კურთხევა თუ წყევლა — მაგალითები ჩვენთვის დღეს
„ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს“ (1 კორინთელთა 10:11).
1. რას უნდა დავაკვირდეთ ისევე, როგორც რკინის საგანს დავაკვირდებოდით?
საღებავით დაფარული რკინა, თვალისთვის უხილავად, შეიძლება ჟანგმა ამოჭამოს. ზოგჯერ ეს შეიძლება მანამდე მოხდეს, სანამ ჟანგი ზედაპირზე გამოჩნდება. მსგავსად ამისა, ჩვენი გულის პოზიციებისა და სურვილების წახდენა შეიძლება მანამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოს, ვიდრე სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდეს ან სხვებისთვისაც შესამჩნევი გახდებოდეს. მსგავსად იმისა, როგორც ბრძნულად შევამოწმებდით ხელსაწყოს დაჟანგებას, ასევე ჩვენს გულებზე დაწვრილებით დაკვირვებითა და ამოჭმის დროზე შეჩერებით შეიძლება დავიცვათ ჩვენი ქრისტიანული უმწიკვლოება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ღმერთის კურთხევების მიღება და ღვთიური წყევლის არიდება. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ძველი დროის ისრაელზე წარმოთქმული კურთხევები და წყევლა თითქმის უმნიშვნელოა მათთვის, ვინც ამ სისტემის აღსასრულის წინაშე დგას (იესო ნავეს ძე 8:34, 35; მათე 13:49, 50; 24:3). მაგრამ ეს ასე არ არის. კორინთელებისადმი პირველი წერილის მე-10 თავში მოცემული ცნობების თანახმად, ჩვენ შეგვიძლია დიდი სარგებლობა ამოვიღოთ იმ გამაფრთხილებელი მაგალითებიდან, რომლებიც ისრაელების შესახებ მოგვითხრობს.
2. რას ამბობს 1 კორინთელთა 10:5, 6 უდაბნოში ისრაელებთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ?
2 მოსეს ქვეშევრდომობაში მყოფ ისრაელებს მოციქული პავლე ადარებს ქრისტიანებთან, რომლებსაც ქრისტე ხელმძღვანელობს (1 კორინთელთა 10:1–4). თუმცა ისრაელებს შეეძლოთ აღთქმულ მიწაზე შესვლა, „მათგან უმრავლესობა როდი მოიწონა ღმერთმა: ვინაიდან ისინი უდაბნოში დაეცნენ“. ამიტომ პავლე ეუბნებოდა თანაქრისტიანებს: „ეს კი ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც შენატროდნენ ისინი“ (1 კორინთელთა 10:5, 6). გული მრავალ ნატვრას კვებავს და ამიტომ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგალითებს, რომლებსაც პავლე ციტირებს.
გაფრთხილება კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ
3. როგორ შესცოდეს ისრაელებმა ოქროს ხბოსთან დაკავშირებულ შემთხვევაში?
3 პავლეს პირველი გაფრთხილება ასეთია: «არც კერპთაყვანისმცემლები იყოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი, როგორც წერია: „დასხდა ხალხი საჭმელ-სასმელად, და წამოდგნენ სათამაშოდ“» (1 კორინთელთა 10:7). ეს გამაფრთხილებელი მაგალითი მოგვითხრობს ისრაელების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდნენ ეგვიპტელთა ჩვევებს და ოქროს კერპთაყვანისმცემლური ხბო ჩამოასხეს (გამოსვლა, თავი 32). მოწაფე სტეფანე ძირითად პრობლემაზე მიუთითებდა: ‘[მოსეს, ღმერთის წარმომადგენლის,] მორჩილება არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და თავიანთი გულით ეგვიპტისკენ მიიქცნენ. უთხრეს აარონს: „გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, ვინაიდან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა“. გააკეთეს იმ დღეებში ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას’ (საქმეები 7:39–41). დაუკვირდი, რომ ჯიუტი ისრაელები ‘თავიანთ გულებში’ კერპთაყვანისცემამდე მიმყვან მცდარ სურვილებს ატარებდნენ. „გააკეთეს. . . ხბო, შესწირეს მსხვერპლი კერპს“. გარდა ამისა, ისინი „შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას“. იქ იყო მუსიკა, სიმღერა, ცეკვა და ჭამა-სმა. ნათელია, კერპთაყვანისმცემლობა მაცდუნებელი და გასართობი იყო.
