ღმერთი
ვისაც ან რასაც თაყვანისმცემელი თავისზე ძლიერად მიიჩნევს და ეთაყვანება. ვინმესთვის შეიძლება საკუთარი მუცელიც გახდეს ღმერთი (რმ. 16:18; ფლ. 3:18, 19). ბიბლიაში მრავალი ღმერთია მოხსენიებული (ფს. 86:8; 1კრ. 8:5, 6), მაგრამ ისიც არის ნათქვამი, რომ ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია (ფს. 96:5; იხ. ღმერთები და ქალღმერთები).
ებრაული სიტყვები. „ღმერთად“ ნათარგმნი ერთ-ერთი ებრაული სიტყვაა ʼელ, რომელიც შესაძლოა ძლიერს ნიშნავს (დბ. 14:18). ის გამოიყენება იეჰოვას, სხვა ღმერთებისა და ადამიანების მიმართ. ეს სიტყვა ხშირად გვხვდება საკუთარ სახელებშიც, მაგალითად, ელისე (ნიშნავს „ღმერთია ხსნა“) და მიქაელი („ვინ არის ღვთის მსგავსი?“). ზოგ ადგილას ʼელ გვხვდება განსაზღვრული არტიკლით (ჰა ʼელ). ამ შემთხვევაში ყოველთვის იეჰოვა იგულისხმება და არა სხვა რომელიმე ღმერთი (დბ. 46:3; 2სმ. 22:31; იხ. აქ დანართი, გვ. 1745).
ესაიას 9:6-ში იესო ქრისტეს წინასწარმეტყველურად ეწოდება ʼელ გიბბორ („ძლიერი ღმერთი“) და არა ʼელ შადდაი („ყოვლისშემძლე ღმერთი“), რომელიც დაბადების 17:1-ში იეჰოვას მიმართ გამოიყენება.
მრავლობითი ფორმა ʼელიმ გამოიყენება სხვა ღმერთების აღსანიშნავად, მაგალითად გამოსვლის 15:11-ში („ღმერთები“). ფსალმუნის 89:6-ში ეს სიტყვა მრ. რ-ში აღმატებულობისა და სიდიადის აღსანიშნავად გამოიყენება: „ვინ შეედრება იეჰოვას ღვთის ძეებს [ბივენე ʼელიმ] შორის?“. ამ თუ სხვა შემთხვევებში მრ. რ-ში გამოყენებული ეს სიტყვა ერთ პიროვნებაზე მიუთითებს, რასაც მხარს უჭერს ბერძნული სეპტუაგინტა, რომელშიც ʼელიმ ნათარგმნია მხ. რ-ში მდგარი სიტყვით თეოს. მსგავსადვე, ლათინურ ვულგატაში გამოყენებულია სიტყვა დეუს.
ებრაული სიტყვა ʼელოჰიმ (ღმერთები), როგორც ჩანს, ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს „იყო ძლიერი“. ʼელოჰიმ ʼელოაჰის (ღმერთი) მრ. ფორმაა. მრ. რ-ში მდგარ ამ სიტყვაში ზოგჯერ მრავალი ღმერთი იგულისხმება (დბ. 31:30, 32; 35:2), მაგრამ უფრო ხშირად დიდებულების, აღმატებულობისა და სიდიადის ხაზგასასმელად გამოიყენება. ʼელოჰიმ ბიბლიაში გამოიყენება იეჰოვას, ანგელოზების, წარმართული ღვთაებების (მხ-ში ან მრ-ში) და ადამიანების მიმართ.
იეჰოვას მიმართ გამოყენებული ʼელოჰიმ დიდებულების, აღმატებულობისა და სიდიადის აზრს ატარებს (დბ. 1:1). ამასთან დაკავშირებით აარონ ემბერი აღნიშნავს: «ძ[ველი] ა[ღთქმის] ენა მთლიანად გამორიცხავს სიმრავლის იდეას ... სიტყვაში [ელოჰიმ] (როცა ეს ისრაელის ღმერთს ეხება), რაც მკაფიოდ ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ეს სიტყვა შემასმენლად თითქმის ყოველთვის მოითხოვს ზმნას მხ. რ-ში და განსაზღვრებად — ზედსართავ სახელს მხ. რ-ში ... [ელოჰიმ] უფრო აზრის გამაძლიერებელი მრ. რ-ის მაჩვენებელია, რაც დიდებულებასა და სიდიადეზე მეტყველებს და ამგვარად, შეეფერება დიდებულ ღმერთს“ (The American Journal of Semitic Languages and Literatures, ტ. XXI, 1905, გვ. 208).
