ღვთის თვალსაზრისი ზნეობრივ სიწმინდეზე
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).
1, 2. ა) როგორია საერთოდ ხალხის შეხედულება სექსუალურ მორალთან დაკავშირებით? ბ) რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს სექსუალურ მორალთან დაკავშირებით?
დღეს მსოფლიოში ბევრგან ზნეობის საკითხებს პირად საქმედ მიიჩნევენ. სქესობრივ ურთიერთობებს გრძნობების ისეთ ბუნებრივ გამოვლენად თვლიან, რომელსაც როდესაც უნდათ მაშინ მიმართავენ და რომელიც მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის ურთიერობით არ უნდა იფარგლებოდეს. მათი აზრით, თუ არავის არაფერი უშავდება, არაფერია ცუდი იმაში, რომ თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. ფიქრობენ, რომ არავინ უნდა განისაჯოს, როდესაც საქმე ზნეობას, განსაკუთრებით კი სექსს, ეხება.
2 იმ ხალხს კი, ვინც იეჰოვას იცნობს, ამ საკითხზე სხვაგვარი შეხედულება აქვს. ისინი სიამოვნებით იცავენ საღვთო წერილის ნორმებს, რადგან უყვართ იეჰოვა და სურთ, მას ასიამოვნონ. მათ ესმით, რომ იეჰოვასაც უყვარს ისინი და ისეთ მითითებებს აძლევს, რომლებიც მათსავე კეთილდღეობას ემსახურება და რომლებიც ნამდვილად სასარგებლო და ბედნიერების მომტანია (ესაია 48:17). რადგან ღმერთია სიცოცხლის წყარო, გონივრულია, რომ საკუთარი სხეულისადმი დამოკიდებულების თაობაზე ხელმძღვანელობისთვის მას მივმართოთ; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სიცოცხლის გადაცემასთან.
მოსიყვარულე შემოქმედის საჩუქარი
3. რას ასწავლის მრავალ ადამიანს ქრისტიანული სამყარო სქესობრივი ურთიერთობის შესახებ და რა ირკვევა ამ სწავლების ბიბლიასთან შედარების შედეგად?
3 დღევანდელი წუთისოფლისგან განსხვავებით, ქრისტიანული სამყაროს ზოგი წარმომადგენელი ასწავლის, რომ სქესობრივი ურთიერთობები საძრახისია, ცოდვაა და რომ „პირველი ცოდვა“ ედემის ბაღში ევას მიერ ადამის შეცდენა იყო. ასეთი თვალსაზრისი ეწინააღმდეგება ღვთის შთაგონებით დაწერილი საღვთო წერილის სიტყვებს. ბიბლია პირველ წყვილს ‘ადამად და მის დედაკაცად’ მოიხსენიებს (დაბადება 2:25). ღვთის მითითებისამებრ, მათ შვილები უნდა ჰყოლოდათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა, ღმერთს ადამისა და ევასთვის ებრძანებინა, შვილები ჰყოლოდათ, შემდეგ კი ამ დავალების შესრულების გამო დაესაჯა (ფსალმუნი 18:9).
4. რატომ მისცა ღმერთმა ადამიანებს სქესობრივი ურთიერთობის უნარი?
4 ჩვენი პირველი წინაპრებისთვის მიცემული მითითება, რომელიც შემდეგ ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს გაუმეორა, გვიჩვენებს, თუ რა ძირითადი დანიშნულება აქვს სქესობრივ ურთიერთობას; ეს დანიშნულება შვილის ყოლაა (დაბადება 9:1). მაგრამ ბიბლია იმასაც ცხადყოფს, რომ ღვთის დაოჯახებულ მსახურებს არ მოეთხოვებათ, სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ შვილების გაჩენის მიზნით იქონიონ. ასეთმა ურთიერთობებმა შეიძლება სათანადოდ დააკმაყოფილოს ადამიანის ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებები და დაქორწინებული წყვილისთვის სიამოვნების მომგვრელი იყოს. ამ ურთიერთობით ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავს (დაბადება 26:8, 9; იგავნი 5:18, 19; 1 კორინთელთა 7:3—5).
