თანატოლების ზეგავლენა — შესაძლებელია, სასიკეთო იყოს?
თანატოლების წრეში ყოფნის ძლიერი სურვილი დაბადებიდანვე გვაქვს ყველას. არავის სურს, უგულებელყოფილი და ათვალწუნებული იყოს. სწორედ ამიტომ, მეტ-ნაკლებად, თანატოლების ზეგავლენის ქვეშ ვექცევით.
თანატოლი განიმარტება, როგორც „თანასწორი . . . რომელიც მიეკუთვნება ჩვენს სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით კი, ჩვენს თაობას, კლასსა თუ სტატუსს“. თანატოლების ზეგავლენა თავის მხრივ, არის ზემოქმედება, რომლის საშუალებითაც, ნებით თუ უნებლიედ ვექცევით სხვისი აზროვნებისა თუ მოქმედების გავლენის ქვეშ. თანატოლების ზეგავლენას, ძირითადად, უარყოფითად აღიქვამენ, მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ ვაქციოთ.
ზეგავლენა ნებისმიერ ასაკში
თანატოლების ზეგავლენაში მხოლოდ ახალგაზრდები როდი ექცევიან, ის ნებისმიერი ასაკის ადამიანზე ვრცელდება. ამაზე მიუთითებს კითხვები, რომელიც გვიჩნდება: „თუკი სხვები ასე იქცევიან, მე რატომ არ უნდა მოვიქცე ასე? რატომ უნდა ვიყო ყოველთვის განსხვავებული? რას ფიქრობენ ან რას ამბობენ სხვები ჩემზე? ჩემი მეგობრები პაემანზე დადიან და ოჯახს ქმნიან, მე კი ვერა; რა მჭირს ამისთანა?“
მიუხედავად იმისა, რომ ზეგავლენის ქვეშ ყველა ასაკის ადამიანი ექცევა, მოზარდებში ეს უფრო ინტენსიურად ხდება. „მსოფლიო ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ახალგაზრდების უმრავლესობა თანატოლებს ანუ მეგობრებსა და ნაცნობებს არის აყოლილი. მათ მეგობრების უფრო სჯერათ, ვიდრე მშობლების და თანატოლების გულის მოსაგებად ხშირად თავს არ ზოგავენ, — შემდეგ გრძელდება: — მოზარდებს ჰგონიათ, რომ სავსებით ნორმალურად ვითარდებიან, თუ ტოლ-ამხანაგები აღიარებენ და აფასებენ“. ამ მიზნით „ისინი ყველაფერს აკეთებენ; ბაძავენ თანატოლებს ჩაცმულობის სტილით, ცდილობენ ლიდერობის მოპოვებასა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში პოპულარობის მიღწევას“.
დაქორწინებულმა წყვილმა შეიძლება იგრძნოს, რომ გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ ექცევა იმისდა მიხედვით, რაც მიღებულია საზოგადოებაში, რომელშიც ტრიალებს, მის კულტურასა და მეგობრებში; მაგალითად, როცა ფიქრობენ, როგორი სახლი იყიდონ თუ იქირავონ, რა მანქანა შეიძინონ, იყოლიონ თუ არა შვილები. ზოგი ოჯახი ვალებშიც კი ეფლობა, მეზობლებსა და ახლობლებს რომ არ ჩამორჩეს. დიახ, ჩვენი მიზნები, აზროვნება და გადაწყვეტილებები ხშირად გვიჩვენებს გარშემო მყოფთა ზეგავლენის ძნელად შესამჩნევ ძალას. მაგრამ შეგვიძლია ამ ძალის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება? იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ მას, შევძლებთ ზეგავლენის ჩვენს სასიკეთოდ წარმართვას? — უეჭველია, შევძლებთ!