წოდება ʼელოჰიმ იეჰოვას, როგორც შემოქმედის, ძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს სიტყვა 35-ჯერ გვხვდება ბიბლიის იმ ნაწილში, რომელშიც შემოქმედებაზეა საუბარი. ამ მონაკვეთში ღვთის სიტყვებისა და საქმეების აღსაწერად გამოყენებული ზმნები ყოველთვის მხ. რ-ში დგას (დბ. 1:1—2:4). სწორედ ღმერთია უსაზღვრო ძალის წყარო.
ფსალმუნის 8:5-ში სიტყვა ʼელოჰიმ ანგელოზების შემთხვევაშიც გამოიყენება, რასაც ადასტურებს პავლეს მიერ ებრაელების 2:6—8-ში მოყვანილი ციტატა. დაბადების 6:2, 4-ში, იობის 1:6-სა და 2:1-ში მათ მიმართ გამოყენებულია ფრაზა ბენე ჰა ʼელოჰიმ — „ღვთის შვილები“ (ბსგ), „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ (აქ). კელერისა და ბაუმგარტნერის ლექსიკონი (Lexicon in Veteris Testamenti Libros, 1958, გვ. 134) ამ ფრაზას ასე ხსნის: „(ცალკეული) ღვთაებრივი არსებები, ღმერთები“. იმავე ლექსიკონში 51-ე გვერდზე ნათქვამია: „(ცალკეული) ღმერთები“ და ციტირებულია დაბადების 6:2; იობის 1:6; 2:1 და 38:7. ამგვარად, ფსალმუნის 8:5-ში ʼელოჰიმ ნათარგმნია როგორც „ანგელოზები“ (სსგ, LXX) და „ღვთის მსგავსები“ (აქ).
სიტყვა ʼელოჰიმ წარმართული ღვთაებების მიმართაც გამოიყენება. მრ. რ-ში მდგარი ეს სიტყვა ზოგჯერ უბრალოდ ღმერთებს აღნიშნავს (გმ. 12:12; 20:23). სხვა შემთხვევებში მრ. რ. აღმატებულობას გამოხატავს და მხოლოდ ერთი ღმერთის (ან ქალღმერთის) მიმართ გამოიყენება. ფაქტია, ეს ღმერთები, მაგალითად, დაგონი (1სმ. 5:7ბ), ქალღმერთი აშთორეთი (1მფ. 11:5) და მარდუქი (დნ. 1:2ბ), სამერთიანნი არ ყოფილან.
ფსალმუნის 82:1, 6–ში სიტყვაში ʼელოჰიმ ადამიანები, კერძოდ, ისრაელის მსაჯულები იგულისხმება. იოანეს 10:34, 35–ში ჩაწერილ სიტყვებს იესო ამ ფსალმუნიდან ციტირებდა. ისინი იეჰოვას წარმომადგენლები და მისი სიტყვის გადამცემები იყვნენ. ამიტომაც ეწოდებათ მათ ღმერთები. მსგავსადვე, ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ ის აარონისა და ფარაონისთვის „ღმერთი“ იქნებოდა (გმ. 4:16; 7:1).
ბიბლიაში სიტყვას ʼელოჰიმ მრავალ ადგილას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი ჰა (დბ. 5:22). ჰა ʼელოჰიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ფ. ცორელი წერდა: «წმინდა წერილებში ეს სიტყვა, ძირითადად, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე, იაჰვეზე, მიუთითებს ... „იაჰვე [ერთადერთი ჭეშმარიტი] ღმერთია“ (კნ. 4:35; 4:39; იეს. 22:34; 2სმ. 7:28; 1მფ. 8:60 და ა.შ.)» (Lexicon Hebraicum Veteris Testamenti, რომი, 1984, გვ. 54; კვადრატული ფრჩხილები ავტორისაა).
