რატომ არის გადაწყვეტილების მიღების დრო?
ღმერთმა ისრაელი ძველი წელთაღრიცხვით მე-16 საუკუნეში თავის ‘საკუთრებად გამოარჩია ყველა ხალხისგან. . . წმიდა ერად’ (გამოსვლა 19:5, 6). ისრაელმა მალე დაკარგა საკუთარი სიწმინდე, დიახ, თავისი რელიგიის სიწმინდე, რადგან დაუშვა, რომ კერპებითა და მეზობელი ერების გარყვნილი ადათ-წესებით წაბილწულიყო. მან დაამტკიცა, რომ იყო „ჯიუტი ხალხი“ (მეორე რჯული 9:6, 13; 10:16; 1 კორინთელთა 10:7–11). იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ, სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, იეჰოვას დაყენებული ჰყავდა მსაჯულები, ერთგული მმართველები, რომლებსაც ისრაელები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ უნდა მოებრუნებინათ. მაგრამ ხალხი, როგორც ჩანს, ‘არ ეშვებოდა თავის ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდა’ (მსაჯულნი 2:17–19).
ამის შემდეგ იეჰოვამ დააყენა ერთგული მეფეები და წინასწარმეტყველები, რომ სტიმული მიეცა ხალხისთვის, დაბრუნებოდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. წინასწარმეტყველმა ყაზარიამ მოუწოდა მეფე ასასა და თანამემამულეებს, რომ ეძებნათ იეჰოვა: „თუ ძებნას დაუწყებთ [უფალს], იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“. ასამ განახორციელა რელიგიური რეფორმები იუდას სამეფოში (მეორე ნეშტთა 15:1–16). შემდგომში ღმერთმა კვლავ მოუხმო მათ წინასწარმეტყველი იოველის მეშვეობით (იოველი 2:12, 13). მოგვიანებით, ზუსტად დროულად, სოფონია შეაგონებდა იუდას მოსახლეობას: „ეძიეთ უფალი“. ამის თანახმად მოიქცა ახალგაზრდა მეფე იოშიაჰუ, როდესაც გაილაშქრა კერპთაყვანისმცემლობისა და გახრწნილების წინააღმდეგ და გააუქმა ისინი (სოფონია 2:3; მეორე ნეშტთა 34:3–7).
ასეთი მონანიების მიუხედავად, ხალხის რელიგიური მდგომარეობა უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა (იერემია 2:13; 44:4, 5). იერემიამ ამხილა რელიგიური სისტემის კერპთაყვანისმცემლური რიტუალების სიბილწე, როდესაც აღწერა მისი რეფორმის შეუძლებლობა: „თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას? “ (იერემია 13:23). ამ მიზეზით ღმერთმა მკაცრად დასაჯა იუდას სამეფო. ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს განადგურდა იერუსალიმი და მისი ტაძარი, ხოლო ვინც გადარჩა, ტყვედ წაიყვანეს ბაბილონში, სადაც 70 წელი იმყოფებოდნენ.
როდესაც დროის ეს მონაკვეთი დამთავრდა, ღმერთმა გამოიჩინა წყალობა. მან აღძრა მეფე კიროსი, გაეთავისუფლებინა ისრაელის დარჩენილი ნაწილი; ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, რომ აღედგინათ ტაძარი. იმის ნაცვლად, რომ ყოველივე ამით ჭკუა ესწავლათ, მათ კიდევ გადაუხვიეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზიდან, რითაც საბაბი მისცეს იეჰოვას, კვლავ ეთქვა მათთვის: „მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ“ (მალაქია 3:7).