ღვთის მიერ დადგენილი შეზღუდვები
5. სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით რა შეზღუდვები დაუდგინა ღმერთმა ადამიანებს?
5 თუმცა სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, ამ საკითხში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედება არ შეიძლება. ეს პრინციპი ცოლ-ქმარსაც კი ეხება (ეფესელთა 5:28—30; 1 პეტრე 3:1, 7). ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება აკრძალულია. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია საკმაოდ კონკრეტულია. ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემულ რჯულში აღნიშნული იყო: „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14). მოგვიანებით იესომ ‘მრუშობა’ და ‘სიძვა’ ‘ბოროტ ზრახვასთან’ გააიგივა, რომელიც კაცის გულიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს (მარკოზი 7:21, 22). მოციქული პავლე ღვთის შთაგონებით კორინთელ ქრისტიანებს აფრთხილებდა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). აგრეთვე პავლე ებრაელთა მიმართ წერილში წერდა: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4).
6. ბიბლიაში რას მოიცავს სიტყვა „სიძვა“?
6 რას ნიშნავს სიტყვა „სიძვა“? ის ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან „პორნეია“, რომელიც ზოგჯერ დაუქორწინებელ ადამიანებს შორის სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოიყენება (1 კორინთელთა 6:9). სხვაგან, მაგალითად, მათეს 5:32-სა და მათეს 19:9-ში ამ სიტყვას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და ზემოხსენებულის გარდა მიუთითებს მრუშობაზე, სისხლის აღრევასა და სოდომიაზე. სხვა სახის სქესობრივი ურთიერთობები დაუქორწინებელ პირებს შორის — რომლებიც აგრეთვე „პორნეიაა“ — არის, მაგალითად, ორალური და ანალური სექსი, აგრეთვე სხვა ადამიანის სასქესო ორგანოების მანიპულირება. ყოველივე ამის გამკეთებლები ღვთის სიტყვაში განისჯებიან და ეს მოცემულია პირდაპირ განსჯის სახით ან განსჯა ნაგულისხმებია (ლევიანნი 20:10, 13, 15, 16; რომაელთა 1:24, 26, 27, 32)a.
სარგებლობა, რომელიც ღვთის რჯულის ზნეობრივი ნორმების დაცვას მოაქვს
7. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას?
7 არასრულყოფილი ადამიანებისთვის სექსუალურ მოქმედებასთან დაკავშირებით იეჰოვას მიერ მოცემული მითითების დაცვა შეიძლება ადვილი არ იყოს. XII საუკუნის გამოჩენილი ებრაელი ფილოსოფოსი მაიმონიდი წერდა: „თორაში [მოსეს რჯულში] მოცემული არც ერთი აკრძალვა არ არის ისე ძნელი შესასრულებელი, როგორც აკრძალული კავშირები და უკანონო სქესობრივი ურთიერთობები“. მაგრამ ღვთის მოთხოვნების შესრულება დიდ სარგებლობას მოგვიტანს (ესაია 48:18). მაგალითად, ამ საკითხში მორჩილების გამოვლენა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გვიცავს — დაავადებებისგან, რომელთაგან ზოგი არ იკურნება და შეიძლება სიკვდილის მიზეზიც კი გახდესb. გვიცავს აგრეთვე არასასურველი ორსულობისგან. ღვთიური სიბრძნის გამოყენება სუფთა სინდისის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. ასე მოქმედება საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობას გვიჩენს და ჩვენს მიმართ ამავე გრძნობას ანვითარებს სხვებშიც, მათ შორის ჩვენს ნათესავებში, მეუღლეში, შვილებში, ქრისტიან ძმებსა და დებში. ის სექსის მიმართ ჩვენში საღ, დადებით აზროვნებას ანვითარებს, რაც ბედნიერ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუწყობს ხელს. ერთი ქრისტიანი ქალი წერდა: „ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება საუკეთესო დამცავი საშუალებაა. ჯერ დაქორწინებული არა ვარ, მაგრამ, როდესაც გავთხოვდები, სიამაყით ვეტყვი მეუღლეს, რომ უბიწოება შევინარჩუნე“.