ბერძნული სიტყვა. სეპტუაგინტაში ʼელისა და ʼელოჰიმის ბერძნული ეკვივალენტია თეოს. ღმერთის აღსანიშნავად იგივე ბერძნული სიტყვაა გამოყენებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც.
ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა. ჭეშმარიტ ღმერთს აქვს სახელი — იეჰოვა (კნ. 6:4; ფს. 83:18). ის ღმერთია, რადგან შემოქმედია (დბ. 1:1; გმც. 4:11). ჭეშმარიტი ღმერთი რეალური პიროვნებაა (ინ. 7:28; სქ. 3:19; ებ. 9:24) და არა ცოცხალი კანონმდებლის გარეშე მოქმედი ბუნების კანონი, ქაოსური ძალა, რომელიც მთელი რიგი შემთხვევითი მოვლენების წყალობით წარმოშობს რაიმეს. ენციკლოპედია „ამერიკანაში“ (1956 წლის გამოცემა, ტ. XII, გვ. 743), სტატიაში „ღმერთი“ ნათქვამია: „ქრისტიანობაში, ისლამსა თუ იუდაიზმში ღმერთი უზენაესი არსებაა, პირველმიზეზი, რომელიც თანამედროვე გაგებით არის სულიერი, თვითმყოფადი, მარადიული, აბსოლუტურად თავისუფალი, ყოვლისშემძლე და განსხვავებული იმ ყველაფრისგან, რაც მან სხვადასხვა ფორმით შექმნა და რასაც ის სიცოცხლეს უნარჩუნებს და აკონტროლებს. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი დრო, როცა ადამიანს არ სწამდა ზებუნებრივი ავტორისა და სამყაროს გამგებლის“.
„ცოცხალი ღვთის“ არსებობის დამადასტურებელი მტკიცებები. ღვთის არსებობას მიკროსკოპულ თუ მაკროსკოპულ სამყაროში არსებული წესრიგი, ენერგია და სირთულე, აგრეთვე საუკუნეების განმავლობაში ადამიანებთან ღვთის ურთიერთობა ადასტურებს. იქიდან, რასაც შეიძლება „ღვთიური შემოქმედების წიგნი“ ვუწოდოთ, მეცნიერებმა ბევრი რამ ისწავლეს. ჩვეულებრივ, წიგნიდან ვერავინ ვერაფერს ისწავლის, თუ მისი ავტორი არ მოემზადა და მასში გონივრული აზრი არ ჩადო.
ხალხთა უსიცოცხლო ღმერთებისგან განსხვავებით იეჰოვა „ცოცხალი ღმერთია“ (იერ. 10:10; 2კრ. 6:16). ირგვლივ ყველაფერი მის შემოქმედებასა და დიდებაზე მოწმობს. „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს“ (ფს. 19:1). ადამიანებს არა აქვთ ღვთის უარყოფის მიზეზი და თუ მაინც უარყოფენ ღმერთს, თავს ვერაფრით გაიმართლებენ, რადგან „ცხადია ყველაფერი, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდე, რადგან ეს მათ ღმერთმა გაუცხადა. მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რმ. 1:18—20).
ბიბლიაში იეჰოვა ღმერთი აღწერილია როგორც მარადარსებული (ფს. 90:2, 4; გმც. 10:6), მარადიულობის მეფე, უხრწნელი, უხილავი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (1ტმ. 1:17). მასზე უწინ არც ერთ ღმერთს არ უარსებია (ეს. 43:10, 11).
