აღდგენილ „ქვეყანაში“ ერთად მცხოვრებნი
„თქვენ. . . უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ“ (ესაია 61:6).
ძველ დროში, თავისი ერთგულების დროს, მსოფლიო სცენაზე ისრაელი იეჰოვას დიდების მოწმედ მსახურობდა (ესაია 41:8, 9; 43:10). მრავალი უცხოქვეყნელი გამოეხმაურა და დაიწყო იეჰოვასადმი თაყვანისცემა მის რჩეულ ხალხთან ერთად. ფაქტიურად, მათ უთხრეს ისრაელს ის, რაც რუთმა უთხრა ნაყომის: „შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). ისინი ემორჩილებოდნენ რჯულის პირობებს, რომლის თანახმადაც მამაკაცები წინადაცვეთას ექვემდებარებოდნენ (გამოსვლა 12:43–48). ზოგიერთი ქალი ისრაელებზე ქორწინდებოდა. იერიხონიდან წამოსული რახაბი და მოაბელი რუთი იესო ქრისტეს წინაპრები გახდნენ (მათე 1:5). ასეთი პროზელიტები ისრაელის კრების ნაწილს წარმოადგენდნენ (მეორე რჯული 23:7, 8).
2 ისრაელში მცხოვრები პროზელიტების მსგავსად, დღეს „უამრავი ხალხი“ ცხებულთა დარჩენილ ნაწილს ეუბნება: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (გამოცხადება 7:9; ზაქარია 8:23). ისინი აღიარებენ, რომ ეს ცხებული ქრისტიანები წარმოადგენენ იეჰოვას ‘ერთგულ და გონიერ მონას’ და იმდენად ახლოს თანამშრომლობენ მათთან, რომ ცხებულები და ‘სხვა ცხვრები’ წარმოადგენენ ‘ერთ ფარასა და ერთ მწყემსს’ (მათე 24:45–47; იოანე 10:16). რა მოუვა უამრავ ხალხს, როცა ყველა მათი ცხებული ძმა მიიღებს თავის ზეციერ ჯილდოს? მათ არ უნდა ეშინოდეთ. ამ ‘უკანასკნელი დღეების’ განმავლობაში იეჰოვამ ყველაფერი მოამზადა იმ დროისთვის (2 ტიმოთე 3:1).
სულიერი „ქვეყანა“
3 მოციქულმა პეტრემ იწინასწარმეტყველა ზეციერი ხელისუფლების შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც იქნება 144 000 ცხებული ქრისტიანი. მან თქვა: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ‘ახალი ცა’ დამყარდა 1914 წელს, იმ დროს, როცა ქრისტე აღზევებული იყო ტახტზე, როგორც მეფე ზეციერ სამეფოში. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ‘ახალ მიწაზე’?
4 ათას ცხრაას ცხრამეტ წელს იეჰოვამ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გამოიყვანა (გამოცხადება 18:4). ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებისთვის საქმის ასე საოცრად დაგვირგვინება სავსებით მოულოდნელი იყო. ამასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს: „ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა [ქვეყანა, აქ] ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი [ერი, აქ] ერთბაშად?“ (ესაია 66:8). როცა ცხებული კრება მოულოდნელად გამოჩნდა ერთა წინაშე, როგორც გათავისუფლებული ხალხი, ეს ნამდვილად ‘ერთბაშად დაბადებული’ ერი იყო. მაგრამ რა იყო „ქვეყანა“? გარკვეული თვალსაზრისით ეს იყო ძველი დროის ისრაელის ქვეყნის სულიერი ეკვივალენტი. ეს იყო მოქმედების სფერო, რომელიც მიეცა ახალშობილ ‘ხალხს’, ადგილი, სადაც ჩაწერილ წინასწარმეტყველებებს სამოთხის შესახებ, რომლებიც წიგნში, „ესაიაში“, არის ჩაწერილი, აქვთ ახალი სულიერი შესრულება (ესაია 32:16–20; 35:1–7; შეადარე ებრაელთა 12:12–14). სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ქრისტიანი ფიზიკურად, ის ამ „ქვეყანაში“ ცხოვრობს.