რატომ იყო ისრაელი უარყოფილი
როგორი იყო ისრაელის რელიგიური მდგომარეობა იესოს ცხოვრების პერიოდში? თვალთმაქცი რელიგიური ლიდერები იყვნენ „ბრმები. . . და ბრმათა წინამძღოლნი“, რომლებიც ‘არღვევდნენ ღმერთის მცნებას თავიანთი გადმოცემის გამო’. ხალხი ადიდებდა ღმერთს „ბაგეებით“, მათი გული კი შორს იყო ღმერთისგან (მათე 15:3, 4, 8, 9, 14). იყო თუ არა ეს ერი ღირსი, რომ კვლავ მისცემოდა მონანიების საშუალება? — არა. იესომ თქვა: „ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს“. შემდეგ დაუმატა: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი [იერუსალიმის ტაძარი] “ (მათე 21:43; 23:38). მათი შეცდომა უზომო იყო. მათ უარყვეს იესო, როგორც მესია და სასიკვდილოდ გაიმეტეს, რადგან თავიანთ მეფედ აირჩიეს დესპოტი კეისარი (მათე 27:25; იოანე 19:15).
ისრაელებს არ უნდოდათ შეეგნოთ, რომ ის პერიოდი, როდესაც იესო მსახურობდა, იყო განკითხვის დრო. იერუსალიმის ურწმუნო მოსახლეობას იესომ უთხრა: „არ შეიცანი შენი მონახულების ჟამი“ (ლუკა 19:44).
ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, ორმოცდამეათე დღეს ღმერთმა ჩამოაყალიბა ახალი ერი, ანუ ხალხი: თავისი ძის, იესო ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც სულით იყვნენ ცხებული, არჩეული უნდა ყოფილიყვნენ ყველა რასიდან და ხალხებიდან (საქმეები 10:34, 35; 15:14). არსებობდა თუ არა რაიმე იმედი, რომ ებრაელთა რელიგიური სისტემა ბოლოს და ბოლოს გაუმჯობესდებოდა? — ამის პასუხია რომაელთა ლეგიონების მოქმედება; ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს რომაელთა ლეგიონებმა მიწის პირისაგან აღგავეს იერუსალიმი. ღმერთმა სავსებით უარყო ებრაელების რელიგიური სისტემა (ლუკა 21:5, 6).
ქრისტიანული სამყაროს დიდი განდგომილება
სულით ცხებული ქრისტიანებიც ‘წმიდა ერად, წილხვედრ ხალხად’ ჩამოყალიბდნენ (1 პეტრე 2:9; გალატელთა 6:16). მაგრამ არც ამ პირველად ქრისტიანულ კრებას შეეძლო დიდი ხნის მანძილზე დაეცვა რელიგიური სიწმინდე.
საღვთო წერილმა იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა დიდი განდგომილება, ანუ ჭეშმარიტი რწმენისგან განდგომა. იესოს იგავში სიმბოლური ღვარძლი ასიმბოლოებს თვალთმაქც ქრისტიანებს, რომლებიც შეეცდებოდნენ სიმბოლური ხორბლის, ანუ ღმერთის სულით ცხებული ჭეშმარიტი ქრისტიანების განადგურებას. იგავი ცხადყოფს, რომ ცრუ ქრისტიანების გამრავლება, რომელსაც ხელმძღვანელობს ღმერთის დაუძინებელი მტერი, ეშმაკი, თითქმის მაშინ დაიწყო, „როცა ხალხს ეძინა“. ეს მოხდა ქრისტეს ერთგული მოციქულების სიკვდილის შემდეგ, სულიერი თვლემის პერიოდში (მათე 13:24–30, 36–43; 2 თესალონიკელთა 2:6–8). როგორც მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს, მრავალი ცრუ ქრისტიანი შემპარავად სთავაზობდა სამწყსოს საკუთარ თვალსაზრისს (საქმეები 20:29, 30; 1 ტიმოთე 4:1–3; 2 ტიმოთე 2:16–18; 2 პეტრე 2:1–3). მოციქულთა შორის ყველაზე ბოლოს გარდაიცვალა იოანე. ახალი წელთაღრიცხვის დაახლოებით 98 წელს მან დაწერა, რომ უკვე დაიწყო მოციქულთა პერიოდის ‘უკანასკნელი ჟამი’ (1 იოანე 2:18, 19).