8. როგორ შეიძლება ჩვენმა უბიწო საქციელმა ხელი შეუწყოს წმინდა თაყვანისმცემლობას?
8 უბიწოების შენარჩუნებით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ არასწორი შეხედულებების გასაქარწყლებლად და იმ ღმერთთან ხალხის მისაზიდად, რომელსაც ჩვენ ვცემთ თაყვანს. მოციქული პეტრე წერდა: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12). მაშინაც კი, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვას არ ემსახურებიან, ვერ ხედავენ ან არ იწონებენ ჩვენს უბიწო საქციელს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ხედავს, იწონებს და ხარობს კიდეც, როდესაც ჩვენ მისი მითითებების შესრულებას ვცდილობთ (იგავნი 27:11; ებრაელთა 4:13).
9. რატომ უნდა ვიყოთ დაჯერებული ღვთის მითითებების მართებულობაში, მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე ვერ ვხვდებით მათი მოცემის მიზეზებს? მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი.
9 ღვთისადმი რწმენა იმაში დაჯერებულობასაც ნიშნავს, რომ ღმერთმა იცის, თუ რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც კი, როდესაც ბოლომდე ვერ ვხვდებით, რატომ წარგვმართავს ის ამა თუ იმ სახით. განვიხილოთ მოსეს რჯულიდან ერთი მაგალითი. მტრის წინააღმდეგ ლაშქრობების შესახებ ერთ-ერთი კანონი ბანაკის გარეთ ექსკრემენტების დამარხვასაც ეხებოდა (მეორე რჯული 23:13, 14). შეიძლება ისრაელებისთვის გაუგებარი იყო, რატომ მისცა მათ ღმერთმა ასეთი მითითება; ზოგი, შესაძლოა, ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა. მაგრამ მოგვიანებით მედიცინამ აღიარა, რომ ეს კანონი წყალს დაბინძურებისგან, ხოლო ისრაელებს მრავალი ისეთი დაავადებისგან იცავდა, რომელთა გადამტანები მწერები იყვნენ. მსგავსად ამისა, არსებობს სულიერი, სოციალური, ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მიზეზები იმისა, თუ რატომ შემოფარგლავს ღმერთი სქესობრივ ურთიერთობას ქორწინებით. ახლა კი განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი იმ ადამიანთა შესახებ, რომლებმაც ზნეობრივი სიწმინდე შეინარჩუნეს.
იოსები — ზნეობრივად წმინდა საქციელისთვის კურთხეული
10. ვინ ცდილობდა იოსების შეცდენას და რა უპასუხა მან?
10 ალბათ, თქვენთვის უცნობი არ არის იოსების, იაკობის ძის, ბიბლიური მაგალითი. 17 წლის იოსები ფოტიფარის, ეგვიპტის ფარაონის პირად მცველთა უფროსის, მონა იყო. იეჰოვამ აკურთხა ის და ცოტა ხნის შემდეგ ფოტიფარმა თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა. დაახლოებით 20 წლის იოსები „მშვენიერი იყო. . . თვალად და ტანად“. მან ფოტიფარის ცოლის ყურადღება მიიპყრო და ეს უკანასკნელი მის შეცდენას ცდილობდა. იოსებმა ქალს ნათლად დაანახვა თავისი პოზიცია და განუმარტა, რომ მისი სურვილისამებრ მოქმედება არა მარტო ფოტიფარის ღალატი, არამედ ‘ღვთის წინაშე ცოდვაც’ იქნებოდა. რატომ ფიქრობდა იოსები ასე? (დაბადება 39:1—9).
11, 12. რატომ უნდა ემსჯელა იოსებს ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მეძაობისა და მრუშობის ამკრძალავი წერილობითი კანონი?
