უფლის სიხარულია ჩვენი სიმაგრე
„ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება [სიმაგრე, აქ]“ (ნეემია 8:10).
1, 2. ა) რა არის სიმაგრე? ბ) როგორ ცხადყო დავითმა, რომ თავი შეაფარა იეჰოვას?
იეჰოვა არის შეუდარებელი სიმაგრე. მაგრამ რა არის სიმაგრე? ეს არის გამაგრებული ადგილი, სადაც შეიძლება ჰპოვო თავშესაფარი ან გადარჩენა. ძველ ისრაელში მცხოვრები დავითი ღმერთს უყურებდა, როგორც თავის სიმაგრეს. მაგალითად, განიხილე გალობა, რომლითაც დავითმა მიმართა უზენაესს „იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი [მისი, აქ] მტრის ხელთაგან და საულის [ისრაელის მეფის], ხელთაგან“ (ფსალმუნი 17:1).
2 ეს ამაღელვებელი სიმღერა დავითმა ასეთი სიტყვებით დაიწყო: „შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, — ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო“ (ფსალმუნი 17:2, 3). როგორც პიროვნება გარბის გამაგრებული ადგილისკენ დიდი უბედურებისგან თავის დასაღწევად, ასევე მეფე საულის მიერ უსამართლოდ კანონგარეშე გამოცხადებულმა და დევნილმა, სამართლიანმა დავითმა თავი შეაფარა იეჰოვას.
3. რატომ განიცდიდნენ იუდეველები ‘დიდ სიხარულს’ ეზრას დღეებში?
3 სიხარული, რომელსაც იეჰოვა იძლევა, არის ურყევი სიმაგრე უმწიკვლოების დამცველთათვის, რომლებიც მის გზაზე დადიან (იგავნი 2:6–8; 10:29). რასაკვირველია, რათა ჰქონდეთ ღმერთის მიერ მიცემული სიხარული, ადამიანებმა ღვთიური ნება უნდა ასრულონ. ამასთან დაკავშირებით, განიხილე, თუ რა მოხდა იერუსალიმში ძველი წელთაღრიცხვით 468 წელს. კანონის გამომეტყველებით წაკითხვის დროს მწიგნობარი ეზრა და სხვები ასევე განმარტავდნენ მას. შემდეგ ხალხს მოუწოდეს: „წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება“. იუდეველების მიერ მიღებული შემეცნების გამოყენებასა და კარვობის სასიხარულო დღესასწაულის აღნიშვნას მოჰყვა ‘დიდი სიხარული’ (ნეემია 8:1–12). იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ‘იეჰოვას სიხარული, როგორც სიმაგრე’, შეემატათ ძალები მისადმი თაყვანისცემისა და მსახურებისთვის. რადგან იეჰოვას სიხარული იყო მათი სიმაგრე, ღმერთის დღევანდელი ხალხიც უნდა იყოს სიხარულით აღსავსე. მაგრამ რა არის მათი სიხარულის ზოგიერთი მიზეზი დღეს?
„უნდა იხარო“
4. რა არის იეჰოვას ხალხის სიხარულის განსაკუთრებული წყარო?
4 სიხარულის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზეზი არის დიდი შეხვედრები, რომლებსაც აწყობს იეჰოვა. დღეს იეჰოვას მოწმეებს ისევე ახარებს პატარა და დიდი კონგრესები, როგორც ისრაელებს უხარებდა გულს ყოველწლიური დღესასწაულები, რომლებსაც ისინი იცავდნენ. ისრაელ ხალხს ეთქვა: „შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთისთვის იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, რადგან გიკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავალს და ყოველ საქმეს და სულ მხიარული იქნები [უნდა იხარო, აქ]“ (მეორე რჯული 16:13–15). დიახ, ღმერთს სურდა, რომ მათ ‘ეხარათ’. იგივე ეხება ქრისტიანებსაც, რადგან მოციქული პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს: „მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“ (ფილიპელთა 4:4).
5. ა) რა არის სიხარული და საიდან იხვეჭენ ქრისტიანები მას? ბ) მრავალი განსაცდელის მიუხედავად, როგორ შეიძლება გვქონდეს სიხარული?
