რწმენა და შენი მომავალი
„რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ“ (ებრაელთა 11:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
1. როგორი მომავალი სურს უმრავლესობას?
დაინტერესებული ხართ თუ არა მომავლით? უმრავლესობა დაინტერესებულია. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალი მშვიდობიანი იქნება, სადაც აღარ იარსებებს შიში, სადაც ადამიანები ხანგრძლივად იცხოვრებენ დამაკმაყოფილებელ პირობებში, ჯანმრთელები იქნებიან და დატკბებიან ნაყოფიერი და სიხარულის მომგვრელი შრომით. რასაკვირველია, ადამიანებს ყოველთვის სურდათ ასეთი მომავალი. და დღეს უსიამოვნებებით სავსე ამ წუთისოფელში ასეთი პირობები კიდევ უფრო სასურველია, ვიდრე ოდესმე.
2. რა აზრი გამოთქვა ერთმა სახელმწიფო მოღვაწემ მომავლის შესახებ?
2 ახლა, XXI საუკუნის მიჯნაზე, არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კაცობრიობის მომავლის განსაზღვრა? პატრიკ ჰენრიმ, ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, 200-ზე მეტი წლის წინათ ამის განსაზღვრის ერთ-ერთი საშუალების შესახებ გვამცნო. მან თქვა: „მომავლის განსაზღვრის საუკეთესო საშუალება წარსულის გამოკვლევაა“. ამ თვალსაზრისის თანახმად, საკაცობრიო ოჯახის მომავალი შეიძლება მნიშვნელოვანწილად განისაზღვროს კაცობრიობის მიერ წარსულში ჩადენილი საქმეებით. ამ აზრს მრავალი იზიარებს.
როგორი იყო წარსული?
3. რას გვიჩვენებს ისტორიის მატიანე მომავლის იმედებთან დაკავშირებით?
3 გაიმედებთ იმის გაგება, რომ მომავალი წარსულის ანარეკლი იქნება? გაუმჯობესდა კი მომავალი წინა თაობებისთვის? ფაქტობრივად არა, რადგან ათასობით წლის განმავლობაში ადამიანთა იმედებისა და ზოგ ქვეყანაში მატერიალური წარმატებების მიუხედავად, ისტორია აღსავსეა სისასტიკით, დამნაშავეობით, ძალადობით, ომებითა და სიღარიბით. წუთისოფელში ერთ უბედურებას მეორე ცვლის და ეს, ძირითადად, ცუდი მმართველობის შედეგია. ბიბლია სწორად აღნიშნავს: „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
4, 5. ა) რატომ უყურებდნენ ადამიანები მომავალს იმედით XX საუკუნის დასაწყისში? ბ) რა დაემართა მათს მომავლის იმედს?
4 ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი საშინელებები კვლავ მეორდება, მაგრამ ისინი უფრო ფართო მასშტაბით ხდება და მეტი ზიანი მოაქვს. ამის ნათელ მტკიცებას XX საუკუნე წარმოადგენს. ისწავლა რამე ამ საუკუნეში მცხოვრებმა ხალხმა წარსულიდან და აირიდა წარსულში დაშვებული შეცდომები? საუკუნის დასაწყისში მრავალს სწამდა, რომ მომავალი უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან სხვა დროსთან შედარებით კარგა ხნის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. უნივერსიტეტის ერთმა პროფესორმა თქვა, რომ XX საუკუნის დასაწყისში ომი წარმოუდგენლად მიაჩნდათ, ვინაიდან „ადამიანები მეტად ცივილიზებულები იყვნენ“. იმ დროს ხალხში გაბატონებული თვალსაზრისი გამოხატა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა: „ყველაფერი უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. ასეთი იყო მსოფლიო, როდესაც მე დავიბადე, — მაგრამ შემდეგ ის ამბობს — უცებ, მოულოდნელად, 1914 წლის ერთ დილას, ყველაფერი გაქრა“.