11 როგორც ჩანს, იოსების გადაწყვეტილება არ იყო იმის შიშზე დაფუძნებული, რომ ადამიანთაგან ვინმე შეიტყობდა მის უზნეო საქციელს. ოჯახი მისგან საკმაოდ შორს იყო, ხოლო მამა მკვდრად მიიჩნევდა. თუ იოსები სქესობრივ უზნეობას ჩაიდენდა, მისი ოჯახი ამას ვერასოდეს გაიგებდა. ამას, ალბათ, ვერც ფოტიფარი და მისი მამაკაცი მსახურები შეამჩნევდნენ, რადგან ზოგჯერ ისინი სახლში არ იყვნენ (დაბადება 39:11). მაგრამ იოსებმა იცოდა, რომ ასეთი საქციელი ღვთისთვის არ დარჩებოდა შეუმჩნეველი.
12 იოსები, ალბათ, იმის საფუძველზე მსჯელობდა, რაც უკვე იცოდა იეჰოვას შესახებ. ეჭვგარეშეა, მან იცოდა იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ედემის ბაღში წარმოითქვა: „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბადება 2:24). აგრეთვე იოსებისთვის უცნობი არ იქნებოდა, თუ რა უთხრა იეჰოვამ ფილისტიმელ მეფეს, რომელიც იოსების დიდი ბებიის, სარას, შეცდენას აპირებდა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. . . ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს“ (დაბადება 20:3, 6). ასე რომ, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობდა წერილობითი სახით იეჰოვას რჯული, ქორწინებასთან დაკავშირებით მისი თვალსაზრისი აშკარა იყო. იოსებს თავისმა ზნეობრივმა კრედომ და იეჰოვასათვის სიამოვნების მინიჭების სურვილმა ათქმევინა უარი უზნეობის ჩადენაზე.
13. როგორც ჩანს, რატომ არ შეეძლო იოსებს ფოტიფარის ცოლთან შეხვედრის თავიდან არიდება?
13 მაგრამ ფოტიფარის ცოლი თავისას არ იშლიდა და „ყოველდღე ელაპარაკებოდა“, რომ მასთან დაწოლილიყო. რატომ არ არიდებდა თავს იოსები ამ ქალთან შეხვედრას? როგორც მონას, მას გარკვეული დავალებების შესრულება ევალებოდა, რის გამოც სიტუაციის შეცვლა არ შეეძლო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაკეთებული დასკვნების თანახმად, ეგვიპტელთა სახლები ისე იყო ნაგები, რომ საკუჭნაომდე მისვლა მხოლოდ სახლის ძირითადი ნაწილის გავლით შეიძლებოდა. ამიტომ იოსებისთვის შეუძლებელი იქნებოდა თავისი ბატონის ცოლთან შეხვედრის თავიდან არიდება (დაბადება 39:10).
14. ა) რა გადახდა თავს იოსებს მას შემდეგ, რაც ფოტიფარის ცოლს გაექცა? ბ) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ერთგულებისთვის იოსები?
14 ერთხელაც დადგა დღე, როდესაც ისინი სახლში მარტო დარჩნენ. ფოტიფარის ცოლი ჩაებღაუჭა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ იოსები გაიქცა. ამით შეურაცხყოფილმა ქალმა იოსები გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. რა მოჰყვა ამას შედეგად? მაშინვე დააჯილდოვა იეჰოვამ იოსები ასე პატიოსნად მოქმედებისთვის? არა. იოსები საპყრობილეში ჩააგდეს და ფეხებზე ბორკილები დაადეს (დაბადება 39:12—20; ფსალმუნი 104:18). იეჰოვამ დაინახა ეს უსამართლობა და, საბოლოოდ, იოსები ციხიდან სასახლეში გადაიყვანა. ის ფარაონის შემდეგ პირველი კაცი გახდა მთელ ეგვიპტეში; ღმერთმა ეს ახალგაზრდა მამაკაცი ცოლ-შვილითაც აკურთხა (დაბადება 41:14, 15, 39—45, 50—52). გარდა ამისა, იოსების მიერ უმწიკვლობის შენარჩუნების შესახებ ეს ცნობა 3 500 წლის წინათ საღვთო წერილში ჩაიწერა, რათა ღვთის ყველა მსახური დაფიქრებულიყო ამაზე. რა შესანიშნავი ჯილდო მიიღო იოსებმა ღვთის სამართლიანი კანონებისადმი ერთგულებისთვის! მსგავსად ამისა, დღეს ჩვენ შეიძლება ყოველთვის დაუყოვნებლივ ვერ დავინახოთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებით მოტანილი სარგებლობა, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ხედავს და თავის დროზე აკურთხებს ჩვენს ასეთ ქმედებას (მეორე ნეშტთა 16:9).