5 რადგან იეჰოვას სურს, რომ სიხარულით აღსავსე ვიყოთ, სულის ერთ-ერთი ნაყოფი, რომელსაც ის გვაძლევს, არის სიხარული (გალატელთა 5:22, 23). მაგრამ რა არის სიხარული? ეს არის აღმაფრთოვანებელი გრძნობა, რომელიც გამოწვეულია რაიმე კარგის მოლოდინით ან მოპოვებით. სიხარული არის ნამდვილი ბედნიერების მდგომარეობა, თვით ლხენის მდგომარეობაც კი. ღმერთის სულიწმიდის ეს ნაყოფი გვამტკიცებს განსაცდელში. „მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად [გამო, აქ] [იესომ] მოითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 12:2). მოციქულმა იაკობმა დაწერა: „ყოველგვარ სიხარულად ჩასთვალეთ, ძმანო ჩემნო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. იცით რა, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის“. მაგრამ რა, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ გარკვეული განსაცდელის დროს? ამ შემთხვევაში ჩვენ გაბედულად უნდა ვილოცოთ სიბრძნისთვის, რომელიც დაგვეხმარება მის გამკლავებაში. ზეციურ სიბრძნესთან შეთანხმებულად მოქმედება საშუალებას გვაძლევს, გადავწყვიტოთ პრობლემები ან გავუმკლავდეთ მრავალ დაუსრულებელ განსაცდელს ისე, რომ არ დავკარგოთ იეჰოვას სიხარული (იაკობი 1:2–8).
6. როგორი დამოკიდებულება არსებობს სიხარულსა და ჭეშმარიტ თაყვანისცემას შორის?
6 სიხარული, რომელსაც გვაძლევს იეჰოვა, გვაძლიერებს, რომ ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტ თაყვანისცემას. ზუსტად ეს მოხდა ნეემიასა და ეზრას დღეებში. იმ დროს მცხოვრები იუდეველები, რომელთაც ჰქონდათ იეჰოვას სიხარული, როგორც სიმაგრე, გაძლიერებული იყვნენ, რომ ხელი შეეწყოთ ჭეშმარიტი თაყვანისცემის წარმატებისთვის. და რაც უფრო ხელს უწყობდნენ იეჰოვასადმი თაყვანისცემას, მით უფრო იზრდებოდა მათი სიხარული. იგივე მართლდება დღესაც. როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლებს, ჩვენ მრავალი საფუძველი გვაქვს დიდი სიხარულისთვის. მოდი, ახლა განვიხილოთ სიხარულის მრავალი მიზეზიდან კიდევ რამდენიმე.
ღმერთთან ურთიერთობა ქრისტეს მეშვეობით
7. სიხარულის რა მიზეზი აქვთ ქრისტიანებს, რომელიც დაკავშირებულია იეჰოვასთან?
7 ახლო ურთიერთობა იეჰოვასთან ყველაზე ბედნიერ ხალხად გვხდის დედამიწაზე. სანამ ქრისტიანები გავხდებოდით, ჩვენ ვიყავით უსამართლო ადამიანთა ‘გონებადაბნეული და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუცხოებული’ საზოგადოების ნაწილი (ეფესელთა 4:18). რამდენად გვიხარია, რომ აღარ ვართ იეჰოვასგან გაუცხოებულნი! მაგრამ, რასაკვირველია, მისი კეთილგანწყობილების შენარჩუნება ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ უნდა ‘დავრჩეთ მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადავუხვიოთ სახარების იმედს’ (კოლასელთა 1:21–23). ჩვენ შეგვიძლია გვიხაროდეს ის, რომ იეჰოვამ მიგვიყვანა თავის ძესთან, რასაც იესოს სიტყვებიდან ვხედავთ: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, რომელმაც მე გამომგზავნა, არ მოიზიდა“ (იოანე 6:44). თუ ნამდვილად ვაფასებთ ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან ძვირფას ურთიერთობას, ჩვენ დაცული ვიქნებით ყველაფრისგან, რასაც შეუძლია დაარღვიოს ის.
8. რა წვლილი შეიტანა იესომ ჩვენს სასიხარულო მდგომარეობაში?
8 სიხარულის დიდ მიზეზს წარმოადგენს ცოდვების მიტევება იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე, რადგან ზუსტად ის ხდის შესაძლებელს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას. თავისი შეგნებული ცოდვით, ჩვენმა წინაპარმა, ადამმა, სიკვდილი მოუტანა მთელ კაცობრიობას. მაგრამ მოციქულმა პავლემ თქვა: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“. ასევე პავლემ დაწერა: „თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს მსჯავრდადება, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანს გამართლება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5:8, 18, 19). რამდენად სასიხარულოა ჩვენთვის, რომ იეჰოვა ღმერთს სიამოვნებს ადამის იმ შთამომავლების გამოსყიდვა, რომლებიც სარგებლობენ სიყვარულის ასეთი გამოხატულებით!