4, 5. რომელ კერპთაყვანისმცემლურ ჩვევებს უნდა მოვერიდოთ?
4 სინამდვილეში, სიმბოლური ეგვიპტე — სატანის ქვეყნიერება — თაყვანს სცემს გართობას (1 იოანე 5:19; გამოცხადება 11:8). ის აღმერთებს მსახიობებს, მომღერლებსა და სპორტის ვარსკვლავებს და ასევე მათ ცეკვას, მუსიკას და მათი ხუმრობებისა და დროს ტარების გაგებას. მრავალი ცდუნდება და ღრმად ებმება გართობაში იმ დროს, როცა ამტკიცებს, რომ იეჰოვას სცემს თაყვანს. როცა მცდარი საქციელისთვის ქრისტიანს შენიშვნა უნდა მიეცეს, ხშირად მისმა დასუსტებულმა სულიერობამ შეიძლება კვლავ გაახსენოს ალკოჰოლური სასმელების დალევა, ცეკვა და დროს ტარება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება კერპთაყვანისმცემლობას უტოლდებოდეს (გამოსვლა 32:5, 6, 17, 18). ზოგიერთი სახის გართობა სასარგებლო და სასიამოვნოა. მაგრამ დღევანდელი ქვეყნიური მუსიკისა და ცეკვის, კინო და ვიდეოფილმების უმეტესი ნაწილი გახრწნილ ხორციელ სურვილებს აკმაყოფილებს.
5 ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ნებდებიან კერპთაყვანისმცემლობას (2 კორინთელთა 6:16; 1 იოანე 5:21). დაე, თითოეული ჩვენგანი ისეთი ფრთხილი იყოს, რომ თავი არ ჩაიგდოს კერპთაყვანისმცემლურ გართობასა და ხიფათში და არ დაიტანჯოს საზიანო შედეგების გამო, რომლებსაც ამქვეყნიურად დროს ტარებაში ჩაბმა იწვევს. თუ ქვეყნიურ გავლენას დავექვემდებარებით, საზიანო სურვილები და აზრები თითქმის შეუმჩნევლად დამკვიდრდება ჩვენს გულსა და გონებაში. თუ ყოველივე ამას არ ვასწორებთ, საბოლოოდ შეიძლება სატანის ქვეყნიერების ‘უდაბნოში დავეცეთ’.
6. რა დადებითი ნაბიჯი უნდა გადავდგათ გართობასთან დაკავშირებით?
6 სინამდვილეში, ოქროს ხბოსთან დაკავშირებულ შემთხვევაში მოსეს მსგავსად, „ერთგული და გონიერი მონა“ ამბობს: „ვინც უფლისაა, ჩემთან!“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მტკიცე პოზიციის გამოსავლენად დადებითად მოქმედება შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი იყოს. ლევის ტომმა, რომელსაც მოსე მიეკუთვნებოდა, დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება გამხრწნელი გავლენის მოსასპობად (მათე 24:45–47; გამოსვლა 32:26–28). მაშ, ფრთხილად შეამოწმე გართობასთან, მუსიკასთან, ვიდეოფილმებსა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული არჩევანი. თუ არჩეული გართობა ოდნავაც კი გახრწნილია, იეჰოვას მხარე დაიკავე. ლოცვით მიენდე ღმერთს, შეცვალე შენი არჩევანი გართობასა და მუსიკასთან დაკავშირებით და გაანადგურე სულიერად საზიანო ნივთი ზუსტად ისე, როგორც მოსემ ოქროს ხბო გაანადგურა (გამოსვლა 32:20; მეორე რჯული 9:21).
7. როგორ შეგვიძლია ფიგურალური გულის დაცვა?