5 იმ დროს გაბატონებული უკეთესი მომავლის რწმენის მიუხედავად ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე მთელი მსოფლიო მოიცვა ადამიანის ხელით გამოწვეულმა ყველაზე საშინელმა კატასტროფამ — პირველმა მსოფლიო ომმა. ამ ომის ხასიათის შესახებ წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი შემთხვევის განხილვა, რომელიც 1916 წელს საფრანგეთში, მდინარე სომას მახლობლად, ინგლისელთა ჯარების გერმანელებთან შეტაკებისას მოხდა. სულ რამდენიმე საათში ბრიტანეთმა დაკარგა 20 000 ჯარისკაცი; მრავალი დაიღუპა გერმანელთა მხრიდანაც. ოთხწლიანმა ხოცვა-ჟლეტამ დაახლოებით 10 მილიონი ჯარისკაცისა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ვინაიდან ომში მრავალი დაიღუპა, გარკვეული დროის მონაკვეთში საფრანგეთის მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. ეკონომიკა დაეცა, რასაც 30-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. გასაკვირი არ არის, რომ ზოგმა პირველი მსოფლიო ომის დაწყების დღეს მსოფლიოს გაგიჟების დღე უწოდა.
6. გაუმჯობესდა ცხოვრება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ?
6 ასეთ მომავალს მოელოდა ის თაობა? არა, სრულიად საპირისპიროს. მათი იმედები დაიმსხვრა; იმ ომს არაფერი უკეთესი არ მოჰყოლია. პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ 21 წლის შემდეგ, ანუ 1939 წელს, ადამიანების ხელით უარესი კატასტროფა მოხდა; ეს კატასტროფა მეორე მსოფლიო ომი იყო. მან 50 მილიონი კაცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. მასობრივმა დაბომბვებმა მიწასთან გაასწორა მრავალი ქალაქი. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრძოლაში სულ რამდენიმე საათში ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს — სულ რამდენიმე წამში 100 000-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა მხოლოდ ორმა ატომურმა ბომბმა. მრავალი ბევრად უფრო დიდ საშინელებად მიიჩნევს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მილიონების უმოწყალოდ ხოცვას.
7. როგორია ამ საუკუნის რეალური სურათი?
7 რამდენიმე წყარო იტყობინება, რომ, თუ გავაერთიანებდით ერთა შორის ომებს, სამოქალაქო კონფლიქტებსა და მოქალაქეთა სიკვდილიანობის შემთხვევებს, რასაც თვითონ მთავრობები იწვევენ, ამ საუკუნეში დახოცილთა რიცხვი დაახლოებით 200 მილიონს მიაღწევდა. ერთ-ერთი წყარო 360 მილიონსაც კი მოიხსენიებს. წარმოიდგინეთ რა საშინელებაა ყოველივე ეს: ამდენი ტკივილი, ცრემლი, დარდი და შეწყვეტილი სიცოცხლე! გარდა ამისა, სიღარიბით გამოწვეული მიზეზებით ყოველდღიურად საშუალოდ 40 000 ადამიანი იღუპება, უმეტესწილად კი ბავშვები. აბორტების შედეგად დახოცილთა რაოდენობა ზემოთ მოხსენიებულ რიცხვს სამჯერ აღემატება. აგრეთვე დაახლოებით მილიარდი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ ვერ ყიდულობს აუცილებელ საზრდოს, რათა დღის განმავლობაში ნორმალურად მუშაობისთვის საჭირო ენერგია ჰქონდეს. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ამ ბოროტი სისტემის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1–5, 13; მათე 24:3–12; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:3–8).
ადამიანებს ხსნის ძალა არ შესწევთ
8. რატომ ვერ წყვეტენ ადამიანთა ხელმძღვანელები მსოფლიო პრობლემებს?
8 დღეს, მეოცე საუკუნის მიწურულს, გასულ საუკუნეებში მომხდარ შემთხვევებს შეგვიძლია ჩვენი საუკუნის მოვლენებიც მივუმატოთ. და რას გვეუბნება ეს ისტორია? ადამიანთა ხელმძღვანელები ვერც ადრე წყვეტდნენ მთავარ მსოფლიო პრობლემებს, ვერც ახლა წყვეტენ და ვერც მომავალში გადაწყვეტენ. მათ, რაც არ უნდა კეთილი განზრახვები ჰქონდეთ, უბრალოდ, ძალა არ შესწევთ ისეთი მომავლით უზრუნველგვყონ, როგორიც ჩვენ გვსურს. ზოგ ხელისუფალს არც აქვს კეთილი განზრახვები; ისინი მაღალი თანამდებობისა და ძალაუფლებისკენ სხვების საკეთილდღეოდ კი არ ისწრაფიან, არამედ საკუთარი ეგოისტური და მატერიალური მიზნების მისაღწევად.
