მიუხედავად იმისა, რომ ვგლოვობთ, არ ვართ უიმედოდ
„გვსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელთა 4:13).
1. რას განიცდის მუდამ კაცობრიობა?
დაგღუპვია საყვარელი ადამიანი? მიუხედავად ასაკისა, ყოველი ჩვენგანი, დამწუხრებულა ნათესავის ან მეგობრის დაკარგვით. შეიძლება შენთვის ტკივილი მოუყენებია ბებიის ან პაპის, ან კიდევ მშობლების, მეუღლის, ან კიდევ შვილის სიკვდილს. სიბერე, ავადმყოფობა და უბედური შემთხვევები უამრავი ადამიანის სიკვდილს იმკის. ბოროტმოქმედება, ძალადობა და ომები კი დამატებით მწუხარებასა და ტანჯვას იწვევს. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში საშუალოდ 50 მილიონი ადამიანი კვდება. ყოველდღიურად, 1993 წელს საშუალოდ 140 250 ადამიანი კვდებოდა. სიკვდილისგან მიყენებული უდიდესი ტკივილი მძიმეა მეგობრებისა და ოჯახისთვის, სიკვდილი მათ გრძნობებზე ღრმა კვალს ტოვებს.
2. ბავშვების სიკვდილთან დაკავშირებით რა მიგვაჩნია არაბუნებრივად?
2 ნუთუ თანაგრძნობით არ აგვევსება გული კალიფორნიაში (აშშ) მცხოვრები მშობლების მიმართ, რომლებსაც ბრმა შემთხვევის გამო ავტოკატასტროფაში ფეხმძიმე ქალიშვილი დაეღუპათ? მათ მოულოდნელი უბედურებით ერთბაშად დაკარგეს ერთადერთი ქალიშვილი და პატარა ბავშვი, რომელიც მათი პირველი შვილიშვილი იქნებოდა. დაღუპულის მეუღლემ დაკარგა ცოლი და პირველი შვილი. მშობლებისთვის შვილის სიკვდილი მტანჯველია იმის გამოც, რომ მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა ბავშვი, მისი სიკვდილი არაბუნებრივი ჩანს. არ არის ნორმალური, როდესაც შვილი მშობლებზე ადრე კვდება. ყოველ ჩვენგანს უყვარს სიცოცხლე. ამიტომ სიკვდილი, მართლაც, მტერია (1 კორინთელთა 15:26).
სიკვდილმა შემოაბიჯა კაცობრიობის ოჯახში
3. როგორ იმოქმედებდა აბელის სიკვდილი ადამსა და ევაზე?
3 ცოდვა და სიკვდილი, როგორც მეფეები, მართავენ ადამიანთა ისტორიას დაახლოებით 6 ათასი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ადამიანთა პირველი წყვილის, ადამისა და ევას, აჯანყება მოხდა (რომაელთა 5:14; 6:12, 23). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება ჰქონდათ მათ თავიანთი პირველი შვილის სიკვდილზე, რომელიც საკუთარმა ძმამ, კაენმა, მოკლა. მრავალი მიზეზის გამო, ეს მათთვის გამანადგურებელი იქნებოდა. პირველად მაშინ აღმოჩნდნენ ადამიანის სიკვდილის რეალობის წინაშე, ის თავიანთი შვილის უსიცოცხლო სახიდან გამოსჭვიოდა. მათ დაინახეს თავიანთი აჯანყებისა და ნების თავისუფლების არასწორად გამოყენების ნაყოფი. კაენმა, ღვთისაგან მიღებული გაფრთხილების მიუხედავად, არჩია ძმის მკვლელი გამხდარიყო. ევა, როგორც ჩანს, ძალიან დამწუხრდა აბელის სიკვდილით, რადგან როდესაც შვა შეთი, თქვა: „მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა“ (დაბადება 4:3–8, 25).
4. რატომ ვერ ანუგეშებდა აბელის სიკვდილის დროს მითი სულის უკვდავების შესახებ?