განუზომელი, მაგრამ არა მიუწვდომელი. ჭეშმარიტი ღმერთი განუზომელია და ადამიანის გონებისთვის ბოლომდე ჩაუწვდომელი. ქმნილება ვერასდროს გახდება თავისი შემოქმედის თანასწორი და ბოლომდე ვერასდროს ჩასწვდება მის აზროვნებას (რმ. 11:33—36). მაგრამ მისი პოვნა და მასთან დაახლოება შესაძლებელია. თავის თაყვანისმცემლებს ღმერთი არაფერს აკლებს მათივე კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის (სქ. 17:26, 27; ფს. 145:16). მას არათუ სურს, არამედ ყოველთვის მზად არის, თავის ქმნილებებს კარგი ძღვენი უბოძოს, როგორც წერია კიდეც: „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის, რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17). იეჰოვა ყოველთვის თავისი დადგენილი სიმართლის თანახმად მოქმედებს და ყველაფერს კანონიერად აკეთებს (რმ. 3:4, 23—26). ღვთის ქმნილებებს შეუძლიათ, სრული ნდობა გამოუცხადონ მას, რადგან ის ზედმიწევნით იცავს თავის დადგენილ პრინციპებს. ის არ იცვლება (მლ. 3:6) და არ ცვლის თავის პოზიციას, როცა საქმე პრინციპების გამოყენებას ეხება. ღმერთი მიუკერძოებელია (კნ. 10:17, 18; რმ. 2:11) და შეუძლებელია, რომ მან იცრუოს (რც. 23:16, 19; ტიტ. 1:1, 2; ებ. 6:17, 18.
ღვთის თვისებები. ჭეშმარიტი ღმერთი ყველგან არსებული არ არის, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას აქვს თავისი სამკვიდრო (1მფ. 8:49; ინ. 16:28; ებ. 9:24). მისი ტახტი ზეცაშია (ეს. 66:1). მისი ძალა განუზომელია, ის ყოვლისშემძლე ღმერთია (დბ. 17:1; გმც. 16:14). „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე“ და ის „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს“ (ებ. 4:13; ეს. 46:10, 11; 1სმ. 2:3). მისი ძალა და ცოდნა ყოვლისმომცველია, სამყაროს ყოველ კუთხე–კუნჭულს სწვდება (2მტ. 16:9; ფს. 139:7—12; ამ. 9:2—4).
ჭეშმარიტ ღმერთს სულიერი სხეული აქვს და არა ხორციელი (ინ. 4:24; 2კრ. 3:17), თუმცა ზოგჯერ თავის შესაძლებლობებს ადამიანის შესაძლებლობებს ადარებს. მაგალითად, ის მოიხსენიებს თავის „მკლავს“ (გმ. 6:6), „თვალებსა“ და „ყურებს“ (ფს. 34:15). ვინაიდან ადამიანს თავად მისცა თვალიცა და ყურიც, ხედავს და ესმის კიდეც (ფს. 94:9).
ღვთის ძირითადი თვისებებია: სიყვარული (1ინ. 4:8), სიბრძნე (იგ. 2:6; რმ. 11:33), სამართლიანობა (კნ. 32:4; ლკ. 18:7, 8) და ძალა (იობ. 37:23; ლკ. 1:35). ის არის წესრიგისა და მშვიდობის ღმერთი (1კრ. 14:33). ის ყოვლადწმიდა და სპეტაკი (ეს. 6:3; აბკ. 1:13; გმც. 4:8), ბედნიერი (1ტმ. 1:11) და მწყალობელია (გმ. 34:6; ლკ. 6:36). ბიბლია მის სხვა მრავალ თვისებასაც გვიმხელს.
მისი მდგომარეობა. იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველი და მარადიულობის მეფეა (ფს. 68:20; დნ. 4:25, 35; სქ. 4:24; 1ტმ. 1:17). მისი ტახტი ყველაზე აღმატებულია (ეზკ. 1:4—28; დნ. 7:9—14; გმც. 4:1—8). ის დიადი (ებ. 1:3; 8:1) და დიდებული ღმერთია (1სმ. 4:8; ეს. 33:21), ის არის სიცოცხლის წყარო (იობ. 33:4; ფს. 36:9; სქ. 17:24, 25).
მისი სიმართლე და დიდება. ჭეშმარიტი ღმერთი მართალი (ფს. 7:9), დიდებული ღმერთია (ფს. 29:3; სქ. 7:2). ის ყველაზე აღმატებულია (კნ. 33:26), დიდებულებით, ძალით (ფს. 93:1; 68:34), ღირსებითა და ბრწყინვალებით არის მოსილი (ფს. 104:1; 1მტ. 16:27; იობ. 37:22; ფს. 8:1). „ღირსებითა და სიდიადით მოქმედებს იგი“ (ფს. 111:3). მისი მეფობა დიდებულია (ფს. 145:11, 12).
