15:19; 18:36; 1პტ. 4:3, 4; იაკ. 4:4; 1ინ. 2:15—17).
სავსებით გასაგებია, თუ რატომ მიიქცია პირველ საუკუნეში ხალხის ყურადღება ასეთი მაღალი ზნეობისა და პატიოსნების მქონე ადამიანთა ჯგუფმა, რომლებიც ამავდროულად მგზნებარე ენთუზიაზმითა და გაბედულებით გადასცემდნენ ხალხს ამაღელვებელ ცნობას. მაგალითად, პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ეს ცნობა ელვის სისწრაფით გავრცელდა პისიდიის ანტიოქიაში, იკონიონში, ლისტრაში, დერბესა და პერგეში, ხოლო მეორე მოგზაურობის დროს ფილიპეში, თესალონიკეში, ბერეაში, ათენსა და კორინთში. პავლეს ქადაგების შედეგად ზოგმა მიიღო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, ზოგმა — არა (სქ. 13:14—14:26; 16:11—18:17). ათასობით ადამიანმა მიატოვა ცრუ თაყვანისმცემლობა, მთელი გულით მიიღო ქრისტიანობა და ქრისტე იესოსა და მოციქულების მსგავსად შეუდგა ენთუზიაზმით ქადაგებას, თუმცა ამის გამო ისინი სიძულვილისა და დევნის სამიზნეები გახდნენ, უმთავრესად ცრუ რელიგიური წინამძღოლებისა და დეზინფორმირებული პოლიტიკური მმართველების მხრიდან. მათ მეთაურსა და მშვიდობის მთავარს, ქრისტე იესოს, ბრალი დასდეს ამბოხებაში და სიკვდილით დასაჯეს. მშვიდობისმოყვარე ქრისტიანებს ადანაშაულებდნენ ქალაქში არეულობის შემოტანასა და ქვეყნის ყირაზე დაყენებაში; მათზე ამბობდნენ, რომ ყველგან მათ წინააღმდეგ ლაპარაკობდნენ (სქ. 16:20; 17:6; 28:22). იმ დროისთვის, როცა პეტრემ თავისი პირველი წერილი დაწერა (დაახლ. ახ. წ. 62—64), ქრისტიანების საქმიანობა კარგად იყო ცნობილი „პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში“ (1პტ. 1:1).
არაქრისტიანთა მოწმობა. წარმართულ მსოფლიოში ქრისტიანების არსებობაზე და მათ გავლენაზე პირველ და მეორე საუკუნეებში მოღვაწე მწერლებიც წერდნენ. მაგალითად, ახ. წ. 55 წელს დაბადებული რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გვიამბობს იმ მითქმა-მოთქმის შესახებ, რომელიც ნერონის მიერ რომის (ახ. წ. 64) გადაწვას ეხებოდა. იგი წერს: „მითქმა-მოთქმისთვის ბოლო რომ მოეღო, ნერონმა თავისი დანაშაული გადააბრალა ერთ ჯგუფს და არნახული სისასტიკით დასაჯა მანკიერებათა გამო [ასეთებად მიიჩნევდნენ მათ რომაელები] ყველასგან მოძულებულნი და ქრისტიანებად წოდებულნი ... ჯერ იმათ აპატიმრებდნენ, ვინც აღიარებდა, რომ ამ სექტის მიმდევარი იყო; შემდეგ კი მათი ჩვენებების საფუძველზე სხვა მრავალსაც სდებდნენ ბრალს, არა იმდენად ხანძრის გაჩენაში, არამედ კაცთა მოდგმის სიძულვილში. მათ დამამცირებლად კლავდნენ — მხეცების ტყავს აცმევდნენ და ძაღლებს აგლეჯინებდნენ, ან ჯვარს აცვამდნენ და საღამო ხანს ცეცხლს უკიდებდნენ გასანათებლად“ (The Annals, XV, XLIV). სვეტონიუსი, კიდევ ერთი რომაელი ისტორიკოსი, რომელიც ახ. წ. პირველი საუკუნის ბოლოს დაიბადა, ნერონის მმართველობის დროს მომხდარი მოვლენების შესახებ მოგვითხრობს: „დაისაჯნენ ქრისტიანები, ახალი და მავნე ცრურწმენის მომხრეები“ („თორმეტი კეისრის ცხოვრება“ [წიგნი მეექვსე, ნერონი, 16 (2)], გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, თარგმანი მიხო მოსულიშვილისა, გამომცემლობა „პეგასი“, 2011).