რელიგიური თავისუფლება და განათლებულობა
9. რელიგიური თვალსაზრისით, რატომ ვართ გახარებულები?
9 გათავისუფლება დიდი ბაბილონისგან, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელისგან, არის სიხარულის სხვა მიზეზი. ეს არის ღვთიური ჭეშმარიტება, რომელმაც გაგვათავისუფლა (იოანე 8:32). ხოლო ამ რელიგიური მეძავისგან გათავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ მის ცოდვებს, არ ვიღებთ მისი წყლულებისგან და არ გავნადგურდებით მასთან ერთად (გამოცხადება 18:1–8). მართლაც არაფერია სამწუხარო ყოველივე ამისგან გათავისუფლებაში!
10. როგორც იეჰოვას ხალხს, როგორი განათლებულობა გვაქვს ჩვენ?
10 ასევე, დიდ სიხარულს გვანიჭებს ღმერთის სიტყვის გაგება და ცხოვრებაში გამოყენება. ჩვენ, ცრუ რელიგიის ზეგავლენისგან თავისუფლებს, გვიხარია, რომ მუდამ ნათდება ჩვენი სულიერი გაგება, რომელსაც ზეციერი მამა ‘ერთგული და გონიერი მონის’ მეშვეობით გვაწვდის (მათე 24:45–47). დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთაგან იეჰოვასადმი მხოლოდ განსაკუთრებით ერთგულებს აქვთ მისი სულიწმიდა და მისი სიტყვისა და ნების კურთხეული გაგება. როგორც პავლემ თქვა: „ჩვენ კი გაგვიმხილა [ის, რაც მოუმზადა თავის მოყვარულებს] ღმერთმა თავისი სულით; ვინაიდან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც“ (1 კორინთელთა 2:9, 10). ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მადლიერები და მოხარულები იმის გამო, რომ გვაქვს მზარდი გაგება, რომლის შესახებ იგავნის 4:18-ში ნათქვამია: „მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე“.
სამეფოს იმედი და საუკუნო სიცოცხლე
11. როგორ იყო გაზიარებული სხვებთან სამეფოს სასიხარულო იმედი?
11 ასევე, დიდად გვახარებს სამეფოს იმედი (მათე 6:9, 10). როგორც იეჰოვას მოწმეები, ჩვენ დიდი ხანია ვაუწყებთ, რომ ღმერთის სამეფო არის ერთადერთი იმედი მთელი კაცობრიობისთვის. მაგალითად, განვიხილოთ 1931 წელი, როცა ჩვენი ორგანიზაციის გადაწყვეტილების თანახმად მივიღეთ სახელი „იეჰოვას მოწმეები“, რასაც სიხარულით შეხვდნენ მთელ მსოფლიოში ჩატარებულ 51 კონგრესზე (ესაია 43:10–12). ეს გადაწყვეტილება და დიდმნიშვნელოვანი მოხსენება, რომლითაც კონგრესზე ჯ. ფ. რუტერფორდი (საგუშაგო კოშკის საზოგადოების მაშინდელი პრეზიდენტი) გამოვიდა, გამოქვეყნდა ბროშურაში „სამეფო — მსოფლიოს იმედი“ (ინგლ.). მასში ჩართული იყო ამ კონგრესზე მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებას უყენებდა ქრისტიანულ სამყაროს მისი განდგომილებისა და იეჰოვას რჩევის უგულებელყოფისთვის. ის ასევე აცხადებდა: „მსოფლიოს იმედი არის ღმერთის სამეფო, სხვა იმედი არ არსებობს“. რამდენიმე თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა გაავრცელეს ამ ბროშურის ხუთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი დედამიწის ყველა კუთხეში. იმ დროიდან ჩვენ ხშირად ვადასტურებთ, რომ სამეფო არის კაცობრიობის ერთადერთი იმედი.
12. როგორი სასიხარულო ცხოვრების პერსპექტივა აქვთ მათ, ვინც ემსახურება იეჰოვას?
12 გარდა ამისა, ჩვენ გვიხარია, რომ გვაქვს პერსპექტივა, ვიცხოვროთ მარადიულად სამეფოს მმართველობის ქვეშევრდომობით. ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ‘მცირე სამწყსოს’ აქვს სასიხარულო ზეციერი იმედი. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „კურთხეულიმც არს ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით კვლავ გვშვა ჩვენ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ცოცხალ იმედად უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის“ (ლუკა 12:32; 1 პეტრე 1:3, 4). დღეს, იეჰოვას მოწმეთა უმრავლესობა მთელი გულით ელოდება მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში, რომელიც სამეფოს სამფლობელო იქნება (ლუკა 23:43; იოანე 17:3). არცერთ სხვა ხალხს დედამიწაზე არ შეუძლია ჰქონდეს რამე, რაც შეედრება ჩვენს სიხარულით აღსავსე მრავალ პერსპექტივას. რამდენად უნდა ვაფასებდეთ ასეთ შესაძლებლობებს!