4 ადამიანთა პირველმა წყვილმა ასევე დაინახა ღვთის განაჩენის უტყუარობა, რომელმაც უთხრა მათ, რომ თუ ღვთის წინააღმდეგ წავიდოდნენ და არ დაემორჩილებოდნენ მას, აუცილებლად ‘მოკვდებოდნენ’. მიუხედავად იმისა, რომ სატანამ უკვე მოატყუა ისინი, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ სულის უკვდავების შესახებ გამოგონილი მითი, რაც მოჩვენებითი მანუგეშებელი იყო. ღმერთმა უთხრა ადამს: „მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“. ღმერთს არ უთქვამს, რომ ისინი უკვდავი სულის სახით იარსებებდნენ ზეცაში, ჯოჯოხეთში, სამოთხის შესასვლელში ან განსაწმედელსა და კიდევ სხვა ადგილებში (დაბადება 2:17; 3:4, 5, 19). როგორც ცოცხალი არსებები, რომლებმაც შესცოდეს, ადამი და ევა მოკვდებოდნენ და მათი არსებობა შეწყდებოდა. მეფე სოლომონი ღვთის შთაგონებით წერდა: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება“ (ეკლესიასტე 9:5, 6).
5. რომელია ჭეშმარიტი იმედი მიცვალებულებთან დაკავშირებით?
5 რაოდენ ჭეშმარიტია ეს სიტყვები! ვის შეუძლია გაიხსენოს თავისი წინაპრები, რომლებიც მოკვდნენ ორი ან სამი საუკუნის წინათ? ხშირად მათი საფლავებიც უცნობია და დიდი ხანია უყურადღებოდაა მიტოვებული. ნიშნავს თუ არა ეს, რომ არავითარი იმედი არ არსებობს საყვარელი მიცვალებულებისთვის? არა, ეს ამას არ ნიშნავს. მართამ თავისი ძმის, მიცვალებული ლაზარეს, შესახებ იესოს უთხრა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:24). ებრაელ ხალხს სწამდა, რომ ღმერთი მომავალში აღადგენდა მკვდრებს. მაგრამ ეს ვერ აკავებდა მათ, რომ ეგლოვათ თავიანთი საყვარელი, გარდაცვლილი პიროვნება (იობი 14:13).
მგლოვიარე ერთგული ადამიანები
6, 7. როგორი რეაქცია ჰქონდათ აბრაამსა და იაკობს საყვარელი ადამიანების სიკვდილზე?
6 დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ, როდესაც აბრაამის ცოლი სარა მოკვდა, „მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად“. ღვთის ამ ერთგულმა მსახურმა გამოავლინა ღრმა მწუხარება თავისი საყვარელი და ერთგული მეუღლის დაკარგვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის მამაცი პიროვნება იყო, არ შერცხვა თავისი მწუხარება ცრემლებით გამოეხატა (დაბადება 14:11–16; 23:1, 2).
7 მსგავსი იყო იაკობის შემთხვევაც. როდესაც ის დაარწმუნეს, რომ მისი შვილი იოსები გარეულმა მხეცებმა დაგლიჯეს, როგორი იყო მისი რეაქცია? დაბადების 37:34, 35-ში ვკითხულობთ: „ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს. ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი“. დიახ, ბუნებრივია და ასევე ადამიანურიც იგლოვო, როდესაც საყვარელი ადამიანი გიკვდება.
8. ხშირად, როგორ გამოხატავდნენ ებრაელები თავიანთ მწუხარებას?
8 ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ თანამედროვე ან ადგილობრივი ადათ-წესებით, იაკობის რეაქცია გაზვიადებული და მელოდრამატული იყო. მაგრამ იაკობი სხვა ეპოქისა და კულტურის შვილი იყო. გლოვას, რომელიც ჯვალოს ტარებით გამოიხატებოდა, პირველად ამ შემთხვევისას იხსენიებს ბიბლია. ამასთანავე, როგორც აღწერილია ებრაულ წერილებში, გლოვა ასევე გამოიხატებოდა მოთქმა-გოდებით, თხზავდნენ სამგლოვიარო საგალობელს და ნაცარში სხდებოდნენ. ფაქტია, რომ ებრაელები თავს არ იკავებდნენ მწუხარების გამოხატვისგანa (ეზეკიელი 27:30–32; ამოსი 8:10).
გლოვა ქრისტეს დროს
9, 10. ა) როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს ლაზარეს სიკვდილზე? ბ) რას გვეუბნება იესოს რეაქცია თავად იესოს შესახებ?
