გაქვთ ისეთივე თვალსაზრისი მოძალადეებზე, როგორიც ღმერთს აქვს?
ადამიანები ოდითგანვე იხიბლებოდნენ ძლევამოსილი მამაკაცებით, რომლებიც უდიდეს ფიზიკურ ძლიერებასა და სიმამაცეს ავლენდნენ, და დიდი პატივისცემითაც ეკიდებოდნენ მათ. ერთ - ერთი ასეთი პიროვნება ძველი საბერძნეთის მითური გმირი, ჰერაკლე ანუ ჰერკულესი (ამ სახელით იცნობდნენ რომაელები) იყო.
ჰერაკლე დევგმირული ძლიერებისა და ბრწყინვალე მებრძოლის იდეალს წარმოადგენდა. ლეგენდის თანახმად, ის ღმერთკაცი, ბერძენთა ღვთაება ზევსისა და მიწიერი მოკვდავი ქალის, ალკმენეს, შვილი იყო. მან საგმირო საქმეების ჩადენა ჯერ კიდევ აკვანში მწოლიარე ახალშობილმა ყრმამ დაიწყო. როდესაც შურიანმა ქალღმერთმა ორი ვეებერთელა გველი მიუგზავნა მოსაკლავად, ჰერაკლემ მოგუდა ისინი. მოგვიანებით მონაწილეობდა ბრძოლებში, ამარცხებდა ურჩხულებს და მეგობრის გადასარჩენად თავგანწირვით ერკინებოდა სიკვდილს; ამასთანავე ანადგურებდა ქალაქებს და აუპატიურებდა ქალებს (კოშკიდან გადმოაგდო ყრმა და დახოცა თავისი ცოლ-შვილი).
თუმცა ის რეალური პიროვნება არ ყოფილა, უძველესი დროიდან მითური ჰერაკლეს სახე ბერძნებისთვის ცნობილი ქვეყნების მითებში იძერწებოდა. რომაელები მას თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ; ვაჭრები და მოგზაურები დოვლათისა და უსაფრთხოებისთვის ლოცვით მიმართავდნენ. მისი გმირობის ამბები ათასობით წლის მანძილზე ხიბლავდა ხალხს.
საიდან წარმოიშვა ლეგენდა?
არის თუ არა სინამდვილეზე დაფუძნებული ჰერაკლესა და სხვა მითური გმირების შესახებ ლეგენდები? რამდენადაც ფაქტები გვკარნახობს, შესაძლებელია. ბიბლია მოგვითხრობს იმ დროის, ადამიანის ძველისძველი ისტორიის, შესახებ, როდესაც „ღვთაებები“ და „ღმერთკაცები“ ნამდვილად დააბიჯებდნენ დედამიწაზე.
მოსემ ის დრო ასე აღწერა: „როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ (დაბადება 6:1, 2).
ეს „ღვთისშვილები“ არ იყვნენ ადამიანები; ისინი ღვთის ძეები, ანგელოზები იყვნენ (შეადარეთ იობი 1:6; 2:1; 38:4, 7). ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იუდა, მოიხსენიებს ზოგიერთ ანგელოზს, რომლებმაც „არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე“ (იუდა 6). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ მიატოვეს ღვთის ზეციერ ორგანიზაციაში მათთვის განკუთვნილი ადგილი, ვინაიდან დედამიწაზე ლამაზ ქალებთან ცხოვრება ამჯობინეს. იუდა დასძენს, რომ ეს მეამბოხე ანგელოზები სოდომისა და გომორის ხალხის მსგავსი იყვნენ, რომლებიც „მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს“ (იუდა 7).
ბიბლია ამ ურჩი ანგელოზების საქმიანობის შესახებ დაწვრილებით ცნობებს არ გვაწვდის. მაგრამ ძველი ბერძნული და სხვა ხალხების ლეგენდები აღწერს მრავალრიცხოვან ღვთაებებსა და ქალღმერთებს, რომლებიც ხილული თუ უხილავი სახით ცხოვრობდნენ ადამიანთა საზოგადოებაში. ხორცი რომ შეისხეს, ეს ანგელოზები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ისინი ჭამდნენ, სვამდნენ, ეძინათ და სქესობრივი კავშირი ჰქონდათ როგორც ერთმანეთში, ისე ადამიანებთან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წმინდები და უკვდავები ეგონათ, იტყუებოდნენ, ჩხუბობდნენ და ომობდნენ, აცდუნებდნენ და აუპატიურებდნენ. ეს მითოლოგიური ელემენტები, თუმცა შელამაზებული და დამახინჯებული სახით, შეიძლება წარღვნამდელ სინამდვილეს ირეკლავდნენ, რომელიც მოხსენიებულია ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“.