კურთხეული ძმობა
13. როგორ უნდა ვუყურებდეთ ჩვენს საერთაშორისო ძმობას?
13 დიდი სიხარულის კიდევ ერთი წყარო არის ის, რომ ღმერთის მიერ მოწონებული ერთადერთი საერთაშორისო ძმობის ნაწილს წარმოვადგენთ. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ყველაზე სანატრელი თანამოაზრეები მთელს დედამიწაზე. თვით იეჰოვა ღმერთმა განსაკუთრებით აღნიშნა ჩვენი დღეები და თქვა: „შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი [უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი, აქ] : დიდებით ავავსებ ამ სახლს“ (ანგია 2:7). მართალია, ყველა ქრისტიანი არასრულყოფილია. მაგრამ იეჰოვამ იესო ქრისტეს მეშვეობით მიიყვანა თავისთან ასეთი ადამიანები (იოანე 14:6). რადგან იეჰოვამ თავისთან მიიყვანა ადამიანები, რომლებსაც, როგორც სანატრელებს უყურებს, ჩვენი სიხარული გაიზრდება, თუ გამოვავლენთ მათდამი ძმურ სიყვარულს, დიდად დავაფასებთ მათ, ვითანამშრომლებთ ღვთისადმი მსახურებაში, დავეხმარებით მრავალ განსაცდელში და ვილოცებთ მათთვის.
14. რა გამხნევების მიღება შეგვიძლია 1 პეტრეს 5:5–11-დან?
14 ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენს სიხარულს. იეჰოვას სიხარული ნამდვილად სიმაგრეა ჩვენი მსოფლიო სულიერი ძმობისთვის. დიახ, ყოველი ჩვენგანი განიცდის დევნას და სხვა მრავალ გაჭირვებას. მაგრამ ამან უნდა შეგვაკავშიროს და გვაგრძნობინოს ერთიანობა, გვაგრძნობინოს, რომ ვართ ღმერთის ერთადერთი ჭეშმარიტი ორგანიზაციის ნაწილი დედამიწაზე. პეტრეს სიტყვების თანახმად, ჩვენ უნდა დავმდაბლდეთ ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ და მივანდოთ მას ყველა საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეშმაკი ეძებს, ვინ ჩაყლაპოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ მარტო, რადგან პეტრე უმატებს: „წინააღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე“. ხოლო ეს სიხარულით აღსავსე საერთაშორისო ძმობა არასდროს დაიშლება, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ‘მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ ღმერთი სრულგვყოფს, გაგვაძლიერებს და განგვამტკიცებს’ (1 პეტრე 5:5–11). დაუფიქრდი ამას. ჩვენი სიხარულით აღსავსე ძმობა იარსებებს მარადიულად!
აზრით აღსავსე ცხოვრება
15. რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას მოწმეების ცხოვრება აზრით აღსავსეა?
15 ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაში ჩვენ გვიხარია იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება აზრით არის აღსავსე. ჩვენ დასაქმებული ვართ მსახურებით, რომელიც ჩვენც და სხვებსაც აბედნიერებს (რომაელთა 10:10). ნამდვილად სასიხარულო უპირატესობაა იყო ღმერთის თანამშრომელი. ამასთან დაკავშირებით პავლემ თქვა: „ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობით ირწმუნეთ, როგორც მისცა უფალმა თითოეულს. მე დავრგე აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. ხოლო თითოეული მიიღებს თავის საზღაურს თავისი შრომის მიხედვით. ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი — ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა“ (1 კორინთელთა 3:5–9).
16, 17. რომელი მაგალითების მოყვანა შეგვიძლია იმის დასამტკიცებლად, რომ იეჰოვას ხალხს აქვს აზრით აღსავსე სასიხარულო ცხოვრება?
16 მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც მიუთითებს, რომ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება წარმოშობს აზრით აღსავსე ცხოვრებას, რომელიც გვავსებს სიხარულით. აი, ამის დამახასიათებელი მტკიცება: „სავსე სამეფო დარბაზში [მისი მიძღვნის დღეს], გავიხედე ჩემს გარშემო და დამსწრეთა შორის დავინახე ჩემი ოჯახის რვა წევრი: მე, ჩემი ცოლი და ჩემი სამი შვილი თავის მეუღლეებთან ერთად. . . იეჰოვასადმი მსახურებაში მე და ჩემმა ცოლმა გავატარეთ ნამდვილად ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრება“.