5 რა საერთო ჰქონდა ამას ‘ახალ მიწასთან’, რომლის შესახებაც პეტრემ იწინასწარმეტყველა? მაშ ასე, ახალი „ერი“, რომელიც 1919 წელს აღდგენილ „ქვეყანაში“ იშვა, უნდა ქცეულიყო იეჰოვას ცხებული და არაცხებული განმადიდებლებისგან შემდგარ მსოფლიო ორგანიზაციად. ეს ორგანიზაცია გადაიტანს არმაგედონს და იცხოვრებს ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში. ამრიგად, ეს ერი შეიძლება განხილულ იქნეს მართალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების ბირთვად, ახალ მიწად, რომელიც იარსებებს სატანის ქვეყნიერების განადგურების შემდეგa. ათას ცხრაას ოცდაათიანი წლების შუა წლებში ცხებულები ჯგუფად იყვნენ შეკრებილი აღდგენილ ქვეყანაში. ამ დროიდან ყურადღება მახვილდებოდა სხვა ცხვრებისგან შემდგარი უამრავი ხალხის შეკრებაზე, რომლებიც დღეს თითქმის ხუთ მილიონს აღწევენ (გამოცხადება 14:15, 16). ხომ არ არის ეს „ქვეყანა“ გადამეტებულად დასახლებული? არა, მისი საზღვრების გაფართოება შეიძლება იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება (ესაია 26:15). მართლაც, ამაღელვებელია იხილო მისი მოსახლეობის ზრდა იმ დროს, როცა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ავსებს „ქვეყანას“ „ნაყოფით“ — სულიერი საზრდოთი, რომელიც სასარგებლოა და ძალებს ჰმატებს (ესაია 27:6). მაგრამ რა მდგომარეობაში არიან სხვა ცხვრები ღმერთის ხალხის აღდგენილ „ქვეყანაში“?
უცხოქვეყნელები მოქმედებენ „ქვეყანაში“
6 ისრაელის ქვეყანაში მცხოვრები პროზელიტების მსგავსად, რომლებიც მოსეს რჯულს ემორჩილებოდნენ, დღეს მცხოვრები უამრავი ხალხი ემორჩილება იეჰოვას მცნებებს აღდგენილ „ქვეყანაში“. თავიანთი ცხებული ძმების მიერ განათლებულები, ისინი თავს არიდებენ ცრუ თაყვანისმცემლობის ყველა სახეობას და იცავენ კანონს სისხლის სიწმინდის შესახებ (საქმეები 15:19, 20; გალატელთა 5:19, 20; კოლასელთა 3:5). მათ უყვართ იეჰოვა მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით და უყვართ თავიანთი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი (მათე 22:37; იაკობი 2:8). ძველი დროის ისრაელში პროზელიტები ეხმარებოდნენ სოლომონის ტაძრის აშენებას და მხარს უჭერდნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას (პირველი ნეშტთა 22:2; მეორე ნეშტთა 15:8–14; 30:25). დღეს უამრავი ხალხიც მონაწილეობს სამშენებლო პროექტებში. მაგალითად, ისინი დახმარებას უწევენ კრებებისა და რაიონების „აშენებას“, თუ არაფერს ვიტყვით პირდაპირი გაგებით სამშენებლო პროექტებზე, როგორებიცაა სამეფო და საკონგრესო დარბაზები და ფილიალების ობიექტები.
7 როცა ძველი წელთაღრიცხვით 537 წელს ისრაელები ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, ისინი შეუდგნენ სამსახურის ორგანიზებას ტაძარში, რომელიც შენდებოდა. მაგრამ დაბრუნებული ლევიანები არცთუ ისე მრავალრიცხოვანი იყვნენ. ამიტომ შეწირულებს — წინადაცვეთილ ხიზნებს, რომლებიც მანამდეც ეხმარებოდნენ ლევიანებს — მიეცათ ტაძარში სამსახურისთვის უფრო დიდი უპირატესობები. მაგრამ ისინი არ იყვნენ აარონისგან წარმოშობილი ცხებული მღვდლების თანასწორიb (პირველი ეზრა 7:24; 8:15–20; ნეემია 3:22–26).