აღთქმა, რომელიც იობმა ‘თავის თვალებს მისცა’
15. რა ‘აღთქმა მისცა’ იობმა ‘თავის თვალებს’?
15 უმწიკვლობის შენარჩუნების სხვა მაგალითი იობმა მოგვცა. სატანის მიერ მის თავს დატეხილი უბედურებების ჟამს იობმა გადახედა საკუთარ ცხოვრებას და განაცხადა, რომ მზად იყო სასტიკად დასჯილიყო იმ შემთხვევაში, თუ რამით მაინც, და მათ შორის სქესობრივი ურთიერთობის მორალის უგულებელყოფით, დაერღვიოს იეჰოვას პრინციპები. მან თქვა: „აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა“ (იობი 31:1). ამ სიტყვებით იობს იმის თქმა სურდა, რომ ღვთის წინაშე უმწიკვლობის შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილი ჰქონდა, არათუ არ ემრუშა, არამედ ქალს ნდომითაც კი არ მისჩერებოდა. რა თქმა უნდა, იობი ყოველდღე დაინახავდა ქალებს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა კიდეც, მაგრამ ის მათ იმ გაგებით არ შეხედავდა, რომ მათ მიმართ რომანტიკული გრძნობები განვითარებოდა. გაჭირვებაში ჩავარდნამდე იობი დიდი სიმდიდრის პატრონი, „აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო“ (იობი 1:3). მაგრამ მას თავისი სიმდიდრე ქალების მოსახიბლად არ გამოუყენებია. ცხადია, მას არასოდეს ჰქონია იმის სურვილი, რომ ახალგაზრდა ქალებთან უკანონო სქესობრივი კავშირით გაერთო თავი.
16. ა) რატომ არის იობის მაგალითი დიდებული დაქორწინებული ქრისტიანებისთვის? ბ) როგორ განსხვავდებოდა მალაქიას დროს მცხოვრებ მამაკაცთა საქციელი იობის საქციელისგან და რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე?
16 ამგვარად, გაჭირვებისა თუ ლხინის ჟამს, იობი ყოველთვის ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებდა. იეჰოვას არ გამორჩენია ეს და უხვად აკურთხა თავისი მსახური (იობი 1:10; 42:12). რა დიდებული მაგალითი მისცა იობმა დაქორწინებულ ქრისტიანებს, როგორც კაცებს, ისე ქალებს! გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას ძალიან უყვარდა ის! ამის საპირისპიროდ, დღეს ბევრი იქცევა მალაქიას დროს მცხოვრებთა მსგავსად. წინასწარმეტყველი მრავალ მამაკაცს კიცხავდა იმისათვის, რომ ტოვებდნენ თავიანთ ცოლებს, რისი მიზეზიც ხშირად ახალგაზრდებზე დაქორწინების სურვილი იყო. იეჰოვას სამსხვერპლო ქმრებისგან მიტოვებული ცოლების ცრემლებით ირწყვებოდა; ამიტომაც ღმერთმა მსჯავრი დასდო მათ, ვინც ‘ღალატობდა’ თავის მეუღლეს (მალაქია 2:13—16).
უმწიკვლო ქალიშვილი
17. რით ჰგავდა სულამითი ‘დახშულ ბაღს’?