9 რა შეგვიძლია ვთქვათ ქრისტეს ადრინდელ მოწაფეებზე? მაგალითად, როდესაც ლაზარე მოკვდა, მისი დები მართა და მარიამი დასტიროდნენ მას და გლოვობდნენ. როგორ მოიქცა იესო, სრულყოფილი მამაკაცი, როდესაც მივიდა მათთან? იოანე გვამცნობს: «მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და, რომ იხილა იგი, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა.“ როდესაც იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, შეიძრა სულით და აშფოთდა. უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ მიუგეს: „უფალო, მოდი და ნახე.“ აცრემლდა იესო» (იოანე 11:32–35).
10 ‘იესო აცრემლდა’. ეს ორადორი სიტყვა უზარმაზარ ინფორმაციას იტევს იესოს ჰუმანურობის, თანაგრძნობისა და მგრძნობიარობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სავსებით კარგად იცოდა აღდგომის იმედის არსებობის შესახებ, ‘იესო აქვითინდა’ (იოანე 11:35, „მეფე იაკობის თარგმანი“ [King James Version]). შემდეგ იოანე გვამცნობს თვითმხილველების სიტყვებს: „ნახე, როგორ ჰყვარებია [ლაზარე]!“ რასაკვირველია, თუ სრულყოფილი მამაკაცი იესო აცრემლდა, როდესაც გაიგო თავისი მეგობრის სიკვდილი, სამარცხვინო არაა, თუ დღეს მამაკაცი ან ქალი ტირის და მოთქვამს (იოანე 11:36).
რა იმედი არსებობს მიცვალებულებთან დაკავშირებით?
11. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ გლოვასთან დაკავშირებით ბიბლიური მაგალითებიდან? ბ) რატომ არ ვგლოვობთ ჩვენც იმათ მსგავსად, რომლებსაც არა აქვთ იმედი?
11 რისი სწავლა შეგვიძლია ამ ბიბლიური მაგალითებით? იმის, რომ ადამიანისთვის სავსებით ბუნებრივია ნორმალური გლოვა და ნუ მოგერიდება გზა მისცე ცრემლებს. თვით მაშინაც, როდესაც მწუხარება მცირდება აღდგომის იმედით, საყვარელი ადამიანის სიკვდილი მაინც ტრავმის გამომწვევი დანაკარგია, რაც მძიმე განცდასთანაა დაკავშირებული. წლების, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში ახლო ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უეცრად და ტრაგიკულად წყდება. ფაქტია, რომ ჩვენ იმ ადამიანების მსგავსად არ ვგლოვობთ, ვისაც არავითარი იმედი აქვს ან ცრუ იმედებზეა დანდობილი (1 თესალონიკელთა 4:13). ჩვენ არ ვართ თავგზააბნეულები სულის უკვდავების შესახებ ადამიანთა მიერ გამოგონებული მითებით ან იმ მითებით, რომელთა თანახმადაც ადამიანის უკვდავი სული სხვა სხეულში გარდასახვით განაგრძობს არსებობას. ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვამ ადამიანებს აღუთქვა ‘ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე’ (2 პეტრე 3:13). ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4).
12. როგორ გამოხატა პავლემ რწმენა აღდგომასთან დაკავშირებით?
12 რა არის აქ ნათქვამი მიცვალებულებთან დაკავშირებულ იმედზე?b ქრისტიანი მწერალი პავლე ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რომ მოეცა ჩვენთვის ნუგეში და იმედი, როცა დაწერა: „უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია“ (1 კორინთელთა 15:26). „ახალი აღთქმისა და ფსალმუნის“, 1990 წლის გამოცემაში ნათქვამია: „უკანასკნელი მტერი მოისპობა — სიკვდილი“. რატომ იყო პავლე დარწმუნებული ამაში? პავლე ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია და დამოძღვრა მან, ვინც აღდგა მკვდრეთით, იესო ქრისტემ (საქმეები 9:3–19). ამიტომაც შეეძლო პავლეს ეთქვა: „როგორც კაცის [ადამის] მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის [იესოს] მიერ მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (1 კორინთელთა 15:21, 22).
13. როგორი იყო ლაზარეს აღდგომის მხილველთა რეაქცია?