8 დღეს ცხებული ქრისტიანები ამ მაგალითს მიჰყვებიან. იმ დროს, როცა ‘ბოლო ჟამი’ დასასრულს უახლოვდება ღმერთის ხალხის „ქვეყანაში“ მცხოვრები ცხებულების დარჩენილი ნაწილი უფრო და უფრო მცირდება (დანიელი 12:9; გამოცხადება 12:17). ამის მხედველობაში მიღებით დღეს ‘წმინდა სამსახურის’ უმეტეს ნაწილს ასრულებს უამრავი ხალხი (გამოცხადება 7:15, აქ). რადგან მიჰყვებიან თავიანთი ცხებული ძმების ხელმძღვანელობას, ისინი ‘სწირავენ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს’. ისინი ‘არ ივიწყებენ ქველმოქმედებასა და გაზიარებას’, რადგან იციან, რომ „ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის“ (ებრაელთა 13:15, 16).
9 გარდა ამისა, უამრავი ხალხის ყოველწლიურად ასი ათასობით ზრდასთან ერთად შეიმჩნევა ზედამხედველობის მუდამ მზარდი საჭიროება. ერთ დროს ამას მხოლოდ ცხებული ქრისტიანები ასრულებდნენ. ახლა, როგორც კრებების, ასევე რაიონების, ოლქებისა და ფილიალების უმეტესი ნაწილის ზედამხედველობა საჭიროების გამო მიანდვეს სხვა ცხვრებს. ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტ წელს რამდენიმე მათგანს მიენიჭა უპირატესობა, დასწრებოდნენ ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტების შეხვედრებს და ემსახურათ დამხმარეებად ხმის მიცემის უფლების გარეშე. და მაინც, სხვა ცხვრები ერთგულები რჩებიან ცხებული თანაქრისტიანებისადმი და უპირატესობად მიიჩნევენ, მხარი დაუჭირონ მათ, როგორც იეჰოვას ერთგულ და გონიერ მონას (მათე 25:34–40).
„როგორც შეიხი“
10 ზაქარიას 9:6, 7-ში ნაწინასწარმეტყველებია, თუ როგორ გამოიყენებდა ერთგული და გონიერი მონა სხვა ცხვრებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. იქ ჩვენ ვკითხულობთ: „აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას; პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული [შეიხი, აქ] იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება“c. სატანის დღევანდელი ქვეყნიერების მსგავსად ფილისტიმელები იეჰოვას ხალხის დაუძინებელი მტრები იყვნენ (1 იოანე 5:19). ისევე, როგორც ფილისტიმელთა ერი საბოლოოდ განადგურდა, ასევე ეს ქვეყნიერება თავისი რელიგიური, პოლიტიკური და კომერციული შემადგენელი ნაწილებით მოკლე ხანში საკუთარ თავზე იგრძნობს იეჰოვას გამანადგურებელ რისხვას (გამოცხადება 18:21; 19:19–21).
11 მაგრამ ზაქარიას სიტყვების თანახმად, ზოგიერთი ფილისტიმელის გული შეიცვალა, რაც მოასწავებდა იმას, რომ დღევანდელ ქვეყნიერებაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი არ დარჩებოდა იეჰოვასთან მტრულ დამოკიდებულებაში. ისინი შეწყვეტდნენ რელიგიურ კერპთაყვანისმცემლობას თავისი საძაგელი წეს-ჩვეულებებითა და საზიზღარი მსხვერპლშესაწირავებით და განიწმინდებოდნენ იეჰოვას თვალში. ჩვენს დროს ასეთი გამოსწორებული „ფილისტიმელები“ უამრავ ხალხში მოიპოვებიან.
12 წინასწარმეტყველების თანახმად, ფილისტიმელთა მთავარი ქალაქი ყეკრონი ‘ებუსეველის მსგავსი’ გახდებოდა. ერთ დროს ებუსეველებიც იყვნენ ისრაელის მტრები. იერუსალიმი მათ ხელში იყო, სანამ მას დავითი დაიპყრობდა. მიუხედავად ამისა, ისრაელთან ომებში გადარჩენილებიდან ზოგიერთი, როგორც ჩანს, პროზელიტი გახდა. ისინი მონებად მსახურობდნენ ისრაელის ქვეყანაში და ტაძრის მშენებლობაზე მუშაობის უპირატესობაც კი ჰქონდათ (მეორე მეფეთა 5:4–9; მეორე ნეშტთა 8:1–18). ასევე, დღეს „ყეკრონელებს“, რომლებიც იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას მიმართავენ, აქვთ უპირატესობა იმსახურონ „ქვეყანაში“ ერთგული და გონიერი მონის ზედამხედველობით.