მისი განზრახვა. ღმერთს აქვს განზრახვა, რომელსაც ის აუცილებლად შეასრულებს და ამას ვერაფერი დაუდგება წინ (ეს. 46:10; 55:8—11). როგორც ეფესოელების 1:9, 10–დან ვიგებთ, მისი განზრახვაა, „კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“. იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთსა და მის ყველა გონიერ ქმნილებას შორის ჰარმონიული ურთიერთობა აღდგება (შდრ. მთ. 6:9, 10).იეჰოვამდე არავის უარსებია, წელთა რიცხვით მას ვერავინ შეედრება (ეს. 44:6). როგორც შემოქმედი, ის ყველა სხვა ღმერთზე უწინ არსებობდა. მის შემდეგაც ვერ იარსებებს რომელიმე ღმერთი, რადგან ხალხი ვერასდროს შექმნის ნამდვილ, ცოცხალ ღმერთს, რომელსაც ექნება წინასწარმეტყველების უნარი (ეს. 43:10; 46:9, 10). ღმერთს ეწოდება ალფა და ომეგა (გმც. 22:13), მხოლოდ ის არის ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთი. ის გადაჭრის ღვთაებრიობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს და ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს, რომ ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთია (გმც. 1:8; 21:5, 6). მას არასდროს ავიწყდება თავისი განზრახვები და შეთანხმებები და არც ხელს იღებს მათზე. აქედან გამომდინარე, ის სანდო და სიტყვის ერთგული ღმერთია (ფს. 105:8).
ღმერთი, რომელიც თავს გვაცნობს და განზრახვებს გვიცხადებს. ღმერთს ძალიან უყვარს თავისი ქმნილებები, ამიტომ მათ არაერთ შესაძლებლობას აძლევს, რომ გაიცნონ ის და გაიგონ მისი განზრახვები. ადამიანებმა სამჯერ მოისმინეს ღვთის ხმა (მთ. 3:17; 17:5; ინ. 12:28). ის მათ ანგელოზებისა (ლკ. 2:9—12; სქ. 7:52, 53) და იმ მამაკაცების მეშვეობით უკავშირდებოდა, რომლებსაც ეცხადებოდა და მითითებებს აძლევდა. მათ შორის იყვნენ მოსე და, რა თქმა უნდა, ღვთის ძე, იესო ქრისტე (ებ. 1:1, 2; გმც. 1:1). ღმერთი თავისი წერილობითი სიტყვის მეშვეობით ურთიერთობს თავის ხალხთან. წმინდა წერილებით იეჰოვა სიცოცხლის გზისკენ მიუძღვის მათ და ეხმარება, რომ მისი მსახურებისთვის ყოველმხრივ მომზადებულები იყვნენ (2პტ. 1:19—21; 2ტმ. 3:16, 17; ინ. 17:3).
სხვა ხალხთა ღმერთებისგან განსხვავებული. ჭეშმარიტი ღვთის, დიდებული ციური სხეულების შემოქმედის, დიდებასა და ბრწყინვალებას ხორციელი ადამიანის თვალი ვერ გაუძლებს, რადგან „შეუძლებელია,ადამიანმა იხილოს ის [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“ (გმ. 33:20). მხოლოდ ანგელოზებს, სულიერ ქმნილებებს, აქვთ იმის უნარი, რომ პირდაპირი გაგებით იხილონ ღმერთი (მთ. 18:10; ლკ. 1:19). ამიტომ ის ადამიანებს უფრთხილდება და პირდაპირ არასდროს ეცხადება. სიკეთიდან გამომდინარე ის ხალხს თავის შესანიშნავ თვისებებს თავისი სიტყვის და მასში ჩაწერილი იესო ქრისტეს ცხოვრების მეშვეობით აცნობს (მთ. 11:27; ინ. 1:18; 14:9).