7 როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ გულის „ამოჭმას“? ღმერთის სიტყვის გულმოდგინედ შესწავლის საშუალებით ჩვენს გულსა და გონებაში მისი ჭეშმარიტებების ღრმად ჩაშვებით (რომაელთა 12:1, 2). რასაკვირველია, ჩვენ რეგულარულად უნდა დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს (ებრაელთა 10:24, 25). მაგრამ შეხვედრებზე პასიური დასწრება შეიძლება ჰგავდეს ჟანგიანი ადგილის შეღებვას. ამან შეიძლება გაგვწმინდოს ცოტა ხნით, მაგრამ ძირითად პრობლემას არ გადაწყვეტს. ნაცვლად ამისა, წინასწარ მომზადებით, შესწავლილზე დაფიქრებითა და შეხვედრებზე აქტიური მონაწილეობით, ჩვენ ენერგიულად ამოვაგდებთ ამომჭმელ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება ჩერდებიან ჩვენი ფიგურალური გულის სიღრმეებში. ეს დაგვეხმარება, მივყვეთ ღმერთის სიტყვას და გაგვამტკიცებს, რომ გავუძლოთ რწმენის გამოცდებს და გავხდეთ „წუნდაუდებელნი“ (იაკობი 1:3, 4; იგავნი 15:28).
გაფრთხილება სიძვის წინააღმდეგ
8–10. ა) რომელ გამაფრთხილებელ მაგალითზეა მითითებული 1 კორინთელთა 10:8-ში? ბ) როგორ შეგვიძლია დადებითად გამოვიყენოთ მათეს 5:27, 28-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები?
8 პავლეს მოცემულ მომდევნო მაგალითში ჩვენ გვეძლევა რჩევა: „ნურც ვიმეძავებთ, როგორც ზოგიერთი მათგანი მეძავობდა, და ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი დაეცა“a (1 კორინთელთა 10:8). მოციქული მიუთითებდა იმ დროზე, როცა ისრაელი ერი ცრუ ღმერთებს სცემდა თაყვანს და „გარყვნილებას ეწეოდა. . . მოაბელ ქალებთან“ (რიცხვნი 25:1–9). სექსუალური უზნეობა სიკვდილით დასჯის ღირსია! გამუდმებულ უზნეო ფიქრებსა და სურვილებზე თვალის დახუჭვა იგივეა, რაც გულის „ამოჭმისთვის“ ნების დართვა. იესო აცხადებდა: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:27, 28).
9 ‘ქალისთვის გულისთქმით შეხედვის’ შედეგების დამადასტურებელი არის ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის წინ მცხოვრები დაუმორჩილებელი ანგელოზების გახრწნილი აზროვნების შედეგი (დაბადება 6:1, 2). აგრეთვე გახსოვდეს, რომ მეფე დავითის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული შემთხვევებიდან ერთ-ერთის მიზეზი იყო ქალისთვის არასათანადო მზერის გაგრძელება (მეორე მეფეთა 11:1–4). ამისგან საპირისპიროდ, მართალმა ცოლიანმა მამაკაცმა იობმა ‘აღთქმა მისცა თავის თვალებს, რომ არ შეხედავდა ქალწულს’ და ამრიგად, თავი უზნეობას აარიდა და უმწიკვლოების დამცველი აღმოჩნდა (იობი 31:1–3, 6–11). თვალების შედარება გულის ფანჯრებთან შეიძლება. და ზუსტად გახრწნილი გულიდან გამოდის მრავალი ბოროტება (მარკოზი 7:20–23).