13 ზაქარია ამბობს, რომ ფილისტიმელი იქნებოდა, როგორც შეიხი იუდაში. სიტყვა „შეიხად“ გადათარგმნილი ებრაული სიტყვა „ʼალ·ლუფʹ“-ი ნიშნავს „ათასისთავს“ (ანუ „ქილიარქს“). ეს იყო ძალიან მაღალი თანამდებობა. ძველ ერს, ედომს, როგორც ჩანს, ჰყავდა სულ 13 შეიხი (დაბადება 36:15–19). ისრაელის შესახებ საუბრის დროს სიტყვა „შეიხი“ არ გამოიყენება ხშირად, მაგრამ გამოთქმა „ათასისთავი (ანუ ათასეულის მეთაური)“ ხშირად გვხვდება. როცა მოსე ისრაელი ერის წარმომადგენლებს უხმობდა, ის იძახებდა ‘ისრაელის ათასისთავებს’d. ესენი 12 იყვნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, მხოლოდ მოსეს ემორჩილებოდნენ (რიცხვნი 1:4–16). მსგავსად ამისა, სამხედრო სტრუქტურაში ათასისთავებს მხოლოდ გენერლის ან მეფის შემდეგი ადგილი ეკავათ (მეორე მეფეთა 18:1, 2; მეორე ნეშტთა 25:5).
14 თავის წინასწარმეტყველებაში ზაქარიას არ უთქვამს, რომ ფილისტიმელი, რომელიც მოინანიებდა, ნამდვილი შეიხი გახდებოდა ისრაელში. ეს არ იქნებოდა მართებული, რადგან ის არ იყო წარმოშობით ისრაელი. მაგრამ ის იქნებოდა, როგორც შეიხი და დაიკავებდა შეიხის მდგომარეობის მსგავს მაღალ თანამდებობას. ასეც მოხდა. რადგან ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი რიცხობრივად მცირდება და მრავალი მათგანი, ვინც ცოცხალია შეზღუდულია ასაკით, საჭიროების შემთხვევაში კარგად მომზადებული სხვა ცხვრები ეხმარებიან მათ. მათ არ სურთ თავიანთი ცხებული ძმების ადგილის დაკავება. მაგრამ ერთგული და გონიერი მონა, სადაც საჭიროა, აძლევს მათ ხელისუფლებას „ქვეყანაში“, რათა ღმერთის ორგანიზაცია ორგანიზებულად აგრძელებდეს წინსვლას. ასეთი წინსვლითი პროცესი ჩანს კიდევ სხვა წინასწარმეტყველებაში.
მღვდლები და მიწათმოქმედნი
15 ესაიას 61:5, 6-ში ვკითხულობთ: „დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმევათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე“. დღეს ‘უფლის მღვდლები’ არიან ცხებული ქრისტიანები. დასკვნითი და სრული გაგებით ისინი იმსახურებენ ‘უფლის მღვდლებად. . . ღვთის მსახურებად’ ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 4:9–11). ვინ არიან „უცხონი“, რომლებიც მიწათმოქმედებისთვის არიან პასუხისმგებელნი? ესენი არიან სხვა ცხვრები, რომლებიც ღმერთის ისრაელის „ქვეყანაში“ მკვიდრობენ. რას ნიშნავს დამწყემსვა, მიწათმოქმედება და მევენახეობა, რომლებიც მინდობილი აქვთ მათ? მნიშვნელოვანი სულიერი გაგებით, ეს დავალებები არის ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, მათი განათლება და ადამიანთა სახით მოსავლის აღება (ესაია 5:7; მათე 9:37, 38; 1 კორინთელთა 3:9; 1 პეტრე 5:2).
16 ჩვენს დროს, სულიერი ისრაელების ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრები მცირე რიცხვი, მონაწილეობს სულიერ დამწყემსვაში, მიწათმოქმედებასა და მევენახეობაში. როცა ცხებული კრება მთლიანად შეუერთდება ქრისტეს, ყველა ეს სამსახური ჩაბარდება სხვა ცხვრებს. „ქვეყნის“ ზედამხედველობაც კი კვალიფიცირებული სხვა ცხვრების ხელში იქნება, რომლებიც ეზეკიელის წიგნში მთავრების კლასად არიან მოხსენიებული (ეზეკიელი, თავები 45, 46)e.