წიგნ „გამოცხადებაში“ ღმერთი წარმოდგენას გვიქმნის თავის გარემოცვაზე. იოანეს მიერ ხილვაში ნანახი ღვთის აღწერილობა გვეხმარება იმის წარმოსახვაში, თუ როგორ შეიძლება აღიქვას ადამიანის თვალმა ტახტზე მჯდომი ღმერთი. ღმერთი ადამიანს არ ჰგავდა, მას კაცთათვის არასდროს უჩვენებია თავისი გარეგნობა, რაც მოგვიანებით იოანემ თავად დაადასტურა: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (ინ. 1:18). ხილვაში იოანეს საუცხოო სანახაობა გადაეშალა თვალწინ — ღმერთი გაპრიალებული, მბზინავი, თვალწარმტაცი ძვირფასი ქვებივით ანათებდა. ის „შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა; ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“ (გმც. 4:3). ეს არაჩვეულებრივი სანახაობა ყველას გააოგნებდა. ღვთის ტახტი დიდებითა და სიმშვიდით იყო მოსილი. ზურმუხტის ცისარტყელა მნახველს გონებაში იმ სიმშვიდეს წარმოუსახავდა, რომელიც ქარიშხლის შემდეგ ისადგურებს (შდრ. დბ. 9:12—16).
რაოდენ განსხვავდება ჭეშმარიტი ღმერთი ხალხთა შემზარავი, მრისხანე, დაუნდობელი ღმერთებისგან, რომლებიც თავიანთ ახირებებს არიან აყოლილნი და მზად არიან, მიწიერი ქმნილებები „ჯოჯოხეთში“ აწამონ.
„განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“. «თუმცა არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ და მრავალი „უფალი“ — ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა» (1კრ. 8:5, 6). იეჰოვა ყოვლისშემძლე, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და სამართლიანად ითხოვს განსაკუთრებულ ერთგულებას (გმ. 20:5). ღვთის თაყვანისმცემლების საქმეებიდან უნდა ჩანდეს, რომ მათ გულში ვინმეს ან რამეს არ უკავია იეჰოვას ადგილი. ღმერთი მოითხოვს, რომ მისი მსახურები სულითა და ჭეშმარიტებით სცემდნენ მას თაყვანს (ინ. 4:24). მათ მხოლოდ მისდამი უნდა ჰქონდეთ მოკრძალებული შიში (ეს. 8:13; ებ. 12:28, 29).
ბიბლიაში ღმერთად წოდებულთა შორის არის იესო ქრისტეც, „მხოლოდშობილი ღმერთი“. მაგრამ მან თავად თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (ინ. 1:18; ლკ. 4:8 კნ. 10:20). მართალია, ანგელოზებსაც „ღვთის მსგავსები“ ეწოდებათ, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა იოანეს არ მისცა უფლება, მისთვის თაყვანი ეცა და უთხრა: „იცოდე, ამას ნუ იზამ!.. ღმერთს ეცი თაყვანი“ (ფს. 8:5; ებ. 2:7; გმც. 19:10). ბიბლია გავლენიან ებრაელ მამაკაცებს ღმერთებს უწოდებს (ფს. 82:1—7), მაგრამ ღმერთს ადამიანი ისე არ შეუქმნია, რომ თაყვანისცემის ობიექტი გამხდარიყო. როცა კორნელიუსი პეტრეს წინაშე დაემხო, მოციქულმა შემდეგი სიტყვებით შეაჩერა: „ადექი, მეც ადამიანი ვარ“ (სქ. 10:25, 26). ფაქტია, რომ ცრუღმერთები, რომლებიც ადამიანებმა ედემში ურჩობის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში შექმნეს, არ იმსახურებენ თაყვანისცემას. მოსეს კანონით იეჰოვას გარდა სხვა ღმერთების თაყვანისცემა მკაცრად იკრძალებოდა (გმ. 20:3—5). იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, მარადიულად არ შეიწყნარებს ცრუ, არაფრის მაქნისი ღმერთების მეტოქეობას (იერ. 10:10, 11).
ქრისტეს ათასწლიანი მეფობის შემდეგ, რომლის დროსაც ის ბოლოს მოუღებს ღვთის მოქიშპე ყველა ძალაუფლებასა და ძალას, თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (რმ. 8:33; 1კრ. 15:23—28). საბოლოო ჯამში, ყველა მოაზროვნე ცოცხალი არსება აღიარებს ღვთის უზენაესობას და მარადიულად შეასხამს ხოტბას მის სახელს (ფს. 150; ფლ. 2:9—11; გმც. 21:22—27; იხ. იეჰოვა).