რომის იმპერატორის, კონსტანტინეს მიერ რელიგიისა და პოლიტიკის ძალებთან დადებული ხელშეკრულებით ქრისტიანული სამყაროს სულიერი, დოგმატური და ზნეობრივი მდგომარეობა გაუარესდა. მრავალი ისტორიკოსი ეთანხმება იმ თვალსაზრისს, რომ „მეოთხე საუკუნეში ეკლესიის ტრიუმფი“ ქრისტიანული თვალსაზრისით „დაღუპვის დღე“ იყო. ‘ქრისტიანულმა სამყარომ დაკარგა თავისი მაღალი მორალის დონე’ და კერპთაყვანისმცემლობისგან შეითვისა მრავალი რიტუალი და ფილოსოფია, მაგალითად: „მარიამის კულტი“ და „წმინდანების“ გაღმერთება, ასევე სამების შესახებ საერთო წარმოდგენა.
ცრუ ტრიუმფის შემდეგ ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა გაუარესდა. პაპებისა და საეკლესიო კრებების დადგენილებებისა და დოგმატების, ასევე ინკვიზიციების, ჯვაროსნული ლაშქრობების, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის გამართული „წმინდა“ ომების შედეგი იყო რელიგიური სისტემა, სადაც რეფორმები არ ხდებოდა.
უილიამ მანჩესტერი წიგნში „მსოფლიო განათდა მხოლოდ ცეცხლით“ (A World Lit Only by Fire) წერდა: „მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში პაპები ცხოვრობდნენ რომაელი იმპერატორების მსგავსად. ისინი იყვნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები; ისინი და მათი კარდინალები წმინდა საქმიანობით გამდიდრდნენ“. დიდი განდგომილების განმავლობაში პატარ-პატარა ჯგუფები ან ცალკეული პიროვნებები ცდილობდნენ, ეპოვათ ჭეშმარიტი ქრისტიანობა, ისინი ამჟღავნებდნენ სიმბოლური ხორბლის თვისებებს. მათ ეს ძვირი უჯდებოდათ. იმავე წიგნში ნათქვამია: „დროდადრო ქრისტიანობის ჭეშმარიტი წმინდანები, როგორც პროტესტანტები ასევე კათოლიკეებიც, გახდნენ ცეცხლის ალში გახვეული შავად შესუდრული წამებულნი“. სხვებმა, ეგრეთ წოდებულმა რეფორმატორებმა, მარტინ ლუთერისა და ჟან კალვინის მსგავსად, შეძლეს შეექმნათ გამძლე რელიგიური სისტემები, რომლებიც გამოეყო კათოლიკურ ეკლესიას, მაგრამ მათ ძირითად მოძღვრებებს კვლავ იზიარებდა. ეს რელიგიური სისტემებიც ღრმად იყო ჩაფლული პოლიტიკურ საქმეებში.
პროტესტანტიზმში დიდი ძალისხმევა მოხმარდა რელიგიურ გამოღვიძებას. მაგალითად, მე-18 და მე-19 საუკუნეებში ამ ძალისხმევის შედეგი იყო უცხო ტერიტორიებზე აქტიური მისიონერული მსახურება. მაგრამ ის, რაც დაუშვეს პროტესტანტული ეკლესიის მწყემსებმა, ამჟამინდელი პროტესტანტული ეკლესიის სამწყსოს სულიერი მდგომარეობისთვის საერთოდ არ არის გამამხნევებელი. პროტესტანტმა თეოლოგმა ოსკარ კულმენმა ახლახანს აღნიშნა, რომ „თვით ეკლესიის შიგნით არის რწმენის კრიზისი“.