იოსებ ფლავიუსი თავის ნაშრომში „იუდეველთა სიძველენი“ მოიხსენიებს იესოს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს და დასძენს: „დღემდე [დაახლ. ახ. წ. 93] არსებობენ ქრისტიანები, რომლებსაც ასე მისი სახელის მიხედვით ეწოდათ“ (XVIII, 64 [iii, 3]). ახ. წ. 111-112 წლებში ბითინიის გამგებელი პლინიუს უმცროსი, რომელიც ქრისტიანებს საფრთხედ აღიქვამდა, იმპერატორ ტრაიანეს სწერდა, თუ როგორ გაუსწორდა მათ და თან ეკითხებოდა, სწორად მოიქცა თუ არა. პლინიუსი წერდა: „პირადად ვეკითხებოდი, იყვნენ თუ არა ქრისტიანები“. ვინც აღიარებდა, ისჯებოდა, მაგრამ ზოგი ირწმუნებოდა, რომ „ქრისტიანი არ იყო და არც არასდროს ყოფილა“. სასჯელის შიშით ისინი არა მარტო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში იღებდნენ მონაწილეობას, არამედ „გმობდნენ ქრისტეს სახელს, რის გაკეთებასაც, რამდენადაც ვიცი, ნამდვილ ქრისტიანს ვერ აიძულებ“. საპასუხო წერილში ტრაიანემ შეაქო პლინიუსი მიღებული ზომებისთვის: „სწორად მოქცეულხარ ... რომ ასე გამოიძიე მათი საქმეები, ვისაც ქრისტიანობაში ედებოდა ბრალი“ (The Letters of Pliny, X, XCVI, 3, 5; XCVII, 1).
პირველი საუკუნის ქრისტიანებს არ ჰქონდათ ტაძრები, სამსხვერპლოები, არ იყენებდნენ ჯვრებს და არ ჰყავდათ სამღვდელო სამოსლით შემოსილი ტიტულოვანი სასულიერო პირები. პირველი ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ საერო დღესასწაულებს და არც სამხედრო სამსახურზე თანხმდებოდნენ. „ჩვენს ხელთ არსებული მასალების გულდასმით გამოკვლევამ ცხადყო, რომ მარკუს ავრელიუსის [რომის იმპერატორი ახ. წ. 161—180 წწ.] მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ გამხდარა ჯარისკაცი; და არც ერთი ჯარისკაცი გაქრისტიანების შემდეგ არ დარჩენილა სამხედრო სამსახურში“ (The Rise of Christianity, ე. ბარნზი, 1947, გვ. 333).
როგორც პლინიუსის წერილიდან გამოჩნდა, ქრისტიანად წოდებულთაგან ზოგი განსაცდელის დროს კომპრომისზე წავიდა. წინასწარმეტყველების თანახმად განდგომილების პირველმა ნიშნებმა თავი ჯერ კიდევ მოციქულთა სიკვდილამდე იჩინა (სქ. 20:29, 30; 2პტ. 2:1—3; 1ინ. 2:18, 19, 22). 300 წელიც არ იყო გასული, რომ „ხორბლის ყანაში“ სარეველა ანუ განდგომილი ანტიქრისტეები მომძლავრდნენ. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სასტიკი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (მას ბრალი ედებოდა სულ მცირე შვიდი ახლო ნათესავისა და მეგობრის მკვლელობაში) მეოხებით შეიქმნა ქრისტიანობის სახელით შენიღბული სახელმწიფო რელიგია.