9. რატომ არის საეჭვო, რომ მეცნიერება გადაჭრის ადამიანთა პრობლემებს?
9 იქნებ მეცნიერებამ გვიშველოს? თუ წარსულს გავითვალისწინებთ, მეცნიერებას ამის ძალა არ შესწევს. მთავრობის დავალებით მომუშავე მეცნიერებმა უზარმაზარი თანხები, დრო და ენერგია მოახმარეს შემზარავი, გამანადგურებელი ქიმიური, ბიოლოგიური და სხვა სახის იარაღის გაუმჯობესებას. ქვეყნები, მათ შორის განვითარებადებიც, შეირაღებაზე ყოველწლიურად 700 მილიარდზე მეტ დოლარს ხარჯავენ. აგრეთვე „მეცნიერული პროგრესს“ გარკვეული წვლილი მიუძღვის ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოებაში, რომლებიც ატმოსფეროს, ნიადაგს, წყალსა და საკვებს აბინძურებს.
10. რატომ ვერ უზრუნველგვყოფს განათლებაც კი უკეთესი მომავლით?
10 შეგვიძლია ვიმედოვნებდეთ, რომ მსოფლიოს სასწავლო დაწესებულებები მაღალი ზნეობრივი ნორმების, სხვებისადმი ყურადღებიანობისა და მოყვასისადმი სიყვარულის სწავლებით ხელს შეუწყობენ უკეთესი მომავლის შექმნას? არა. ნაცვლად ამისა, ისინი მთელ ყურადღებას კარიერასა და ფულის შოვნას აპყრობენ. ისინი თანამშრომლობის სულს კი არ ნერგავენ, არამედ მეტოქეობის. სკოლებში არც ზნეობრივ ნორმებს ასწავლიან. პირიქით, მრავალ სკოლაში თვალს ხუჭავენ სექსუალურ თავისუფლებაზე, რომლის შედეგადაც საგრძნობლად იმატა მოზარდებში ორსულობისა და ვენერული დაავადებების რიცხვმა.
11. რატომ ხდის საეჭვოს ჩვენს მომავალს სავაჭრო საწარმოების შესახებ ცნობები?
11 გაუჩნდება უცებ მსოფლიოს დიდ სავაჭრო საწარმოებს ჩვენს პლანეტაზე ზრუნვის სურვილი და გამოავლენენ ისინი სხვებისადმი სიყვარულს ნამდვილად სასარგებლო და არა მხოლოდ მომგებიანი ნაწარმის გამოშვებით? ეს ძნელად დასაჯერებელია. შეწყვეტენ ისინი ძალადობითა და უზნეობით აღსავსე სატელევიზიო პროგრამების ჩვენებას, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანთა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, გონების გახრწნას? თუ ახლო წარსულის მიხედვით ვიმსჯელებთ, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვით, რადგან უმეტესწილად ტელეგადაცემები უზნეობითა და ძალადობითაა აღსავსე.
12. რა მდგომარეობაშია კაცობრიობა დაავადებებსა და სიკვდილთან დაკავშირებით?
12 რაც შეეხება მედიცინას, ექიმები მთელი გულითაც რომ ეცადონ, ისინი უძლურნი არიან დაავადებებისა და სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს მედიცინამ ვერ შეაკავა ესპანური გრიპი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მოსპო. დღეს გულის დაავადება, კიბო და სხვა სასიკვდილო დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული. მსოფლიო მედიცინამ ვერც შიდს-ის პანდემიას სძლია. პირიქით, გაეროს 1997 წლის ნოემბრის ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ შიდს-ის ვირუსი ორჯერ უფრო მეტი სისწრაფით ვრცელდება, ვიდრე ვარაუდობდნენ. ამ დაავადებამ დღემდე მილიონობით სიცოცხლე მოსპო. ახლო წარსულში კი კიდევ სამი მილიონი დაინფიცირდა.
რას ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები მომავლის შესახებ
13, 14. ა) რას ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები მომავლის შესახებ? ბ) რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს უკეთესი მომავლით უზრუნველყოფა?