13 იესოს მოძღვრება უდიდეს ნუგეშსა და იმედს გვინერგავს მომავალთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორ მოიქცა იესო ლაზარეს სიკვდილის შემთხვევაში? ის მივიდა სამარხთან, სადაც ლაზარეს სხეული ოთხი დღის განმავლობაში ესვენა. მან წარმოთქვა ლოცვა, «ეს რომ თქვა, დიდი ხმით დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. უთხრა მათ იესომ: „გახსენით, გაუშვით, იაროს.“» შეგიძლია წარმოიდგინო გაოცებითა და სიხარულით გაბრწყინებული მართასა და მარიამის სახეები? და როგორ განცვიფრდებოდნენ მეზობლები, როდესაც დაინახავდნენ ამ სასწაულს! არ არის გასაკვირი, რომ თვითმხილველებმა ირწმუნეს იესო. მაგრამ, როგორც ჩანს, იესოს რელიგიურმა მტრებმა „გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი“ (იოანე 11:41–53).
14. რას მოასწავებდა ლაზარეს აღდგომა?
14 იესომ ეს დაუვიწყარი აღდგომა მრავალი ადამიანის წინაშე მოახდინა. ეს მიანიშნებდა მომავალ აღდგომაზე, რომელიც იესომ ადრევე იწინასწარმეტყველა შემდეგი სიტყვებით: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
15. რა მტკიცებები ჰქონდათ პავლესა და ანანიას იესოს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
15 როგორც უკვე ზემოთ იყო ნახსენები, პავლე მოციქულს სწამდა აღდგომა. რის საფუძველზე? წარსულში ის, სავლე, ცუდი რეპუტაციის მქონე იყო, ქრისტიანების მდევნელი. მისი სახელი და რეპუტაცია შიშის ზარს სცემდა მორწმუნეებს. და ბოლოს, ნუთუ მან არ მოიწონა ქრისტიანი წამებულის, სტეფანეს ქვებით ჩაქოლვა? (საქმეები 8:1; 9:1, 2, 26). მაგრამ მკვდრეთით აღმდგარმა იესომ დამასკოსკენ მიმავალ გზაზე სავლე გონზე მოიყვანა, როდესაც დროებით დააბრმავა იგი. სავლემ გაიგო ხმა, რომელიც ეუბნებოდა მას: «„სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ უთხრა: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ მან კი: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი“». მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ასევე დაარიგა დამასკოში მცხოვრები ანანია, რომ მისულიყო იმ სახლში, სადაც სავლე ლოცულობდა და აღედგინა მისთვის მხედველობა. ამგვარად, პირადი გამოცდილებით, როგორც სავლეს, ასევე ანანიას ყოველგვარი საფუძველი ჰქონდათ ერწმუნათ მკვდრების აღდგომა (საქმეები 9:4, 5, 10–12).
16, 17. ა) საიდან ვიცით, რომ პავლეს არ სწამდა ბერძნების მტკიცედ ფესვგადგმული წარმოდგენა ადამიანის სულის უკვდავების შესახებ? ბ) რა მტკიცე იმედს გვაძლევს ბიბლია? (ებრაელთა 6:17–20).
16 ყურადღება მიაქციე, თუ როგორ უპასუხა განმგებელ ფელიქსს ამჯერად დევნილმა ქრისტიანმა სავლემ, ანუ პავლე მოციქულმა. საქმეების 24:15-ში ვკითხულობთ: „მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან“. ცხადია, რომ პავლე არ იზიარებდა ბერძნების მტკიცედ ფესვგადგმულ წარმართულ რწმენას ადამიანის სულის უკვდავებასთან დაკავშირებით, რომელიც სიკვდილის შემდეგ მითოლოგიის თანახმად ან სიცოცხლეს აგრძელებს, ან ხვდება ჯოჯოხეთში. პავლეს სწამდა აღდგომის და სხვებსაც ასწავლიდა ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ ადამიანს ექნება ძღვენი — უკვდავი სიცოცხლე, როგორც სულიერ ქმნილებებს, ზეცაში ქრისტესთან და უამრავ ადამიანს კი — სიცოცხლე დაუბრუნდება სრულყოფილ დედამიწაზე (ლუკა 23:43; 1 კორინთელთა 15:20–22, 53, 54; გამოცხადება 7:4, 9, 17; 14:1, 3).
17 ამგვარად ბიბლია გვაძლევს ნათელ დაპირებასა და მტკიცე იმედს, რომ აღდგომის საშუალებით, მრავალი ადამიანი კვლავ იხილავს თავის საყვარელ ახლობლებს აქ, დედამიწაზე, მხოლოდ მდგომარეობა საკმაოდ განსხვავებული იქნება (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1–4).