10 იესოს სიტყვებს თუ ვიყენებთ, ნებაზე არ მივუშვებთ ცუდ ფიქრებს, რომლებსაც იწვევს პორნოგრაფიული მასალის დათვალიერება ან თანაქრისტიანთან, თანამშრომელთან თუ სხვა ვინმესთან დაკავშირებით უზნეო ფიქრების გამოკვება. ჟანგი არ მოსცილდება რკინას, თუ მხოლოდ ჩამოვბერტყავთ ამოჭმულ ნივთიერებას. ამიტომ, მსუბუქად კი ნუ ჩამოიბერტყავ უზნეო აზრებსა და მიდრეკილებებს, თითქოს მათ მცირე მნიშვნელობა ჰქონდეთ. მტკიცედ იმოქმედე უზნეო მიდრეკილებებისგან გასათავისუფლებლად (შეადარე მათე 5:29, 30). თანამორწმუნეებს პავლე შეაგონებს: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის“. დიახ, ისეთი საქმეების გამო, როგორიცაა სექსუალური უზნეობა, „ღვთის რისხვა მოდის“, როგორც წყევლა. ამიტომ ჩვენ უნდა ‘მოვაკვდინოთ’ ჩვენი მიწიერი ასოები ამ საქმეებთან დაკავშირებით (კოლასელთა 3:5, 6).
გაფრთხილება მეამბოხე სულის გამომხატველი საყვედურების წინააღმდეგ
11, 12. ა) რის შესახებ გვაფრთხილებს 1 კორინთელთა 10:9 და რომელ შემთხვევაზე მიუთითებს ის? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს პავლეს გაფრთხილებამ ჩვენზე?
11 შემდეგ პავლე გვაფრთხილებს: „ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და ისინი გველებისაგან დაიღუპნენ“ (1 კორინთელთა 10:9). ედომის საზღვრის მახლობლად უდაბნოში გადასვლის დროს, ისრაელებმა ‘საყვედურით დაუწყეს ლაპარაკი უფალსა და მოსეს: რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან მოსაკლავად ამ უდაბნოში. რადგან არ არის პური და არც წყალი, შეგვაღონა უყუათო საჭმელმა’, რაც სასწაულებრივად უზრუნველყოფილი მანანა იყო (რიცხვნი 21:4, 5). მხოლოდ დაფიქრდი! ის ისრაელები ‘საყვედურით ელაპარაკებოდნენ უფალს’ და მის მოცემულ საკვებს უყუათოს უწოდებდნენ!
12 თავიანთი საყვედურებით ისრაელები იეჰოვას მოთმინებას ცდიდნენ. სასჯელმა არ დააყოვნა, რადგან იეჰოვამ შეუსია მათ შხამიანი გველები, რომელთა ნაკბენებისგან მრავალი მოკვდა. ხოლო, როცა ხალხმა მოინანია და მოსემ უშუამდგომლა მათ, დასჯა შეწყდა (რიცხვნი 21:6–9). ჩვენთვის ეს შემთხვევა, მართლაც, გამაფრთხილებელი უნდა იყოს, რომ საერთოდ, ხოლო განსაკუთრებით კი ღმერთისა და მისი თეოკრატიული ღონისძიებების წინააღმდეგ არ გამოვავლინოთ მეამბოხე და უკმაყოფილების გამომხატველი სულისკვეთება.
გაფრთხილება დრტვინვის წინააღმდეგ
13. რის წინააღმდეგ გვაფრთხილებს 1 კორინთელთა 10:10 და რომელ აჯანყებას გულისხმობდა პავლე?
13 უკანასკნელი მაგალითის ციტირებით, რომელიც უდაბნოში მყოფ ისრაელებს ეხებოდა, პავლე წერს: „არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთი მათგანი დრტვინავდა, და დაიღუპნენ მომსრველისაგან“ (1 კორინთელთა 10:10). კორახის, დათანის, აბირამისა და მათთან მონაწილეების არათეოკრატიული მოქცევისა და მოსესა და აარონის უფლებამოსილების წინააღმდეგ ეჭვის წამოყენების შედეგად იფეთქა აჯანყებამ (რიცხვნი 16:1–3). აჯანყებულების განადგურების შემდეგ ისრაელებმა დრტვინვა დაიწყეს. ხოლო ყოველივე ეს იმ აზრმა გამოიწვია, თითქოს აჯანყებულების განადგურება უსამართლო იყო. რიცხვნის 17:6 გვამცნობს: „აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი“. ამ შემთხვევის დროს სამართლიანად შესრულებული განაჩენის გაკრიტიკების შედეგად ღვთის მოვლენილი მუსრისგან დაიღუპა 14 700 ისრაელი (რიცხვნი 17:14).