ძველთაგანვე ძლიერი, სახელოვანი ხალხი
ურჩ, ხორცშესხმულ ანგელოზებს ქალებთან ჰქონდათ სქესობრივი კავშირი და ამ ქალებმა ბავშვები უშვეს. ესენი ჩვეულებრივი ბავშვები არ ყოფილან. ისინი ბუმბერაზები ანუ ნეფილიმები იყვნენ — ნახევრად ადამიანები და ნახევრად ანგელოზები. ბიბლია ამბობს: „ბუმბერაზები („ნეფილიმები“, აქ) იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი“ (დაბადება 6:4).
ებრაული სიტყვა „ნეფილიმ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დამქცევებს“, რომლებიც აქცევენ სხვებს ან ხელს უწყობენ სხვების დაცემას, რაღა თქმა უნდა, ძალადობით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბიბლია დასძენს: „აივსო ქვეყანა უსამართლობით [„ძალადობით“, აქ] (დაბადება 6:11). მითური ღმერთკაცები, როგორიც არის ჰერაკლე და ბაბილონელთა გმირი გილგამეში, ძლიერ ჰგვანან ნეფილიმებს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ნეფილიმებს „ძლიერებს“ და „სახელოვან ხალხს“ უწოდებდნენ. მართალი ნოესგან განსხვავებით, რომელიც იმავე დროს ცხოვრობდა, ნეფილიმები არ იყვნენ დაინტერესებული იეჰოვას სახელის განდიდებით. მათ მხოლოდ თავიანთი სახელი, პატივი და რეპუტაცია აინტერესებდათ. ძლევამოსილი საქმეებით, რომლებსაც, უეჭველია, ძალადობა და სისხლის ღვრა სდევდა თან, სახელი გაითქვეს და მათ გარშემო მცხოვრებ უღვთო ადამიანთა ნდობა დაიმსახურეს. ისინი თავიანთი დროის უდიდესი გმირები იყვნენ — საშიშნი, პატივსაცემნი და, როგორც ჩანს, უძლეველნი.
მაშინ, როდესაც ნეფილიმები და მათი ანგელოზყოფილი მამები ხარობდნენ სახელით, რომელიც თავიანთ თანამედროვეთა თვალში ჰქონდათ, ცხადია, ღვთის თვალში არ იყვნენ სახელოვანი. მათი ცხოვრების გზა ამაზრზენი იყო. და, რაღა თქმა უნდა, ღმერთი აღდგა ზნედაცემული ანგელოზების წინააღმდეგ. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ღმერთმა ის ანგელოზები არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ჩაყარა ტარტაროზში და წყვდიადის უფსკრულებს გადასცა სამსჯავროსათვის შესანახავად, არც პირველი წუთისოფელი დაინდო, შეინახა რვა სული და მათ შორის ნოე — სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა წუთისოფელს“ (2 პეტრე 2:4, 5).
გლობალური წარღვნის დროს მეამბოხე ანგელოზებმა მოიშორეს ადამიანური სხეული და შერცხვენილები დაბრუნდნენ სულიერ სამყაროში. ღმერთმა დასაჯა ისინი და ადამიანური ხორცის ხელახლა შესხმის უნარი წაართვა. ნეფილიმები, ანგელოზების ზეადამიანური შთამომავლები, დაიღუპნენ. მარტო ნოე და მისი პატარა ოჯახი გადაურჩა წარღვნას.
დღევანდელი სახელოვანი ხალხი
დღეს ღვთაებები და ღმერთკაცები აღარ დააბიჯებენ დედამიწაზე. მიუხედავად ამისა, ძალადობა ყვავის. დღევანდელ სახელოვან ადამიანებს წიგნებში, კინოფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ მუსიკალურ ნაწარმოებებში ასხამენ ხოტბას. მათგან შორს არის ბოროტების სიკეთით გადახდა, მტრის სიყვარული, მშვიდობა, მიმტევებლობა და ძალადობისგან თავის არიდება (მათე 5:39, 44; რომაელთა 12:17; ეფესელთა 4:32; 1 პეტრე 3:11). პირიქით, დღევანდელი ძლევამოსილი ადამიანები ხალხს ხიბლავენ თავიანთი ძლიერებითა და ბრძოლისუნარიანობით, შურისძიებითა და ძალადობაზე ძალადობითვე სამაგიეროს გადახდითa.
ნოეს დღეებიდან მოყოლებული, ღმერთს არ შეუცვლია თვალსაზრისი მათ მიმართ. იეჰოვას არ მოსწონს ძალადობის მოყვარულნი და არც ისინი, ვინც თავს ირთობს მათი გმირობით. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 10:5).