პრაქტიკული დახმარება მათთვის, ვინც მგლოვიარეა
18. ა) რა დამხმარე საშუალება გამოქვეყნდა კონგრესებზე „ღვთისმოსაწონი შიში“? (იხილე ჩარჩო). ბ) რა შეკითხვებზე არის პასუხი გასაცემი?
18 ახლა დავრჩით ჩვენს მოგონებებსა და მწუხარებასთან. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გადავლახოთ დროის ის უმძიმესი მონაკვეთი, როდესაც საყვარელი პიროვნების დაკარგვა განსაკუთრებით მწარეა? რა შეუძლიათ სხვებს გააკეთონ, რომ დაეხმარონ მგლოვიარეს? გარდა ამისა, როგორ უნდა დავეხმაროთ იმ გულწრფელ, მგლოვიარე ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით საველე მსახურების დროს და რომლებსაც არავითარი რეალური იმედი არა აქვთ? და კიდევ რა ნუგეში შეგვიძლია მივიღოთ ბიბლიიდან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების შესახებ, რომლებმაც სიკვდილის ძილით დაიძინეს? შემდეგი სტატია გვთავაზობს ზოგიერთ რჩევას.
[სქოლიოები]
a ბიბლიური დროისთვის დამახასიათებელი გლოვის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართე პუბლიკაციას Insight on the Scriptures, ტომი II, გვერდები 446–447, რომელიც გამოაქვეყნა საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებამ (ნიუ-იორკი).
b მკვდრების აღდგომის შესახებ ბიბლიაში მოცემულ იმედთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილე Insight on the Scriptures, ტომი II, გვერდი 783–793).
შეგიძლია თუ არა უპასუხო?
◻ რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი არის მტერი?
◻ როგორ ავლენდნენ ბიბლიურ დროში ღვთის მსახურები თავიანთ მწუხარებას?
◻ რა იმედი არსებობს ჩვენთვის ძვირფას მიცვალებულებთან დაკავშირებით?
◻ რა საფუძველი ჰქონდა პავლეს, რომ ერწმუნა მკვდრების აღდგომა?
[ჩარჩო მე-16, 17 გვერდებზე]
პრაქტიკული დახმარება მგლოვიარეებისთვის
კონგრესებზე, რომლებიც ჩატარდა 1994–1995 წლების განმავლობაში, დევიზით „ღვთისმოსაწონი შიში“, საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ გამოაცხადა ახალი ბროშურის გამოქვეყნება, სახელწოდებით: „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი.“ ამ გამამხნევებელი პუბლიკაციის დანიშნულებაა, შვება მოუტანოს ყველა ეროვნებისა და ენის წარმომადგენელ ადამიანებს. შესაძლოა, შენ უკვე იხილე, რომ ეს პუბლიკაცია გვთავაზობს ბიბლიაში მოცემულ ნათელ განმარტებას სიკვდილისა და ასევე მიცვალებულის მდგომარეობის შესახებ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბროშურაში ხაზგასმითაა გადმოცემული ღვთის აღთქმები იმის შესახებ, რომ იესო ქრისტეს მეშვეობით სიცოცხლე დაუბრუნდება ადამიანებს გაწმენდილ, სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ეს ნამდვილად სანუგეშოა მათთვის, ვინც მგლოვიარეა. გარდა ამისა, ეს ბროშურა დამხმარე საშუალება იქნება ქრისტიანულ მსახურებაში და მისი მიზანია, მრავალ ადამიანში გააღვიძოს ინტერესი, რის შედეგადაც უფრო მეტ ოჯახში ჩატარდება ბიბლიის შესწავლა. შესასწავლი შეკითხვები მოთავსებულია ჩარჩოში, რომელიც მოცემულია ყოველი ნაწილის დასასრულს და მისი საშუალებით იოლი იქნება განხილული საკითხების გამეორება გულწრფელ, მგლოვიარე პიროვნებასთან.
[სურათი მე-16 გვერდზე]
როდესაც ლაზარე მოკვდა, იესო აცრემლდა.
[სურათი მე-17 გვერდზე]
იესომ მკვდრეთით აღადგინა ლაზარე.
[საავტორო უფლება მე-14 გვერდზე]
პირველი გლოვა, W. Bouguereau, from original glass plate in Photo-Drama of Creation. 1914