14, 15. ა) რა იყო კრებაში შემოპარული ‘უღვთო’ პირების ერთ-ერთი ცოდვა? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ კორახთან დაკავშირებული შემთხვევიდან?
14 ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში აღმოჩნდა, რომ „უღვთონი“, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში შემოიპარნენ, ცრუ მოძღვარნი და მდრტვინავნი იყვნენ. ეს მამაკაცები ‘უარყოფდნენ უფლის ბატონობას და გმობდნენ დიდებულებს’, ცხებულ მამაკაცებს, რომლებიც მაშინ უფლებამოსილი იყვნენ კრებაში სულიერ ზედამხედველობაზე. აგრეთვე უღვთო განდგომილებთან დაკავშირებით მოწაფე იუდამ თქვა: „ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი“ (იუდა 3, 4, 8, 16). დღეს თავიანთ გულებში სულიერად ამომჭმელი პოზიციის განვითარებისთვის ნების დართვით ზოგიერთი პიროვნება მდრტვინავი ხდება. ხშირად, ისინი მთელ ყურადღებას აპყრობენ კრებაში ზედამხედველების არასრულყოფილ მხარეებს და დრტვინავენ მათზე. მათი მხრიდან დრტვინვა და უკმაყოფილების გამოთქმა შეიძლება ‘ერთგული მონის’ გამოცემული პუბლიკაციების გაკრიტიკებამდეც კი მივიდეს.
15 სავსებით ნორმალურია ბიბლიურ საკითხებთან დაკავშირებული გულწრფელი კითხვების დასმა. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ უარყოფით დამოკიდებულებას ვავითარებთ, რომელიც ახლობლების წრეში კრიტიკული საუბრებით ვლინდება? მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ საკუთარ თავს შევეკითხებოდით: „რა დასასრული ექნება ამას? განა ბევრად უფრო უკეთესი არ იქნებოდა დრტვინვის შეწყვეტა და სიბრძნისთვის თავმდაბლური ლოცვა?“ (იაკობი 1:5–8; იუდა 17–21). კორახი და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მოსესა და აარონის უფლებამოსილებას აუჯანყდნენ, შეიძლება ისე დარწმუნებული იყვნენ თავიანთი თვალსაზრისის სისწორეში, რომ არ შეამოწმეს საკუთარი მოტივები. მაგრამ ისინი სრულიად მტყუანნი იყვნენ. მსგავსად შეცდნენ ისრაელებიც, რომლებიც დრტვინავდნენ კორახისა და დანარჩენი აჯანყებულების განადგურებაზე. რამდენად ბრძნული იქნება, ხელი შევუწყოთ, რომ ასეთმა მაგალითებმა აღგვძრას, შევამოწმოთ ჩვენი მოტივები, ჩამოვიშოროთ დრტვინვა და უკმაყოფილება და ნება დავრთოთ იეჰოვას, რომ გაგვწმინდოს! (ფსალმუნი 16:1–3).
ისწავლე და კურთხევებით ისარგებლე
16. რა აზრი დევს 1 კორინთელთა 10:11, 12-ში მოცემულ შეგონებაში?
16 ღვთიური შთაგონებით პავლე გამაფრთხილებელი ცნობების სიას შეგონებით ამთავრებს: „ყოველივე ეს მათ დაემართათ სანიმუშოდ და აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომლებმაც მივაღწიეთ წუთისოფლის აღსასრულს. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს“ (1 კორინთელთა 10:11, 12). დაე, ჩვეულებრივად არ ჩავთვალოთ ჩვენი მდგომარეობა ქრისტიანულ კრებაში.
17. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს გულში არასწორ მოტივს დავინახავთ?