სხვა სახის ძლიერება
ამ მოძალადე ძლიერი მამაკაცებისგან სრულიად განსხვავებული, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე სახელოვანი მამაკაცი, იესო ქრისტე, მშვიდობიანი კაცია. მას დედამიწაზე ყოფნისას „სიავე“ არ ჩაუდენია (ესაია 53:9). როდესაც მისი მტრები გეთსიმანიის ბაღში მის დასაპატიმრებლად მივიდნენ, მის თანამორწმუნეებს მახვილები ჰქონდათ თან (ლუკა 22:38, 47—51). მათ შეეძლოთ ებრძოლათ და გადაერჩინათ იესო იუდეველთა ხელში ჩავარდნისგან (იოანე 18:36).
სინამდვილეში, მოციქულმა პეტრემ იესოს დასაცავად მართლაც იშიშვლა მახვილი, მაგრამ იესომ უთხრა: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:51, 52). დიახ, როგორც კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, ძალადობა ძალადობას იწვევს. იესოს სხვა საშუალებაც ჰქონდა თავდასაცავად, რომ აღარაფერი ვთქვათ იარაღით თავის დაცვის შესაძლებლობაზე. მან პეტრეს კიდევ ერთხელ უთხრა: „იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე მომგვაროს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და უფრო მეტიც?“ (მათე 26:53).
ნაცვლად იმისა, რომ ძალადობა გამოევლინა ან ანგელოზებისთვის მიემართა თავდასაცავად, იესომ დაუშვა, ხელში ჩავარდნოდა თავის მკვლელებს. რატომ? ერთ-ერთი მიზეზი იყო იმის ცოდნა, რომ მისი ზეციერი მამის მიერ დედამიწიდან ბოროტმოქმედების აღმოფხვრის დრო ჯერ არ იყო დამდგარი. იმის მაგივრად, რომ ინიციატივა თვითონ გამოეჩინა, იესო იეჰოვას მიენდო.
ეს იყო არა სისუსტე, არამედ უდიდესი შინაგანი სიძლიერე. იესომ იმის დიდი რწმენა გამოავლინა, რომ იეჰოვა გამოასწორებდა ყველაფერს თავის მიერ დანიშნულ დროს და ისე, როგორც თვითონ ჩაიფიქრა. თავისი მორჩილებით იესო იეჰოვას შემდეგ მეორე ყველაზე სახელოვანი პიროვნება გახდა. იესოს შესახებ მოციქულმა პავლემ დაწერა: „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელმა, ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღვთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:8—11).
ღმერთ გვპირდება, რომ ძალადობას ბოლო მოეღება
ჭეშმარიტი ქრისტიანები ბაძავენ იესოს და მისი მოძღვრებისამებრ იქცევიან. ისინი არ იხიბლებიან სახელოვანი და მოძალადე ადამიანებით და არ ბაძავენ მათ. არამედ იციან რომ ღვთის მიერ დადგენილ დროს ასეთები სამარადისოდ მოისპობიან, სწორედ ისე — როგორც ბოროტები ნოეს დღეებში.
ღმერთია დედამიწისა და კაცობრიობის შემოქმედი. ის არის აგრეთვე სამყაროს კანონიერი უზენაესი ხელისუფალი (გამოცხადება 4:11). თუ მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიტანოს სამართლებრივი გადაწყვეტილება, განა ღმერთს უფრო მეტი უფლებამოსილება არა აქვს ამის გასაკეთებლად? თავისი სამართლიანი პრინციპებისადმი პატივისცემა, მათ მიმართ სიყვარული, ვისაც ის უყვარს, უბიძგებს, მოსპოს ყოველგვარი ბოროტება და მისი ყოველი გამოვლინება (მათე 13:41, 42; ლუკა 17:26—30).
ეს დედამიწაზე ურყევ და ხანგრძლივ მშვიდობას დაამყარებს, რომელიც მტკიცედ იქნება დაფუძნებული სამართლიანობასა და სიმართლეზე, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო იესო ქრისტეს შესახებ კარგად ცნობილ წინასწარმეტყველებაში: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას“ (ესაია 9:5, 6).
ამიტომ ქრისტიანები გონივრულად იქცევიან, როდესაც ითვალისწინებენ ღვთის მიერ დიდი ხნის წინათ შთაგონებულ რჩევას: „ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას, რადგან სიბილწეა უფლისათვის მზაკვრობა და ალალმართლებისკენაა მისი საიდუმლო თათბირი“ (იგავნი 3:31, 32).
[სქოლიო]
a ვიდეოთამაშებისა და სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმების ბევრი მოძალადე პერსონაჟი, მეტწილად, ამგვარ ძალმომრეობით ელემენტებს ირეკლავს.
[ჩანართი 29 გვერდზე]
ხალხი მოხიბლულია დღევანდელი ძლიერი ადამიანების სიძლიერითა და ძალადობაზე უარესი ძალადობითვე სამაგიეროს გადახდით.
[საავტორო უფლება 26 გვერდზე]
Alinari/Art Resource, NY