ვისარგებლოთ თანატოლების კეთილმოქმედი ზეგავლენით
ექიმებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა იციან ავადმყოფებზე დადებითი პიროვნებების და კარგი ზეგავლენის მოქმედების სწორუპოვარი ფასი. ასეთი გარემო გამოჯანსაღების ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორია. მათ, რომლებსაც კიდური მოჰკვეთეს, დიდ დახმარებას უწევს, ფიზიკური და ემოციური გამოჯანსაღების ხანგრძლივი პროცესის დროს, მსგავსი წარსულის მქონეთა მაგალითი და მათი მხრიდან გამხნევება. ნათელია, თანატოლების კეთილმოქმედი ზეგავლენით სარგებლობა შეიძლება ჯანსაღ გარემოში, სადაც ოპტიმისტური განწყობილება სუფევს და კარგი მაგალითები ჭარბობს.
ეს პრინციპი მოქმედებს ქრისტიანულ კრებაშიც, რადგან სწორედ გარშემო მყოფთა დადებითი გავლენის გამო უბრძანა იეჰოვამ თავის ხალხს რეგულარულად შეკრებილიყვნენ ერთად. ღმერთი გვირჩევს, რომ ერთმანეთი „წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ (ებრაელთა 10:24, 25). ასეთი წახალისება ფასდაუდებელია, რადგან დღევანდელ წუთისოფელში ხშირია იმედგაცრუება და ტკივილი, რის გამოც ქრისტიანებს დიდი ძალისხმევის ფასად უწევთ სულიერი სიმტკიცის შენარჩუნება (ლუკა 13:24). ამგვარად, ჩვენ გვჭირდება თანამორწმუნეთა სიყვარულით მხარდაჭერა, რასაც ვაფასებთ კიდეც. გარდა ამისა, მოსალოდნელია, ზოგს ‘სხეულში ეკალი’ ჰქონდეს, რაც შეიძლება ავადმყოფობასა ან უძლურებაში ვლინდებოდეს (2 კორინთელთა 12:7). ზოგი იქნებ ცუდი ჩვევების ან დეპრესიის დაძლევას ცდილობდეს, ზოგს კი ცხოვრების რიტმის აყოლა უჭირდეს. ამიტომ, გონივრული იქნებოდა, თუ ახლოს ვიქნებოდით მათთან, რომლებიც იეჰოვას ერთგულები არიან და სიხარულით ემსახურებიან მას. ასეთები სულიერად აგვამაღლებენ და დაგვეხმარებიან ‘ბოლომდე დათმენაში’ (მათე 24:13).
ამიტომ, როდესაც კარგი მეგობრების წრეში ვიქნებით, შევძლებთ მათი ზეგავლენის კონტროლს. გარდა ამისა ქრისტიანულ კრებებზე მოწოდებული შესანიშნავი სულიერი საზრდო და პრაქტიკული ხელმძღვანელობა გააძლიერებს მეგობრებისგან მიღებულ ამაღლებულ განწყობილებას.
რასაკვირველია, ქრისტიანულ კრებებზე დასწრება ყოველთვის იოლი არ არის. ზოგს კრებაზე წასვლაში მეუღლე ან საერთოდ არ უწყობს ხელს ან ცოტა შეღავათს თუ უწევს, ზოგს ბავშვები ჰყავს მოსაწესრიგებელი, ხოლო ზოგისთვის ტრანსპორტი წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, მაგრამ დაფიქრდი: თუ არ დაუშვებ, რომ დაბრკოლებებმა ხელი შეგიშალოს, შენი მაგალითი დაეხმარება მათ, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში არიან. ესე იგი, შენ და შენს მდგომარეობაში მყოფნი არა მხოლოდ სამაგალითოები იქნებით, არამედ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, კარგ გავლენასაც მოახდენთ სხვებზე.
პავლე მოციქული, რომელსაც მრავალი ჭირ-ვარამი გადახდა თავს, ქრისტიანებს მოუწოდებდა მიებაძათ მისთვის და სხვა ერთგული ქრისტიანებისთვის. მან თქვა: „იყავით ჩემი მომბაძავნი და უყურეთ მათ, ვინც ისე იქცევა, რისი ნიმუშიც ჩვენში გაქვთ“ (ფილიპელთა 3:17; 4:9). თესალონიკეში პირველი საუკუნის ქრისტიანები პავლეს მაგალითს ბაძავდნენ. პავლე მათს შესახებ წერდა: „თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა, სულიწმიდის სიხარულით. ისე რომ, გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში“ (1 თესალონიკელთა 1:6, 7). ჩვენმა დადებითმა აზროვნებამ და კარგმა მაგალითმა შეიძლება ჩვენს გარშემო მყოფებზე ასევე იმოქმედოს.