13 იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ კაცობრიობას ბრწყინვალე — საუკეთესო — მომავალი ელის! მაგრამ ისინი ამ უკეთესი მომავლით უზრუნველყოფას ადამიანებისგან არ მოელიან. ისინი ამას შემოქმედისგან, იეჰოვა ღმერთისგან, მოელიან. მან იცის, თუ როგორი იქნება მომავალი; ის ნამდვილად საუცხოო იქნება! ღმერთმა აგრეთვე იცის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ასეთი მომავლით უზრუნველყოფა, რადგან მან შექმნა ისინი და ყველაზე უკეთესად ხედავს მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს. ბიბლიაში ღმერთი ნათლად გვეუბნება, რომ მას ადამიანები ისე არ შეუქმნია, რომ ღვთიური ხელმძღვანელობის გარეშე შესძლებოდათ წარმატებით მმართველობა. ღვთის მიერ მისგან დამოუკიდებელი ადამიანთა მმართველობების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაშვებამ გამოავლინა, რომ ეს მართლაც შეუძლებელია. ერთი მწერალი აღნიშნავს: „ადამიანის გონებამ მმართველობის ყველა შესაძლო კომბინაცია მოსინჯა, მაგრამ ამაოდ“.
14 იერემიას 10:23-ში ვკითხულობთ ინსპირირებული წინასწარმეტყველის სიტყვებს: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. აგრეთვე ფსალმუნის 145:3 ამბობს: „იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“. ფაქტობრივად, როგორც რომაელთა 5:12 გვიჩვენებს, ჩვენ ყველანი დაბადებიდანვე არასრულყოფილები ვართ და ამიტომ ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ საკუთარ თავსაც არ მივენდოთ. იერემიას 17:9 ამბობს: „უნდოა ყველას გული“. ამიტომ იგავნის 28:26 აცხადებს: „საკუთარი თავის მოიმედე ბრიყვია, ხოლო ვინც სიბრძნით დადის, გადარჩება“.
15. სად შეგვიძლია ისეთი სიბრძნის პოვნა, რომელიც სახელმძღვანელოდ გამოგვადგება?
15 სად შეგვიძლია ამ სიბრძნის პოვნა? „უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება“ (იგავნი 9:10). დიახ, მხოლოდ იეჰოვას აქვს სიბრძნე, რომლითაც შეიძლება ვიხელმძღვანელოთ ამ საშინელ დროში. და ის ამ სიბრძნეს ხელმისაწვდომს ხდის საღვთო წერილის საშუალებით, რომელიც მისი შთაგონებით ჩვენს სახელმძღვანელოდ დაიწერა (იგავნი 2:1–9; 3:1–6; 2 ტიმოთე 3:16, 17).
ადამიანთა მმართველობის მომავალი
16. ვინ განსაზღვრავს მომავალს?
16 მაშ, რას გვეუბნება ღვთის სიტყვა მომავლის შესახებ? მომავალი სულაც არ იქნება კაცობრიობის წარსულის ანარეკლი. ასე რომ, პატრიკ ჰენრის მოსაზრება მცდარია. დედამიწისა და მასზე მცხოვრები ადამიანების მომავალი იეჰოვა ღმერთმა უნდა განსაზღვროს და არა ადამიანებმა. დედამიწაზე მისი ნება უნდა შესრულდეს და არა ამ წუთისოფლის რომელიმე ერის ან ადამიანის. „მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება“ (იგავნი 19:21).
17, 18. რა არის დღეს ღვთის ნება?
17 რა არის დღეს ღვთის ნება? მას განზრახული აქვს, ბოლო მოუღოს თანამედროვე მოძალადე, უზნეო წუთისოფელს. საუკუნეების განმავლობაში არსებულ ადამიანთა ცუდ მმართველობას მალე ღვთის მიერ ორგანიზებული მმართველობა შეცვლის. დანიელის 2:44-ში მოცემულ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „იმ [დღევანდელ] მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ზეცაში], რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“. სამეფო სატანა ეშმაკის ბოროტ გავლენასაც მოსპობს, რასაც ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ. დედამიწაზე მისი მმართველობა სამუდამოდ აღიკვეთება (რომაელთა 16:20; 2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 5:19).