რეფორმებსა და კონტრრეფორმაციებსაც თვით ეკლესიების შიგნით შეეწყო ხელი. მე-11— მე-13 საუკუნეებში სამღვდელოებაში ფართოდ გავრცელებული კორუფციისა და უდიდესი სიმდიდრის წინააღმდეგ დაწესდა სიღარიბის აღთქმა, გამოჩნდა ბერ-მონაზონთა სასულიერო კლასი, რომელიც მკაცრად მიჰყვებოდა ამ ფიცს. მაგრამ ამ სასულიერო კლასის მიმდინარეობას მთელი ყურადღებით აკვირდებოდნენ და სწავლულების სიტყვების თანახმად, საეკლესიო იერარქიით ჩაახშვეს. შემდეგ, მე-16 საუკუნეში კონტრრეფორმაციები, რომლებსაც მხარს უჭერდა ტრიდენტის საეკლესიო კრება, ძირითადად მიმართული იყო პროტესტანტული ეკლესიის რეფორმების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, ეკლესიის აღორძინების პერიოდში, კათოლიკურმა ეკლესიამ მიითვისა ავტორიტეტი და კონსერვატორული პოზიცია. შეუძლებელია ითქვას, რომ რეალური რეფორმა ჩატარდა იმ მიზნით, რომ აღედგინათ ჭეშმარიტი ქრისტიანობა. პირიქით, მთელი ძალები მოხმარდა მსოფლიო რელიგიის, პოლიტიკისა და სოციალური ცვლილებების ფონზე სამღვდელოების ავტორიტეტის განმტკიცებას.
არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, 1960 წელს, ვატიკანში გამართული მეორე საეკლესიო კრების თანახმად, როგორც ჩანდა, კათოლიკურ ეკლესიას სურდა დაეწყო აბსოლუტური ცვლილებების პროცესი. მაგრამ ეგრეთ წოდებული კრების გადაწყვეტილების უეცარი შეჩერება მოხდა ახლანდელი პაპის მიერ, რომ ჩაეხშო ეკლესიის წევრების პროგრესული სულისკვეთება. ამ ფაზას ზოგიერთი უწოდებს ვოიტიუვას განახლებას, ხოლო ერთ-ერთმა კათოლიკურმა ჯგუფმა განსაზღვრა, როგორც „კონსტანტინიზმის ახალი ფორმა“. იეზუიტურ ჟურნალში „ლა ჩივილტა კათოლიკა“ (La Civiltà Cattolica) ნათქვამია, რომ სხვა რელიგიების მსგავსად, კათოლიკური ეკლესია დგას „რადიკალური და გლობალური კრიზისის წინაშე: რადიკალური იმიტომ, რომ შეეხება რწმენისა და ქრისტიანული სიცოცხლის ძირითად ფესვს; გლობალური იმიტომ, რომ ქრისტიანობის ყველა წახნაგს მოიცავს“.
ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს არასდროს არ გადაუტანიათ ნამდვილი რეფორმა, შეუძლებელია ეს მომხდარიყო, რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანობა მხოლოდ „მკის“ დროს აღორძინდებოდა, როდესაც სიმბოლური ხორბალი ერთ წმინდა კრებად შეიკრიბებოდა (მათე 13:30, 39). უამრავი დანაშაული და ბოროტმოქმედება ხდება რელიგიის სახელით, ქრისტიანებად ვიწოდებით თუ არა, ჩვენთვის აქტუალურია კითხვა: რეალურია თუ არა ველოდოთ, რომ ქრისტიანულ სამყაროში მოხდება ნამდვილი რეფორმა?
შესაძლებელია რეფორმა?
წიგნი „გამოცხადება“, ანუ აპოკალიფსი იხსენიებს სიმბოლურ დიდ მეძავს, რომლის იდუმალი სახელია „დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 17:1, 5). საუკუნეების განმავლობაში ბიბლიის მკითხველები ცდილობდნენ აეხსნათ ამ სიმბოლოს საიდუმლოება. მდიდარმა და კორუფციულმა სამღვდელოებამ მრავალი ადამიანისგან ზიზღი დაიმსახურა. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დიდი ბაბილონი წარმოადგენს საეკლესიო იერარქიას. მათ შორის იყვნენ ბოჰემიელი კათოლიკე მღვდელი იან ჰუსი, რომელიც 1415 წელს ცოცხლად დაწვეს და აონიო პალიარიო, იტალიელი ჰუმანისტი, რომელიც 1570 წელს ჯერ ჩამოახრჩვეს ხოლო შემდეგ დაწვეს. ორივემ სერიოზული ენერგია მოახმარა კათოლიციზმში რეფორმების ჩატარებას, რომ ეკლესია დაბრუნებოდა „თავის თავდაპირველ წოდებას“, მაგრამ მათი ძალისხმევა წარუმატებელი იყო.