17 მსგავსად იმისა, როგორც რკინას აქვს დაჟანგვის თვისება, ჩვენც, ცოდვილი ადამის შთამომავლებს, მემკვიდრეობით მიღებული გვაქვს მიდრეკილება ბოროტისკენ (დაბადება 8:21; რომაელთა 5:12). ამიტომ, ნუ აგვიცრუვდება გული, თუ მასში არასწორ მოტივს დავინახავთ. ნაცვლად ამისა, მოდი, გაბედულად ვიმოქმედოთ. ნოტიო ჰაერი ან კაუსტიკური გარემო ბევრად უფრო სწრაფად იწვევს რკინის ამოჭმას. ამიტომ, უნდა ავირიდოთ სატანის ქვეყნიერების „ჰაერის“ ზემოქმედება, თავისი საძაგელი გართობებით, ყველგან გავრცელებული უზნეობითა და გონების უარყოფითი მიდრეკილებით (ეფესელთა 2:1, 2).
18. რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობის არასწორ მიდრეკილებებთან დაკავშირებით?
18 იეჰოვამ უზრუნველყო კაცობრიობა ისეთი საშუალებებით, რომელთა წყალობითაც ადამიანები შეეწინააღმდეგებოდნენ მემკვიდრეობით მიღებულ არასწორ მიდრეკილებებს. მან მოგვცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისი მორწმუნეები არ დაიღუპონ, არამედ ჰქონდეთ საუკუნო სიცოცხლე (იოანე 3:16). თუ იესოს კვალს ზუსტად მივყვებით და ქრისტეს თვისებების მსგავს თვისებებს გამოვავლენთ, ჩვენ სხვებისთვის კურთხევა ვიქნებით (1 პეტრე 2:21). აგრეთვე წყევლის ნაცვლად, ჩვენ ღვთის კურთხევებს მივიღებთ.
19. როგორ შეგვიძლია მივიღოთ სარგებლობა საღვთო წერილში მოცემული მაგალითების განხილვით?
19 თუმცა დღეს შეცდომებისადმი ისეთივე მიდრეკილები ვართ, როგორც ძველი დროის ისრაელები, ჩვენ გვაქვს წერილობით გადმოცემული ღმერთის სრული სიტყვა, რომ გვიხელმძღვანელოს. მისი გვერდებიდან ჩვენ ვსწავლობთ ადამიანებთან იეჰოვას დამოკიდებულებისა და აგრეთვე მისი თვისებების შესახებ, რომლებიც აღბეჭდილია იესოში, ‘ღმერთის დიდების ბრწყინვალებაში და მისი არსების ანარეკლში’ (ებრაელთა 1:1–3; იოანე 14:9, 10). ლოცვითა და საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლით ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ „ქრისტეს აზრი“ (1 კორინთელთა 2:16). რწმენაში მრავალი საცდურისა და განსაცდელის შეხვედრისას ჩვენ შეგვიძლია სარგებლობა მივიღოთ საღვთო წერილიდან ძველი დროის მაგალითებისა და განსაკუთრებით იესო ქრისტეს უდიდესი მაგალითის განხილვით. ასე თუ ვიმოქმედებთ, ჩვენზე არ შესრულდება ღვთიური წყევლა. ნაცვლად ამისა, ჩვენ დავტკბებით იეჰოვას კეთილგანწყობილებით დღეს და მისი კურთხევებით მარადიულად.
[სქოლიოები]
a იხილე 1992 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 4 (ინგლ.).
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს რჩევა, არ გავხდეთ კერპთაყვანისმცემლები?
◻ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ყურადღებით მოვეპყროთ მოციქულის გაფრთხილებას სიძვის წინააღმდეგ?
◻ რატომ უნდა მოვერიდოთ დრტვინვისა და უკმაყოფილების გამოთქმას?
◻ როგორ შეგვიძლია, ღვთისგან წყევლის ნაცვლად, მივიღოთ კურთხევები?
[სურათი 12 გვერდზე]
თუ გვსურს, მივიღოთ ღმერთის კურთხევები უნდა მოვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობას.
[სურათები 14 გვერდზე]
მოდი, დადებითად ვიმოქმედოთ, რომ ჟანგის მოცილების მსგავსად, მოვიცილოთ არასწორი სურვილები ჩვენი გულებიდან.