„ქვეყანა“ აგრძელებს არსებობას
17 დიახ, უამრავ ხალხს არ უნდა ეშინოდეს! იეჰოვამ ყველაფერი გაითვალისწინა მისთვის. ამ ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა დედამიწაზე იყო ცხებულების შეკრება და მათთვის ბეჭდის დასმა (გამოცხადება 7:3). მაგრამ, სანამ ყოველივე ეს დასრულდებოდა, იეჰოვამ გააერთიანა მათთან სხვა ცხვრები აღდგენილ სულიერ ქვეყანაში. აქ ისინი სულიერად იკვებებიან და სწავლობენ ქრისტიანულად ცხოვრებას. უფრო მეტიც, აქ ისინი კარგად განისწავლებიან წმინდა მსახურების საფუძვლებში, რომელთა შორის არის ზედამხედველობა. ამისთვის ისინი დიდი მადლიერები არიან იეჰოვასი და თავიანთი ცხებული ძმების.
18 როცა გოგ მაგოგელი საბოლოოდ თავს დაესხმის ღმერთის ხალხს, სხვა ცხვრები ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან ერთად მტკიცედ იდგებიან ‘შემოუზღუდველ დაბაში’. სხვა ცხვრები ჯერ კიდევ ამ ‘დაბაში’ იქნებიან, როცა გადაიტანენ ერების განადგურებას და შევლენ ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში (ეზეკიელი 38:11; 39:12, 13; დანიელი 12:1; გამოცხადება 7:9, 14). მათ, ვინც ერთგული რჩება არასდროს ექნებათ საფუძველი, მიატოვონ ეს წარმტაცი სამკვიდრო (ესაია 11:9).
19 ძველი დროის ისრაელს ხორციელი მეფეები და ლევიანი მღვდლები მართავდნენ. ახალ ქვეყნიერებაში ქრისტიანებს ექნებათ ბევრად უფრო დიდებული ზედამხედველობა. იეჰოვა ღმერთის ქვეშევრდომობით ისინი დაემორჩილებიან დიდებულ მღვდელმთავარსა და მეფეს იესო ქრისტეს და 144 000 თანამღვდელსა და თანამეფეს, რომელთაგან ზოგიერთს ისინი ოდესღაც იცნობდნენ, როგორც დედამიწაზე მცხოვრებ ქრისტიან ძმებსა და დებს (გამოცხადება 21:1). სულიერი ქვეყნის ერთგული მემკვიდრეები იცხოვრებენ, სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამოთხედ აღდგენილ დედამიწაზე და დატკბებიან კურთხევებით, რომელიც მათზე გადმოვა ახალი იერუსალიმის მეშვეობით (ესაია 32:1; გამოცხადება 21:2; 22:1, 2).
20 რადგან იეჰოვას დიდებული ციური ეტლი მისი მიზნების მისაღწევად შეუჩერებლივ წინ მიიწევს, ყოველი ჩვენგანი მოუთმენლად ელის ჩვენთვის დანიშნული როლის განხორციელებას (ეზეკიელი 1:1–28). როცა ეს მიზნები საბოლოოდ მიღწეული იქნება, წარმოიდგინე, რამდენად დიდი სიხარულით აღინიშნება იეჰოვას ტრიუმფალური განწმენდა! ყოველი ქმნილება იმღერებს გამოცხადების 5:13-ში ჩაწერილ მძლავრ საგალობელს: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე“! სადაც არ უნდა იყოს ჩვენი ადგილი, ზეცაში თუ დედამიწაზე, ნუთუ არ ვისწრაფით ვიყოთ იქ, სადაც შევუერთებდით ჩვენს ხმებს ამ შესანიშნავ განმადიდებელ გუნდს?