17 აგრეთვე, ძალიან გამამხნევებელია იმის გაგება, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაიწყოს სიხარულით აღსავსე ცხოვრება, რომელსაც ნამდვილი აზრი აქვს იეჰოვასადმი მსახურებაში. მაგალითად, ერთმა ქალმა მოხუცებულთა სახლში შეისწავლა ბიბლიური ჭეშმარიტება, მოინათლა და გახდა იეჰოვას ერთ-ერთი მოწმე 102 წლის ასაკში. ცოტა ხანში მან დაასრულა თავისი ცხოვრება, რომელსაც ჰქონდა სასიხარულო აზრი — ‘ღვთის შიში და მისი მცნებების დაცვა’ (ეკლესიასტე 12:13).
ურყევი სიმაგრე
18. რა უნდა გაკეთდეს გულგატეხილობის დასაძლევად და ჩვენი სიხარულის გასაზრდელად?
18 ერთგული ადამიანებისთვის იეჰოვას სიხარული არის ურყევი სიმაგრე. მაგრამ გვქონდეს ეს სიხარული არ ნიშნავს, რომ არასდროს გვაქვს იმის მსგავსი მწუხარე პერიოდები, რომლის გამოც იესომ გეთსემანიაში თქვა: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული“ (მარკოზი 14:32–34). შესაძლოა გულგატეხილობა გამოწვეულია იმით, რომ ვნებდებით ეგოისტურ მისწრაფებებს. მაშინ, მოდი, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების სტილი. თუ ნაკლებად განვიცდით სიხარულს ბიბლიური პასუხისმგებლობების მძიმე ტვირთის თავგანწირვით ტარების გამო, იქნებ შეგვიძლია მოვაწესრიგოთ საქმეები ისე, რომ განვთავისუფლდეთ დაძაბულობისგან და აღვადგინოთ სიხარულით აღსავსე სული. გარდა ამისა, იეჰოვა გვაკურთხებს სიხარულით, თუ მთელი ძალებით შევეცდებით ვასიამოვნოთ მას იმით, რომ შევეწინააღმდეგებით ცოდვილ სხეულს, ბოროტ ქვეყნიერებასა და ეშმაკს (გალატელთა 5:24; 6:14; იაკობი 4:7).
19. როგორ უნდა ვუყურებდეთ ნებისმიერ უპირატესობას, რომელიც გვაქვს ღმერთის ორგანიზაციაში?
19 განხილული მიზეზებისა და სხვა მრავალი მიზეზის საფუძველზე ჩვენ გვაქვს დიდი სიხარული. სულ ერთია, კრების მაუწყებლები ვართ თუ ვმონაწილეობთ რომელიმე ფორმის სრული დროით მსახურებაში, ყველა ჩვენგანს ბევრის გაკეთება შეუძლია უფლის საქმეში, ხოლო ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს სიხარულს (1 კორინთელთა 15:58). როგორი უპირატესობებიც არ უნდა გვქონდეს იეჰოვას ორგანიზაციაში, მოდი, ვიყოთ მადლიერები მათთვის და სიხარულით გავაგრძელოთ ჩვენი მოსიყვარულე, ბედნიერი ღმერთისადმი წმიდა მსახურების ჯეროვნად მიგება (1 ტიმოთე 1:11).
20. რა არის ჩვენი ყველაზე დიდებული უპირატესობა და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?
20 სიხარულის განსაკუთრებულ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ გვაქვს უპირატესობა, ვატაროთ იეჰოვას დიდებული სახელი, როგორც მისმა მოწმეებმა. დიახ, ჩვენ არასრულყოფილები ვართ და ვხვდებით მრავალ განსაცდელს, მაგრამ, მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეებს, გვაქვს შესანიშნავი კურთხევები. და გვახსოვდეს, ჩვენი ძვირფასი ზეციერი მამა არასდროს გაგვიცრუებს იმედებს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ყოველთვის ვიქნებით კურთხეულნი, თუ იეჰოვას სიხარული იქნება ჩვენი სიმაგრე.
როგორ უპასუხებდი?
◻ რა არის ‘უფლის [იეჰოვას, აქ] სიხარული’?
◻ საიდან იხვეჭენ ქრისტიანები ნამდვილ სიხარულს?
◻ რომელი მიზეზების გამო უხარიათ იეჰოვას მოწმეებს?
◻ რატომ არის იეჰოვას სიხარული ურყევი სიმაგრე?