იაკობის წერილი
1 იაკობი,+ ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, მიმოფანტულ 12 ტომს:
მოგესალმებით!
2 ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით,+ 3 რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ;+ 4 მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი და ყოველმხრივ ბრალდაუდებელნი, და არაფერი გაკლდეთ.+
5 თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს,+ რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს,+ და მიეცემა,+ 6 ოღონდ რწმენით სთხოვოს,+ ყოველგვარი ეჭვის გარეშე,+ რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს. 7 ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან* რაიმეს მიიღებს. 8 ასეთი კაცი მერყევია,+ არამტკიცეა ყველა საქმეში.
9 ღარიბმა ძმამ იმით იხაროს, რომ ამაღლდა,+ 10 მდიდარმა ძმამ კი იმით, რომ დამდაბლდა,+ რადგან მდიდარი კაცი მინდვრის ყვავილივით გაქრება. 11 მზე რომ ამოდის და თავისი მცხუნვარებით ახმობს მცენარეს, ყვავილი სცვივა მას და სილამაზე ეკარგება. მდიდარიც ასე გაქრება თავის სიმდიდრესთან ერთად.+
12 ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს,+ რადგან იეჰოვას* მოწონებას დაიმსახურებს და სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს,+ რომელსაც იგი თავის მოყვარულებს დაჰპირდა.+ 13 განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო; შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის. 14 თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას.+ 15 სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს.+
16 ჩემო საყვარელო ძმებო, ნუ მოტყუვდებით! 17 ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდან,+ ციურ მნათობთა მამისგანაა,+ რომელიც ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს.+ 18 მან თავისი სურვილისამებრ ჭეშმარიტების სიტყვით გვშვა,+ რათა მის ქმნილებათა შორის ერთ-ერთი პირველი ნაყოფი ვყოფილიყავით.+
19 ჩემო საყვარელო ძმებო, გახსოვდეთ: თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას+ ან გაბრაზებას,+ 20 რადგან კაცის რისხვა ხელს უშლის ღვთის სიმართლეს.+ 21 ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტება,+ და თავმდაბლად მიიღეთ სიტყვა, რომელსაც ღმერთი თქვენში ნერგავს და რომელსაც თქვენი ხსნა შეუძლია.
22 იყავით სიტყვის შემსრულებელნი+ და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით. 23 ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. 24 უყურებს თავის თავს, თუმცა მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება, როგორია. 25 მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს+ და ემორჩილება, საქმის შემსრულებელი ხდება და არა გულმავიწყი მსმენელი; იგი ბედნიერი იქნება.+
26 ვისაც თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს,+ თავს იტყუებს და მისი თაყვანისცემა ფუჭია. 27 ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს+ გასაჭირში+ და თავი დავიცვათ უწმინდური ქვეყნიერებისგან.+