ნუ მოექცევით ცუდი ზეგავლენის ქვეშ
თუ არ გვსურს ცუდი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, ‘ხორციელად მცხოვრებთა’ გავლენას უნდა მოვერიდოთ (რომაელთა 8:4, 5; 1 იოანე 2:15–17). წინააღმდეგ შემთხვევაში, თანატოლთა მავნე ზეგავლენა ჩამოგვაცილებს იეჰოვასა და მისი ბრძნული რჩევებისგან. იგავნის 13:20-ში წერია: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“. იცნობ ისეთ ადამიანს, რომელიც თანატოლთა ცუდი ზეგავლენის გამო გაუბედურდა? მაგალითად, ზოგი ქრისტიანი მხოლოდ და მხოლოდ თანატოლთა ცუდი ზეგავლენის გამო მატერიალისტი, ნარკომანი და ლოთი გახდა.
თვით ქრისტიანულ კრებაშიც შეიძლება ცუდი ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ, თუ სულიერად სუსტებს დავუმეგობრდებით (1 კორინთელთა 15:33; 2 თესალონიკელთა 3:14). ისინი ხშირად არც კი საუბრობენ სულიერ საკითხებზე; ზოგჯერ დასცინიან კიდეც მათ, რომლებიც სიამოვნებით მსჯელობენ სულიერზე. თუ ჩვენ მეგობრებად ასეთებს ავირჩევთ, მათი ზეგავლენა მათვე დაგვამსგავსებს, მალე მათივე აზროვნების ვიქნებით და მათ პოზიციას დავიკავებთ. შეიძლება გულწრფელ მორწმუნეებსა და სულიერი წარმატების მიღწევის მსურველებზე უარყოფითადაც კი განვეწყოთ (1 ტიმოთე 4:15).
რამდენად უფრო გონივრულია, დავუმეგობრდეთ მათ, რომლებსაც სურთ, ასიამოვნონ იეჰოვას და ენთუზიაზმით ეკიდებიან სულიერ საკითხებს! ასეთი მეგობრები დაგვეხმარებიან, რომ ჩვენც „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“ გამოვავლინოთ, რომელიც „პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე . . . უთვალთმაქცო“ (იაკობი 3:17). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულიერად ძლიერი მხოლოდ სულიერზე ლაპარაკობს და სხვა საკითხებზე საუბარი არ შეუძლია. ცხადია ასე არ არის! გაიხსენეთ, რამდენი საინტერესო თემაა განხილული საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებში, მაგალითად, ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“. კარგი სასაუბრო მასალა ნამდვილად გამოულეველია და მრავალი საკითხით დაინტერესებაში ჩანს, რომ ვავლენთ სიცოცხლისა და იეჰოვას ქმნილებებისადმი სიყვარულს.
როგორც ტენისის კარგი მოთამაშე იუმჯობესებს თამაშის ტექნიკას კარგ მოთამაშეებთან ვარჯიშით, ისევე კარგ მეგობრებთან ურთიერთობა ცოდნას გვძენს და ემოციურ თუ სულიერ წინსვლაში გვეხმარება. ცუდი წრე კი გაორებული ცხოვრებისკენ გვიბიძგებს და თვალთმაქცობას გვასწავლის. რამდენად უკეთესია, გვქონდეს სუფთა სინდისი და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა!
კეთილმოქმედი ზეგავლენის მაგალითები
ბევრმა დაინახა, რომ ბიბლიური სწავლებების დაუფლება და მათი მორალური თუ სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი არ არის. რთული მხოლოდ ყოველივე ამის ცხოვრების ნაწილად ქცევაა. როგორც შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს, თანატოლების კეთილმოქმედ ზეგავლენას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია იეჰოვასადმი მთელი სულითა და გულით მსახურებაში.
ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურობს, აღნიშნა, რომ თანატოლების მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა მისი ცხოვრების მიზნებზე. მოზარდობის პერიოდში თანატოლების მავნე გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ მოგვიანებით დაუმეგობრდა მათ, რომლებიც კრებებზე რეგულარულად სიარულსა და აქტიურ მსახურებას ურჩევდნენ. სწორედ მათთან მეგობრობა დაეხმარა, რომ სულიერად მოწიფული გამხდარიყო.
იეჰოვას ერთი მოწმე წერს: „დაქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ერთად სხვა კრებაში გადავედი; იქ ჩვენი ასაკის ცოლ-ქმარი სრული დროით მსახური პიონერები იყვნენ. მათი მაგალითი დაგვეხმარა, რომ ჩვენც სრული დროით მსახურები გავმხდარიყავით. შემდეგ მათსავით ვცდილობდით, კრებაში პიონერული სულისკვეთება გაგვეღვივებინა და შედეგად ბევრი შემოგვიერთდა პიონერულ მსახურებაში“.
მათთან მეგობრობა, რომლებსაც თეოკრატიული მიზნები აქვთ, იეჰოვასადმი მორჩილებას გვიადვილებს. ეს თანატოლების კეთილმოქმედი გავლენის კიდევ ერთი სასარგებლო მხარეა. მოწმე, რომელმაც სრული დროით მსახურება ახალგაზრდობაში დაიწყო და შემდეგ მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა, დღეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს. ის წერს: „ჩემთვის ბავშვობის საყვარელი მოგონება სრული დროით მსახურთა ჩვენს ოჯახში სტუმრობის გახსენებაა. ჩვენი სახლის კარი სტუმრისთვის ყოველთვის ღია იყო. როდესაც ათი წლის ვიყავი ერთმა სარაიონო ზედამხედველმა ჩანთა მაჩუქა, რომელიც ქადაგებისას გამომადგებოდა და ეს საჩუქარი დღემდე უდიდესი განძია ჩემთვის“.
სიყმაწვილის გახსენებისას აგრძელებს: „ჩვენი კრების ბევრ ახალგაზრდას სურდა, კრების საქმიანობაში აქტიურად ჩაბმულიყო და ჩვენც გვქონდა სურვილი, მათი მაგალითისთვის მიგვებაძა“. თანატოლების კარგი ზეგავლენა დაეხმარა ამ ახალგაზრდას, რომ ჩამოყალიბებულიყო კარგ ქრისტიანად. მშობლებო, პატიჟებთ თქვენს ოჯახში მათ, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ და ამხნევებენ თქვენს შვილებს? (მალაქია 3:16).
რასაკვირველია, ყველას არ შეუძლია ზემოხსენებულთა მსგავსად სრული დროით მსახურება, მაგრამ ყველას შეგვიძლია, რომ მთელი ‘გულით, სულითა და გონებით’ შევიყვაროთ იეჰოვა (მათე 22:37). მეგობრების წრის შერჩევა დიდ როლს ასრულებს ასეთი სიყვარულის სწავლაში და მარადიული ცხოვრების იმედზე გავლენას ახდენს.
ფსალმუნმომღერალმა ზუსტად და უბრალოდ განსაზღვრა, რა იქნებოდა ცხოვრებაში ნამდვილი წარმატების საწინდარი: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:1–3).
მართლაც შესანიშნავი დანაპირებია! მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ და შეცდომებსაც ვუშვებთ, მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებას, თუ საშუალებას მივცემთ იეჰოვას, გვიხელმძღვანელოს. წარმატება გარდაუვალია, თუ ვისარგებლებთ ღვთისმოსაწონი თანატოლების, ანუ ‘საძმოს’ კეთილმოქმედი გავლენით (1 პეტრე 5:9).
[სურათი 24 გვერდზე]
კრება კეთილმოქმედ გავლენას ახდენს.
[სურათი 25 გვერდზე]
მშობლებო, ურჩიეთ შვილებს, რომ მეგობრების კარგი წრე აირჩიონ.