გამოცხადების მე-17 და მე-18 თავებში ნაჩვენებია, რომ დიდი ბაბილონი წარმოადგენს ყველა ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელსa. ამ რთული, „დიდი მეძავის“ რეფორმა შეუძლებელია, იმიტომ რომ „მისმა ცოდვებმა ცას უწია“. სინამდვილეში, მე-20 საუკუნეში არა მარტო ქრისტიანული სამყარო, არამედ, ფაქტიურად, ყველა რელიგია პასუხისმგებელია ომებში, რომელიც იწვევს უდიდეს სისხლისღვრასა და მორალის მწვავე დეგრადაციას, რაც უდიდეს ტკივილს აყენებს კაცობრიობას. შედეგად ღმერთმა „ბაბილონს“ განადგურება მიუსაჯა (გამოცხადება 18:5, 8).
ახლაა დრო, რომ ‘გამოვერიდოთ მას’
ბიბლიური წინასწარმეტყველების განხორციელება ცხადყოფს, რომ დღევანდელობა შეესაბამება ამ ბოროტი ‘წუთისოფლის აღსასრულს’ (მათე 24:3). მას, ვისაც გულწრფელად სურს თაყვანი სცეს ღმერთს, არ უნდა დართოს ნება საკუთარ თავს, რომ მიჰყვეს საკუთარ იდეებსა და უპირატესობებს. ის უნდა ‘ეძებდეს უფალს, როცა შესაძლებელია მისი პოვნა’, დიახ, ახლავე, რადგანაც „დიდი გასაჭირი“, რომელიც იესომ იწინასწარმეტყველა ახლოსაა (ესაია 55:6; მათე 24:21). როგორც ისრაელების დროს, ღმერთი არ დაუშვებს რელიგიური გახრწნილობის ბატონობას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რელიგიები თავიანთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით ამაყობენ. პირიქით, იმის ნაცვლად, რომ ეცადოს შეაკეთოს გემი, რომელიც უკვე იძირება, ყველა, ვისაც სურს გამართლება და ღმერთისგან ხსნა, დაუყოვნებლივ უნდა დაემორჩილოს ღმერთის მიერ შთაგონებულ განკარგულებას, რომელიც ჩაწერილია გამოცხადების 18:4–ში: „გამოერიდე მას [დიდ ბაბილონს], ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან“.
უნდა ‘გამოერიდო’, მაგრამ სად უნდა წახვიდე? სხვაგან სად შეიძლება ხსნის პოვნა? ნუთუ სახიფათო არ არის არასწორ ადგილას ეძებო თავშესაფარი? როგორ შეიძლება ღმერთის მიერ მოწონებული ერთადერთი რელიგიის პოვნა? საიმედო პასუხის ნახვა შესაძლებელია ღმერთის სიტყვაში (2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვას მოწმეები გიწვევენ, რომ უფრო დაკვირვებით გაეცნო ბიბლიას. ამით მიხვდები, თუ ვინ არის ღმერთის მიერ არჩეული ხალხი „თავისი [ღმერთის] სახელისათვის“, რომელსაც მფარველობას გაუწევს ღმერთი მოახლოებული მრისხანების დღის დროს (საქმეები 15:14; სოფონია 2:3; გამოცხადება 16:14–16.
სქოლიოები]
a სიმბოლური დიდი ბაბილონის შესახებ ბიბლიასთან შეთანხმებული თვალსაზრისის მიღებისთვის იხილე 33-ე და 37-ე თავები წიგნის: „გამოცხადება — მისი დიდებული აპოგეა ახლოსაა !“ (ინგლ.), რომელიც 1988 წელს გამოსცა საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებამ (ნიუ-იორკი).
[სურათი მე-6 გვერდზე]
თუ შენი რელიგიის გემი იღუპება, გადასარჩენად ჭეშმარიტი რელიგიის გემზე გადადი.