[სქოლიოები]
a იხილე წიგნი „ახალი ცა და ახალი მიწა“, გვერდები 322–323 (ინგლ.), გამოცემული 1953 წელს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
b სრული განხილვისთვის იხილე 1992 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ გამოცემული სტატია «იეჰოვას მიერ მომზადებული ღონისძიება — „შეწირულები“» (ინგლ.).
c იხილე წიგნი „სამოთხე კაცობრიობისთვის აღდგენილია თეოკრატიის საშუალებით!“ გვერდები 264–269 (ინგლ.), გამოცემული 1972 წელს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
d ებრაული: „რაʼ·შეჰʹ“, „ʼალ·ფეჰʹ“, „იეს·რა·ʼელʹ“ სეპტუაგინტაში გადათარგმნილია, როგორც „ქი·ლიʹარ·ქოი ის·რა·ელʹ“, რაც ნიშნავს „ისრაელის ქილიარქები“.
e იხილე წიგნი «„ერებმა უნდა იცოდნენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ — როგორ?» გვერდები 401–407 (ინგლ.), გამოცემული 1971 წელს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
როგორ უპასუხებ?
◻ რომელი „ქვეყანა“ იყო აღდგენილი 1919 წელს და როგორ შეივსო ის მემკვიდრეებით?
◻ როგორ მიეცა სხვა ცხვრებს უფრო დიდი პასუხისმგებლობები ღმერთის განახლებული ხალხის „ქვეყანაში“?
◻ რა მხრივ არიან უამრავი ხალხის წევრები ‘ებუსეველის მსგავსი’? ‘შეიხის მსგავსი’?
◻ რამდენად დიდი ხნით დამკვიდრდებიან „ქვეყანაში“ სხვა ცხვრები?
[სასწავლო კითხვები]
1, 2. ა) რა მდგომარეობა ჰქონდათ პროზელიტებს ისრაელში? ბ) როგორი სულისკვეთება გამოავლინეს ‘უამრავი ხალხის’ წევრებმა ჩვენს დროში?
3. რა არის ‘ახალი ცა’, რომლის შესახებაც იწინასწარმეტყველა პეტრემ და როდის დამყარდა ის?
4. ა) რომელი მოულოდნელი შემთხვევა მოხდა 1919 წელს? ბ) რას წარმოადგენდა ‘ერთბაშად დაბადებული ერი’ და რომელი ‘ქვეყანა იშვა’?
5. რომელი ბირთვის არსებობა დაიწყო 1919 წელს? ახსენი.
6. როგორ მოქმედებდნენ უცხოქვეყნელები ღმერთის ხალხის „ქვეყანაში“?
7. რა მოხდა იერუსალიმში ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, როცა ტაძარში სამსახურის შესასრულებლად არ იყვნენ საკმარისი ლევიანები?
8, 9. რამდენად უფრო მეტად დაიწყეს მონაწილეობა წმინდა მსახურებაში სხვა ცხვრებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში?
10, 11. როგორ შეიცვალა ღმერთის ხალხის ზოგიერთი ყოფილი მტრის გული, როცა ზოგიერთ ფილისტიმელს ჰბაძავდა? როგორი შედეგით?
12. როგორ ხდება „ყეკრონი“ ‘ებუსეველის მსგავსი’ ჩვენს დროში?
13. რას წარმოადგენდნენ შეიხები ძველ დროში?
14. როგორ ხდება „ფილისტიმელი“ შეიხის მსგავსი დღეს?
15. ა) ესაიას 61:5, 6-ის შესრულების თანახმად, ვინ არიან ‘უფლის მღვდლები’ და როდის იმსახურებენ ასეთი სახით სრული გაგებით? ბ) ვინ არიან „უცხონი“, რომლებიც ისრაელის სამიწათმოქმედო სამსახურს ასრულებენ და რას შეიცავს მათი მსახურება სულიერი გაგებით?
16. ვის ხელში იქნება საბოლოოდ მთელი სამსახური ღმერთის ხალხის „ქვეყანაში“?
17. რა გაითვალისწინა იეჰოვამ ამ ბოლო დღეების განმავლობაში?
18. რომელი შემთხვევების მიუხედავად დარჩებიან სხვა ცხვრები ერთგულები სულიერი ისრაელის „ქვეყანაში“?
19, 20. ა) რომელი დიდებული ზედამხედველობით ისარგებლებენ „ქვეყნის“ მკვიდრნი ახალ ქვეყნიერებაში? ბ) რას ველოდებით მოუთმენლად?