18 ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეციერი მთავრობა ამოძირკვავს ადამიანთა მმართველობის ყოველგვარ ფორმას. ადამიანებს არასოდეს მიეცემათ დედამიწაზე მმართველობის უფლება. ღვთის სამეფოს წევრები ზეციდან გაუწევენ ხელმძღვანელობას დედამიწაზე ნებისმიერ საქმიანობას, რაც ადამიანების კეთილდღეობას მოემსახურება (გამოცხადება 5:10; 20:4–6). დედამიწაზე კი ერთგული ადამიანები შეასრულებენ ღვთის სამეფოს მითითებებს. ეს ის მმართველობაა, რომლის შესახებაც იესო გვასწავლიდა, რომ გველოცა: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“ აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10).
19, 20. ა) როგორ აღწერს ბიბლია ღვთის სამეფოს? ბ) რას მოუტანს კაცობრიობას მისი მმართველობა?
19 იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოზე ამყარებენ იმედს. ის არის ‘ახალი ცა’, რომლის შესახებაც მოციქული პეტრე წერდა: „მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ‘ახალი მიწა’ ადამიანთა ახალი საზოგადოებაა, რომელსაც ახალი ცა, ღვთის სამეფო, უხელმძღვანელებს. ყოველივე ეს ღმერთმა მოციქულ იოანეს აჩვენა ხილვაში, რაც იოანემ შემდეგი სიტყვებით გადმოგვცა: „და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა; ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს. . . და მოსწმენდს [ღმერთი] ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; ვინაიდან პირველებმა გადაიარეს“ (გამოცხადება 21:1, 4, აფ).
20 დაუკვირდით, რომ ახალ მიწაზე სიმართლე დამკვიდრდება. არმაგედონში ღვთის ძალით ყოველგვარი უსამართლობა განადგურდება (გამოცხადება 16:14, 16). იგავნის 2:21, 22 ამას შემდეგნაირად წინასწარმეტყველებს: „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან“. აგრეთვე ფსალმუნის 36:9 აღგვითქვამს: „ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“. არ ისურვებდით ასეთ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას?
გწამდეთ იეჰოვას აღთქმების
21. რატომ შეიძლება გვწამდეს იეჰოვას აღთქმების?
21 შეიძლება გვწამდეს იეჰოვას აღთქმების? უსმინე, რას გვეუბნება ის თავისი წინასწარმეტყველის, ესაიას, მეშვეობით: „გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ“. მე-11 მუხლის ბოლოში ნათქვამია: „ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ“ (ესაია 46:9–11). დიახ, ჩვენ შეგვიძლია გვწამდეს იეჰოვასი და მისი აღთქმების ისე მყარად, თითქოს ისინი უკვე შესრულდა. ბიბლია ამას შემდეგნაირად გამოხატავს: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზედაც ვიმედოვნებთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1, აფ).
22. რატომ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის აღთქმებს?
22 თავმდაბალი ადამიანები ავლენენ ასეთ რწმენას, რადგან იციან, რომ ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმებს. მაგალითად, ფსალმუნის 36:29-ში ვკითხულობთ: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. სარწმუნოა ეს სიტყვები? დიახ, ვინაიდან ებრაელთა 6:18 ამბობს: „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“. არის დედამიწა ღვთის საკუთრება, რომ შეეძლოს მისი თავმდაბლებისთვის მიცემა? გამოცხადების 4:11 ამბობს: „შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“. ამიტომ ფსალმუნის 23:1 აღნიშნავს: „უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი“. დიახ, იეჰოვამ შექმნა დედამიწა, ის არის მისი მფლობელი და თავის ერთგულებს აძლევს მას. ამ აღთქმების მიმართ ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად მომდევნო სტატია დაგვანახვებს, როგორ ასრულებდა იეჰოვა თავისი ხალხისათვის მიცემულ აღთქმებს წარსულში, როგორ ასრულებს დღეს და რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მომავალშიც ასევე მოიქცევა.
კითხვები გამეორებისთვის
□ კაცობრიობის ისტორიაში განხორციელდა თუ არა ოდესმე ხალხის იმედები?
□ რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ ადამიანები უზრუნველგვყოფენ უკეთესი მომავლით?
□ როგორია ღვთის ნება მომავალთან დაკავშირებით?
□ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმებს?
[სურათი 10 გვერდზე]
ბიბლია სწორად შენიშნავს: „კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
[საავტორო უფლება]
Bomb: U.S. National Archives photo; famished children: WHO/OXFAM; refugees: UN PHOTO 186763/J. Isaac; Mussolini and Hitler: U.S. National Archives photo