17 უმწიკვლობის დამცველი მესამე ადამიანი გასათხოვარი სულამითი იყო. ამ ახალგაზრდა, მომხიბვლელმა ქალიშვილმა არა მარტო მწყემსის, არამედ ისრაელის მდიდარი მეფის, სოლომონის, ყურადღებაც მიიპყრო. „ქებათა-ქებაში“ მოცემულ მთელ საუცხოო ისტორიაში სულამითი უმწიკვლობას ინარჩუნებს და, ამგვარად, ირგვლივ მყოფთა პატივისცემას იმსახურებს. სოლომონმა, მიუხედავად იმისა, რომ სულამითმა უარყო იგი, ღვთის შთაგონებით დაწერა ეს ამბავი. ამ ქალიშვილის სიწმინდეს მისთვის საყვარელი მწყემსიც აფასებდა. ერთხელ სიმღერაში მან ქალწული ‘დახშულ ბაღს’ შეადარა (ქებათა-ქება 4:12). ძველ დროს ისრაელის თვალწარმტაც ბაღებში საოცრად ლამაზი სხვადასხვაგვარი მცენარეულობა, სურნელოვანი ყვავილები და დიდი ხეები იზრდებოდა. ასეთ ბაღებს, ჩვეულებრივ, ცოცხალი ღობე ან კედლები ჰქონდა შემოვლებული და მასში მხოლოდ საკეტიანი კარის გავლით შეიძლებოდა შესვლა (ესაია 5:5). მწყემსისთვის სულამითის ზნეობრივი სიწმინდე და მშვენიერება იშვიათი სილამაზის მქონე ბაღის მსგავსი იყო. ეს ქალიშვილი აბსოლუტურად უბიწო იყო. მისი ნაზი გრძნობები მხოლოდ მომავალი ქმრისთვის იყო განკუთვნილი.
18. რას შეგვახსენებს იოსებზე, იობსა და სულამითზე ცნობები?
18 სულამითმა დღევანდელ ქრისტიან ქალებს ზნეობრივი სიწმინდის შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. იეჰოვამ დაინახა და დააფასა სულამითის უბიწობა და ისიც ისევე აკურთხა, როგორც იოსები და იობი. მათი უმწიკვლობის მაგალითები ღვთის სიტყვაში ჩვენს სახელმძღვანელოდ არის ჩაწერილი. თუმცა უმწიკვლობის შესანარჩუნებლად ჩვენ მიერ გამოვლენილი ძალისხმევის შესახებ ბიბლიაში არ იწერება, იეჰოვას აქვს „სამახსოვრო წიგნი“, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვა „ყურს უგდებს“ და ხარობს, როდესაც ჩვენ ერთგულად ვცდილობთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას (მალაქია 3:16).
19. ა) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ზნეობრივ სიწმინდეზე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნოები შეიძლება დაგვცინოდნენ, ჩვენ გვსიამოვნებს ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედისადმი მორჩილება. ჩვენ მაღალი ზნეობრივი ნორმები, ღვთიური ზნეობა, გვაქვს. ამით შეიძლება ადამიანმა იამაყო; ამას უნდა გაუფრთხილდე! ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებისთვის ღმერთი გვაკურთხებს და მარადიული ცხოვრების ბრწყინვალე იმედსაც არ დავკარგავთ. მაგრამ პრაქტიკულად რის გაკეთება შეგვიძლია ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სქოლიოები]
a იხილეთ 1983 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31, (ინგლ.).
b სამწუხაროდ, არის სიტუაციები, როდესაც უდანაშაულო ქრისტიანი ურწმუნო მეუღლისგან (რომელიც ღვთის მითითებებს არ იცავს) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ავადდება.
შეგიძლიათ განმარტოთ?
• რას გვასწავლის ბიბლია სქესობრივ ურთიერთობაზე?
• რა მნიშვნელობებს მოიცავს სიტყვა „სიძვა“ ბიბლიაში?
• რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას?
• რატომ არის იოსების, იობისა და გასათხოვარი სულამითის მაგალითები დღევანდელი ქრისტიანებისთვის შესანიშნავი?
[სურათი 9 გვერდზე]
იოსები გაექცა უზნეობას.
[სურათი 10 გვერდზე]
სულამითი ‘დახშული ბაღის’ მსგავსი იყო.
[სურათი 11 გვერდზე]
იობმა ‘აღთქმა მისცა თავის თვალებს’.